არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
ადამიანის გული იძულებით კი არა, სიყვარულით იხსნება
მონაზვნები ვიტალი და კასიანე. ბარგანის უდაბნოში (აფხაზეთის მთებში, - კ.კ) შევხვდი ორ ახალგაზრდა მონაზონს - ვიტალისა და კასიანეს.
მათი სულიერი მამა გახლდათ გლინელი სქემარქიმანდრიტი სერაფიმე (რომანცევი). ამ ორ მონაზონთან ურთიერთობისას თითქოს თვალწინ მედგა წმინდა სერგის (რადონეჟელი) ახალგაზრდობის სურათი, როცა ის თავის ძმასთან, სტეფანესთან ერთად უღრან ტყეში კელიას იშენებდა. მონაზონი ვიტალი ყველას მიწამდე თავმოდრეკით ისეთი სიხარულით ხვდებოდა, თითქოს უახლოესი მეგობრები ნახაო. ის ღამე საუბარში გავატარეთ. მამა ვიტალიმ თქვა: - როცა ჩვენთან სტუმრები მოდიან, მათი შრომის გამო (შორი გზა რომ გამოიარეს, - კ.კ.) ლოცვას მოგვიანებით ვიწყებთ, მაგრამ მეორე დღეს აღარ ვცვლით ლოცვით კანონსო. ამ ორ მონაზონს კანონი კი მართლაც მოსაგრული ჰქონდა - გლინის უდაბნოს ტიპიკონის მიხედვით მთელ მსახურებებს კითხულობდნენ, ამის გარდა, ყოველდღიურად კითხულობდნენ მთლიან "დავითნს". გაუხდელად ეძინათ, როგორც ჯარისკაცებს ლაშქრობისას.
მონაზონი კასიანე (მაშინ ვსევოლოდი) დაუცხრომელი მოღვაწე გახლდათ. დიდი ფიზიკური ძალის პატრონს ქალაქიდან პროდუქტი ამოჰქონდა მოხუცებული და უძლური მეუდაბნოეებისთვის, უმუშავებდა მათ ბოსტანს, ეხმარებოდა შეშის დამზადებასა და კელიების შეკეთებაში, რომლებიც განსაკუთრებით ზიანდებოდა დიდთოვლობისას. მონაზვნები მას ხუმრობით "უდაბნოს დირექტორს" ეძახდნენ.
მამა კასიანე მიყვებოდა, - ერთხელ საშინელი კაეშანი შემომაწვა და ვერაფრით მოვერიე. ეშმაკი გულისთქმებით მეუბნებოდა: - მამა სერაფიმემ დაგივიწყა, ვეღარ გრძნობს, თუ როგორ არ გინდა და გიჭირს სულიერი მამის შეცვლაო. ამ დროს ჩემთან სოხუმიდან მონაზონი ამოვიდა, რომელმაც მამა სერაფიმეს ამანათი მომიტანა. მასში აღმოჩნდა ბალაამის მონასტრის გამოცემული წიგნი იესოს ლოცვაზე, რომელიც დიდი ხანია მინდოდა. ამის მერე მწუხარება გამიქრაო. მონაზონმა კასიანემ იგრძნო, თუ როგორ ჰყვარებია მოძღვარს, ხოლო მისი მიტოვების ფიქრი ეშმაკისგან მოგვრილი განსაცდელი იყო.
როცა მას ვიგონებ, წარმომიდგება მიწაში ღრმად ფესვგამდგარი მუხა, რომლის მოგლეჯაც ქარიშხალმა ვერ შეძლო.
მეორე მონაზონი ვიტალი უჩვეულო ნიჭებით ავსებული კაცი იყო. სამწუხაროდ, მან მალე დატოვა უდაბნო და სულიერი მამა. მოძღვარი დიდად წუხდა თავის საყვარელ მოწაფეზე. მან იცოდა, რომ მოძღვრის შეცვლა სულიერი ცხოვრებისთვის უკვალოდ არ ჩაივლის. მოძღვრის დამტოვებელი მონაზონი ჰგავს ძირფესვიანად ამოგლეჯილ, გადარგულ ხეს. ახალი ფესვებიც რომ გამოეზარდოს, ადრინდელივით ღონიერი აღარ იქნება, ვერ შეძლებს ხის გამოკვებას. მან იცოდა ამ მონაზვნის სულიერი დანაკარგის თაობაზე და ამიტომაც ჯავრობდა მასზე.
