პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი
თავი მეოთხე
მსოფლიო კრებების ეპოქა
თავი მეოთხე
მსოფლიო კრებების ეპოქა
7. მეშვიდე საუკუნე
(გაგრძელება მესამე)
მეშვიდე საუკუნეში მოსახლეობის ზნეობის დაქვეითება და ცხოვრების წესის "ვარვარიზაცია" შეიმჩნევა. როგორც ჩანს, შემოსევებმა, გაერთიანებებმა და მუდმივმა სამხედრო დაძაბულობამ უკვალოდ არ ჩაიარა. უკვე საგრძნობია "შუა საუკუნეების" მოახლოება მთელი თავისი უარყოფითი მახასიათებლებით (თუმცა დადებითის არსებობას ეს სულაც არ გამორიცხავს). ამ დროისათვის ადამიანთა შორის ურთიერთობა იმდენად დაიძაბა, რომ მისი ანარეკლი ქრისტიანულ ცხოვრებასაც დაეტყო. ქრისტიანებმა ქრისტიანობა "გაითავისეს", ის მათთვის ყოველდღიური, ჩვეულებრივი ყოფის ნაწილად გადაიქცა: აი, როგორი იყო ტრულის, სხვაგვარად: "კონსტანტინეპოლის გუმბათსა შინა სამეუფოისა პალატისასა შეკრებილი კრება", რომელიც მოწვეულ იქნა 691 წელს იუსტინიანე II-ის მიერ. კრების მოწვევის მიზანს მეხუთე და მეექვსე საეკლესიო კრებების მასალების დისციპლინარული დადგენილებებით შევსება წარმოადგენდა, როგორც ცნობილია, აღნიშნული კრებები სარწმუნოებრივი სწავლების საკითხებით იყო შემოფარგლული. დადგა დრო, როდესაც ეკლესიურად ცხოვრებას ნათელი მარეგულირებელი პრინციპები ესაჭიროებოდა, ტრულის კრებამ ეს პრინციპები 102 კანონის სახით ჩამოაყალიბა. იმდროინდელი პრობლემების დანახვის საშუალებასაც სწორედ ეს კანონები გვაძლევს. როგორც აღინიშნა, კრება ყოველდღიური ცხოვრებისეული პრობლემების მოგვარებისაკენ იყო მიმართული და ამიტომაც მასში ძირითადად საზოგადოების მანკიერი მხარეების ანარეკლია დაფიქსირებული. ჩვენთვის ეს ნაკლოვანებები სწორედ იმით არის საინტერესო, რომ მათში კარგად ჩანს, თუ რა შედეგებამდე მივიდა კონსტანტინეს მიერ ოთხი წლის წინ იმპერიაში დაწყებული "ქრისტიანიზაციის" რეფორმები.(გაგრძელება მესამე)
ერთი მხრივ, ქვეყანაში ქრისტიანობამ უდავოდ გაიმარჯვა და უნდა ითქვას, რომ ქრისტიანულ საზოგადოებაში გაჩენილი ძირითადი დეფექტებიც სწორედ ამ გამარჯვებიდან გამომდინარეობს. ქრისტიანობა გაერთიანებულ იმპერიაში თავმოყრილი კაცობრიობის "სისხლსა და ხორცში" შეიჭრა და, რა თქმა უნდა, უკვე მას უნდა გადაეწყვიტა, როგორი იქნებოდა საზოგადოების ცხოვრების წესი და რა იყო ამ ახალ ყოფაში მისაღები და მიუღებელი. მაგრამ დასაწყისში განვიხილოთ, თუ რა უწყობს ხელს ამ საყოველთაო გამარჯვებას და შემდეგ რა გადააქცევს მასვე ახალი სატკივარისა და საშიშროებების წყაროდ. ავადმყოფობის დასაბამი და სათავე იმაში მდგომარეობს, რომ თავისთავად არანაირი