არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
შენი მორჩილების საზომისაებრ მიიღებ შეწევნას
სქემმონაზონი ეფრემი
მონაზონი ეფრემი ბარგანებს იქით, შორეულ უდაბნოში, ცხოვრობდა.
სიტყვა "უდაბნოს" წარმოთქმისას თვალწინ წარმოგვიდგება სურათი ზღვასავით ვრცელი, მზით გამომწვარი ქვიშის ტრამალისა, სადაც მხოლოდ შემოდგომისას, წვიმების მერე წამოიზრდება ბალახი. რამდენიმე კვირის მერე ბალახი ქრება, თითქოს მზის მხურვალე სხივებმა ცელივით მოთიბაო. მაგრამ მონაზონთა ენაზე "უდაბნო" სხვა რამეს ნიშნავს: ეს არის ადგილი, რომლის სიახლოვესაც არ არის ადამიანთა საცხოვრისი, სადაც მხოლოდ მონაზვნები და მხეცები მყოფობენ. სქემმონაზონი ეფრემი
მონაზონ ეფრემის უდაბნო ხშირ წიწვოვან ტყეში იყო. იქ მისვლამდე უნდა გადაგელახა რამდენიმე მოზრდილი ხევი, რომელიც თითქოსდა იცავდა უდაბნოს სამეფოს, უნდა აცოცებულიყავი მთების ციცაბო კალთებზე, მიჰყოლოდი ბუჩქნარში მიმავალ, ოდნავ შესამჩნევ ბილიკს, გაივლიდი ასკილისა და ბზის ბარდებს შორის, ჩაეშვებოდი უფსკრულის ძირში, სადაც საგაზაფხულო თოვლის დნობის მერე წყლის ჩქერები ჩაედინებოდა, ზაფხულობით კი გამშრალი ფსკერი კაჭარით იყო დაფარული. ძნელი გასავლელია უდაბნოს გზა, იმავე დროს გამახარებელი გულისა, როგორც სულიერი გზა. როცა მონაზონი მძიმე ტვირთით გადალახავს წინააღმდეგობას, როგორც მეომარი ციხესიმაგრის კედლებს, მაშინ ხარობს მისი გული, თითქოს გაემარჯვოს. როცა მოიხსნის მძიმე ტვირთს და ბალახზე, როგორც რბილ საწოლზე ჩამოსდებს, რათა გამგზავრების წინ დაისვენოს, მაშინ არა მარტო სიხარულს გრძნობს საკუთარ სულში, არამედ სხეულიც ტკბილად მოუძლურდება, ხოლო ოფლი კი, მისი სხეულის დამსველებელი, გვახსენებს ქრისტესთვის დაღვრილ მოწამის სისხლს. ირგვლივ სიჩუმეა, მხოლოდ ფოთლების შრიალი ისმის, მთის ნიავისგან შერხეული ტყე თითქოს ჩურჩულებსო. მონაზონს ეჩვენება, რომ თვითონ უდაბნო ხარობს და ღმერთს ადიდებს. არ ყოფილა მონაზონი, რომელსაც უდაბნო მიეტოვებიოს და მასზე არ ედარდოს, მამის სახლივით არ მონატრებოდეს, მეუდაბნოესთვის მონასტერიც კი განდევნის ადგილია.
სქემმონაზონი ეფრემი ბარგანებში ჩემს მისვლამდე რამდენიმე წლით ადრე გარდაიცვალა. ჩემგან ათობით კილომეტრში მდებარეობდა მისი კელია. მისი სიკვდილის შემდეგ ვერავინ შეძლო ამ გაუვალ ტყეში ცხოვრება და მისი კელიაც მარტოხელა დარჩა, როგორც მისი პატრონი ცხოვრობდა სიცოცხლეში. მაგრამ მე ბედნიერება მხვდა წილად, მენახა მონაზონი კასიანე, რომელიც ახლოს იცნობდა მამა ეფრემს და ზოგჯერ მისთვის კარტოფილი, უდაბნოს პური, მიჰქონდა. კარტოფილსა და სიმინდს კი მონაზვნები მდელოებზე თესავდნენ. ჩვეულებისამებრ, მთებში კარტოფილის კარგი მოსავალი იცის და ზოგჯერ მას უხვად უყოფდნენ ხოლმე ერთმანეთს მონაზვნები. მონაზონ ეფრემს პატარა ბოსტანი ჰქონდა და სხვა მეუდაბნოეები მას ეხმარებოდნენ.
მამა კასიანეს ვთხოვე სქემმონაზონ ეფრემის შინაგან ცხოვრებაზე, განსაკუთრებით იესოს ლოცვის მუშაკობაზე ეამბნა. მან მითხრა: "მე 50-იან წლებში პოჩაევოს მონასტერში ვცხოვრობდი, მერე კი, მოძღვრის კურთხევით, საქართველოში წავედი. მრავალმა პოჩაევოელმა მონაზონმა გადაწყვიტა, თუ მონასტერს დახურავდნენ, სოხუმის სიახლოვეს, უდაბნოში დასახლებულიყვნენ. აქ შევხვდი მონაზონ ეფრემს, ის ნამდვილი მეუდაბნოე იყო, არა მარტო სხეულით, გონებითაც. დაყუდების სურვილით იწვოდა. ფსალმუნებისა და სახარების გარდა, სხვა საღვთისმსახურო წიგნები კელიაში არ ჰქონდა, წმინდა მამათა ნაწერებიდან მხოლოდ "სათნოებათმოყვარეობის" პირველი ტომი ჰქონდა სლავურ ენაზე და კიდევ ორი წიგნი: "უხილავი ბრძოლა" ნიკოდიმოს მთაწმინდელისა და გრიგოლ სინელის თხზულებათა განმარტება. ის ამ წიგნებსაც ცოტას კითხულობდა, როცა ორჯერ მივედი მასთან "სათნოებათმოყვარეობა" ორივეჯერ ერთსა და იმავე გვერდზე გადაშლილი დამხვდა". ვკითხე: - რას ამბობდა დიდბერი იესოს ლოცვაზე-მეთქი. მითხრა, - გავიხსენებ და მოგიყვები. სოხუმში საქმეებზე ვარ. მეუდაბნოეებისთვის პროდუქტები, ნავთი, საკანდელე ზეთი და სანთლები მიმაქვს. ვიცი, სადაც მსახურობ და თვითონვე მოვალ შენთანო.
ერთი წლის მერეღა ვნახეთ ერთმანეთი. საზამთროდ პროდუქტებს ვიმარაგებ. ზვავებმა შეიძლება მონაზონი რამდენიმე კვირით და ორი თვითაც კი მოწყვიტოს გარესამყაროსო, - მითხრა. მე მას კვლავ ვკითხე იესოს ლოცვაზე, ასევე ვთხოვე, მოეყოლა, რაც გაეგონა დიდბერისგან. "სათნოებათმოყვარებაზე", რომელიც შეკრიბა და გამოსცა ეპისკოპოსმა თეოფანემ (ის მაშინ ეკლესიისგან წმინდანად შერაცხული არ იყო), მიპასუხა: "გამიგონია, რომ სლავური "სათნოებათმოყვარება" უფრო ასკეტურია, მას მეუდაბნოები სწერდნენ უპირატესად მეუდაბნოეთათვის. ეპისკოპოსმა თეოფანემ იცოდა, რომ ცოდვიანი ვნებები ადამიანებს ერთნაირი აქვთ და თვლიდა, "სათნოებათმოყვარება" არა მარტო მონაზვნებმა, ერისკაცებმაც უნდა წაიკითხონო, ამიტომაც "სათნოებათმოყვარების" ზოგიერთი ადგილი კი არ გადათარგმნა, არამედ თავისი სიტყვებით გალექსა, როგორც ლექსავენ ხოლმე წიგნებს ხალხისთვის. ასევე შეამცირა ის ადგილები, სადაც აღწერილია იესოს ლოცვის მეთოდები, რომელსაც ძველი მონაზვნები იყენებდნენ. მან ეს უსაფრთხოების მიზნით გააკეთა, რომ სულიერი ხელმძღვანელობის გარეშე მცხოვრებ ადამიანებს არ ევნოთ საკუთარი თავისთვისო.
