პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი
თავი მესამე
ქრისტიანობის გამარჯვება
1. მოქცევა კონსტანტინესი
ქრისტიანობის გამარჯვება
1. მოქცევა კონსტანტინესი
გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ კონსტანტინეს მოქცევა ყველაზე მნიშვნელოვანი გარდატეხის მომტანი აღმოჩნდა იმ ორგანიზაციულ ცვლილებათა შორის, რომლებიც ოდესმე განხორციელებულა ქრისტიანული ეკლესიის ისტორიაში. ეს არ არის მოვლენა, რომელიც მხოლოდ ქრისტიანობისა და სახელმწიფოს ურთიერთობით ან ეკლესიის საგარეო ცხოვრებით შეიძლება შემოვფარგლოთ; აქ გაცილებით უფრო მნიშვნელოვან ყურადღებას იმსახურებს შიდაეკლესიური ცვლილებები, განსაკუთრებით კი ის, თუ რა ნელ-ნელა და თანმიმდევრულად განხორციელდა მნიშვნელოვანი ცვლილებები ქრისტიანული საზოგადოების ცნობიერებაში. ეს პროცესი რთული და მრავალმხრივია, ამიტომაც საგნის შესწავლისას "კონსტანტინეს პერიოდის" ურთიერთსაწინააღმდეგო შეფასებებს დიდი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ, რაც დაგვეხმარება ავირიდოთ უსაფუძვლო ბრალდებებიცა და უპირობო ქება-დიდებაც.
მოვლენების ეპიცენტრი თვით კონსტანტინეს პიროვნებაა. როგორც დავინახეთ, ქრისტიანობის წინააღმდეგ იმპერიის ბრძოლა "ფატალური" იყო, ნებისმიერი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება, მათ შორის დაზავებაც, ერთი პიროვნების, ერთი ნებისა და ერთი ზემდგომის ინიციატივით ხორციელდებოდა. კონსტანტინეს როლს ამ უმნიშვნელოვანეს საქმეში არავინ უარყოფს. აღმოსავლური ქრისტიანობისთვის კონსტანტინე დღესაც მოწამეთა თავდაუზოგაობის, სინათლის ბნელზე გამარჯვებისა და ქრისტიანული მშვიდობის დამკვიდრების სულისჩამდგმელი რჩება. თუმცა დასავლეთის ეკლესია "კონსტანტინეს მშვიდობაში" სახელმწიფოს მიერ ეკლესიის დამორჩილებასა და მოთოკვას ხედავს. უფრო მეტიც, ისინი მიიჩნევენ, რომ ქრისტიანული დამოუკიდებლობის დაწყების შემდეგ ეკლესია პირველად სწორედ ამ დროს "დაეცა". ამ უსასრულო დავის შინაარსს ზედაპირულად მაინც უნდა შევეხოთ.
ლიტურგიის ჩვენეულ, მართლმადიდებლურ ტექსტებში კონსტანტინეს მოქცევა წმინდა პავლეს მოქცევასთან არის შედარებული, მაგრამ ისტორიკოსი მოვალეა, ამ მსგავსებაში განსხვავებაც დაინახოს. ის, რაც დამასკოში მიმავალმა მოციქულმა იხილა და განიცადა, ჭეშმარიტად ყოველგვარი "ფასეულობის გადაფასება" იყო. აქ გაუვალი ზღვარი დაიდო ძველსა და ახალს შორის და ამ ზღვარს გამოღმა დარჩენილი მოციქულის ცხოვრებასა და ფსიქოლოგიაში ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა. კონსტანტინეს მოქცევა შემთხვევით არ უკავშირდება მისი პოლიტიკური და საიმპერატორო კარიერის საკვანძო მომენტს. მისი მოქცევა არ იყო არც პოლიტიკური გათვლა და არც "მაკიაველისტური" ქმედება, როგორც ამას ზოგიერთი ისტორიკოსი ამტკიცებს და რომლის დროსაც მორალი შეიძლება პოლიტიკას ეწირებოდეს. მაგრამ ეს არც პიროვნების ძირეული გარდაქმნა იყო, როგორც ამას წმინდა მოციქულთან ვხედავთ. ეს აიხსნება თავად კონსტანტინეს რელიგიურ-პოლიტიკური იდეოლოგიით, ფსიქოლოგიით და ეს ფაქტორები გამოგვადგება ქრისტიანობის ისტორიაში კონსტანტინეს როლის სწორად განსაზღვრაში.