წარმატება არ მკვიდრდება, ნებისმიერი გამარჯვება მუდმივ ბრძოლასა და ძალისხმევას მოითხოვს. აქ კი გამარჯვების ეიფორიას ყურადღების მოდუნება მოჰყვა. ასე მაგალითად, მსოფლიოში ქრისტიანული ფასეულობების დამკვიდრებისათვის ბრძოლის პროცესში ეკლესიამ არაერთი "ბუნებრივი" წარმართული რელიგიური ფორმა მიიღო და ქრისტიანულად მოაქცია. წარმართები 25 დეკემბერს მზის დაბადების დღესასწაულს უძლეველი დროიდან ზეიმობდნენ, ქრისტიანებიც ამ დღეს ზეიმობენ იესო ქრისტეს შობას და ლოცულობენ: "მზეო სიმართლისაო, რომელი აღმობრწყინდი მაღლით აღმოსავალთათ, უფალო, დიდებაი შენდა"; წარმართები 6 იანვარს "ნათლობას" ზეიმობდნენ, ქრისტიანობამ ძირითადად სწორედ წარმართები მოაქცია და ნათლისღების დღესასწაულად ეს დღე შეინარჩუნა; ქრისტიანულ ტერმინ "უვერცხლოთა" შინაარსს ბევრი საერთო აქვს წარმართულ კულტ დიოსკურიებთან; ქრისტიან "წმინდანთა ცხოვრება" საკმაოდ ჩამოჰგავს წარმართული ღვთაებრივი გმირების ქებას; დაბოლოს, საკმაოდ ბევრი მსგავსებაა კათაკმეველთა მოქცევისათვის დაწესებულ ქრისტიანულ საიდუმლოთა განმარტებებსა და წარმართულ ინიციაციებში გამოყენებულ მისტერიულ ტერმინოლოგიას შორის. ჩვენ უკვე ვთქვით, რომ იმდროინდელი სინამდვილიდან გადმოღებული წარმართული წესების აღსრულება ადამიანებისათვის ჩვეულებრივი მოვლენა იყო და ქრისტიანულმა ეკლესიამ ისინი ახალი აღთქმისათვის დამახასიათებელი შინაარსით ისე შეავსო, რომ თავად ფორმაც და მისი შინაგანი ელემენტებიც იესო ქრისტესა და ქრისტიანული ხატის მატარებელი გახდა. მაგრამ მხოლოდ ეკლესიურად მოქცევა, თავისთავად, ჭეშმარიტი ქრისტიანული სიწმინდის გარანტიას ვერ იძლევა. ვერც ერთი, თუნდაც არსით ნამდვილი ქრისტიანული საიდუმლო მხოლოდ თავისი "მისტიკით" ვერაფერს გახდება, თუ იგი იმ ჭეშმარიტი ქრისტიანული სულით არ შეივსო, რომელსაც თვითონ ეს მოქმედი ფორმა ემსახურება. აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ წარმართობა მხოლოდ ქრონოლოგიურად არ არის ქრისტიანობის წინამორბედი და ქრისტიანობის გაჩენის შედეგად უარყოფილი რელიგია. წარმართობა, ყველა დროს და ყველგან, მუდმივმოქმედი "ბუნებრივი" რელიგიური პოლუსია, და ამიტომ ნებისმიერი რელიგიისა და მორწმუნე პიროვნებისათვის ყოველთვის სერიოზულ საშიშროებას წარმოადგენს. ამიტომ ქრისტიანობისგან დიდი ძალისხმევაა საჭირო, რათა მის ფორმებში ცოცხალი სახარებისეული შინაარსი განუწყვეტლივ მოქმედებდეს; ქრისტიანობის წიაღში მუდმივი თვითშეჯერება, სინჯვა და, რაც მთავარია, "სულით გამოცდა" უნდა მიმდინარეობდეს. რაც შეეხება კერძოდ წარმართობას, უნდა ვიცოდეთ, რომ მისი "უპირატესობა" კიდევ ის არის, რომ იგი უშინაარსო ფორმაა. ამიტომ ნებისმიერი უშინაარსობამდე დაყვანილი ფორმა წარმართობისთვის ფასეულობაც, საგანიცა და მიზანიც არის. ეს არის უსულო "სიწმინდის" რწმენაში, ანუ ეგრეთ წოდებულ "ბუნებრივ რელიგიაში" დაბრუნება. ამასთან, წარმართობა იმდენად ქმედითი და მოქნილია, რომ წარმართულ გზაზე მდგარ ადანიანში თვით ქრისტიანული წესიცა და სიწმინდეც უშინაარსო ფორმად, ანუ თავისი თაყვანისცემის საგნად შეიძლება გადააქციოს. წარმართობაში უნებლიეთ გადასული მორწმუნე მიგნებულის სიმარტივით იხიბლება და ვერ გრძნობს, რომ მისთვის სარწმუნოებას ჭეშმარიტი შინაარსი და პიროვნებას განვითარების ძალა ეცლება. მეშვიდე საუკუნეში ქრისტიანობის განუყოფელი რელიგიური ბატონობის სანაცვლოდ, სწორედ ეს ტენდეცია იწყებს მოქმედებას. უკვე 530 წელს ღირსი ბარსანოფი დიდი "მექანიკურ" რელიგიურობას, რომლის მომხრეებიც ქრისტიანობის არსს მის გარეგნულ მხარეში ხედავდნენ, გმობით იხსენიებს და ბრძანებს: "თუ თქვენ წმინდა ნაწილებთან ახლოს ჩაივლით, თაყვანი ეცით ერთხელ, ორჯერ, სამჯერ - მაგრამ ეს უკვე საკმარისია... თუ გსურს პირჯვარი გადაიწერო, სამზე მეტჯერ არაა საჭირო"... სხვა მასწავლებლები იმათ საქციელს განიკითხავენ, რომლებიც თავის რწმენას მხოლოდ "ხატებისა და ჯვრების ამბორით" გამოხატავენ. რა ხელი აქვთ მათ ევქარისტიასა და ზიარებასთან? - მსჯელობენ ისინი, - თუკი სახარება ძალიან გრძელია და ლოცვაც თითქოს ჩვეულებრივზე დიდხანს გრძელდება - აქ უკვე ნათლად მოჩანს მრევლის უკმაყოფილება, მოუთმენლობა და შეიძლება, პირდაპირი გაგებით ითქვას, სულწასულობა. ხანმოკლე მსახურების დროსაც კი ქრისტიანები კერძო საუბრებითა და მოყვასის განკითხვით არიან დაკავებულნი. სხვები უბრალოდ ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე იმისათვის დგანან, რათა ბოლო წუთს ტაძარში შეირბინონ და, წმინდა ანასტასი სინელის სიტყვებით რომ ვთქვათ, "სირბილში ეზიარონ". მაგრამ ეს ხალხი მაინც ბრწყინვალე ქრისტიანები გამოდიან, რადგან ისინი მაცხოვრის ხატს და სხვა წმინდა ხატებს ეამბორებიან. მაგრამ სინამდვილე სხვაა, ესენი ფორმალურად მოწესე და სინამდვილეში ცრუმორწმუნე ადამიანები არიან. ბიზანტიურ საზოგადოებაში ასეთი ცოდვით მრავალი ადამიანია შეპყრობილი. ეს ერთი უბედურებაა და მეორე ამაზე უარესია, რადგან ყოველივე აღნიშნულის მიღმა, ქრისტიანობის საფარქვეშ "რწმენაში განრღვევა" მიმდინარეობს. სწორედ ამიტომ, ტრულის კრების მსვლელობის პროცესში ქრისტიანობის შერყვნისა და მის წარმართულ "მაგიად" გადაქცევის საწინააღმდეგოდ მრავალი კანონი შეიქმნა.
