პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი
თავი მეოთხე
მსოფლიო კრებების ეპოქა
6. მეშვიდე საუკუნე
თავი მეოთხე
მსოფლიო კრებების ეპოქა
6. მეშვიდე საუკუნე
(გაგრძელება)
"იმპერატორის" მიერ სახელმწიფოში განხორციელებული რელიგიური ერთიანობის აღდგენის, ანუ "მონოფიზიტების" ეკლესიის წიაღში დაებრუნების უკანასკნელი მცდელობა, მიმდინარე მოვლენების გამო, დაგვიანებული და შესაბამისად წარუმატებელი აღმოჩნდა. "მონოთელიტობა" ან იესო ქრისტეს ნების შესახებ გაჩენილი ახალი მოსაზრებები, რომელიც იმპერატორ ჰერაკლეს პოლიტიკური პრობლემების მოგვარებისათვის სურდა გამოეყენებინა, ახალი ცილობის და ძალადობის მიზეზად გადაიქცა, მაგრამ ბოლოს ეს გაუგებრობაც მართლმადიდებლობის ახალი გამარჯვებისა და ქრისტოლოგიური დიალექტიკის დამაგვირგვინებელი ნაბიჯი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ დავის საგანი ქალკედონური დოგმატი, ანუ მაცხოვრის სრული ღვთაებრიობა და სრული ადამიანობა იყო, დავის წამოწყების მიზეზები მაინც სახელმწიფოს სამხედრო-პოლიტიკური ინტერესები გახდა. რაც შეეხება დოგმატურ საკითხებს, შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ დავა სიტყვებისა და ფორმულირებების გამო მიმდინარეობდა, მაგრამ ამჯერადაც დავრწმუნდებით, რომ სიტყვებს უკან მაცხოვრის პიროვნების სხვადასხვაგვარი აღქმა იმალებოდა. მონოფიზიტები ქალკედონს უარყოფდნენ, რადგან მიაჩნდათ, რომ ქალკედონისეულ "ორ ბუნებაში" იესო ქრისტეს პიროვნული მთლიანობა ირღვეოდა და შესაბამისად, მისი ღვაწლი და თავგანწირვაც თავის ძალასა და მნიშვნელობას კარგავდა. ახალი იდეის მომხრეთა აზრით კი "მონოთელიტობა" იყო მცდელობა, ქალკედონი მონოფიზიტობისთვის მისაღები სახით განმარტებულიყო: ისინი არ მიიჩნევდნენ, რომ ქალკედონის დოგმატზე უარს ამბობდნენ, მათი აზრით, ეს იყო ქალკედონის მონოფიზიტობასთან დაახლოების სურვილი და ამის გამო მისი ახლებურად განმარტების მცდელობა. სინამდვილეში ეს იყო "მეტაფიზიკური" საკითხის ფსიქოლოგიურ სივრცეში გადატანისათვის გაწეული მეცადინეობა. მონოთელიტები აცხადებდნენ: მაცხოვარში ორი ბუნებაა, მაგრამ ერთია ქმედება, ერთია ნება. სხვაგვარად, რომ ვთქვათ, საქმე გვაქვს "ეგზისტენციურად", ანუ არსებითად, ორ ბუნებასთან, მაგრამ ეს ორობა არაფერში არ ვლინდება, და ამით მაცხოვარში ნების ის ერთიანობა მიიღწევა, რომლის უკმარისობაც მონოფიზიტობისათვის მიუღებელი იყო. ამ დრომდე, როგორც პროფესორი ვ. ბოლოტოვი წერს, "მონოფიზიტობის გამო გაჩენილი პრობლემის გადალახვის ყველა მცდელობა უკიდურესად მექანიკურ ხასიათს ატარებდა. ყველაფერი ორივე მხრიდან ერთს - ჭეშმარიტი განსხვავების მიჩქმალვის მცდელობებს ემსახურებოდა". მონოთელიტობის