სალოსები თითქოსდა სულელური ქცევით ამხელდნენ ძლიერთა ამა ქვეყნისათა
სალოსი ბერძნული სიტყვაა და ქართულად სულელს ნიშნავს.
სწორედ ამ სახელს ირქმევენ ადამიანები ღვთის სიყვარულით, უფალს დაფარულად ემსახურებიან და თავიანთ ღვაწლს უფლისა და მოყვასის წინაშე ასე მალავენ. სალოსი უარს ამბობს ყოველგვარ მიწიერ ღირსებასა და პატივზე, რათა წმინდად დაიცვას მთავარი - ღვთის ხატება. ქრისტიანული ცხოვრების წესის პირველი და მთავარი პირობაა, თუ როგორ ესმის ქრისტიანს ქრისტეს სწავლება; ასევე ის, რომ ყველას "ცხოვრება აქუნდეს და უმეტესი აქუნდეს" (იოანე 10,10); ამიტომ ყოველი ქრისტიანი თავისი ცხოვრების წესში ხსნას განსაკუთრებულ მნიშვნელობას უნდა ანიჭებდეს. გარდა ამისა, ქრისტეს სამეფოს - ამ სიყვარულის სამეფოს თითოეული წევრი უნდა ზრუნავდეს არა მარტო საკუთარი, არამედ სხვათა გადარGენისთვისაც. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ჩნდება კითხვები: დევს თუ არა სახარებაში მინიშნება ისეთ განსაკუთრებულ ცხოვრების წესზე, როგორსაც ქრისტესათვის სულელნი მისდევდნენ? რა არის არსებითად სალოსობა? რა მნიშვნელობა აქვს შეურყვნელი, გონიერი ქრისტიანისათვის სალოსობას?
ამ თემაზე გვესაუბრება დიღმის მე-2 ბავშვთა საავადმყოფოსთან არსებული ტაძრის მღვდელმსახური, მამა შალვა როსტიაშვილი.
- მამაო, გთხოვთ, განგვიმარტოთ, ქრისტიანული გაგებით, რას ნიშნავს სალოსი?
- სალოსი ეწოდება ადამიანს, რომელიც ღვთის სადიდებლად და საკუთარი ცოდვებისა და ვნებების დასაძლევად ნებით იღებს სულელის სახეს, ცხოვრობს და იქცევა, როგორც სულელი. ასეთი ცხოვრებით ადამიანი ებრძვის ამპარტავნებას. ასეთ ადამიანს ღვთისაგან შეიძლება მიემადლოს სხვადასხვა ნიჭი სულიწმინდისა. სალოსები ხშირად წინასწარმეტყველებდნენ, კურნავდნენ, თავიანთი, თითქოსდა სულელური, ქცევით ამხელდნენ ძლიერთა ამა ქვეყნისათა. სალოსური ღვაწლი სამართლიანად ითვლება ერთ-ერთ უმძიმესად. ადამიანებს გვაქვს რაღაც წარმოდგენები საკუთარ ღირსებაზე, პრეტენზია, რომ საზოგადოებაში რაღაც ადგილი გვეკავოს. ამ ადამიანური "ღირსების" დაცვაში ჩვენ ხშირად შეურაცხვყოფთ ადამიანის ნამდვილ ღირსებას - ღვთის ხატებას. სალოსი კი უარს ამბობს ყოველგვარ ღირსებაზე, რათა სიწმინდეში დაიცვას მთავარი - ხატება ღვთისა!
- რატომ არის სალოსობის გზა განსაკუთრებით რთული და საშიში?
- აქ ძალაუნებურად ისმება რამდენიმე კითხვა: როგორ უნდა მიბაძო ხანდახან ყველაზე დაცემულ კაცს და შეინარჩუნო ამ დროს ყოველთვის ამაღლებული, უფლისკენ მოსწრაფე სული ან მუდამჟამს სოფლის ლანძღვაში სრულყოფილი სიყვარულით ეფერებოდე ყველას? როგორ შეიკავოს სულიერი სიამაყისგან თავი მან, ვინც ამდენი შეურაცხყოფისა და უარყოფის შემდეგ იაზრებს იმას, რომ ის ამ ყველაფერს ითმენს და ამ დროს უდანაშაულოა, სრულიად არ არის ისეთი, როგორადაც თვლიან? ეს ნებითი, მუდმივი მოწამეობაა, მუდმივი ბრძოლა საკუთარი თავის, სამყაროს, ეშმაკის წინააღმდეგ და თანაც ყველაზე საშინელი ბრძოლა. სალოსები თავიანთი ნებითა და არჩევანით, მხოლოდ და მხოლოდ ღვთის და მოყვასის სიყვარულისთვის, ატარებენ ყველაზე რთულ და მძიმე ჯვარს.
