4. გნოზისის წინააღმდეგ ბრძოლა
(მესამე ნაწილი)
პირველი საუკუნის დასასრულს, მაშინ, როდესაც ეკლესიის ისტორიაში "სამოციქულო" ხანა მიილია, ეკლესია თავის მოღვაწეობაში უკვე მათეს, მარკოზის, ლუკას და იოანეს სახარებებით ხელმძღვანელობდა.
შესაძლოა, ეს წიგნები ერთ მთლიან ახალ აღთქმად ჯერ კიდევ არ იყო თავმოყრილი, მაგრამ იმ ეკლესიურ წრეებში, რომელთათვისაც ახალი აღთქმის ყოველი ცალკეული წიგნი იწერებოდა, უდავოდ აქტიურად იყენებდნენ. მოგვიანებით ძალიან სწრაფად მოხდა ამ წიგნების ოთხთავად გამთლიანება: ჩვენთვის ცნობილია, რომ აპოლოგეტმა ტატიანმა, სხვაგვარად მას ტაციანად მოიხსენიებენ, უკვე II საუკუნეში ოთხივე სახარება ერთ მთლიან წიგნად "ჰარმონიად" გააერთიანა.(მესამე ნაწილი)
ცნობილია, რომ უმნიშვნელო ქრონოლოგიურ და თანმიმდევრობით საკითხებში სახარებებს შორის გარკვეული შეუსაბამობებია. ბოლო საუკუნეებში ზოგიერთმა მეცნიერმა ეს უზუსტობები ისეთ გადაუწყვეტელ "პრობლემად" წარმოადგინა, რომ ცალკეული ტექსტები ეჭვის ქვეშაც კი დააყენეს. ეს უზუსტობები პირველი ქრისტიანებისთვისაც კარგად იყო ცნობილი, მაგრამ ისინი, თანამედროვე მკვლევართაგან განსხვავებით, ისტორიული "სიზუსტეების" ნაცვლად, ტექსტში იესო ქრისტეს შესახებ სულიერ სიმართლესა და პიროვნულ სიღრმეებს ეძებდნენ. დღემდე ეჭვქვეშ არავის დაუყენებია ის ჭეშმარიტება, რომ ოთხივე სახარებაში წარმოდგენილი ჩვენი მაცხოვრის სახე გამოირჩევა შინაარსობრივი განუყოფლობითა და ღრმა სულიერი ინფორმაციით.
ამრიგად, ეკლესიაში ახალი აღთქმის როგორც წმინდა წერილის შემოტანას არც ძალდატანება დასჭირვებია და არც რაიმე ეჭვი გამოუწვევია. სახარება იმ წმინდა გადმოცემების ჩანაწერებს შეადგენდა, რომლითაც მორწმუნეებში ღვთის სიტყვა ცხოვრობდა. პირველ ეტაპზე ეკლესიაში კანონის მოქმედების საჭიროება არ არსებობდა; "კანონი" ეკლესიური რწმენა და ის სწავლებაა, რასაც ეპისკოპოსები მორწმუნეების მიმართ ლიტურგიული პრაქტიკის პროცესში ახორციელებენ. ღვთის სიტყვა არც "გარეგნულად" მოქმედი ავტორიტეტია, არც განაწესია და არც "ტექსტია"; ეს არის რწმენით უზრუნველყოფილი ეკლესიის რეალური ცხოვრება. თვითონ "ტექსტები" ღვთის სიტყვას ეთანადებიან და წმინდა წერილად ამის გამო აღიქმებიან. მათში ეკლესია საკუთარ რწმენას, ქადაგებას და იმ სწავლებას ხედავს, რომელიც მას მოციქულთა ცხოვრებამ მოუტანა.
ის, რომ წმინდა წერილის ჩარჩოების ზუსტი განმსაზღვრელი "კანონი" არ არსებობდა, გნოსტიკოსებს საშუალებას აძლევდა, საკუთარი "სწავლება" მოციქულთა მოძღვრებად გაესაღებინათ. მათ მიაჩნდათ, რომ მოციქულების ქადაგებებს მხოლოდ თვითონ განმარტავდნენ სწორად და თავიანთ კონცეფციებს სახარებებისა და წერილების ფორმას ანიჭებდნენ. მათ ესმოდათ, რომ ეკლესია მხოლოდ იმას მიიღებდა, რაც მოციქულთა ავტორიტეტით იყო დამოწმებული. და ვინაიდან მათი თხზულებები განუმზადებელი ცნობისმოყვარე საზოგადოების დაინტერესებისკენ იყო მიმართული, მათი შემოქმედება ყოველთვის დროს შეესაბამებოდა და რწმენაში განუმტკიცებელი ახალმოქცეული ქრისტიანებისთვის სერიოზული ცდუნების საშუალება ხდებოდა.