მნიშვნელობა კი იმაში მდგომარეობს, რომ "ეს უკანასკნელი მეცადინეობა უკვე მექანიკურ შთაბეჭდილებას აღარ ტოვებდა. მისი მომხრეები არ მალავდნენ მართლმადიდებლური სწავლების შინაარსს. ამავე დროს, მათ სურდათ გასაგებად განემარტათ და დაესაბუთებინათ, რომ ქალკედონურ სწავლებაში არ არის ნაგულისხმევი ისეთი ორი ბუნება, რომელიც ორი "ჰიპოსტასის", ანუ ორი პიროვნების ტოლფასად შეიძლება აღიქმებოდეს".არსებობს ვარაუდი, რომ ამ სწავლების ინიციატორი კონსტანტინოპოლის პატრიარქი სერგი იყო. როგორც ჩანს, ეს მოსაზრება მონოფიზიტების ერთიან რელიგიურ სივრცეში დაბრუნების საშუალებად იმპერატორ ჰერაკლეს მანვე წარუდგინა. ეს მაშინ უნდა მომხდარიყო, როდესაც იმპერატორი აღმოსავლეთ პროვინციების სპარსელებისაგან განთავისუფლების მიზნით თავის სახელმწიფოში მთელი ძალების მობილიზებით იყო დაკავებული. 622 წელს ერზრუმში იმპერატორი სევერიანელ-მონოფიზიტ პავლე ცალთვალას შეხვდა და მასთან საღვთისმეტყველო საუბრის დროს პირველად ახსენა ტერმინი "ერთმოქმედება", რის გამოც დავის ამ პირველ ეტაპს "მონოენერგიზმი" დაერქვა. როგორც ვხედავთ, საღვთისმეტყველო პრობლემის მოგვარების საქმეში ინიციატივა ამჯერადაც იმპერატორმა გამოიჩინა. ჩანს, რომის სახელმწიფოებრივ ისტორიაში უკვე არსებულმა სამწუხარო გამოცდილებამ ქვეყნის მმართველთა აზროვნებაში ვერ ამოძირკვა თეოკრატიული ენთუზიაზმი. "ნიადაგის მოსინჯვისა" და პირველი მცდელობის შემდეგ მოვლენები სწრაფად განვითარდა და ყველაფერი იმით დასრულდა, რომ 632 წელს ხელი მოეწერა ცხრა "ანათემატიზის" სახით შედგენილ "უნიას" (გაერთიანებას). შემდეგ ეს დოკუმენტი სახელმწიფო განკარგულების ძალით იქნა განმტკიცებული. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ გარიგების შედეგად მიღწეულ წარმატებას მხოლოდ წარმოსახვითი სახე ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ უნიის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე კვიროს ალექსანდრიელი ეგვიპტესა და ალექსანდრიაში მიმდინარე აღფრთოვანების შესახებ დითირამბებს თხზავდა, მალე გაირკვა, რომ უნიის შედეგი არც მართლმადიდებლების და არც მონოფიზიტებისთვის არ იყო მისაღები. უნიით კმაყოფილი მხოლოდ მმართველი წრეების წარმომადგენლები იყვნენ. კოპტების უმრავლესობა არ დათანხმდა ადვილად დამყოლ საკუთარ იერარქებს, იგივე მოხდა სომხეთშიც, რომელიც ორ - ბიზანტიისა და სპარსეთის იმპერიას შორის მოქცეული განდგომილი მართმადიდებლური ქვეყანა იყო. მაგრამ ვინაიდან "უნიურმა დოკუმენტმა" გარეგნული წარმატების შთაბეჭდილება დატოვა, ის იმპერიის ოფიციალურ დოქტრინად დარჩა და პატრიარქი სერგი მასში დაფიქსირებული სწავლების ეკლესიაში დამკვიდრებას შეუდგა.
