პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი
3. გნოზისის წინააღმდეგ ბრძოლა
(პირველი ნაწილი)
ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა მხოლოდ სახელმწიფოებრივი დევნით არ ამოწურულა;
აშკარა დაპირისპირებასა და დევნაზე უფრო საშიში ეკლესიისთვის ელინისტურ იდეებსა და ამ იდეების მატარებელ გარემოსთან შეხვედრა აღმოჩნდა. პირველად აქ გაჩნდა ქრისტიანობის რწმენისა და შინაგანი მრწამსის დეფორმირების სერიოზული საშიშროება. ამ პრობლემებთან დაკავშირებით "თვითმყოფადობის", შინაგანი სიწმინდისა და სწავლების განუყოფლობისთვის ბრძოლაში მეორე საუკუნის ქრისტიანობას თავი არ დაუზოგავს.3. გნოზისის წინააღმდეგ ბრძოლა
(პირველი ნაწილი)
"ჩვენ კი ჯვარცმულ ქრისტეს ვქადაგებთ: იუდეველთათვის - საცდურს, ბერძენთათვის - სიშლეგეს" (1 კორ. 1:23). იუდეველთათვის იესო ქრისტე საცდური იმის გამო გახდა, რომ მათ არ სწამდათ ჯვარცმული მისიისა და არ სჯეროდათ მაცხოვრის მიერ წარმოდგენილი ცათა სასუფევლისა. მაგრამ, მიუხედავად ასეთი დამოკიდებულებისა, ებრაელებისთვის ქრისტიანული სიტყვა მაინც "მისაღები" იყო. საუბარი საერთოებრაულ - ბიბლიურ ენაზე მიმდინარეობდა, საუბრის შინაარსი ღმერთის ბიბლიური გზით შეცნობას ეფუძნებოდა. მათთვის ერთნაირად აღიქმებოდა ისეთი ცნებები, როგორებიც არის სამყარო, ადამიანი და ცოდვა. ამ საკითხებთან დაკავშირებული ქრისტიანული შეხედულებების "გაგება" ბევრად უფრო რთული იყო ადამიანებისთვის, რომლებიც ელინისტურ ატმოსფეროში იზრდებოდნენ. შემთხვევითი არ იყო, როდესაც პავლე მოციქული არეოპაგში საუბრობდა, ბერძენმა ფილოსოფოსებმა "მკვდრეთით აღდგომა რომ გაიგონეს, ზოგიერთმა დაცინვა დაუწყო, ზოგი კი ამბობდა: ამას სხვა დროს მოვისმენთ შენგანო" (საქმ. 17:32). ბერძნული მსოფლმხედველობის ადამიანისთვის ღმერთის განკაცება, ჯვარზე სიკვდილი, მკვდრეთით აღდგომა მართლაც სრული სიშლეგე აღმოჩნდა. მათ არ შეეძლოთ, ეს იდეები საკუთარი აზროვნების გარდაქმნისა და სულიერი გამოცდილების გადახედვის გარეშე მიეღოთ. ბერძნული ფილოსოფიური აზრისთვის მოკვდავი სხეული უკვდავი სულის ბნელი საპყრობილე იყო და მისგან განთავისუფლებას ქადაგებდა, ადამიანს სუფთა, მატერიალური ყოფისგან სრულიად თავისუფალი სულის ჭვრეტისკენ მოუწოდებდა. სამყაროს არსში ელინი მხოლოდ მუდმივ მატერიალურ ორომტრიალს ხედავდა და ხსნას იდეების უძრავ სამკვიდრებელში ეძებდა.
