რაც სალოსებს ენაზე აქვთ, ზოგიერთებს გონებაში უტრიალებთ; ის შესაძლოა თქვენ გამხილებთ
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
ლუბა სალოსი. ილორის ტაძრის ეზოში მდგარ სასტუმრო ქოხში დასახლდა დედაკაცი, სახელად ლუბა.
ვინ იყო, ავადმყოფი თუ სალოსი, ეშმაკისგან შეპყრობილი თუ დაფარული მოსაგრე - არ ვიცოდი. სადღაც ეშოვა ცოცხი, აქანდაზი, ნიჩაბი და დილიდან საღამომდე გვიდა ეზოს, ასუფთავებდა ტუალეტს, იატაკს რეცხავდა და ტაძრის ეზოში, სამრეკლოს ქვეშ დაგებულ ფილებს ფხეკდა. ფეხშიშველა დადიოდა, ეტყობოდა, რომ არასოდეს იბანდა. მუხლჩაუხრელად შრომობდა. მაგრამ ბილწსიტყვაობდა კიდეც. მომლოცველს ლანძღვით ხვდებოდა, ზოგჯერ ყვიროდა: "ვაშაა!" უცნაური, კადნიერი საქციელი ჰქონდა, რომელიც ბავშვის ოინბაზობას ჰგავდა: ხან დედაკაცებს თავიდან მანდილებს ხდიდა, ხანაც ღამის გასათევად დარჩენილ მომლოცველებს ფეხსაცმელებს დაუმალავდა, მაგრამ პატიობდნენ როგორც ავადმყოფს. მოხუცებული მღვდელი დიმიტრი კაკუბავა კი შრომისმოყვარეობის გამო აფასებდა. წმინდა გიორგის ეკლესიაში ყოველდღიურად მოდიოდნენ მომლოცველნი, უფრო მეტად სამეგრელოდან. თან პირუტყვი მოჰყავდათ შესაწირად. ვაცს ან ყოჩს რქებზე მიამაგრებდნენ ანთებულ სანთლებს და ტაძარს გარშემო სამჯერ შემოატარებდნენ. შემდეგ პირუტყვს შუბლზე სანთლით ჯვრის სახით მოურუჯავდნენ. ტაძრის გალავანთან, საგანგებო ადგილზე ცხოველებს კლავდნენ და იქვე ხარშავდნენ. შემდეგ კი მომლოცველები ტრაპეზს შემოუსხდებოდნენ, ხორცის ნაწილს ეკლესიის მსახურებს მიართმევდნენ. ლუბა წმენდდა სისხლს, იმ ადგილს ქვიშას აყრიდა. ტაძრის შიგნით არასოდეს შევიდოდა, ასევე არასოდეს მოისვენებდა საყარაულოში, სადაც ბუხარი ენთო.
ილორის ტაძარში ეკიდა რკინის მშვილდი, რომელიც წმინდა გიორგის ძლევაშემოსილ იარაღს მოგაგონებდა. მომლოცველებს სამჯერ უნდა გაევლოთ მის ქვეშ. ითვლებოდა, რომ ეს ძალიან ეხმარებოდა ეშმაკეულებს და სულით ავადმყოფებს. იყო შემთხვევებიც, როცა ეკლესიაში შლეგი ეშმაკეულები მოჰყავდათ. ერთმა მათგანმა თოკები გაწყვიტა და საკურთხეველში შესვლა მოინდომა. რამდენიმე კაცმა ძლივს გააკავა და გათოკა. მახსენდება ილორის ტაძარში მომხდარი სასწაულები და კურნებები. ასე მაგალითად, ხსენებული ავადმყოფი რამდენიმე კვირის მერე ტაძარში ჯანმრთელი მოვიდა.
ლუბა მუდმივად ბილწსიტყვაობდა, მაგრამ ყოველთვის კეთილი თვალებით იყურებოდა. სახეზე ზოგჯერ ქალწულივით მორცხვი ღიმილი გაუკრთებოდა. ყველაფერი ეს არ ესადაგებოდა იმ ლანძღვას, რომლითაც ის ხალხს ექცეოდა. ზოგი მას სალოსად თვლიდა, ზოგიც - ეშმაკისგან შეპყრობილად და ისე უყურებდა, როგორც მაწანწალა ძაღლს. როცა ტაძარში ღამისთევით არავინ რჩებოდა, მაშინ ის სასტუმრო სახლში იძინებდა, ხოლო სხვა დროს ეზოს კუთხეში, გალავანსა და ტუალეტს შორის ეძინა. ყველაზე ადრე დგებოდა და ეზოს დალაგებას იწყებდა. მღვდლის მისალმებას არ პასუხობდა. როცა მოძღვარი მისივე საყვარელი "ვაშათი" მიმართავდა, ისიც სიხარულით ასევე პასუხობდა. ზოგიერთი მამა დიმიტრის ეკითხებოდა, რატომ არ აგდებთო. მღვდელი პასუხობდა: "შესაძლოა, ღვთის კაცია და რომ გავაგდო, ცუდი არაფერი მოხდესო".