მაგრამ აქ უკვე მართლმადიდებლურმა რეაქციამ იჩინა თავი. უნიური აქტების შედგენისას უკიდურესად ფრთხილი გამონათქვამები იყო გამოყენებული, მაგრამ მიუღებელი კომპრომისი მაინც აშკარად ჩანდა. შეთანხმების მომხრეები ამტკიცებდნენ, რომ მათ არ უარუყვიათ პაპ ლევ დიდის "გრაგნილი" და რომ ისინი მხოლოდ დამკვიდრებულ ქალკედონურ მრწამსს იმეორებენ... ფაქტი ფაქტად რჩებოდა: "ერთი ქმედება" უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე "ერთი პირი". პრობლემა იმაში იყო, რომ იესო ქრისტეში "ღმერთქმედებას" (ანუ ადამიანური ბუნების ღვთაებრივისადმი სრული მორჩილება, ისე რომ მაცხოვრის ყველა ადამიანურ ქმედების წყარო მისი ღვთაებრიობა უნდა ყოფილიყო) მონოთელიტები, სევერიანელების (თეოდოსიანების) მსგავსად, პასიურ ადამიანურ ყოფად მიიჩნევდნენ. მაცხოვრის ადამიანურ ბუნებაში ღვთაებრივის მოქმედებას ისინი სხეულში სულის მოქმედებას ადარებდნენ. ამ შემთხვევაში ეს ჩვეული ანალოგია დიდ საშიშროებას წარმოშობდა. მათ სურდათ შეექმნათ ილუზია, თითქოს იესო ქრისტეს ღმერთქმედებაში ადამიანური თავისუფლება არ იზღუდებოდა, მაშინ როდესაც სხვა შინაარსის მატარებელი მაგალითი მოჰყავდათ, რადგან სხეული პიროვნული სულის სრულ მორჩილებაშია. ადამიანურზე მათ ზედმეტად ნატურალისტური წარმოდგენა ჰქონდათ. ღვთაებრივის გვერდით, ადამიანური ბუნება მათ შეზღუდულად იმის გამო არ ეჩვენებოდათ, რომ ღმერთის განკაცების მნიშვნელობაზე არასრული წარმოდგენა ჰქონდათ. მონოფიზიტების ინტერესებიდან გამომდინარე მონოთელიტები შიშობდნენ, მათ მსჯელობაში იესო ქრისტეს "ბუნებრივი", ადამიანური ცხოველმოსილება ღვთაებრიობისგან "დამოუკიდებელ" პიროვნულობაში არ გადაზრდილიყო: ამიტომ მათთვის იესო ქრისტეს ადამიანური ბუნება უეჭველად პასიური უნდა ყოფილიყო (დეკ. გ. ფლოროვსკი). მოკლედ რომ ვთქვათ, მონოთელიტობა ძალიან ფრთხილად, მაგრამ ახლებურად ცდილობდა იესო ქრისტეს ადამიანური ბუნების სისრულე "დაენაკლულებინა". ისინი იმ უმთავრესის ჩამოშორებით იყვნენ დაკავებული, რის გარეშეც ადამიანში ღვთის მსგავსება იკარგება და მასში მხოლოდ ნებაგამოცლილი ფორმა რჩება.