ვკითხე: - როგორ ასრულებდა იესოს ლოცვას სქემმონაზონი ეფრემი-მეთქი. ის მირჩევდა, გრიგოლ სინელი წამეკითხა: - იქ იპოვნი ყველაფერს, რაც საჭიროა იესოს ლოცვისთვის. ეს სწავლება შემდეგში მდგომარეობს: დაბალ ტაბურეტზე დამჯდარმა, თავი ისე დაღუნე, ნიკაპი მკერდს დაეყრდნოს, უცქირე შენს გულს და იქითკენ მიმართე გონების თვალნი. მერე შეაკავე სუნთქვა (ისუნთქე ღრმად და ძლიერად), რათა სუნთქვამ არ გაგიფანტოს ფიქრები, შენთვის იმეორე იესოს ლოცვა, რამდენადაც შეძლებ, სუნთქვა შეიკავე. ნუ მოუძლურდები სხეულით, გაშალე მხრები და კისერი. იყავ დამთმენი ლოცვისას, ნუ ადგები ადგილიდან. ეშმაკი შეეცდება, დაგჩაგროს, თვალწინ აუცილებელ საქმეებს წარმოგიდგენს, სხეულის ავადობით შეგაშინებს, ხოლო შენ ღვთისადმი რწმენითა და სიკვდილის ხსოვნით შეეწინააღმდეგეო.
რას ნიშნავს "სუნთქვის შეკავება"-მეთქი. მამა კასიანემ მიპასუხა: "შეუმჩნევლად ისუნთქე, ისე რომ არ ისმოდეს, რათა შეუძვრელი იყოს შენი მკერდი, თითქოს გსურდეს, მკვდრად ჩაგთვალონ". "ზოგიერთი მოღვაწე ამბობდა, რომ უგნური სუნთქვის შეკავებით შეიძლება ფილტვები დაიზიანოო. როგორ გავიგოთ ეს?" მან მიპასუხა: "ასეთმა მონაზვნებმა ვერ გაუგეს გრიგოლ სინელს და მისი მობაძვის მოფიქრალნი, აკეთებდნენ სწორედ იმას, რისგანაც განგვაკრძალებდა ღირსი გრიგოლი. ისინი იშვიათად მაგრამ ღრმად სუნთქავდნენ, სამჭედლოს საბერველივით ჰბერავდნენ მკერდს, რომ უფრო დიდხანს შეეჩერებინათ ჰაერი შესუნთქვისას (ზოგჯერ სუნთქვისაგან თავშეკავება, თავბრუდახვევამდე და თვალთ დაბნელებამდე გრძელდებოდა). შესაძლოა უკეთესი ყოფილიყო მონაზონ ნიკიფორესა და ღირსი გრიგოლ სინელის "სათნოებათმოყვარებაში" მოცემული მეთოდი, დაფარვის ნაცვლად დაწვრილებით აღწერილიყო".
კვლავ ვკითხე: "რაკი მონაზონი ეფრემი იესოს ლოცვას გასწავლიდა, ხომ არ იცი, თვითონ როგორ ლოცულობდა?" მიპასუხა: ის იესოს ლოცვას ოთხ ჩასუნთქვად და ოთხ ამოსუნთქვად ჰყოფდა. სიტყვა, "უფალო" ჩასუნთქვისას შინაგანად წარმოითქმოდა, "იესო" - ამოსუნთქვისას. "ქრისტე" ჩასუნთქვისას და ასე შემდეგ, ერთი სიტყვა ჩასუნთქვისას, მეორე - ამოსუნთქვისას. ასეთი მეთოდი თავიდან არა მარტო მძიმედ, არამედ წამებადაც კი გეჩვენება, მაგრამ ამას უფრო სწრაფად მიჰყავხარ წარმატებისკენ. შემდგომში ასეთი რიტმის შენარჩუნება შეიძლება სიარულისა და მსუბუქი სამუშაოს დროს, მაგრამ ეს უცებ არ მოდის. თავიდან უნდა ვარჯიში, კელიაში უნდა ჩაიკეტო, ფარდები ჩამოუშვა, რადგან სინათლემ შეიძლება ფიქრები გაგიფანტოს". რას იძლევა ასეთი სახის ლოცვა-მეთქი. "ამგვარი ლოცვის დაწყების მერე უფრო ადვილად განვდევნიდი ფიქრებს. ვგრძნობდი, იოლად შემეძლო გულისთქმების უკუგდება, რომ ჩემი გონება გულს ეხებოდა. სუნთქვა - ეს შინაგანი სკვნილიაო.