ერთხელ ტაძარში ეპისკოპოსი ლეონიდე (ჟვანია) მოვიდა. დაინახა ეზოში მოქაქანე ქალი და იხმო. ლუბამ მიირბინა. მან მშვიდად ჰკითხა: "რატომ ღელავთ? თუ რაიმე არ მოგწონთ და უკმაყოფილო ხართ, შეგიძლიათ ინსტანციებს მიმართოთ". ეს სიტყვები, ეტყობა, მოულოდნელი იყო ლუბასთვის და მიუგო: "არა, ყველაფრით კმაყოფილი ვარ". ეპისკოპოსმა აკურთხა - ყველაფერი კარგად იქნებაო - და ტაძრისკენ წავიდა. ლუბა შორიახლო მიჰყვებოდა. აღმართულ ხელში რაღაც ქსოვილი ეჭირა დროშასავით და გახარებული ყვიროდა: "ვაშაა!" ეპისკოპოსთან შეხვედრის შემდეგ ნაკლებად ბილწსიტყვაობდა.
გავიდა ზუსტად ექვსი თვე და ის ისევე უეცრად გაქრა, როგორც გამოჩნდა. ვინ იყო, ეშმაკეული თუ სალოსი, რომელმაც აღთქმა დადო, ტაძართან ნახევარი წელი ვიცხოვრებო?
ერთხელ ილორის ტაძარში მღვდელმონაზონი მოვიდა, თან მორჩილი ახლდა, ჩუმი გოგონა, რომელიც მიწას ჩასცქეროდა. მას ის მონასტერში და თვით უდაბნოშიც კი დაჰყავდა. მონასტერში სტუმრობისას უსაყვედურა მღვდელს, ლუბა ბილწსიტყვაობას განაგრძობსო. მამა დიმიტრიმ რბილად უთხრა: - ერთმანეთის სიმძიმე და სნეულებანი უნდა ვიტვირთოთო. მღვდელმონაზონი განაგრძობდა: - მარტო რომ ვყოფილიყავი, ყურადღებას არ მივაქცევდი, მაგრამ ჩემს გვერდით ქალიშვილი დგას, რომელიც ლანძღვისგან უნდა დავიცვაო. გაცხარებულმა მღვდელმა მღვდელმონაზონი ცალკე გაიყვანა და უთხრა: - საწუხაროა, რომ თქვენ, მონაზონი, მარტო არ ხართ და თან გოგონა გახლავთ. ეს უფრო დიდი შეურაცხყოფაა მონაზვნობისთვის, ვიდრე სალოსის ლანძღვა. რაც სალოსებს ენაზე აქვთ, - ლუბაზე მიუთითა, - ზოგიერთებს გონებაში უტრიალებთ; ის შესაძლოა თქვენ გამხილებთ". მღვდელმონაზონი გაბრაზდა და მორჩილთან ერთად მონასტერი ისე დატოვა, აღარ უტრაპეზია.
ლიდია. ღაზელმა დაყუდებულებმა, ღირსმა ბარსანოფიმ და იოანემ მონაზვნის კითხვაზე, რომელი სჯობია: ფსალმუნის კითხვა თუ იესოს ლოცვაო, უპასუხეს: - ერთი უნდა აღვასრულოთ და მეორე არ დავუტევოთო.
თანამედროვე მოსაგრენი, მონაზონი კასიანე და სქემარქიმანდრიტი ვიტალი (როცა ის უდაბნოში ცხოვრობდა) ყოველდღიურად მთელ დავითნს კითხულობდნენ. ლათელმა მონაზონმა ილარიონმა ზეპირად იცოდა რამდენიმე აკათისტო და კანონი, ასევე ფსალმუნთა დიდი ნაწილი. ყოველდღიურად კითხულობდა იესო ტკბილის, ღვთისმშობლისა და წმინდა ნიკოლოზის აკათისტოებს. გზად მიმავალს აკათისტოების კონდაკების გალობა უყვარდა.