კონსტანტინეს დროს სრულდება რომის იმპერიის ის ევოლუციური პროცესი, რომელიც მისთვის ელინისტურ აღმოსავლეთთან შეხების შემდეგ დაიწყო. რომმა თითქმის დაასრულა პრინციპატის თეოკრატიულ მონარქიაში თანმიმდევრულად გადასვლის გზა. დადგა დრო, როდესაც იმპერატორი - ღმერთსა და ქვეყანას შორის შუამდგომელი, ხოლო სახელმწიფო ზეციური კანონების ამსახველი და აღმასრულებელი ხდება. უძლეველი მზე, რომელიც იმპერატორმა ლუციუს დომიციუს ავრელიანემ მესამე საუკუნის შუა წლებში სამთავრობო რეგალიად აქცია, მჭიდროდ უკავშირდება მონარქიის ახლებურ რელიგიურ განცდას: იმპერატორი ქვეყანაზე იმავე ადგილს იკავებს, რომელიც ცაში მზეს უკავია, იმპერატორი მზის ბუნების ნაწილი და დედამიწაზე მისივე წარმომადგენელი ხდება. მონარქი ჩვეულებრივ მოკვდავთაგან განცალკევებულია, ის "წმინდანია" და ყველაფერი, რაც მის გარშემოა, განწმენდილია. "იმპერიული ლიტურგია" - წმინდა რიტუალი, რომლითაც სრულად შეიმოსა იმპერატორის პირადი ცხოვრება, აშკარად მიუთითებს, რომ ქვეყანა ზეციურადაა მოწყობილი და სახელმწიფოს ღვთაებრივი ბუნება აქვს. ეს ევოლუციური ცვლილება სახელმწიფოებრივი თვითშეგნებიდან მომდინარეობდა და მისი საშუალებით ხდებოდა ბერძნულ-რომაული რელიგიური სამყაროს მონოთეიზმის ანუ ერთი ღმერთის რწმენისკენ განვითარება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, პლოტინის ნეოპლატონიზმი ბერძნული ფილოსოფიის გედის სიმღერა აღმოჩნდა. აღმოსავლური კულტები, "ჰერმეტიკული" მწერლობა, რომელშიც გაერთიანებული იყო ბერძნული პოპულარული ფილოსოფია, ქალდეური ასტროლოგია, სპარსული მაგია და ეგვიპტური ალქიმია, ანუ ეპოქის ყველა უმთავრესი სულიერი და ინტელექტუალური მოძრაობა, ამ დროისთვის ერთმნიშვნელოვნად აღიარებდა უმთავრეს საწყისს - ერთ უმაღლეს ზეციურ ღმერთს.
კონსტანტინე სწორედ ამგვარი ახალი რელიგიური აზროვნების წარმომადგენელი იყო. მისი პირველი ქრისტიანი ბიოგრაფის ევსები კესარიელის ცნობით, უკვე კონსტანტინეს მამამ "თავისი შვილები, ცოლი, მსახურები და სასახლე სრულად შეავედრა ერთ ღმერთს"; კონსტანტინე უხეში წარმართობისგან განწმენდილ, ამგვარ "ზეციურ" რელიგიურ ატმოსფეროში გაიზარდა. მიუხედავად ამისა, მას ყოველთვის ჰქონდა მისტიკური ინტერესები, სწამდა სიზმრების, ხილვების, ნათლით გაბრწყინების. მას ეჭვი არ ეპარებოდა, რომ რჩეული იყო და მთელი მისი პოლიტიკური კარიერა ზეციურ ძალებთან "შეხებით" იყო აღვსილი. ცხადია, ასეთი სულისკვეთება მისი ქრისტიანად მოქცევისთვის საკმარისი ვერ იქნებოდა, მაგრამ ეს დაგვეხმარება უკეთ გავერკვეთ, როგორ აღიქვა კონსტანტინემ ქრისტიანობა, როგორ იქცა იგი ეკლესიისა და რწმენისადმი ახლებური დამოკიდებულების წარმომადგენლად.