ბევრი მაცხოვრის თანამედროვე მასზე ფიქრობდა: "აჰა, კაცი მჭამელი და ღვინის მსმელი, მეგობარი მეზუერეთა და ცოდვილთა" და ა.შ. მაგრამ რაც ზნეობრივად ბრმა სამყარომ გაუკეთა თავის ღვთაებრივ მოძღვარს, იგივე არცთუ იშვიათად მეორდება მისი მიმდევრების მიმართაც. ღვთიურ მადლს, რომელიც ღვთის რჩეულებში მოქმედებდა, ზოგჯერ არათუ ვერ ამჩნევდნენ, არამედ ხშირად აბუჩად იგდებდნენ. განსაკუთრებით ეს უნდა ითქვას წმინდანების - ღვთისათვის სულელთა მიმართ. თანამედროვეებს არაერთხელ შეურაცხუყვიათ ისინი; ყველა არ მიაგებდა მათ შესაფერ პატივს.Eეგოისტი და თავმოყვარე სამყარო შორსაა ჭეშმარიტი ქრისტიანული სულისგან, რომელიც მზადაა ყველაფერი გაიღოს სხვებისთვის. ასეთი თავგანწირული სიყვარულისთვის ოდესღაც თვით მოციქულებს თვლიდნენ სალოსებად და ამ ქვეყნიერების განმანათლებელთა ქადაგებებს, რომლებმაც სამყარო შეცვალეს - იუდეველები ცდუნებად იღებდნენ, ელინები - სისულელედ (1 კორ 1,23). ამ საუკუნის ძენი, "წესთა მათებრ ამის სოფლისათა" (კოლ. 2,8), არცთუ იშვიათად ამაყად უარყოფენ ყველაფერს, რაც მათი ჩვეულებრივი შეხედულებების სფეროდან გამოდის, რაც ხშირ შემთხვევაში მათი ვიწრო, ცალმხრივი და საეჭვო გაგებისა და მრწამსის საზომით არ იზომება. მათ არც იმის უნარი შესწევთ, არ ცდუნდნენ ისეთ ჩვეულებრივ მოვლენათა ჩარჩოებიდან გამოსული ფენომენით, როგორიც სალოსობაა - მოვლენით, რომელმაც შეიძლება მათი მხრიდან დაცინვა და აბუჩად აგდება გამოიწვიოს.
- ამ დროს წმინდა ეკლესია ადიდებს ქრისტესათვის სულელებს და მათ რწმენისა და ღვთისმოსაობის მაგალითად მიიჩნევს...
- დიახ, ეკლესია სალოსებს ერთგულ შვილებად მიიჩნევს, - როგორც სულიერი სიგლახაკის ცნების მიმდევრებს და სულიერი სიბრძნის შესახებ სახარებისეული ცნების ჭეშმარიტ მოსურნეებს: "ნუვინ თავსა თვისსა აცთუნებს, უკუეთუ ვისმე ბრძენ ჰგონიეს თავი თვისი თქუენ შორის ამას სოფელსა, სულელ იქმენნ, რაითა იყოს იგი ბრძენ" (1 კორ. 3,18). "შეისმინე ქრისტესი, - ნათქვამია საეკლესიო გალობაში, - რომელმან გიბრძანა ღვთისთვის სულელ ყოფილიყავ და მისდიე მას, რომელმან ცათა სასუფეველი აღგითქვა, და გამოუთქმელი მადლი მისი მიიღე"; ან ღირს მამა მიხეილ კლოპელს მოვუსმინოთ: "სიყრმიდგან სრულად შენი გონი ღვთისკენ მიჰმართე და ჯუარი შენი იტვირთე, უკან მოუხედავად მისდიე მას"; სამოციქულოში ვკითხულობთ: "სულიერი სიბრძნე მოიმუშაკე, რომელი სალოსობა არს ქრისტესი".
- ამის მიუხედავად, ცნობილია, რომ ეკლესია ძალიან ფრთხილად ეკიდება სალოსობას. გთხოვთ განგვიმარტოთ, რატომ?