სამაგალითოდ შეიძლება შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე სინოპელი ქურუმი, ეპისკოპოსის შვილი, მარკიონე და მისი სწავლება გამოვყოთ. მარკიონე რომში იმპერატორ ანტონიუს პიუსის დროს გამოჩნდა და რომის ეკლესიაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრა. მაგრამ მან ძალიან ჩქარა დატოვა ეკლესია და თავისი პირადი საზოგადოება შექმნა. მარკიონეს თაყვანისმცემელი საზოგადოება სწრაფად იზრდებოდაა და, როგორც იუსტინე ფილოსოფოსი გვაუწყებს, მას მიმდევრები "მთელ ქვეყანაზე" გამოუჩნდნენ. მარკიონეს ცდუნების საგანი ძველი აღთქმა და მისი ეკლესიაში მიღების საკითხი გახდა. მისთვის ბიბლიური ღმერთი ბოროტი ღმერთია, უფალი იესო ქრისტე კი სწორედ იმისთვის მოგვევლინა, რათა ასეთი ღმერთის ძალაუფლებისგან გამოეხსნა კაცობრიობა. მარკიონე გნოსტიკოსისთვის დამახასიათებელ "დუალისტურ" პოზიციაზე დგას, ანუ მატერიასა და სულს ერთმანეთს უპირისპირებს. მისთვის ძველი აღთქმა მატერიის, სხეულისა და შესაბამისად მოსეს კანონმდებლობის ზეიმია. იესო ქრისტეს სწავლების ერთადერთ ჭეშმარიტ გამომხატველად მარკიონე პავლე მოციქულს მიიჩნევს, ხოლო ლუკას სახარებისა და პავლე მოციქულის წერილების გარდა ყოველგვარ წყაროს უარყოფს. მაგრამ რადგან მასალა ძველი აღთქმიდან მათთანაც არის გამოყენებული, პავლეს და ლუკას ყოველგვარი "ჩანართებისა" და "მინაწერებისგან" გაბედულად "ასუფთავებს" და უკვე "გაკეთილშობილებულ" წერილს, სწორი განმარტების მიზნით, უმატებს საკუთარ თხზულებას, რომელსაც "ანტითეზები" ეწოდება.
ამგვარად, მარკიონე წინ უსწრებს წმინდა წერილის მრავალ თანამედროვე ამხსნელსა და განმმარტებელს, მათ, ვინც ქრისტიანობა თავისებურად გაიგო, განსაჯა, გაზომა, ყველაფერი, რაც მისთვის მიუღებელი იყო, ყალბად მიიჩნია და ჭეშმარიტ ტექსტს ჩამოაცილა.
სიმპტომატურია ისიც, რომ მარკიონეს სწავლება ძალიან სწრაფად გავრცელდა. საზოგადოების გარკვეული ნაწილი ყოველთვის ელის ასეთ მაცდურს. "მარკიონისტთა" მრავალი ჯგუფი გაჩნდა რომში, ეგვიპტეში, მცირე აზიაში, სირიაში - ამ მოძრაობამ ისეთი ძალა შეიძინა, რომ მათთან ბრძოლა ქრისტიან პოლემისტებს მეოთხე საუკუნეშიც კი უხდებოდათ.
მარკიონეს მაგალითი ააშკარავებს იმ მწვავე საკითხს, რომლის წინაშეც მეორე საუკუნის შუა წლებში აღმოჩნდა ეკლესია. უწინარეს ყოვლისა, ეს იყო კრიტერიუმების უქონლობის პრობლემა. ყოველი ახალი სწავლება ცდილობდა, საზოგადოების წინაშე სახარების ჭეშმარიტი შინაარსის გამომხატველად წარდმგარიყო; ყოველი ახალი სწავლება მოციქულების გამონათქვამებსა და მათ წერილებს იმოწმებდა; ყოველი, ვინც ერთიანობას განუდგებოდა, თავის ახალ "ეკლესიას" ქმნიდა და საკუთარ სწავლებას ჭეშმარიტებად აცხადებდა.