პოლიტიკურ ჰორიზონტზე კონსტანტინეს ვარსკვლავი მაშინ გაბრწყინდა, როდესაც იმპერია ჩაძირული იყო შინაომებისა და რღვევის ორომტრიალში, რაც ბუნებრივად მოჰყვა იმპერატორ დიოკლეტიანეს ტახტიდან გადადგომას. როგორც დასავლეთის იმპერატორს, კონსტანტინეს წილად იმპერიის დასავლეთ ნაწილის გართიანება და მოწინააღმდეგე მაქსენციუსის დამარცხება ერგო. მაქსენციუსი რომში იყო გამაგრებული. 312 წელს კონსტანტინე გალიისკენ დაიძრა, ზამთარში გაბედული მარშით ალპები გადალახა და ოქტომბერში მცირე მხედრობით მარადიულ ქალაქს მიუახლოვდა. ამ ბრძოლაში უნდა გადაწყვეტილიყო კონსტანტინეს სიკვდილ-სიცოცხლისა და, რაღა თქმა უნდა, იმ "მისიის" ბედი, რომლისაც მას ასე ღრმად სწამდა.
ქალაქის მისადგომებთან კონსტანტინეს მრავალი კითხვა აწუხებდა: მიემხრობა თუ არა ძველი დიდების, ტრადიციებისა და ძველი ღმერთების ძალა მაქსენციუსს? ნიშნავდა თუ არა რომზე შეტევა დიდ მკრეხელობას და წარსულთან დამშვიდობებას? მოიძიებდა კი კონსტანტინე ახალ ძალებს, სულიერ სიმშვიდესა და რომის განახლების გზებს? კონსტანტინეს მოქცევა სწორედ ამ მძიმე, დაძაბულ და ეჭვებით აღსავსე მომენტს ემთხვევა. უძველეს წყაროებში ლაპარაკია იმაზე, რომ კონსტანტინეს ძილში ჯვარი ეჩვენა და ეთქვა, რომ ეს ნიშანი უნდა აღბეჭდილიყო მისი ჯარის საბრძოლო იარაღზე. კონსტანტინემ შეასრულა ეს დავალება, გამარჯვება მოიპოვა და რომში შევიდა. ეჭვს არ იწვევდა, რომ ნიშანი, რომლითაც მან ამ გადამწყვეტ ბრძოლაში გაიმარჯვა, ქრისტიანობის ნიშანი იყო და სწორედ ამ მომენტიდან იმპერატორი საკუთარ პიროვნებას ქრისტიანად მიიჩნევდა.
ძნელია გარკვევა, თავიდანვე გახდა თუ არა იმპერატორი ნამდვილი ქრისტიანი, რადგან ვიცით, რომ ეკლესიურად ქრისტიანი ის ხდება, ვინც ახალ ცხოვრებაში ნათლობით შედის.
კონსტანტინე სიკვდილის წინ, მალვიის ბრძოლიდან ოცდახუთი წლის შემდეგ მოინათლა! ვინ იყო იგი ამ დრომდე? ამ კითხვაზე პასუხის გაცემით ჩვენ გვსურს ნათელი მოვფინოთ ბიზანტინიზმის იმ საწყის პარადოქსს, რომელიც პირველი ქრისტიანი იმპერატორის თავისებური მოქცევის ამბავს შეიცავს. საქმე ის არის, რომ კონსტანტინე ქრისტიანულ რწმენაში ეკლესიური გზით არ მოსულა. მას რწმენა პირადად და უშუალოდ მტერზე გამარჯვებისთვის ანუ სამეფო საქმის განხორციელების პროცესში მიეცა. შესაბამისად, მოხდა ისე, რომ ქრისტიანების ღმერთის დახმარებით მოპოვებულმა გამარჯვებამ იმპერატორი და მთელი იმპერია ჯვრის მფარველობის ქვეშ დააყენა. მაგრამ, ამავე დროს, ისიც ნათელია, რომ კონსტანტინეს მოქცევა ჭეშმარიტების ძიების გამო, მხოლოდ მისთვის და მის გამო კი არ მოხდა, არამედ ის გაქრისტიანდა როგორც იმპერატორი: იესო ქრისტემ თავად აკურთხა მისი ძალაუფლება, გამიზნულად შეარჩია იგი და უშველებელი იმპერია ჭეშმარიტ სარწმუნოებას აზიარა. სწორედ ამით აიხსნება ის საოცარი ფაქტი, რომ კონსტანტინეს მოქცევას თეოკრატიული იმპერიის თვითშეგნებაში ფასეულებათა "გადაფასება" არ გამოუწვევია. პირიქით, ამ მოვლენამ თავად ქრისტიანები და ეკლესია იმპერატორის გამორჩეულებაში დაარწმუნა და იმპერია ღმერთის მიერ რჩეულ წმინდა სამეფოდ წარმოადგინა. ბიზანტიისთვის დამახასიათებელი ყველა სირთულე, ყველა თავისებურება, ეკლესიის ისტორიის "კონსტანტინეს პერიოდის" ყველა სიმწვავე და ორაზროვნება ამ პირველი პარადოქსიდან გამომდინარეობს: პირველი ქრისტიანი იმპერატორი არაეკლესიური ქრისტიანი აღმოჩნდა და ამას ეკლესია დუმილით შეხვდა. ისე იქცა იმპერატორის სახით იმპერია ქრისტიანულად, რომ მას კათაკმევლობის გზა არ გაუვლია.