- იმიტომ, რომ სალოსობის გზით შესაძლოა არათუ დაითრგუნოს ამპარტავნება, არამედ გაღრმავდეს, ხიბლში ჩავარდეს "მოღვაწე" და საბოლოოდ დაიღუპოს. დღესაც შეიძლება შეგხვდნენ ადამიანები, რომლებიც სალოსობას ცდილობენ. მათთან ურთიერთობისას, ვინც ტვირთულობს სალოსობის ღვაწლს, დიდი სიფრთხილე გვმართებს, რადგან შესაძლოა ერთ-ერთი მოხიბლულის გავლენის ქვეშ აღმოვჩნდეთ. ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა უნდა შევათანხმოთ სულიერ მოძღვართან, სულიერ ცხოვრებაში გამოცდილ ადამიანთან, რათა არც თვითონ შევცდეთ და არც სხვას ვექცეთ დაღუპვის საშუალებად.
- სალოსობა მოღვაწეობის განსაკუთრებული ფორმაა. რატომ გახდა ასეთი ფორმით საჭირო ქრისტესთვის ერთგულების დამოწმება სალოსების მხრიდან?
- ქრისტიანობამ განაახლა და ააღორძინა დაუძლურებული და შინაგანი გახრწნილებისაგან დაშლილი ძველი სამყარო. მხსნელის მიერ ქვეყნად მოფენილმა სიყვარულის ციურმა ცეცხლმა მშვინვიერი და ხორციელი გრძნობებით დათრგუნულ კაცთა გულებში ახალი ცხოვრება აანთო, განაცხოველა თითქმის "შეცოდებათაგან მკვდარი" სული და მადლის შემწეობით ბევრ მათგანში ისეთი ძალით ააგიზგიზა ღვთისმოსაობისადმი მოშურნეობა, რომ იგი სულიერი ცხოვრების მთავარი სტიქია გახდა და სულის მთელი მოღვაწეობა მიიმართა მუდმივი ძალისხმევისაკენ - "ხორცნი თვისნი ვნებებითა და გულის-თქუმით" ჯვარს ეცვათ (გალ. 5,24), ამაღლებულიყვნენ მგრძნობელობაზე და უმაღლესი სულიერი კანონისათვის დაემორჩილებინათ ცოდვებისაგან დამახინჯებული ბუნების მისწრაფებანი, რათა თანდათანობით და შეძლებისდაგვარად სულიერად გაზრდილებს, მთლიანად ეცხოვრათ ღმერთში და ღმერთისათვის. ქრისტიანობამ, რომელმაც შემოსა ძველი აღთქმის ადამიანი (კოლ. 3,10) და "საღმრთოისა მის ზიარ ბუნებისა" ჰყო (2 პეტ. 1,4), წარმოშვა მოსაგრეობის მრავალი სახე, რომლითაც ქრისტიანი ზნეობრივად მაღლდებოდა ადამიანისათვის მისაწვდომ სრულყოფილებამდე. იმ დიდებულ ღვთის სათნოთა დასში, რომელსაც წმინდა ეკლესია ადიდებს, ქრისტესათვის სულელნი გმირობის სახითა და იმ მაღალი თავგანწირვის ხარისხით, რომელიც მათ ახასიათებთ, არიან "ღვთაებრივნი წმინდანთა შორის". ქრისტესა და მოყვასისათვის ისინი განუდგნენ არა მარტო ამ სოფელს და იმას, რაც სოფელშია (1 იოანე 2,15), არამედ ყოველივე საუკეთესოს, რაც ადამიანის ბუნებაში დევს, რადგან ეს უკანასკნელი აუცილებელია ქრისტიანისათვის, მოციქულის თქმით: "ამისათვის არა გუეწყინების, არამედ დაღათუ გარეშე ესე კაცი ჩუენი განიხრწნების, არამედ შინაგანი განახლდების დღითი-დღედ" (2 კორ. 4,16).
მართლაც, რაც უფრო მეტად იზრდებოდა და მკვიდრდებოდა მათში შინაგანი, მით უფრო მეტად ქრებოდა გარეგანი - კაცებრივი მხარე.
- როდესაც ვეცნობით ქრისტესათვის სულელთა ცხოვრებას, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს უბედური ადამიანები შერისხულნი იყვნენ, მთელი ცხოვრება უბადრუკად ატარებდნენ უგუნურობის მწარე ხვედრს. ქრისტიანული გაგებით კი ეს უჩვეულო ადამიანები ნეტართა დასში არიან შერაცხულნი... როგორ ცხოვრობდნენ ისინი?