აქვე ჩნდება კითხვა: შეფასებისას რას ეფუძნება წმინდა კათოლიკე ეკლესია და სად არის უზაკველობის გარანტია, რას უნდა ეყრდნობოდეს ყოველი მორწმუნე, როდესაც ტყუილ-მართლის გარჩევის აუცილობლობის წინაშე დგება?
სწორედ ამ კითხვებს პასუხობენ ქრისტიან ღვთისმეტყველთა პირველი თაობები, რომელთაგანაც უნდა გამოვყოთ გნოზისის წინააღმდეგ მთავარი მებრძოლი, მღვდელმოწამე ეპისკოპოსი, წმინდა ირინეოს ლიონელი. მან პირველმა განსაზღვრა ეკლესიის "ნორმა", ანუ ეკლესიური ცხოვრების გამოცდილებიდან გამოიყვანა ის მთავარი პრინციპები, რომლებითაც, თავის მხრივ, ეკლესიური ცხოვრება რეგულირდებოდა.
წმინდა ირინეოსი მცირე აზიაში დაახლოებით 140 წელს დაიბადა. ბავშვობაში ის კარგად იცნობდა მღვდელმოწამე ეპისკოპოს წმინდა პოლიკარპე სმირნელს, იოანე ღვთისმეტყველის მოწაფეს, და სხვა "პრესვიტერებს", რომლებიც ახალგაზრდობაში სხვა მოციქულებთანაც იყვნენ დაკავშირებულნი. ახალგაზრდობაში წმინდა პოლიკარპემ რამდენიმე წელი რომში დაჰყო (სადაც, სავარაუდოდ, წმინდა იუსტინე ფილოსოფოსის პირველ ქრისტიანულ სკოლაში სწავლობდა). 177 წლიდან ის ჯერ გალილეაში მღვდლად, ხოლო შემდეგ ლიონის ეკლესიაში ეპისკოპოსად მოღვაწეობდა. ეპისკოპოსობის 12 წელი თავის მრევლთან ერთად მთელ საქრისტიანოს მიუძღვნა. წმინდა ირინეოსი ეკლესიას გნოზისის, სისუსტეებისა და განხეთქილებებისგან იცავდა. ის არის "ეკლესიის პირველი დიდი მამა" - ასე უწოდებენ ქრისტიანები მსოფლიო კათოლიკე ეკლესიის წმინდა მოძღვრებისა და გამოცდილების "შემნახველ" წმინდა მამებს.
ეკლესიის ისტორიის "პირველქრისტიანული" ეტაპი ირინეოსით მთავრდება. მის მიერ შედგენილი "ყალბი გნოზისის უარყოფა" ნათლად მეტყველებს იმაზე, თუ რა რეაქცია ჰქონდა ეკლესიას ამ მაცდუნებელი სწავლების მიმართ. აქვეა ჩამოყალიბებული ეკლესიის ორსაუკუნოვანი ცხოვრების შედეგები. წმინდა მღვდელმოწამე ეპისკოპოსის მთელი არგუმენტაცია შეიძლება ორი სიტყვით - "მოციქულებრივი მემკვიდრეობითობით" გამოიხატოს. ეს ქრისტიანული ჭეშმარიტება წმინდა ირინეოსთან გაცილებით უფრო ფართო მნიშვნელობითაა წარმოდგენილი, ვიდრე მოციქულთა დროიდან უწყვეტი ხელდასხმა და იერარქიული მიმღეობა, როგორც ამას დღევანდელი ღვთისმეტყველება განიხილავს. წმინდა ირინეოსისთვის პირველ ადგილზე რწმენისა და ცხოვრების ის ერთობა იყო, რომელიც ქრისტიანთა გულებში უშუალოდ იესო ქრისტეს მიერაა დანერგილი. "ეკლესიამ ეს რწმენა მიიღო და ეს ქადაგება სრულად გაიზიარა; ეკლესიამ შეინარჩუნა ერთიანობა, და რადგან ერთია რწმენა, გული და სული, მიუხედავად იმისა, რომ მთელ ქვეყანაზეა განფენილი, ცხოვრება ისე გრძელდება, თითქოს ყველაფერი ერთ სახლში ხდებოდეს. ეკლესიაში სწავლება სრული თანხმობით ხდება და სახარება ისე იქადაგება, თითქოს ერთი ბაგე მეტყველებს მახარებლისა, - წერს წმინდა ეპისკოპოსი და განაგრძობს, - ენები ქვეყნად მრავალია, მაგრამ ერთიანია ძალა წმინდა გადმოცემისა... ვერავითარი მჭევრმეტყველი ვერ შეძლებს მორწმუნეებში სხვა ცოდნის დანერგვას, რადგან არავინაა უფალზე დიდი; ვერც უმრწემესი დაამცირებს თავისი უხეირო ქადაგებით ჭეშმარიტებას, რადგან მქადაგებლის სიტყვები ვერც დაკნინებს და ვერც გაზრდის ჩვენი უფლის ბუმბერაზ ერთიან რწმენას..."