მოქცევას 313 წელს "მილანის ედიქტი" მოჰყვა, რომელშიც კონსტანტინეს რელიგიური პოლიტიკის პრინციპები იყო ჩამოყალიბებული. ედიქტში საზეიმოდ იყო განცხადებული, რომ, ისევე როგორც ქრისტიანებს, ყველა სხვა რელიგიის წარმომადგენლებსაც მიენიჭათ უფლება, საკუთარი რწმენის შესაბამისად აღასრულონ ღვთისმსახურება. ქრისტიანულ ეკლესიებს დაუბრუნდათ დევნის დროს ჩამორთმეული ქონება.
მიუხედავად ამისა, ისტორიკოსებს შორის მილანის ედიქტის შესახებ ცხარე კამათი მაინც მიმდინარეობდა. მკვლევრები ცდილობდნენ გაერკვიათ, რა იგულისხმება ედიქტით მონიჭებულ რელიგიურ თავისუფლებაში. თუ ედიქტი კონსტანტინეს სახელმწიფოსგან რელიგიის გათავისუფლების ქრისტიანულმა იდეამ დააწერინა, გაუგებარია, ასე ხანმოკლე რატომ იყო მისი მოქმედება. ასე სწრაფად რატომ ჩაენაცვლა ამ იდეას განუყოფელი და იძულებითი ქრისტიანული მონოპოლია? პასუხი შეიძლება ერთადერთი იყოს: თავისუფლების ცნება, კონსტანტინეს თვალსაზრისით, არ ემთხვეოდა თავისუფლების ქრისტიანულ თვალსაზრისს. ასწლეულები დასჭირდა ადამიანის თავისუფლების იმგვარ შეფასებას, როგორსაც მას ახალი აღთქმა გვთავაზობს. დროთა განმავლობაში სახელმწიფოც ახლებურად იქნა გაგებული, მისმა უფლებებმაც ისეთი საზღვრებით დაიწყო შემოფარგვლა, რომლებითაც პიროვნების განუყოფელი უფლებები არ შეიძლება იზღუდებოდეს. ჩვენთვის უკვე ცნობილია, რამდენად ძნელი და მომქანცველი იყო ეს პროცესი, ვიცით, რომ ცალკეულ შემთხვევებში თვითონ ქრისტიანები ვერ იყვნენ სახარებისეული ჭეშმარიტებების ცხოვრებაში გამტარებელნი. იქნებ თანამედროვე ისტორიის ტრაგიზმი სწორედ ისაა, რომ ქრისტიანობა, რომელიც სამყაროში ადამიანს ყველაზე მნიშვნელოვან ფასეულობად განიხილავს, თავის ცალკეულ გამოვლინებაში თავად დაუპირისპირდა ეკლესიას? იქნებ კაცობრიობა ჯერაც ვერ განთავისუფლდა ანტიკური სამყაროს თეოკრატიული აბსოლუტიზმისგან? იქნებ სწორედ აქ ძევს თანამედროვე სექტანტური ძიებების გარკვეული საფუძველი, სწორედ ამიტომ ვხვდებით შემთხვევებს, როდესაც ზოგიერთი ძლიერი სახელმწიფოს მმართველს საკუთარი პიროვნება მესიად წარმოუდგება და არად დაგიდევს მცირე ქვეყნების ქრისტიანულ თვითმყოფადობას? როგორც ჩანს, მათ ასე ესმით კონსტანტინეს მიერ შეთავაზებული თავისუფლება და მილანის ედიქტი. მაგრამ ეს არ არის ქრისტიანული თავისუფლება, ეს კულტის თავისუფლებაა, ანუ ღვთის თაყვანისცემის დეფორმირება; ასეთი "თავისუფლების" პოლიტიკის მომხრე პიროვნებებს ექმნებათ ილუზია, თითქოს მათ მიერ მართულ სახელმწიფოებში არც ერთ რელიგიურ მიმართულებას არ ენიჭება უპირატესობა, და არა იმიტომ, რომ სახელმწიფო ჭეშმარიტად ნეიტრალურია, არამედ იმის გამო, რომ როგორც კონსტანტინეს მოქცევამდე, ისე ახლაც ყველა რელიგიური კულტის მსახურება ასე თუ ისე ერთი უმაღლესი "ღმერთის" განდიდებამდე მიდის. არის "ღმერთი" და მისი წარმომადგენელი მესია - სექტა, პიროვნება ან სახელმწიფო ან სამივე ერთად. ამ პირობებში სხვადასხვა რელიგიის კულტისადმი თაყვანისცემაც შედარებითი - "შეფარდებითია".