- დიახ. სალოსები უგულებელყოფდნენ ამქვეყნიურ, ყველასათვის მისაღებ ჩვევებს, თავისებურად ათვითცნობიერებდნენ ადამიანთა საზოგადოების კანონებს, ზოგიერთ შემთხვევაში თვით ეკლესიის დადგენილებებსაც კი. როგორც ჩანს, არ შეეძლოთ მათ ჩვეულებრივი ცხოვრების წესით ცხოვრება. ისინი თითქოს სხვა სამყაროდან მოსულები იყვნენ და არ თვლიდნენ საჭიროდ სცოდნოდათ და ეკეთებინათ ის, რაც საერთო აზრით შეადგენს მიწიერი ცხოვრების აუცილებლობას. ისინი ხორცში იყვნენ და თავს მაინც უნაყოფოდ, ან თითქოს სხვის ხორცში მკვიდრად მიიჩნევდნენ; მთიანი სამშობლოთი აღფრთოვანებული ღვთაებრივი პავლეს მსგავსად, მათ შეეძლოთ თავიანთ შესახებ ეთქვათ: "და ვიცი ესევითარი კაცი, გინა თუ ხორცითა, გინა თუ გარეშე ხორცთაისა, არა ვიცი, ღმერთმან იცის" (2 კორ. 12,3); საკვები, ტანსაცმელი, სახლი თითქოს მათთვის არსებით მოთხოვნილებას და აუცილებელ ცხოვრებისეულ პირობას არ წარმოადგენდა. ხან რამდენიმე დღე, ზოგჯერ კი რამდენიმე კვირა გადიოდა ისე, რომ ისინი ლუკმას არ იდებდნენ პირში. ზოგჯერ მხოლოდ იმ საკვებს იღებდნენ, რომელსაც ღვთისმოსავნი აწვდიდნენ, სხვებისაგან ისინი საჭმლის მიღებაზე უარს ამბობდნენ და თუ იღებდნენ, სხვებს აწოდებდნენ. მათ სამოსს შეადგენდა ძველი, დახეული პერანგი, მაგრამ არცთუ იშვიათად გვერდზე დებდნენ თავიანთი სიშიშვლის ამ ღარიბულ საფარველსაც. შეწუხებულნი სიცივით, შიმშილით, სუსხით თუ პაპანაქებით, საერთოდ არ ეპუებოდნენ არავითარ უამინდობას; ცხოვრების უმეტეს ნაწილს ღია ცის ქვეშ - ქალაქის მოედნებსა და ქუჩებში, ეკლესიის კარიბჭესა თუ შემოგარენის ახლოს, სასაფლაოებზე, ხანდახან ნაგვის გროვაშიც კი ატარებდნენ, იშვიათად თუ შედიოდნენ და ხშირად ადამიანები არც უშვებდნენ მათ სახლებში. ასე მაგალითად, ეგვიპტელ მოსაგრე, ქრისტესათვის სულელ ბესარიონზე სკიტის პატერიკში ვკითხულობთ: "ღირსეული ბესარიონის ცხოვრება, მისი მოწაფეების ნაამბობით, ჰგავდა რომელიღაც ციური ფრინველის, თევზის თუ მიწიერი ცხოველის ცხოვრებას: რამეთუ მთელი ცხოვრება მან უზრუნველად და უშფოთველად გაატარა. არ ადარდებდა სახლი, მის სულს არ იპყრობდა არანაირი სურვილი ჰქონოდა მინდორი, სადგომი, სიამოვნების წყურვილი, არ ადარდებდა წიგნები; მიწიერი საზრუნავისაგან მთლიანად დაცლილი იყო; რწმენის გალავნით შემოწერილი, მომავლის იმედით ცხოვრობდა, ტყვის მსგავსად ყოველმხრივ დაითმენდა სიცივესა და სიშიშვლეს, მზის მცხუნვარებას გაერუჯა, რადგან ღია ცის ქვეშ ათენებდა და აღამებდა, ლტოლვილივით ხშირად ეფარებოდა შიშველ კლდეებს და