ხშირად საუბრობენ "ბერძნული საოცრების" შესახებ, სადაც ფიზიკური და სულიერი თანაშერწყმის სიხარულის ნათლით აღვსილი სამყარო ბერძნულ ხელოვნებაში მთელი თავისი მომხიბლველობითა და ჰარმონიით წარმოგვიდგება. მაგრამ განა შეიძლება ჰარმონიად ჩაითვალოს ის, რომ ბერძენი ცდილობს იპოვოს და ხელოვნებაში ასახოს სამყაროს "იდეალური ფორმა", რომელიც მიმალულია მონოტონურობით აღვსილ რეალურ ცხოვრებაში და ძუნწად ვლინდება მის ცვალებად, ყოველდღიურ ყოფაში? ისტორიულობა, ანუ წარსულთან სამუდამოდ განშორება, განვლილი დროის განუმეორებლობა, ყოველი მოვლენისა და პიროვნების ერთადერთობა აბსოლუტურად მიუღებელი იყო ელინური ფსიქოლოგიისთვის; სამყაროს ასეთად შემეცნება ადამიანში პირველად წმინდა ბიბლიურმა "ისტორიზმმა" შემოიტანა. სწორედ ქრისტიანს შეეძლო ჰქონოდა ერთადერთი, ყოვლად შეუდარებელი პიროვნების, იესო ქრისტეს რწმენა და მასთან დაკავშირებული მომავლის იმედი. სწორედ ეს იყო ძალა, რომელსაც ეყრდნობოდა ცოცხალი და შემოქმედი ღმერთის შეცნობისთვის გამიზნული ნამდვილი ბიბლიური "რეალიზმი"; მაგრამ ამ შემთხვევაში ყველაფერი, რაც სამყაროში ხდებოდა, ამ პიროვნებასთან - ცოცხალ ღმერთთან "მიმართებით" უნდა განხილულიყო. გამოდიოდა, რომ ყველაფერი ღმერთით ცხოვრობდა და ღმერთით განისაზღვრებოდა. ასეთი ღმერთი ადამიანის შემეცნებაში ცენტრალურ ადგილს იკავებდა. ასეთი ადამიანი - თავისუფალი პიროვნება დგას ცოცხალი, პიროვნული ღმერთის წინაშე, ირჩევს და თავადვე წყვეტს საკუთარ ბედსა და იღბალს. ადამიანი, მისი სული და სხეული, მისი სიყვარული, კეთილი საქმეები და ცოდვები, მისი სურვილები და მიზნები ახალ, უსასრულობასთან წილნაყარ შინაარსს იძენს. ასეთი ადამიანისთვის ღმერთის მყოფობის პასუხია სამყაროში განხორციელებული ნებისმიერი ქმედება. ქვეყანა ებრძვის ღმერთს, სწყურია ღმერთი, თავისი ნებით ეძებს და ერწყმის მის სიყვარულსა და ჭეშმარიტებას.
მაგრამ როგორ უნდა შეერწყას ასეთ ბიბლიურ რეალიზმს ბერძნული იდეალისტური შემეცნება, რომელშიც ისტორიისა და ცხოვრების პიროვნულობის ნაცვლად ქმნილი ბუნებაა მისწრაფებების უმთავრესი მიზანი და სადაც უმაღლესი სიბრძნე ყოფიერების იდეალურ კანონზომიერებასთან შერწყმა, განზავება და გაქნაა? ქრისტიანობასა და ელინიზმს შორის კონფლიქტი არ შეიძლება დროებით გაუგებრობად ჩაითვალოს. აქ ერთმანეთს ორი ურთიერთშეუსაბამო მსოფლმხედველობა და ურთიერთსაპირისპირო რელიგიური და ფსიქოლოგიური თვითშეგნება შეეჯახა. ამიტომ ადრეული ქრისტიანობა ათენისა და იერუსალიმის დაახლოების ისტორიად კი არ უნდა მივიჩნიოთ, არამედ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს იყო ბრძოლა, რომლის შედეგადაც ქრისტიანული გონი ელინისტური აზროვნებით გამდიდრდა, ხოლო თავად ელინიზმმა თანდათანობით და საბოლოოდ შეიძინა "ეკლესიურობა".
მაგრამ იმისათვის, რათა თავად ელინიზმი მისულიყო ეკლესიურობამდე, თავდაპირველად თვითონ ეკლესიას არ უნდა დაესახა მიზნად დროსთან დაახლოება და ქრისტიანობა არ უნდა გამხდარიყო ელინურ აზროვნებას მორგებული იდეოლოგია. იმ შემთხვევაში, თუ ეკლესია მხოლოდ ებრაული "ფორმებით" შემოიფარგლებოდა, ის ვერ დაიპყრობდა მსოფლიოს, ხოლო თუ ელინისტური შემეცნების ფორმებს მოირგებდა, მაშინ თვითონ აღმოჩნდებოდა ამ უკანასკნელის ტყვეობაში. ასეთი "იდეოლოგიური" კონფლიქტის დასაწყისს ჩვენ უკვე მეორე საუკუნეში ვხედავთ. პირველი მტერი ეკლესიისა და სულისჩამდგმელი ამ საცდურისა იყო შერიგებისთვის "კომპრომისი" და ეს მტერი ქრისტიანობამ შეიცნო როგორც "გნოზისი".