მილანის ედიქტი კაცობრიობას საზოგადოების ამგვარი მოწყობის დასასრულზე მიუთითებდა. მასში ისეთი რელიგიური სინკრეტიზმი გამოვლინდა, რომელშიც ყველა სახის წარმართობა საბოლოოდ გაიხრწნება და განადგურდება. მაგრამ ყოველთვის ხელშეუხებელი და შეუვალი დარჩება სახელმწიფოს თეოკრატიული ბუნება; სახელმწიფო ღვთის ნებით შექმნილი საზოგადოების თანაცხოვრების "ფორმაა", ამიტომ რელიგია მუდამ იქნება სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი საქმე. ადამიანის თავისუფლება სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს და ის იმისათვის ეძლევა პიროვნებას, რათა ადამიანის თავისუფალი ქრისტიანული ქცევის გამო უფალი კეთილგანწყობილი იყოს და მოწყალება გაიღოს მის მიმართ, მათ მიმართაც, ვინც ასეთ ძალაუფლებასა და მის მორჩილებას უზრუნველყოფს...
მაგრამ თუ კონსტანტინეს მიერ ნაბოძები თავისუფლება ისე უნდა გვესმოდეს, როგორც იმპერიული სინკრეტიზმის უკანასკნელი გამოვლინება, მილანის ედიქტის უკან მაინც რაღაც სხვა სიახლე უნდა დავინახოთ. იმპერატორი არ მალავდა ქრისტიანობისადმი თავის გამორჩეულ დამოკიდებულებას და პირდაპირ აცხადებდა, რომ ქრისტიანობას თავისუფლებას "საზოგადოებაში მშვიდი ცხოვრების დამკვიდრებისთვის კი არ ანიჭებდა", არამედ მთავარი მიზეზი ის არის, რომ მისი გული ახალი რწმენით იყო განმსჭვალული. გარდამავალ პერიოდში მინიჭებილი ეს ზოგადი თავისუფლება ქრისტიანობის საბოლოო გამარჯვების მოლოდინი იყო. წარმართობა განადგურებისთვის იყო განწირული. წარმართობის ჯერ კიდევ გაუცნობიერებელი სასოწარკვეთის მიზეზი ახალი ტიპის იმპერიის ბუნებისა და წარმართული სახელმწიფოებრივი თვითშეგნების შეუსაბამობაში იდო. იმპერიის რელიგიურ კანონმდებელ იმპერატორ კონსტანტინეს არ შეეძლო წარმართობა ქრისტიანობასთან გაეთანაბრებინა. და რაც უფრო ღრმავდებოდა მასში ქრისტიანული ბუნება, მით უფრო აშკარად უპირისპირდებოდა წარმართობას. ორი "ლოგიკა", ორი - თეოკრატიული და ქრისტიანული რწმენა იწყებდა თავის ორაზროვან გაერთიანებას, და ეს აღმოჩნდა იმ ცხოვრების განმსაზღვრელი, რომელიც ახალშობილ ბიზანტიაში იწყებდა დამკვიდრებას.
ამ ორაზროვნებამ დონატისტების განხეთქილებაში მალევე გამოავლინა საკუთარი ბუნება. კონსტანტინეს მოქცევას აფრიკის ეკლესია არეულობით შეხვდა. ეკლესიის დაუნდობელი დევნის შემდეგ ატმოსფერო შიშით იყო აღვსილი და საზოგადოება ყველაფერს ეჭვის, ღალატისა და დაცემის საშიშროებად აღიქვამდა. კართაგენის ქრისტიანთა ნაწილმა, იმის გამო, რომ ახალი ეპისკოპოსის ციცილიანეს კურთხევაში ვინმე ფელიქსმა მიიღო მონაწილეობა, მის აღიარებაზე უარი განაცხადა. ეს უკანასკნელი "ტრადიტორობაში" - პოლიციის მოთხოვნით წმინდა წიგნების სანახის გაცემაში იყო დადანაშაულებული. ამბოხებულთა ჯგუფმა ეპისკოპოსად ჯერ ვინმე მაიორინი, ხოლო შემდეგ დონატი აირჩია. შემდეგ ახალჩამოყალიბებულ სექტას სწორედ ამ ეპისკოპოსის სახელი ეწოდა.