ვკითხე: "მონაზონ ეფრემს ხომ არ უთქვამს შენთვის, უდაბნოში ყველაზე დიდი განსაცდელი რა ჰქონდა?" მიპასუხა: "ეს არის უსაზღვრო სევდა, რომელიც უეცრად დაეუფლება სულს, მაშინ უდაბნო საფლავად გეჩვენება, რომელშიც ადამიანია ჩამწყვდეული. თითქოს უკან ჯოჯოხეთი მოსდევდეს, გარბის, სადაც მოუხვდება: ან თავის ძმებთან ანდა უახლოეს სოფლებში, ოღონდ კი ადამიანის ხმა გაიგონოს. სასოწარკვეთა სევდისგან განსხვავდება. ის ჩვეულებისამებრ დღისით წარმოითქმება, იგი გულის დამბლას ჰგავს. თითქოს სული გაუქვავდაო, კაცს აღარაფერი უნდა: კელია, რომელიც ცოტა ხნის წინ სიხარულის წყარო და სინათლის სამყოფელი იყო, უეცრად შეზიზღდება. ფიქრობს: ნუთუ ხვალაც ამ ბნელ ბუნაგში უნდა გავიღვიძო? რისთვის მოვედი აქ - იმისთვის, რომ უაზროდ ვიცხოვრო, მერე კი საფლავში მიწა მომაყარონ, ზედ კი ბუჩქ-ბალახი ამოვიდეს? ერშიც შემეძლო კეთილი საქმე მეკეთებინა და ვცხონებულიყავი, აქ კი ვის ვჭირდები, მცირე ლოცვის წარმოთქმაც კი მიჭირს, თითქოს ენა დამიბუჟდაო". უდაბნო, რომელიც მონაზონს ამ ქვეყანაზე ყველაზე მეტად უყვარდა, რომელიც მას სამოთხის წინაბჭედ ეჩვენებოდა, ახლა მისთვის ხაფანგი და სამგლედ გათხრილ ორმოდ იქცა, რომელშიც სიფრთხილეს მოკლებული მხეცივით ჩავარდა. ცას უცქერის: წვიმა მაინც წამოვიდეს, რომ ღრმად ჩავიძინოო. ეჩვენება, თითქოს მზე გაუნძრევლად იდგეს, ისურვებდა, მისთვის, როგორც ბურთისთვის, ხელი წაეკრა, რომ უფრო ჩქარა ევლო ცის კაბადონზე. მაგრამ თუ დაითმენს, სასოწარკვეთა გაივლის და უდაბნო მისთვის ყველაზე საამო და მშვენიერი ადგილი გახდება, კელია კი იმ ქალწულად იქცევა, რომელზეც მისი სულია დაწინდული.
მაგრამ კაეშანი სხვა გრძნობაა. ამ დროს გული კი არ არის გაქვავებული, არამედ ენით აღუწერელი საშინელება ტრიალებს, თითქოს გველი მიეკრა მეუდაბნოეს გულს ანდა ეშმაკი მიუახლოვდა მას და გაყინულ სულს სახეში უბერავს. ისინი ლოცვაში რომ არ იყვნენ განძლიერებულნი, ალბათ ვერ დაითმენდნენ. კაეშანი და სასოწარკვეთა, მონაზონს მისთვის აუცილებელ გამოცდილებას სძენს - საკუთარი უძლურების შეგრძნებას, ამ დროს კაცი ცხადად ხვდება, რომ ღვთის მადლის გარეშე თავის უხორცო მტერს ვერ შეერკინება. კაეშანმორეულმა უნდა თქვა: "უფალო, ჩემი სულიერი მამის ლოცვით შემიწყალე მე" და შენი სულიერი მამის გამო, შენი მორჩილების საზომისაებრ მიიღებ შეწევნას.
გამახსენდა, რომ სქემარქიმანდრიტ ქერუბინს, რომელიც ბოლო წლებში საქართველოში, სოფელ ახკერპში ცხოვრობდა, ცეცხლებრ მწველი კაეშნის განსაცდელი შეემთხვა. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მან იღუმენია მარიამს (სოლოვიოვას) უთხრა: "ეს ჯოჯოხეთური კაეშანი, რომელიც მომერია, თქვენ ღმერთმა ნუ გამოგაცდევინოთო".