პალესტინელმა ბერმა სოფრონმა განგაში ატეხა. პატრიარქების სერგისა და კვიროსს, წერილებშიც და პირადადაც, სოფრონი ევედრებოდა, უარი ეთქვათ ტერმინზე "ერთი ქმედება". არწმუნებდა, რომ ეს ტერმინი თავისი შინაარსით არამართლმადიდებლური იყო. პატრიარქმა სერგიმ საშიშროება 634 წელს, მაშინ შეიგრძნო, როდესაც სოფრონი იერუსალიმის პატრიარქად აკურთხეს. სანამ სოფრონი თავის მრგვლივმოსავლელ წერილს შეადგენდა, რომელშიც ყოველი ახალ კურთხეულ პატრიარქს თავისი მრწამსი დაწვრილებით უნდა ჩამოეყალიბებინა და ძმებისათვის კურთხევის შესახებ შეტყობინებასთან ერთად დაეგზავნა, სერგიმ გადმობირების მიზნით წერილი რომის პაპ ჰონორიუსს მისწერა. პატრიარქმა სერგიმ კარგად იცოდა პაპის სუსტი მხარე, რომ ის უეჭველად შეეცდებოდა ეკლესიაში თავისი მნიშვნელობა გაეძლიერებინა, ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ სერგიმ სწორად გათვალა და პაპი ჰონორიუსიც მის მომხრეთა შორის აღმოჩნდა. პაპმა მონოთელიტობა ჭეშმარიტ მართლმადიდებლურ მოძღვრებად ჩათვალა. მაგრამ სანამ სოფრონი ცოცხალი იყო, სერგიმ რომის ფაქტორის გამოყენება მაინც ვერ გაბედა. 637 წელს იერუსალიმის პატრიარქი სოფრონი გარდაიცვალა. მომდევნო წელს იმპერატორმა ჰერაკლემ, მონოთელიტური სწავლების მთელ საქრისტიანოში გასავრცელებლად, თავისი "მრწამსი" (ეკტესისი) გამოაქვეყნა. ამ მოვლენების შემდეგ ძალიან მალე პატრიარქი სერგიც და პაპი ჰონორიუსიც გარდაიცვალნენ, მაგრამ კონსტანტინოპოლში მონოთელიტობა დიდი ხნით დამკვიდრდა, დასავლეთში კი იმპერატორის ამ ბოლო გადაწყვეტილებამ მწვავე რეაქცია გამოიწვია. როგორც აღმოჩნდა, ნამდვილი ბრძოლა მწვალებლობის წინააღმდეგ ჰერაკლეს შვილიშვილის კონსტანტინეს, ან შემოკლებით "კონსტას", ზეობის დროს უნდა გამართულიყო. ამ ბრძოლაში მართლმადიდებლობის მთავარი დამცველი კონსტანტინოპოლის ერთ-ერთი მონასტრის იღუმენი ღირსი მაქსიმე აღმსარებელი იყო. 645 წელს წმინდა მაქსიმე აფრიკაში იმყოფებოდა და იქ ერთ-ერთ მონოთელიტ, ვინმე პირას წინააღმდეგ საჯარო დისპუტში მიიღო მონაწილეობა. დისპუტის მსვლელობა ჩაწერილი იქნა და სწორედ ამ ჩანაწერშია მოცემული მაშინდელი მონოთელიტური შფოთის ამსახველი მასალა. დისპუტის შემდეგ ერესი აფრიკაში რამდენიმე კრებამ დაგმო, თანდათან სახელმწიფოებრივი აღმსარებლობის მიმართ ეკლესიის მიერ დაწყებული წინააღმდეგობა მთელ ქვეყანაში სულ უფრო აშკარა გახდა. 648 წელს იმპერატორმა იმ მიზნით, რომ ეკლესიისათვის თავს სტატუს კვო მოეხვია, ერეტიკული "რწმენის ნიმუში" (ტიპოსი) გამოსცა, რომელიც ყველასთვის აუცილებელი უნდა გამხდარიყო და ერთი ან ორი ნების შესახებ ყოველგვარი შემდგომი კამათი აკრძალულიყო. ამის პასუხად პაპმა მარტინემ ლატერანის ბაზილიკაში დიდი კრება მოიწვია, რომელსაც 105 ეპისკოპოსი ესწრებოდა. კრებამ ერთხმად დაგმო მონოთელიტობა და ეს დასავლეთის ეკლესიისათვის საყოველთაო გადაწყვეტილებად იქცა. დავა კვლავ დევნის სტადიაში გადავიდა: 653 წლის 17 ივლისს ღამით იმპერატორის ბრძანებით წმინდა მარტინე შეიპყრეს და ეგეოსის ზღვის ერთ-ერთ კუნძულზე გადაასახლეს. თითქმის უკაცრიელ კუნძულზე წმინდა მღვდელმთავარი მთელი წელიწადი იტანჯებოდა და დარაჯთაგან უდრტვინველად იტანდა შეურაცხყოფას. ნაწამები აღმსარებელი შემდგომ კონსტანტინოპოლში წაიყვანეს, სადაც მას კვლავ ხანგრძლივი წამება ელოდა. სენატში სამარცხვინო სამსჯავროს შემდეგ მას სრულიად აბსურდული პოლიტიკური ბრალდებები წარუყენეს, რის საფუძველზეც მან ციხეში მრავალგზის განქიქების, გაბასვრისა და გვემის გადატანა მოუხდა. შემდეგ იგი ყირიმში, კერძოდ ხერსონში, გადაასახლეს, სადაც 655 წლის 16 სექტემბერს გარდაიცვალა. ძალიან მალე ეს დიდებული, მაგრამ სავალალო გზა წმინდა მაქსიმე აღმსარებელმაც განვლო. ისევ ის სენატის სამსჯავრო, ისევ ის ბრალდებები. წმინდა მაქსიმე პასუხობდა უბრალოდ, ნათლად და ყველა მისი პასუხი ზუსტად აღწევდა მიზანს. გადმოცემის მიხედვით, ამ სამსჯავროზე წმინდა მაქსიმეს ამცნეს, რომ უკვე რომის პატრიარქიც და სამღვდელოებაც სრულად იზიარებდა მონოთელიტურ აღმსარებლობას: "მაგ აღმსარებლობას მთელი ქვეყანა რომ ეზიაროს, მე ერთადერთი არ შემოვუერთდები"... უპასუხა წმინდა მაქსიმემ. წმინდანი თრაკიაში გადაასახლეს. იქ კიდევ შვიდი წელი გაგრძელდა მისი მარტვილობა. ღირსი მაქსიმე რამდენიმეჯერ კონსტანტინოპოლში გამოიძახეს, არწმუნებდნენ, აწამებდნენ, გვემდნენ: ჭეშმარიტების მცველად წმინდა მაქსიმე ბოლომდე ურყევად იდგა. 662 წელს დასავლეთ საქართველოში გადასახლებაში ყოფნის დროს წმინდა მაქსიმე აღმსარებელი გარდაიცვალა.
იმპერია დუმდა. იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ მონოთელიტურმა ერესმა ყოველგვარი წინააღმდეგობა დაძლია. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეკლესიამ მონოთელიტობა მიიღო. დასავლეთმა საერთოდ უარი განაცხადა მონოთელიტობაზე, იმპერიის ძალაუფლება კი იტალიის საზღვრებს იქით არ ვრცელდებოდა. თავად რომშიც ეს ძალაუფლება ძირითადად "ნომინალურ" ხასიათს ატარებდა... მწვალებლობა ქვეყანაში იმპერატორის ძალაუფლებაზე იდგა. ბოლოს ეს იმპერატორიც მოკვდა, მისი მემკვიდრე კონსტანტინე პოგონატი სახელმწიფოში მიმდინარე დაქუცმაცებების ახალი ტალღით მალე მოიქანცა, კონსტანტინოპოლში მსოფლიო კრება მოიწვია (რიგით მეექვსე კრება დაიწყო 680 წლის 7 ნოემბერს და დასრულდა 681 წლის 16 სექტემბერს) და საკითხის საბოლოო გადაწყვეტისათვის ეკლესიას სრული თავისუფლება მისცა. მონოთელიტური მწვალებლობა დამხობილი იქნა და ქალკედონის დოგმატი მაცხოვრის ორი ნების დოგმატით შეივსო. კრების განსაზღვრებაში ვკითხულობთ: "...