როცა ვფიქრობ მონაზონ ვიტალიზე, მახსენდება ლევ ოპტელის სიტყვები მღვდელმთავარ ეგნატეზე (ბრიანჩანინოვი), რომელმაც ოპტის უდაბნო დატოვა: "ის რომ ჩვენთან დარჩენილიყო, არსენი დიდივით იქნებოდაო", ანუ ახლა არსენი კი არ არის, არამედ ეგნატეა, ნაკლები მნათობი, ვიდრე შეიძლებოდა ყოფილიყო.
თვითონ მამა ვიტალი იგონებდა, როგორ მივიდა გლინის სავანეში როგორც მწირი და ითხოვა, ვინმეს მისი სულიერი მამობა ეკისრა. წინამძღვარმა ჰკითხა: - რომელი გინდაო. რომელსაც ღმერთი გამოაჩენსო. ღვთის ნება რომ გამოეჩინათ, წილისყრა გადაწყვიტეს მამებმა: მონასტრის წინამძღვარმა სქემარქიმანდრიტმა სერაფიმემ (ამელინი), მონასტრის მოძღვარმა სქემარქიმანდრიტმა (მაშინ სქემიღუმენმა) სერაფიმემ (რომანცევი) და სქემარქიმანდრიტმა (მაშინ სქემიღუმენმა) ანდრონიკემ (ლუკაში). წილი ხვდა სქემარქიმანდრიტ სერფიმეს (რომანცევს), რომელსაც მესვეტეს ეძახდნენ, რადგან კოშკის მსგავს შენობაში (სვეტზე) ცხოვრობდა. მოძღვარმა ვიტალის "ამბა დოროთეს სწავლანი" მისცა, - ყურადღებით წაიკითხეო. ვიტალიმ წაიკითხა და წიგნის დაბრუნება მოინდომა, მაგრამ მოძღვარმა - მეორედაც წაიკითხეო. ვიტალიმ წაიკითხა, ცდილობდა, ერთი სიტყვაც უყურადღებოდ არ გაეშვა; კვლავ მივიდა მოძღვართან. მან გაუმეორა, - მესამედ წაიკითხეო. ვიტალიმ აუჩქარებლად წაიკითხა, თითოეულ სიტყვას თავისთვის იმეორებდა, თითქოს დაზეპირებას ცდილობდა. როცა ის მოძღვართან მივიდა, მამა სერაფიმემ უთხრა: - ახლა წადი და აღასრულე ის, რაც ამ წიგნში წერიაო.
მაშინ განმაცვიფრა მონაზონმა ვიტალიმ - მას ადამიანების თითოეული სიტყვისა სჯეროდა. არც ეეჭვებოდა, ეგებ მატყუებენო. ადამიანში მხოლოდ კარგს ხედავდა. წესად ჰქონდა, - ყველას დამორჩილებოდა. იგონებდა: "როცა მწირული ცხოვრება დავიწყე, ერთმა სალოსმა მითხრა: - იყავი ვითარცა ვირი, რომელზეც ყველა ჯდება, ვისაც მოუნდება და იმდენ ხანს ზის, რამდენიც უნდაო".