უყვარდა უკაცრიელ და ქვიშიან ნაპირზე გასვლა, თითქოს ზღვაშიაო. თუ ისეთ ადგილს გაივლიდა, სადაც ერთფეროვანი ცხოვრებით ცხოვრობდნენ, დაჯდებოდა კარებთან, დაიწყებდა ტირილსა და ქვითინს, როგორც გემთმსხვრევის შედეგად ნაპირზე გამორიყული მეზღვაური. ხდებოდა, ვინმე საძმოდან იპოვიდა მოხეტიალე მათხოვრის მსგავსად მჯდომარეს და მიახლოებული, თანაგრძნობით ეტყოდა: რატომ ტირი? თუ აუცილებელი რამ გაკლია, მოგცემთ, რასაც შევძლებთ, მხოლოდ შემოდი ჩვენთან, ვიტრაპეზოთ, ცოტა მომაგრდები. ღირსი ბესარიონი პასუხობდა: - არ შემიძლია სახურავის ქვეშ დარჩენა, სანამ ჩემს ქონებას არ ვიპოვი. მე, - ამბობდა ის, - დავკარგე დიდი ქონება; მეკობრეების ხელში ჩავვარდი, გემი დაიმსხვრა და დავკარგე ჩემი მოდგმის დიდება, დიდგვაროვანიდან უგვაროდ ვიქეცი. ზოგიერთს ამ სიტყვების მოსმენისას თვალები აეცრემლებოდა, მიდიოდა, მოჰქონდა მისთვის პურის ნაჭერი, მისცემდა და დასძენდა: მიიღე ესე პური, მამაო, სხვას კი, როგორც შენ თქვი, სამშობლოს, გვარის დიდებას და სიმდიდრეს უფალი დაგიბრუნებს. მოხუცი უმატებდა ტირილს და უკვე ხმამაღლა მოთქვამდა სიტყვებით: ვერ ვიტყვი, შევძლებ-მეთქი ვიპოვნო ის, რასაც ვეძებ, მაგრამ შემიძლია კიდევ დავითმინო. ყოველდღე სასიკვდილო განსაცდელში ვიმყოფები და უსაზომო ჭირთაგან მოსვენება არ მაქვს, ჩემი ცხოვრება უსაშველო, უგზო-უკვლო ხეტიალში უნდა აღსრულდეს".
- რატომ თვლის ეკლესია, რომ უდაბნოში განმარტოებით ცხოვრება ჩამორჩება სალოსობას?
- მეუდაბნოეთა ცხოვრების შესახებ საეკლესიო თქმულებებში ნათლადაა გადმოცემული ის აზრი, რომ ამ სოფლად მოღვაწე მოსაგრეები უფრო მაღლა დგანან, ვიდრე ყველაზე დიდი ბერ-მონაზონნი. "ის, ვინც ცხოვრობს უდაბნოსა და მდუმარებაში, - ამბობს დიდი ანტონი, - თავისუფალია სამი ცდუნებისაგან: სმენის, ენისა და მზერისაგან, მხოლოდ ერთი მაცდუნებელი ჰყავს - გული". სამმა სწავლულმა მეგობარმა, - ვკითხულობთ პატერიკში, - გადაწყვიტა, ბერად აღკვეცილიყო. ერთმა დაისახა მიზნად მოჩხუბართა შერიგება (როგორც სახარება გვასწავლის: ნეტარნი არიან მშვიდობისმოყვარენი (მათე 5,9)), მეორემ - ავადმყოფებზე ზრუნვა, მესამე კი - უდაბნოში გავიდა მდუმარებისთვის. პირველმა ბევრი იღვაწა, მაგრამ ვერ შეძლო კაცთა შორის უთანხმოების მოსპობა და ყველას დაშოშმინება. დადარდიანებული წავიდა მასთან, ვინც ავადმყოფებზე ზრუნავდა და გაიგო, რომ ისიც ძალაგამოცლილი იყო სულმოკლეობისაგან და უნარი აღარ შესწევდა აღესრულებინა ცნებები. ორივე შეთანხმდა, მოენახულებინათ ის, რომელიც უდაბნოში