"ზოგჯერ დემონი ძილ-ღვიძილის დროს მოდის, იმ დროს, როცა ადამიანი ცხადად აზროვნებს, ხოლო სხეულს სძინავს, - განაგრძო მამა კასიანემ, - ეს ჩვეულებისამებ დილით ხდება. სატანა საზიზღარია, საშინელია. ადამიანი იცნობს თავის მკვლელს და ცდილობს ილოცოს, მაგრამ ლოცვის სიტყვებს ვერ იხსენებს, ვერ ფლობს თავის, თითქოს გვამივით გაშეშებულ სხეულს. კაცი თავს ჯოჯხეთის კარიბჭისკენ მდგარს ხედავს, მაგრამ უნდა ეცადოს და გონებით ჯვარი გამოისახოს (მაშინვე იგრძნობს შვებას, თითქოს ის თოკი გაწყდა, რომლითაც იყო შეკრული) და იმეორებს ლოცვის პირველ სიტყვებს: "აღსდეგინ ღმერთი და განიბნენ ყოველი მტერნი მისნი".
სქემმონაზონ ეფრემს სატანური განსაცდელი ცხადად შეემთხვა. დემონები აწამებდნენ მას, სცემდნენ და კელიიდან აგდებდნენ. ძმებს ხშირად უნახავთ მის ხელებსა და სახეზე ცემის კვალი - სილურჯე.
ერთხელ, მონაზონმა კასიანემ სქემმონაზონ ეფრემის სიკვდილზე მომითხრო: "მის კელიაში არც მწირები შედიოდნენ და არც მონადირეები, მხოლოდ მეტყევე აღწევდა მის ქოხამდე. ერთელ მან კელიის კარებზე დაუკაკუნა, მაგრამ პასუხი არავინ გასცა. შევიდა შიგნით და მამა ეფრემი სკვნილით ხელში გარდაცვლილი ნახა. ის თავისი კელიის სიახლოვეს დაკრძალეს. მაგრამ მისი სიკვდილის მერე იქ ცხოვრება არავინ ისურვა. მამა ეფრემს ორი სამონაზვნო სამოსი ჰქონდა, ერთით დავკრძალეთ, მეორე კი კურთხევის ნიშნად წამოვიღეთ. მამა ვიტალის არ უნდოდა, რომ მამა ეფრემის სქემა კელიებში უხმარად ყოფილყო და კითხულობდა, ხომ არ იცნობთ სქემმონაზონს, რომელსაც სამონაზვნო სამოსი სჭირდებაო. ამბობდა, რომ ვისაც სქემა არა აქვს შემოსილი, სქემმონაზონის სამოსი ხელში არ უნდა ეპყრასო. მაგრამ ასეთი მონაზონი ვერ ვიპოვეთ.
მახსოვს ღამე ბარგანის უდაბნოში. ხეები შავ ქანდაკებებს ჰგავდნენ, ქარის შემოტევისას ავად ირხეოდნენ. ქარი ცაზე ღრუბლებს მიერეკებოდა, მისი ქროლვა და ხეების შრიალი გოდებად და ტირილად გეჩვენებოდა. კელიებში მონაზვნების ჩამოქნილი სანთლები ლელქაშის გრძელ ღეროებს ჰგავდნენ და რამდენიმე საათს იწვოდნენ. მათ შუქზე მეუდაბნოეები კანონს კითხულობდნენ. უეჭველია, ზოგიერთის ლოცვა ძილშიც არ წყდებოდა. უდაბნოს მთებში ღამის სიბნელეში ჩაკარგული ეს კელია ოკეანეში მცურავ ხომალდს მომაგონებდა.
ყველაზე საშიში იარაღი, რომელსაც სახელმწიფო ფლობს, გასაიდუმლოებულ, დაფარულ მიწისქვეშა არსენალებში ინახება. საფრთხის დროს საგანძური ან მთებში მიჰქონდათ, ანდა მიწაში მარხავდნენ. აქ, უდაბნოში, ინახება ყველაზე ძლიერი იარაღი, ეშმაკის წინააღმდეგ და უდიდესი სულიერი სიმდიდრე - მეუდაბნოეთა ლოცვები. ყოველი წარმოთქმული სიტყვა იესოს ლოცვისა, თვით დედამიწას არსებობას უხანგრძლივებს.