ამ დროს კი წარსულში დევნის გამო დაზარალებულ ქრისტიანულ ეკლესიებს კონსტანტინე ძვირფას მოსაკითხებს უგზავნიდა. ცხადია, აფრიკაში ეს საჩუქრები ციცილიანემ მიიღო. ამან დონატისტები აიძულა, იმპერატორისთვის თხოვნით მიემართათ, რათა ჭეშმარიტების დასადგენად და ობიექტური გადაწყვეტილების მისაღებად მათი საქმე დევნილობას გადარჩენილ გალიის ეპისკოპოსებს განეხილათ. კონსტანტინე ქრისტიანულ ყოფაში მშვიდობასა და მსოფლიო ეკლესიის ერთიანობაზე მეტად არაფერს აფასებდა, ამიტომაც ადვილად დასთანხდა დონატისტების თხოვნას.
გალიის მთავარეპისკოპოსები პაპ მილტიადეს ხელმძღვანელობით რომში შეიკრიბნენ. ორივე მხარემ თავისი არგუმენტები წამოაყენა და კართაგენის ეპისკოპოსთა მოთხოვნები სამართლიანად ჩაითვალა. შეიქმნა შთაბეჭდილება, თითქოს საქმე ისე სრულდებოდა, როგორც ეს დონატისტებს სურდათ, მაგრამ ამ უკანასკნელთათვის მიღებული გადაწყვეტილება საკმარისი არ აღმოჩნდა და მათ კვლავ იმპერატორს მიმართეს.
აქ კი კონსტანტინემ ის საბედისწერო შეცდომა დაუშვა, რომლითაც ეკლესიასა და თეოკრატიულ სახელმწიფოს შორის მრავალსაუკუნოვანი ტრაგიკული გაუგებრობა დაიწყო. იმის ნაცვლად, რომ მოუნათლავ იმპერატორს მისგან დამოუკიდებელი საეკლესიო სასამართლოს გადაწყვეტილების უზენაესობა ეღიარებინა, კონსტანტინემ დონატისტების თხოვნა შეასრულა და ახალი გამოძიების დაწყება ბრძანა. ასე მიიღო ეკლესიის დამოუკიდებელობამ თეოკრატი მმართველისგან პირველი მძიმე დარტყმა. დონატისტების მიერ მოწყობილი შემდგომი არეულობები ამ პირველი შეცდომის მხოლოდ გაგრძელება იყო. ბოლოს კონსტანტინე აღშფოთდა და განაცხადა: "რა უგუნურებაა, სამართალი მოსთხოვო ადამიანს, რომელიც თვითონ ელის მაცხოვრის სამსჯავროს..." მიუხედავად ამისა, მან მაინც დააკმაყოფილა მომჩივანთა თხოვნა და როდესაც მრავალი სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ დონატისტების მოთხოვნების უსაფუძვლობაში საბოლოოდ დარწმუნდა, მათ მიმართ სახელმწიფოებრივი დევნის მთელი სიმკაცრე გამოიყენა. ეს კი ყველა დაშვებულზე მძიმე შეცდომა იყო. ამ ნაბიჯმა განხეთქილების მომხრეები წამებულებად აქცია და დასუსტების ნაცვლად გააძლიერა. მათი დევნის გამო პროტესტი მთელ აფრიკას მოედო და მისი შეჩერება უკვე შეუძლებელი გახდა. დონატისტების განხეთქილება ვანდალების შემოსევამდე იქცა დასაწყისად აფრიკის ეკლესიის ბრწყინვალების დასასრულისა.
მაგრამ დონატიზმი ეკლესიისა და სახელმწიფოს დაძაბული ურთიერთობის ისტორიის მხოლოდ შესავალია. ამ განხეთქილების შინაარსი გაცილებით ტრაგიკულია არიანულ შფოთში, რომლის სიმძიმითაც აღივსო კონსტანტინეს მიერ მოპოვებული მშვიდობა.