ცხოვრობდა, უამბეს მათ თავიანთი საქმეები და სთხოვეს, ეთქვა მათთვის, რა სარგებელი მოუტანა მას განმარტოებამ. ის ცოტა ხანს დუმდა. შემდეგ აიღო წყალი, ჩაასხა ჭურჭელში და მეგობრებს უთხრა: - შეხედეთ წყალს! - წყალი ამღვრეულიყო. რამდენიმე ხნის შემდეგ კვლავ ეუბნება მათ: შეხედეთ, როგორ დაიწმინდა წყალი. მათ შეხედეს და როგორც სარკეში, დაინახეს თავიანთი სახეები. მაშინ უთხრა მათ: "იგივე დაგვემართა ჩვენც, როცა ვინმე ადამიანთა შორისაა, ამქვეყნიური ამაოებისა და ადამიანთა შფოთის გამო ვერ ხედავს თავის ცოდვებს; ხოლო როცა მდუმარებაშია, განსაკუთრებით უდაბნოში - ნათლად ხედავს მათ. განდეგილისათვის უდაბნო გადაშლილი წიგნია, რომელშიც კითხულობს ღმერთის უსაზომო დიდებულებას; იგი ამავ დროს თვითშემეცნების სასწავლებელია, იმიტომ რომ ადამიანს, რომელიც თავის თავთან მარტო რჩება, შეუძლია ყურადღებით, მოდუნების გარეშე მისდიოს გულის სიღრმიდან ამოტანილ გულისთქმას. უდაბნო მწირისთვის იყო აგრეთვე სრულყოფილებისაკენ მიმავალი საშუალება, რადგან გულისთქმათა ვნებანიც კი ვერ პოულობდნენ რა აქ დაკმაყოფილებას, ბოლოს ცხრებოდნენ და ქრებოდნენ". ძმამ სთხოვა ბერს რჩევა: ჩემი აზრები დაძრწიან და მანგრევენო. "იჯექი შენს კელიაში, - უთხრა ბერმა, - და კვლავ შეკრებ მათ. როცა ვირი დაბმულია, ჩოჩორი აქეთ-იქით დახტუნავს და სადაც არ უნდა წავიდეს, ბოლოს მაინც დედასთან ბრუნდება. იგივე ემართება ბერის აზრებსაც; მუდამჟამს კელიაში ღვთისათვის მყოფს, თუმცა ზოგჯერ კიდევაც ეფანტება ისინი, მაგრამ ბოლოს მაინც მისკენ მოემართებიან". წმინდა სვიმეონ სალოსი "უდაბნოდან სოფელში" სალოსური გმირობისათვის დაბრუნების წინ, გამოსათხოვარ და ამაღელვებელ საუბარში, მისმა უდაბნოს მეგობარმა იოანემ დაარიგა: "ფრთხილად იყავი, ძმაო, ერში არ გააბნიო ის, რაც უდაბნოში წვალებით შეაგროვე; ნუ დაღუპავ ქვეყნიური შფოთით იმას, რაც დაყუდებაში შეიძინე; არ გარყვნა მონაზვნის სიწმინდე ერისკაცთა საცდუნებლებით; არ მიიტაცონ დედებმა შენი სიწმინდის ნაყოფი; ნუ გაასუქებ შენს ხორცს საჭმლით, რომელიც ახლა მარხვითაა დამდნარი; იფრთხილე, ძმაო, და ნუ დაკარგავ ოხვრასა და ტირილს სიცილით, და ლოცვა სიზარმაცით არ დაიშთოს". თუ უდაბნო ხსნისთვის მებრძოლი ბერისათვის ნაკლებად "მაცდუნებელია", მაშინ, ბუნებრივია, გმირობის ხარისხი უფრო მაღალი უნდა იყოს.
- თუმცა ბერ-მონაზვნობის საუკეთესო წარმომადგენლებიც იმ აზრის იყვნენ, რომ ამ სოფლად ცხოვრებაშიც ადამიანმა შეიძლება მიაღწიო ისეთ სრულყოფილებას, რომელსაც თვით განდგომილებიც ვერ ფლობენ...