წმინდა გადმოცემა ეკლესიამ მოციქულებისგან მიიღო. ყოველი მოციქული ცალ-ცალკე და ყველა ერთად სრულად ფლობდა სახარებას. თავდაპირველად მოციქულები ზეპირად ქადაგებდნენ, სახარების ჩაწერა მხოლოდ მოგვიანებით მოხდა. ირინეოსი ოთხ სახარებას ასახელებს და მათ ოთხ სვეტს უწოდებს. მისი თქმით, ეს სვეტები საყრდენია ეკლესიისა. გნოსტიკოსების სახარებას არ გააჩნია მოციქულთა რწმუნებულება და ამიტომ იგი ყალბ სწავლებას წარმოადგენს. "ჭეშმარიტება მხოლოდ იმ სახარებებში სუფევს, - ბრძანებს ირინეოსი, - რომელებიც მოციქულებს გადაეცათ და მართლმადიდებელმა ეპისკოპოსებმა დღემდე შემოინახეს დამატებებისა და შემცირებების გარეშე".
ახალი აღთქმის კანონის დასაბამიც და მისი განსაზღვრის პრინციპებიც სწორედ ისაა, რომ: მხოლოდ ოთხი სახარებაა ჭეშმარიტი, რადგან მხოლოდ მათშია მოციქულთა რწმუნებულება; ამ ოთხი სახარების ჭეშმარიტობა იმის გამოა უდავო, რომ მათი სიმრთელე ეპიკოპოსების მიერ არის შემონახული და სულიწმინდა მხოლოდ მათში სუფევს. ერთი სიტყვით, მხოლოდ ეკლესიას შეუძლია განარჩიოს ჭეშმარიტება სიყალბისაგან, რადგან: "ჭეშმარიტების სრული მადლი იქ არის, სადაც ღმერთის სულია, ღვთის სული კი იქ სუფევს, სადაც ეკლესიაა... ის, ვინც ამ სიკეთეს არ ეზიარება, დედობრივი წიაღიდან მომდინარე მაცხოვნებელ წყაროს წყალს ვერ მიიღებს..."
ეკლესია - ადამიანში ნათლობით გადმოსული და იესო ქრისტეს სხეულთან სულიწმინდაში ზიარებით განხორციელებული ცხოვრებაა. "განბანისა და მონათვლის შემდეგ ადამიანები ეკლესიურად ერთიანდებიან და მათ უხრწნელი სხეულის მიღების შესაძლებლობა უჩნდებათ. განბანა და სულიწმინდის გადმოსვლა აუცილებელია, რადგან ღვთაებრიობამდე მხოლოდ ამ გზით შეიძლება მივიდეს ადამიანი". ადრექრისტიანული ეკლესიური შეთანხმებულობის საფუძველს ირინეოსი არა მხოლოდ "ცოდნაში" ან "დოქტრინაში", არამედ უწინარეს ყოვლისა ახალი ცხოვრების ნიჭში ხედავს. მისი აზრით, ამ ნიჭის გარეშე ცოდნაც და უბიწოებაც სრულიად დაკარგავდა მნიშვნელობას. ეკლესიური ცხოვრება ჭეშმარიტად ახალია, რადგან ეს არის სულიწმინდით გადმოცემული და ადამიანების ერთიანობაში განხორციელებული იესო ქრისტეს ცხოვრება. ყველა, ვინც ამ ერთიანობას განერიდება, სულიწმინდასაც ჩამოსცილდება და მისი სული უკვდავებას ვეღარ ეზიარება. "მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ეკლესიას - მიწის ამ მარილს - ადამიანთა ამქვეყნიური სატკივარი სჭირს. მიუხედავად ამისა, მაშინაც, როდესაც გახლეჩილია, როცა დევნაში გლეჯენ, ფლეთენ და ანაწევრებენ, როგორც უდრეკი მარილის სვეტი, ის რწმენაში დგას და იმათ ამხნევებს, ვინც მამისკენ მიეშურება".