საუბედუროდ სამღვდელოება, რომელიც მოწოდებულია მართალთათვის სიტყვა, ცხოვრება, სიყვარული, სული, რწმენა და სიწმინდე იყოს, ყოველთვის არ არის თავისი მოწოდების სიმაღლეზე. ბევრგან ქრისტიანული განათლების დონე ეცემა და კრება ეპისკოპოსებს ყოველკვირეულ ქადაგებას ავალებს. ამავე დროს აფრთხილებს, რომ ქადაგებებში არავის აქვს საკუთარი ვარაუდების გავრცელების უფლება, ქადაგება მხოლოდ წმინდა მამათა სწავლების შესაბამისად უნდა მიმდინარეობდეს. კანონები პრესვიტერებს სასტუმროების მეპატრონეობას, მომგებიანი სესხის გაცემას, ხარიტონიზებაში ფულის აღებას, აზარტულ თამაშებში მონაწილეობას უკრძალავენ. კანონები აშკარად მეტყველებენ ზნეობრივ დაქვეითებაზე ბერმონაზვნურ წრეებში: კრება ხაზს უსვამს, რომ მონაზვნობის გზა მორჩილება და სინანულია, და არა სამხედრო საქმისაგან თავის დაღწევა ან უზრუნველყოფილი სიბერე. ბერები მონასტრიდან არ უნდა გადიოდნენ, ღამე ერთ ჭერქვეშ დედაკაცთან ერთად არ უნდა გაატარონ, ბერად აღკვეცის გამო ზეიმები არ უნდა მოაწყონ.
ყველაფერი ეს არ ნიშნავს, რომ ეკლესიური ცხოვრება ბიზანტიაში მხოლოდ უარყოფითი თავისებურებებით ხასიათდება. კრება მათ შესახებ იმის გამო მსჯელობს, რომ მისი მიზანი ამ ნაკლოვანებებთან ბრძოლაა. ამავე დროს, ფაქტი, რომ მთელ მომდევნო ქრისტიანულ ისტორიაში ასეთი სახის ნაკლოვანებები მეორდება, უკვე იმაზე მეტყველებს, რომ ქრისტიანობა შერჩევითი კი არა, უკვე საყოველთაო და მასობრივი რელიგიაა - უამრავი ადამიანბისათვის განვითარების თავისთავად არსებული ისეთი სულიერი ფორმაა, რომლის არსზე ისინი არც კი ფიქრდებიან.
რა თქმა უნდა, მხოლოდ ტრულის კრების კანონებით იმდროინდელი ეკლესიური ცხოვრების შესახებ მსჯელობა სწორი არ იქნებოდა. თავად ის ფაქტი, რომ ჩვენ ვხედავთ ნაკლოვანებების გამოსწორებისათვის გაწეულ სერიოზულ ძალისხმევას, იმაზე მეტყველებს, რომ ბიზანტიაში სასულიერო პირების დიდი უმრავლესობა შეუბღალავი და ნამდვილი ქრისტიანული სიწმინდით გამოირჩეოდა. უფრო მეტიც, ეს იდეალები ადამიანების შეგნებაში უკვე მკვიდრდება და შიგნიდან არა მხოლოდ ცალკეული პიროვნების, არამედ მთელი კულტურისა და ყველაფერი იმის გარდაქმნას იწყებს, რაც მთავარ ფასეულებას შეადგენს ყველა ეპოქისათვის. და მართლაც, სწორედ ჩანაფიქრის და იმ იდეალის მიხედვით უნდა შეფასდეს ეპოქა, რომლისკენაც მისი გული მიილტვის, ანუ წარსული მხოლოდ დაცემებით არ ფასდება. უნდა ვიკვლიოთ არა მხოლოდ ის, თუ როგორ ახორციელებდა საზოგადოება თავის იდეალებს, არამედ ისიც, თუ რა იგულისხმება ამ იდეალებში, რისკენაც საზოგადოება მიდიოდა.