წმინდა მამათა სწავლების თანახმად ვაღიარებთ, რომ მასში არის ორი ბუნებრივი წადილი ანუ ნება განუყოფლად, შეუცვლელად, განუშორებლად, შეურწყმელად და ორი ბუნებრივი ნება არა ურთიერთსაწინააღმდეგო, როგორც ამას არაწმინდა ერეტიკოსები ამბობდნენ, - ნურც იყოფინ, - არამედ ისე, რომ მისი ადამიანური ნება მიჰყვება და კი არ ეწინააღმდეგება ან ებრძვის, არამედ უმალ ემორჩილება მის საღმრთო და ყოვლისშემძლე ნებას". თანამედროვე ადამიანი კვლავაც შეიძლება დაბრკოლდეს: რას ნიშნავს "ორი ნება"? როგორ შეიძლება ასეთ საკითხზე დავა და რა უნდა გადაწყვიტოს ამგვარმა დავებმა? მაგრამ მიუხედავად ამისა, მონოთელიტური პრობლემის გადაჭრით და მაცხოვარში არა მხოლოდ ღვთაებრივი, არამედ ადამიანური ნების არსებობის დამტკიცებით ეკლესიიდან დაიწყო ქრისტიანული ანთროპოლოგიის საფუძვლების ჩამოყალიბება. მართლმადიდებლობის გამარჯვებამ ადამიანში ის არსებული თავისებურებები გამოააშკარავა, რომლებიც დღეს ჩვენი სამყაროს და კაცობრიობის კულტურულ ფასეულობებად გვევლინება. ქრისტიანული ჰუმანიზმი, ადამიანის სრულყოფილების დანახვა და იმის რწმენა, რომ სამყაროში ადამიანი აბსოლუტურ ფასეულებას წარმოადგენს: არის ამ უკანასკნელი ქრისტოლოგიური დავების შედეგი და მართლმადიდებლური გამოცხადება.
კრებამ შეაჩვენა თეოდორე ფარანელი, სერგი, პავლე, პიროს და პეტრე კონსტანტინოპოლელები, კვიროს ალექსანდრიელი, პაპი ჰონორიუსი (მისი შემთხვევა უმნიშვნელოვანესი არგუმენტია პაპის უცდომლობის შესახებ კათოლიკური დოგმატის წინააღმდეგ). მაგრამ კრებამ დუმილით აუარა გვერდი მთავარ დამნაშავეებს - იმპერატორებს ჰერაკლესა და კონსტას! ასევე კრებას ერთი სიტყვითაც არ მოუხსენებია ორი მოწამე წმინდა მამა პაპი მარტინე და ღირსი მაქსიმე აღმსარებელი: მაშინ ისინი სახელმწიფოში ფორმალურად "პოლიტიკურ" დამნაშავეებად ითვლებოდნენ! მხოლოდ მოგვიანებით აღიარეს ეს ორი წმინდანი ღირს მამებად და ეკლესიის მასწავლებლებად. როგორც ვხედავთ, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები ნელ-ნელა ბიზანტიური თეოკრატიის "ორმაგ ბუღალტერიას" ეჩვეოდნენ, ჭეშმარიტება საბოლოოდ მაინც იმარჯვებდა.
ამრიგად, დავუბრუნდით იმას, რითიც დავიწყეთ: მეშვიდე საუკუნის დახასიათებას. მონოთელიტობამ თავისდაუნებურად ნაყოფიერი შედეგი გამოიღო, რადგან მასთან ჭიდილში მოხდა ქალკედონის "ოროსოს" გაღრმავება და შესაბამისად მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების სრულყოფა. ამასთან, მონოთელიტობამ ვერ გაამართლა ის პოლიტიკური იმედები, რის გამოც იგი შეიქმნა. ეკლესიაში გაჩენილი განხეთქილების საკითხი მხოლოდ მოგვიანებით, მას შემდეგ გადაწყდა, რაც მონოფიზიტები და ნესტორიანები ისლამმა იმპერიას საბოლოოდ ჩამოაშორა და ამის შემდეგ მათი არსებობა ეკლესიაში განხეთქილების შეტანის არანაირ საშიშროებას აღარ წარმოადგენდა. რაც შეეხება მართლმადიდებლობას, ის საბოლოოდ გადაიქცა ბიზანტიის სახელმწიფო და, შეიძლება ითქვას, ნაციონალურ რელიგიად. მაგრამ ეს ამავე დროს იმასაც ნიშნავს, რომ თავის მხრივ მართლმადიდებლობამაც ბიზანტიური სახელმწიფოებრიობა, როგორც ისტორიული კანონი, მიიღო და მისი სამოსით შეიმოსა.