- ერში მყოფ ღვთისმოსავებს ზოგჯერ ბერ-მონაზვნები უფრო მაღლა აყენებდნენ, ვიდრე მეუდაბნოეებს, რადგან "ხსნისთვის" მათ უფრო არახელსაყრელი პირობები ჰქონდათ. ასე მაგალითად, ანტონი დიდის ცხოვრებიდან ცნობილია, რომ მიაღწია რა მაღალ ზნეობრივ მწვერვალებს, ამქვეყნადაც აღიარებდა ხსნის მიღწევის შესაძლებლობას და ამქვეყნიურ ცდუნებებსა და შფოთში მცხოვრებ ღვთისმოსავებს თვლიდა ღვთისთვის უფრო სათნოდ, ვიდრე უდაბნოში გასულთ. ერთხელ ანტონს უდაბნოში გაეხსნა: "არის ქალაქში შენი დარი, ხელოვნებით ექიმი, რომელიც უხვად გასცემს გაჭირვებულთათვის და ყოველდღე ანგელოზებთან ერთად სამწმიდას გალობს". სხვა დროს მას მიუთითეს, რომ მან ვერ მიაღწია ისეთ სრულყოფილებას, როგორსაც ალექსანდრიაში მცხოვრებმა ვინმე მეწაღემ, რომელიც ასრულებდა რა ქრისტიანის მოვალეობას, თავს ყველაზე უღირსად თვლიდა. მეუდაბნოეებიც დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ღმერთს ერშიც ჰყავდა ფარულად ბევრი მონა, რომლებიც მადლით მოიმუშაკებდნენ ხსნას და რომელთა სათნოება რაც უფრო უხილავი იყო - მით უფრო მაღალი!
ერთხელ წმინდა მაკარი ეგვიპტელს ლოცვისას ხმა ესმა: "მაკარი, შენ ვერ მიაღწიე იმ ორი ქალის სიმაღლეს, რომლებიც მეზობელ ქალაქში ცხოვრობენ". მოხუცი უდაბნოდან ქალაქში წავიდა, რათა ენახა, როგორ ცხოვრობდა ეს ორი ქალი.Mმაკარის თხოვნით, მათ უამბეს, რომ აგერ უკვე თხუთმეტი წელია, რაც მისთხოვდნენ ორ ძმას და მთელი ამ ხნის განმავლობაში თანხმობითა და სიყვარულით ცხოვრობდნენ, მუდამ ქმრების ნებას ასრულებდნენ. უნდოდათ, წასულიყვნენ მონასტერში, მაგრამ რადგან ქმრები ვერ დაითანხმეს, გადაწყვიტეს, შინ დარჩენილიყვნენ და აღთქმა დადეს, რომ გულისყურისთვის სიფხიზლე არ მოეკლოთ და არც ერთი ფუჭი სიტყვა არ წარმოეთქვათ. მაკარიც მორჩილებით სთხოვდა ღმერთს, მისი უდაბნოში ცხოვრება დამსგავსებოდა ამ ორი ქალის ცხოვრებას. ორი ბერი შესთხოვდა ღმერთს, ეჩვენებინა მათთვის, სადამდე იყო ასული მათი სულიერება და მათ გაეხსნათ, რომ სრულყოფილებაში ისინი ვერც კი გაუტოლდებოდნენ ერთ დასახლებაში მცხოვრებ ევქარისტეს და მის მეუღლე მარიამს.
ნეტარი სვიმეონი, თავის მეგობარ დიაკონ იოვანესთან საუბარში ამბობს: "მთელი შენი სიყვარული, ისევე, როგორც ჩვეულებრივ მოკვდავთა, ყველა მიწიერისა, ყოველი მუშაკისა,, ოდენ ღვარძლიანობის, საკუთარი გულის ძახილის ძლევაში კი არ არის - არავინ ლანძღო, არავის აწყენინო, არამედ შენი ხელებით მოპოვებულ შრომაში: ოფლით სჭამდე შენს პურს. სწორედ ასეთებს შორის მრავლდება უდიდესი სიწმინდეები".
- თანამედროვეები ყოველთვის არ თვლიდნენ სალოსებს ღვთიური მადლის მატარებლებად... ვერ სცნობდნენ მათ. ჭეშმარიტი სალოსების გვერდით ხომ არიან ცრუ სალოსებიც?..
- შესაძლებელია ახლაც ზოგიერთები, "ვისაც ბრძენ ჰგონიეს თავი თვისი" (1 კორ. 3,18), იმავეს ფიქრობენ. სალოსებს ჩვენ მოვიაზრებთ, როგორც ქრისტიანული ღვთისმოსაობის ჭეშმარიტ მოსაგრეებს და არ ვგულისხმობთ ცრუ სალოსებს, რომლებსაც უშრომლად, სალოსის ნიღბით, სხვის ხარჯზე უყვართ ცხოვრება და თავიანთი უცნაური გამოხტომებით უნებურად იქცევენ სხვების ყურადღებას. ზუსტად არ არის ცნობილი, როდის გამოჩნდნენ პირველად აღმოსავლეთში ასეთი ცრუ სალოსები. როგორც ჩანს, ეს მოხდა იმ დროს, როცა აღმოსავლურმა ბერ-მონაზვნობამ, რომელმაც დასაბამი მისცა სალოსურ გმირობებს, იწყო ძველი ქრისტიანული მოსაგრეობის სულის დაკარგვა. ჭეშმარიტ სალოსებთან ერთად გამოჩნდნენ ცრუ სალოსებიც.