როგორც წესი, გნოზისს ან გნოსტიციზმს იმ ნაერთს, იმ უცნაურ რელიგიურ-ფილოსოფიურ ნარევს უწოდებენ, რომელიც ბერძნული აზროვნებისა და აღმოსავლური მისტიციზმის გზაჯვარედინზე აღმოცენდა და ქრისტიანობის გავრცელების პირველ წლებში მსუყე, ფერადოვანი დიდებით მოირთო და მოიკაზმა. ასე ავლენს საკუთარ ბუნებას რელიგიურად აფორიაქებული დროის ტიპური მდგომარეობა, როდესაც საზოგადოება სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების საშუალებას გნოსტიკურ მიმდევრობებში ეძებს და უკმარისობის გამო "აღმოსავლურ სიბრძნეებში" თავმოყრილ საიდუმლოებებში, სიმბოლოებში, წეს-ჩვეულებებსა და მისტერიებში იძირება. მათი წარმატება შეიძლება შევადაროთ ჩვენს სინამდვილეში მოქმედი თეოსოფიური და მსგავსი "მეცნიერულ-მისტიკური" რელიგიების მიერ გამოღებულ ნაყოფს. როგორც თეოსოფიაში, ისე გნოზისში "მეცნიერული" მიდგომა მისტიკური ფანტაზიებით აღჭურვილ და საიდუმლოებებით მოცულ რელიგიურ საკითხებთან არის შერწყმული. ძიებით დაქანცულ, "გამოყენებითი" რელიგიური ყოველდღიურობით გაწბილებულ, სკეპტიკურად განწყობილ ადამიანს "გნოზისი" უმაღლეს ყოფიერებში გადასვლასა და ცოდნის მწვერვალებამდე აყვანილ საიდუმლოსთან ზიარებას სთავაზობს. საწესო ქმედებებში, ცერემონიებში, სხვადასხვაგვარ ხელდასხმასა და კურთხევაში კმაყოფილდება ადამიანის "საკრალურთან" ურთიერთობის მოთხოვნილება და სინამდვილეში ეს არის ის რელიგიური შეგრძნებები, რომლებიც ყოველთვის ცდილობენ მოტყუებით ჩაენაცვლონ ჭეშმარიტ რელიგიურობას.
მეცნიერები კამათობენ სხვადასხვა გნოსტიკური სწავლების აღმოცენების მექანიზმის შესახებ; ასეთი წარმონაქმნი ბევრი იყო და ისინი თავიანთი უცნაური თავისებურებების მიუხედავად ხშირად ერთმანეთს ერწყმოდნენ. ისევე როგორც ჩვენი სინამდვილე, ის დროც "სინთეტიკური რელიგიის" ძიებით იყო შეპყრობილი, ამ მიმდევრობას ყველა სწავლება, ფილოსოფია და რელიგია უნდა გაეერთიანებინა. გნოზისის სწორედ ეს თავისებურება - შეერწყა და თავისებურად განემარტა ყველა რელიგია - ეკლესიისთვის მიუღებელ და საშიშ ტენდეციას წარმოადგენდა. დავაკვირდეთ ამ მოვლენას: ფორმალურად ის მტრულად არ არის განწყობილი ქრისტიანობისადმი, მაგრამ სურს ქრისტიანობა თავის ქსელში მოაქციოს. გნოზისი ქრისტიანობამდე გაჩნდა და თავისი განვითარების პროცესში არ შეეძლო არ შეხვედროდა და არ "დაინტერესებულიყო" ეკლესიით. მით უმეტეს, რომ ქრისტიანობაც აღმოსავლეთიდან - საიდუმლო სიბრძნით აღვსილი სივრცეებიდან მოედინებოდა. ქრისტიანობა პირდაპირ არის დაკავშირებული იუდაიზმთან, რომელსაც, როგორც გარკვეულ "მოდას", ისე უცქერდნენ ელინისტურ სამყაროში. ამ მოდას უცხო თვალისგან დაფარული საკუთარი მისტერია ჰქონდა. მაგრამ მთავარი მაინც ის იყო, რომ იუდაიზმი ბოროტების გაჩენის, გვემის, ცხოვრების აზრისა და სხვა კითხვების პასუხებსაც ფლობდა. ამიტომ ეკლესიის გაჩენასთან ერთად ჩვენ მასთან, მის გვერდით ან თავად მასში ვხედავთ "ქრისტიანული" გნოზისის ელემენტებს, ანუ მცდელობებს "განმარტებულ" იქნეს ახალი აღქმა, მაგრამ მიიჩქმალოს ის, რაც გნოსტიკური აზროვნებისთვის მიუღებელი, გაუგაბარი და