ზოგიერთს არ სჯეროდა, რომ ამის ასრულება შესაძლებელია, ერთმა სტუმარმა ხუმრობით უთხრა: "წარმოიდგინე, ძმაო ვიტალი, რომ მდინარეში გადახტომაზე გაკურთხე. განა არ შეასრულებ?" - რა თქმა უნდა, მას თავისი ნათქვამი დაავიწყდა. ვიტალი შეუმჩნევლად გამოვიდა კელიიდან, მივიდა მდინარესთან, ხეობაში რომ მოედინებოდა და შიგ ჩახტა, არადა შემოდგომა იდგა. წყალში ჩაჯდა, მერე კი ნაპირზე გამოვიდა და უკან დაბრუნდა. სტუმარი შეძრწუნდა, თვალები ცრემლით აევსო - ჩემი უგუნური სიტყვებით შემეძლო მომეკალიო. სხვა დროს კი, ერში ყოფნისას, ერთმა მღვდელმა, რომელსაც მონაზვნები არ უყვარდა, სადილობისას უთხრა: - როგორც მონაზონმა, საზამთრო კი არა, მისი ქერქი უნდა ჭამოო. მამა ვიტალიმ არაფერი უპასუხა, მაგრამ ტრაპეზის მერე ნაგვის ურნიდან ქერქები ამოიღო, გავიდა კუთხეში და ჭამა დაიწყო. ეს ერთმა მონაზონმა დაინახა, აყვირდა, ხელიდან ქერქები გამოსტაცა. ის კი ჯიუტობდა, - კურთხევას ვასრულებო. ამის მერე დიდხანს იტანჯებოდა კუჭის ტკივილით.
მამა ვიტალი უდაბნოზე გვიყებოდა, მაგრამ სიძნელეებზე არ ჩიოდა. გვეუბნებოდა, - ეს ცხოვრება ჩემთვის ერთიანი, შეუწყვეტელი სიმღერა იყოო. შემდგომში იხსენებდა: ძმებისგან გამეგონა სასოწარკვეთაზე, მაგრამ ვერ ვხვდებოდი, რა იყო. მე მიხაროდა წყლის ზიდვაც, შეშის დაჩეხვაც, ქალაქში საყიდლებზე წასვლა და უდაბნოში დაბრუნება. ერთადერთი სიძნელე ეშმაკისგან მოგვრილი განსაცდელები იყოო. მაგრამ თვლიდა, რომ ეს მისი ბრალი იყო - მეტი მორჩილება რომ მქონოდა მოძღვრისა, მისი სახელით დემონებს ისე განვდევნიდი, როგორც ჯოხით ძაღლსო.
განსაკუთრებით განმაცვიფრებდა მისი ადამიანებისადმი სიყვარული, გულმოწყალება და უანგარობა. თითქოს სხვა ადამიანებთან აიგივებდა თავს. როცა მღვდლობა მიიღო, აღმსარებლებს ეპიტიმიებს არ ადებდა - მათ გამო თვითონ ასრულებდა ეპიტიმიებს. როცა მოძღვართან აღსარებას ამბობდა, საკუთარ ცოდვებთან ერთად ჩამოთვლიდა მაღიარებელთა ცოდვებსაც - მათ საკუთართან აიგივებდა. ერთხელ დაავიწყდა და აღსარებაზე თქვა, აბორტი გავიკეთეო, ანუ თავი გააიგივა იმ ქალთან, რომელმაც აღსარება უთხრა.
დაბალი, თითქოს მოგუდული ხმით საუბრობდა. ახალგაზრდობაში ტუბერკულოზი სჭირდა, უდაბნოში განიკურნა. უეჭველად ტუბერკულოზმა დაუზიანა ხმის იოგები. ის გულიდან საუბრობდა, ამიტომ ეს ხმა მის ნათქვამს ერთგვარ გულითადობას აძლევდა. მსმენელი გრძნობდა, რომ ის თავისი შინაგანი გამოცდილებით საუბრობდა, რაც მის სიტყვებს აძლიერებდა.
თვალები შეწითლებული ჰქონდა. ვფიქრობდით, ავადმყოფობის ბრალიაო. მაგრამ ერთმა სულიერმა შვილმა მითხრა, - მარტო რომ რჩება, თავის ცოდვებზე ტირისო. მამა ვიტალი უყვებოდა ახლობლებს, რომ ერთხელ მამა სერაფიმეს აღსარებაში უთხრა, ცრემლი უფრო ნაკლებად მდის, ვიდრე ახალგაზრდობაშიო. სქემარქიმანდრიტმა ჯვარი გადასახა და თქვა: "დიდება ღმერთს, გულით იტირე". ამის მერე თითქოს დაუშრა ცრემლთა წყარონი, მაგრამ გაუძლიერდა მწუხარება და გულისტკივილი სინანულის ლოცვისას. მამა სერაფიმეს ეშინოდა, ცრემლებს მამა ვიტალი არ გაეამაყებინა. რამდენიმე წლის შემდეგ მას ცრემლები კვლავ დაუბრუნდა.