პალესტინის, მესოპოტამიისა და სირიის ბერთა "ზეკანონიკური გმირობების" ჩამოთვლის შემდეგ თავისი ისტორიის პირველ წიგნში ისტორიკოსი ევაგრე ასე განსაზღვრავს სალოსურ გმირობას: მოგახსენებთ კიდევ ერთ ცხოვრების წესზე, რომელიც ყველა სხვა მოსაგრეობას აღემატება. მოსაგრეებს შორის არიან ისეთნიც, რომლებიც სათნოების წყალობით ვნებათაგან დაცლილნი უბრუნდებიან სოფელს და უგუნურების ნიღაბაფარებულნი თრგუნავენ ამპარტავნებას, რისგანაც, ბრძენი პლატონის სიტყვებით, "გათავისუფლება სულისა ისევე ძნელია, როგორც სამოსის განძარცვა სხვათა თანდასწრებით". სიბრძნის სიყვარულმა ასწავლა მოსაგრეებს ტრაპეზის მიღება ნდომის გარეშე. მათ არც ადგილის რცხვენიათ, არც სახის და, საერთოდ, არაფრის. ისინი სრულად ფლობენ თავის ბუნებას, და ისე დაიპყრეს ვნებანი, რომ კაცობრივი ბუნებისაკენ, მზერა ან შეხება კი არა, ქალწულთან ჩახვევაც კი ვერ მიაბრუნებს. კანონი უბრძანებს მათ შიოდეთ და სწყუროდეთ, ხოლო სხეული იმდენად დაიფარონ, რამდენადაც აუცილებლობა მოითხოვს. ამიერი და იმიერი ცხოვრება მათში ისეა გადაჯაჭვული, რომ მართალია დატოვეს სრულად ხორცი, კვლავ აგრძელებენ ცხოვრებას ადამიანთა შორის, იდებენ სალბუნებს სხეულზე, გადააქვთ ღმერთთან მღაღადებელთა ხმები და როგორც "წინა ცხოვრებაში", აკეთებენ ყველაფერს, რაც არ ითხოვს აუცილებელ საგნებსა და განსაზღვრულ სამყოფელს, - აგრძელებენ სხვათა მოსმენას და ყველასთან საუბარს. ხშირად ხდება, რომ დაუცხრომლად მუხლმოყრით მყოფნი და ხანგრძლივად ლოცვად მდგომნი, მხოლოდ საკუთარი სურვილის ძალით, ასაკსაც და, ბუნებრივია, ასაკით მოგვრილ სიძაბუნესაც უკუაქცევენ და განცხოველდებიან. ისინი უცხო ვინმე უსისხლო მებრძოლები არიან. რამდენადაც ეს შესაძლებელია, არაფერს აკარებენ პირს: არც მშვენიერ სამარხვო კერძებს, არც ნოყიერ სადილებს, მაგრამ თუ მათ ვინმე მსტოვარი თუნდ გამთენიისას მიადგა, ისეთი სიხარულით და კეთილი სურვილებით ხვდებიან, რომ უმალვე გადადიან მარხვის სხვა სახეზე - შეექცევიან, მაგრამ ნდომის გარეშე. განსაცვიფრებელი საქმეა! რამდენი რამ სჭირდებათ და რა ცოტათი კმაყოფილდებიან თავისი ბუნებისა და სურვილების მტრები, ისინი სხვათა სურვილებს ემსახურებიან, რათა სული მართავდეს მათ, რომელიც ყოველთვის საუკეთესოა და ღვთისათვის სასურველს ირჩევს და ინახავს. ნეტარნი არიან ისინი, რამეთუ აქაც ეს ცხოვრების წესი აურჩევიათ; მაგრამ უფრო ნეტარნი იქნებიან, როცა იმ ცხოვრებაში გადასახლდებიან, რომელიც მუდამჟამს სწყურიათ, და ისწრაფვიან, ნანატრი რაც შეიძლება მალე იხილონ".