უჩვეულოა. რა თქმა უნდა, უწინარესად, ეს იყო ღმერთის განკაცებისა და ქრისტეს ადამიანურობის გაგება. ეს საშიშროება უკვე მოციქულთა წერილებშია ასახული. "ფრთხილად იყავით, - ბრძანებს პავლე მოციქული, - რათა არავინ გაცთუნოთ სიბრძნისმეტყველებითა და ფუჭი საცთურით, კაცთა გადმოცემებისა თუ ქვეყნის საწყისთა თანახმად, და არა ქრისტეს მიხედვით" (კოლ. 2:8). იოანე მოციქული კი წერს: "საყვარელნო, ყველა სულს ნუკი ენდობით, არამედ გამოსცადეთ, ღვთისაგან არიან თუ არა, რადგანაც მომრავლდნენ ცრუწინასწარმეტყველნი ქვეყნად" (1 იოან. 4:1). საშიშროება მაშინ ძლიერდება, როდესაც უმრავლესობას ეკლესიაში ახალმოქცეული წარმართები შეადგენენ. ბევრი მათგანი სწორედ გნოსტიკურ ინტერესებსა და განწყობებს მიჰყავს ეკლესიამდე, ამიტომ მხოლოდ მათი უმცირესობა ახერხებს ქრისტიანობის ძირეული ფასეულობების აღმოსავლურ-ელინისტური "მისტერიული" რელიგიებისგან გამიჯვნასა და სახარებისეული სიახლის შეგრძნებას. ეს მოხეტიალე სულები ცდილობენ დაინახონ, როგორ აისახება ეკლესიაში მათი რელიგიური გამოცდილება, იპოვონ სასურველი პასუხები მათ მიერ დასმულ შეკითხვებზე. "ამ წარმართებს მიაჩნდათ, - წერს პროფესორი ბოლოტოვი, - რომ გაქრისტიანება მათ სულაც არ ავალდებულებს ძველი თეორიების დათმობას, პირიქით, ისინი მიიჩნევდნენ, რომ სწორედ ეს თეორიები ქმნის შესაძლებლობას მთელი თავისი შინაარსობრივი სიდიადითა და სიღრმით გასაგებად იქნეს განმარტებული ქრისტიანობა". მეორე საუკუნის დასაწყისში წმინდა ეგნატე ანტიოქიელი ამხელდა იმათ, ვინც თავისი გამორჩეული ცოდნით (გნოზისით) გულზვაობდა. ჭეშმარიტი ცოდნა მხოლოდ იესო ქრისტეში იპოვება, - ბრძანებდა წმინდა ეგნატე. ქრისტიანულმა გნოზისმა უმაღლეს მწვერვალს მეორე საუკუნის შუა წლებში ბასილიდეს, ვალენტინეს, სატურნინეს, მაკრიონისა და სხვათა სწავლებაში მიაღწია. გნოსტიკოსი მასწავლებლების დღემდე შემორჩენილი სახელების რაოდენობაც მიუთითებს ამ მოძრაობის მასშტაბებზე.
გნოზისის ძალა და მისი სიყალბის არსი, რამაც ეკლესია მის წინააღმდეგ განაწყო, ერთი მხრივ, იყო ის, რომ გნოსტიკოსებს იესო ქრისტე უპირველესი მნიშვნელობის ცენტრალურ ფიგურად მიაჩნდათ - აღიარებდნენ ლოგოსად, მაცხოვრად და ცოდვისგან გამომსყიდველად; მეორე მხრივ კი, თავიანთი გნოსტიკური თეორიებით ანგრევდნენ ქრისტიანობის უმთავრეს ჭეშმარიტებას, უარყოფდნენ ღმერთის განკაცებას და განკაცებული ღმერთის ქვეყნად მოვლინებას. ისინი ქრისტიანობას თავისებური მითოლოგიური ფილოსოფიის სახეს უქმნიდნენ: მათი ინტერპრეტაციით, სიკვდილი სიკვდილით არ ითრგუნება, აღარ ჩანს მკვდრეთით აღდგომა; მხსნელი "ხორცად ქცეული" სიტყვა აღარ არის, აქ მხსნელი "მისტერიულ" სამოსში გამოწყობილი "ცოდნაა". ამრიგად, მიტევების, ხსნის, ცოდვის, ადამიანსა და ღმერთს შორის მომხდარი პიროვნული დრამის ნაცვლად, ვღებულობთ რაღაც კოსმოლოგიურ სქემას, სადაც სამყაროს "სულიერი" ელემენტები მატერიის ტყვეობიდან ნელ-ნელა თავისუფლდებიან და სულების უგუნური სიმრავლე აბსტრაქტული ერთიანობით იცვლება... ეს იყო ძველ ბერძნულ იდეალიზმში ახალი აღმოსავლური მოსასხამით დაბრუნება.