ნურაფერს ავნებ! ილორის წმინდა გიორგის ტაძარში ჩემი მსახურების პირველ წლებში და მერე სოხუმის საკათედრო ტაძარში მივასწარი სისხლიან დევნას სასწაულით გადარჩენილ ბერ-მონაზვნებს. ეს დევნა 30 წელი გაგრძელდა. ალბათ თითოეულ ჩვენგანს უნახავს, როგორ აგებენ გზას. ჯერ მაზუთს ასხამენ, შემდეგ თუჯის სატკეპნით ასწორებენ ჯერ კიდევ თბილ ასფალტს. დევნის უზარმაზარმა სატკეპნმა დაანგრია და პირისაგან მიწისა აღგავა მონასტრები და ტაძრები, გასრისა მღვდელნი, მონაზონნი და ეკლესიის ყველაზე ერთგული ხალხი. მათი სისხლით მიწა იყო გაჟღენთილი. მაგრამ ქარიშხლით ფესვიანად ამოგლეჯილ და დალეწილ ხეებს შემთხვევით შემორჩება ხოლმე მცირე ნაყოფი, ასევე სოხუმსა და მის მიდამოებში ჯერ კიდევ ცხოვრობდნენ სასწაულებრივად შემორჩენილი ბერ-მონაზონნი.
შუა საუკუნეებში წამების განსაკუთრებული სახე არსებობდა. ადამიანებს ფიზიკურად არაფერს ვნებდნენ, წამების საყურებლად მიჰყავდათ. მოწამეთა ტკივილისაგან დამახინჯებული სახეებით და ყვირილით შეძრწუნებულნი ფიქრობდნენ, რომ მალე მათი ჯერი დადგებოდა. ეს ფსიქოლოგიური წამება იყო. ცოცხლად გადარჩენილმა მონაზვნება ასეთი ტანჯვა გამოიარეს. ყოველ ღამე შეიძლებოდა შეეპყროთ, როგორც დამნაშავენი, და სასამართლოს გარეშე გადაესახლებინათ ანდა დაეხვრიტათ, ყოველ ღამე შეიძლებოდა შეიარაღებულ რაზმს მათი სახლისთვის ალყა შემოერტყა, თითქოს იქ მტრის დესანტი ყოფილიყო დამალული. ისიც ახსოვდათ, რომ შეიძლებოდა ეწამებინათ, რათა ხელი მოეწერათ თანამოძმეების "მამხილებელ" ცრუ ჩვენებებზე. ამგვარი თავისუფლება უფრო მტანჯველია, ვიდრე ციხე და ამგვარი ცხოვრება უფრო საშიშია, ვიდრე ბანაკებში სიკვდილი.
მე ზოგიერთი ასეთი მონაზვნის ნახვა მომიხდა, რომლებიც ტაძარში დადიოდნენ. სისხლიანი ტერორი სხვა სახის დევნამ შეცვალა, მაგრამ ვგრძნობდი, რომ 30-იანი წლების საშინელებათა ხსოვნა მათ გულებში ჩარჩენილიყო და ეს ზოგჯერ სახეზე აესახებოდათ ხოლმე. ფიქრობდნენ, რომ ომის შემდგომი დათბობები - ეს მხოლოდ ახალი ქარიშხლისწინა სიჩუმე იყო და რეპრესიების მაუწყებელი. ერთი მოხუცებული მონაზონი, ევგენია ამბობდა, რომ მისთვის ყველაზე საშინელი განსაცდელი ზოგიერთი მღვდლისა და მონაზვნის ღალატი იყო, რომელთაც ძალით დააწერინეს თხოვნა ხელისუფლებისადმი, მონასტრების, "როგორც კონტრრევოლუციის ბუდის", დახურვაზე. იგი ჰყვებოდა: "მოქვის მონასტრის დარბევამდე იქ ჩეკისტებთან ერთად რამდენიმე მღვდელი მოვიდა - იღუმენიასა და მონაზვნებს ბრალი დასდეს ხელისუფლებისადმი ურჩობაში. კადნიერად და მოურიდებლად იქცეოდნენ, ცდილობდნენ, პირი მიებრუნებინათ ჩვენგან და თვალებში არ ეცქირათ". რამხელა ჯოჯოხეთი ტრიალებდა ამ ადამიანთა სულებში, რომლებიც იუდობაზე დათანხმდნენ.