სულიწმინდა ეკლესიაში სუფევს: მორწმუნეები, ანუ ეკლესიის ყოველი წევრი, ერთ სხეულს შეადგენენ და წმინდა გადმოცემას ანუ ჭეშმარიტებას თავის წიაღში იფარავენ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, "მოციქულთა მემკვიდრეობითობა" არის ეკლესიური ცხოვრების მემკვიდრეობით გაგრძელების პროცესი: ეს არის ახალი ცხოვრების გამოვლინება და მორწმუნეებში "სიტყვის" გაძლიერება და განვრცობა, მაცხოვრის მიერ მოციქულებში დანერგილი რწმენის ადამიანებში აღსრულება. და ვინაიდან სულისა და ცხოვრების ერთობა მორწმუნეთა რეალურ ყოფაში ხორციელდება, თავისი მისტიკური ცხოვრების ხილულ "გამოვლინებას" ეკლესია მოციქულთა მიერ ეპისკოპოსთა ხელდასხმაში ცხადყოფს. რწმენის დამცველი, ეკლესიურ საიდუმლოთა აღმსრულებელი, მორწმუნეთა შუაგული და მათი ერთიანობის მაცოცხლებელი ეკლესიაში ხელდასხმული ეპისკოპოსია. ეკლესიაში ეპისკოპოსი თავის სწავლებასა და მიგნებებს არ ქადაგებს, ის რწმენასა და ქრისტიანთა ერთიანობას ეკლესიურ საიდუმლოებებში ახორციელებს. ამრიგად, ყოველი ეპისკოპოსი არა მხოლოდ მოციქულთა "მემკვიდრეა", არამედ იმ ეკლესიური სწავლების უმთავრესი "რწმუნებულია", რომელიც ქრისტიანობის პირველი დღიდან დღევანდლამდე ხორციელდება.
გნოზისური თეორიებით ეკლესიის დაყოფის ცდუნებას და დანაწევრებული ქრისტიანობის ქადაგებას ირინეოსი, კრიტიკის ან სხვაგვარი სწავლების ნაცვლად, რეალურად შეგრძნებად ხილულ ეკლესიურ სინამდვილეს უპირისპირებს. ეს ეკლესია ერთადერთია, - ბრძანებს წმინდა ირინეოსი, - სულიწმინდაში ერთობა მხოლოდ მისი მეშვეობით ხორციელდება და მთელი სისრულით სახარება მხოლოდ მის მიერ გადმოიცემა. წმინდა წერილის კანონი, ეპისკოპოსთა მემკვიდრეობითობა, წინასწარმეტყველებათა განმარტებები - ეს ყველაფერი ერთობის მხოლოდ გარეგნული ფორმებია. ეკლესიის არსებობის დასაწყისშივე დაიწყო მასში თავმოყრილ ღვთის მორწმუნეთა ერთიანობის განხორციელება. ამ ერთიანობის ნათელ "ფორმულას" ირინეოს ლიონელის სწავლებაში ვხედავთ; სხვადასხვა ფილოსოფოსის მცდელობებს, ზეგავლენა მოეხდინათ ეკლესიის მთლიანობაზე, ირინეოსი ჭეშმარიტებისა და სიყალბის მსაზღვრელი ეკლესიურობის ქადაგებით პასუხობს.
შემდგომში დავინახავთ, საკუთარი ღვთისმეტყველების განვითარებით როგორ არსობრივ პასუხს გასცემს ქრისტიანული ეკლესია გნოსტიკოსების მიერ ხელოვნურად შექმნილ ყველა "პრობლემას". ამ პასუხების საწყისები პირველად სწორედ ირინეოსის ნაწარმოებებში გამოჩნდა. ახლა ჩვენთვის მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ, როგორ გამოიყურება ის სწავლებები, რომლებშიც ეკლესიამ თავისი "კათოლიკე ბუნება" გამოავლინა და რომელთა საშუალებითაც მეორე საუკუნის ცდუნებები გააქარწყლა და აღკვეთა. ეს პასუხები არც რაიმე "ახალი" თეორიები იყო და არც ჟამთა ცვლის გამო უკვე ტრადიციული ფუნდამენტური ეკლესიური დოგმატების დეფორმირების ხარჯზე იქმნებოდა. ამ ბრძოლაში ეკლესია "მეტამორფოზას" არ განიცდიდა, ის თანდათან აძლიერებდა რწმენას და სულ უფრო ღრმად იმეცნებდა იმ ჭეშმარიტებას, რომელიც იმთავითვე მიიღო.