მოხუცებული მონაზვნები ეკლესიაში დადიოდნენ, მაგრამ არ ეზიარებოდნენ. ამბობდნენ, რომ ტაძარში დატრიალებულ მადლს გრძნობდნენ, მაგრამ არ იცოდნენ, როგორ მოქცეულიყვნენ. სულიერი მამა, რომელიც ომის შემდგომ პატიმრობიდან გაათავისუფლეს, მათ ეუბნებოდა, - განმაახლებლობა ჯერ არ დაძლეულა, პატრიარქმა სერგიმ ჯერ კიდევ რევოლუციამდე სცადა შეეცვალა საღვთისმსახურო წიგნები, დაფარულად განმაახლებლები ეკლესიაში თანდათან თავიანთ პროგრამებს შეიტანენ, შერყვნიან საეკლესიო ენას, შეუმჩნევლად შეცვლიან ღვთისმსახურებას, მღვდლად ხელს დაასხამენ ორცოლიანებს და სამცოლიანებს, ეპისკოპოსები დაქორწინდებიან, ანუ მონაზვნად აღკვეცის მერე ცხადად იმრუშებენ და მაშინ ეკლესიას მადლი განეშორებაო. მე მათ ვარწმუნებდი, დღეს ეკლესიაში არაფერია შეცვლილი, იმაზე ფიქრი კი, მომავალში რაც მოხდება - ჩვენი საქმე არ არის-მეთქი. ვეუბნებოდი, რომ საეკლესიო კანონები კრძალავს ეპისკოპოსის ქორწინებას და მრავალცოლიანობას, ხოლო თუ ასეთი შემთხვევები არსებობს, ეს მათი პირადი ცოდვაა და არა ეკლესიისა. მონაზვნები მისმენდნენ, მაგრამ მიკიბულ-მოკიბულად მპასუხობდნენ, - უნდა დავიცადოთ და დავაკვირდეთ, რა ხდება, რათა დავრწმუნდეთ, რომ ეკლესია არ განუდგა მართლმადიდებლობას. და მაშინ მე, ჩემი გამოუცდელობით, შეცდომა დავუშვი და დღემდე ვწუხვარ. ქადაგებებში მამხილებელი ტონით იმაზე ვსაუბრობდი, რომ ეკლესიის გარეშე ცხონება შეუძლებელია და განდგომილთა და ერეტიკოსთა ხვედრი ერთი და იგივეა, ხოლო ვინც უარყოფს ეკლესიის საიდუმლოებებს, ეკლესიის მიმართ სცოდავს-მეთქი. რა თქმა უნდა, მონაზვნები და არა მარტო ისინი, მიხვდნენ, რაზეც ვლაპარაკობდი. ასეთი "გულმოდგინების" შედეგად მხოლოდ ერთ რამეს მივაღწიე: მათ ტაძარში სიარული შეწყვიტეს. მხოლოდ მერე მივხვდი, რომ ფრთხილად უნდა შეეხო ადამიანის გულს და ხშირად სჯობს მოთმინებით ელოდო და ილოცო ადამიანზე და გონებით ღმერთს მიანდო იგი. არა მარტო ექიმს, მღვდელსაც უნდა ახსოვდეს: "უპირველეს ყოვლისა, ნურაფერს ავნებ". მე ჩემს წინდაუხედაობაზე ეპისკოპოსთან შევინანე. მითხრა: - საკუთარ თავში უნდა მოვსპოთ ინკვიზიტორი, ადამიანის გული იძულებით კი არა, სიყვარულით იხსნებაო.