ყურადღებით ასრულებული იესოს ლოცვა კაცისგან ფიქრების მუდმივ დაძაბვას მოითხოვს. მასთან შედარებით წიგნებში დაწერილ ლოცვებში მეტი მრავალფეროვნება, შესაბამისად, მეტი სივრცეა გონებისთვის! როცა მონაზონი გონებას შეკუმშავს ლოცვის რვა სიტყვაში და მათში ჩატოვებს, მაშინ განეხსნება საიდუმლო სიღრმე ამ სიტყვებისა. მაგრამ იესოს ლოცვა უნდა დაეყრდნოს წიგნის ლოცვებს, განსაკუთრებით ფსალმუნს, როგორც შენობა - საძირკველს. ეს კანონი უფრო მეტი ხარისხით ეხებათ ერში მყოფთ. თუ ისინი მოისურვებენ, რომ მთელი ლოცვითი კანონი მხოლოდ იესოს ლოცვით შეცვალონ, მარცხი ელოდებათ. იესოს ლოცვა ან თანდათანობით დაშრება, როგორც გათავხელებული წყარო ზაფხულში, ანდა უარესი გადატვირთვის გამო გონებას ნერვული მოშლა ემართება. ამიტომაც, ძველ დროში ბევრ მონასტერში პირველ სამ წელიწადში მონაზვნისგან ფსალმუნებისა და სახარების დაზეპირებას მოითხოვდნენ და თვითონ იესოს ლოცვა მომზადებული გულიდან იღვრებოდა.
თბილისის მახლობლად ცხოვრობდა ერთი ხნიერი ქალი, სახელად ლიდია. ერთხელ მან იესოს ლოცვაზე წიგნი წაიკითხა და სურვილით აენთო, რათა მოუკლებელი ლოცვა მოეპოვებინა. იგი გამბედავი და თავგანწირული ადამიანი იყო, სიღატაკეში ცხოვრობდა. პატარა, ორი თვალი ქოხი ჰქონდა. ერთი ოთახი საქათმედ აქცია. წინ პატარა ბოსტანი გაეშენებინა. მისი ერთადერთი ქონება წიგნები იყო. ხშირად მოდიოდა ჩვენთან სახლში და გვიყვებოდა, რომ რაღაც წაიკითხა იესოს ლოცვაზე. განსაკუთრებით მოსწონდა ჟურავსკის წიგნი ლოცვაზე, რომელიც მაშინ საბეჭდ მანქანაზე დაბეჭდილი ვრცელდებოდა. ვეუბნებოდი ხოლმე, - წმინდა მამები ქრისტიანისთვის აუცილებლობად თვლიდნენ ფსალმუნთა კითხვას-მეთქი. წმინდა იოანე ოქროპირი წერდა: "სჯობს მზე არ ანათებდეს, ვიდრე კაცმა შეწყვიტოს ფსალმუნთა კითხვაო". მაგრამ ლიდია მპასუხობდა, - ფსალმუნების გაგება მიჭირს. ყველას ერთნაირი სულიერი გზა არ აქვსო. რადგანაც სამეურნეო სამუშაო მის გონებას ლოცვას სწყვეტდა, მაგნიტოფონი იყიდა, ფირზე იესოს ლოცვა ჩაიწერა და როცა რაიმე საქმეს აკეთებდა, თან ამ ჩანაწერს უსმენდა. თვლიდა, რომ ასე ლოცვა არ უწყდებოდა.
რამდენიმე წელი ასეთ სულიერ ღვაწლში გაატარა. ერთხელ მეგობარი მღვდელი მყავდა სტუმრად. უეცრად კარზე ბრახუნი ატყდა. ზღურბლზე ლიდია და მისი მეზობელი დედა-შვილი იდგნენ. აღელვებულნი უცნობი მოძღვრის დანახვაზე უფრო შეშფოთდნენ. "ლიდია ავად გახდა, - მითხრა ერთ-ერთმა, - არ ვიცოდით, რა გვექნა და აქ წამოვიყვანეთ. არ შეიძლება, ცოტა ხანს დედათქვენთან იცხოვროს?" დავუძახე დედას. მან: რა თქმა უნდა, მივხედავ, სანამ არ გამოჯანმრთელდებაო. მაგრამ ამ დროს ლიდიამ თვითონ გასცა თავი: - გალეშილი მთვრალი იყო და მისალმების ნაცვლად დაიყვირა: "ყველას რესტორანში გეპატიჟებითო!" ლიდია, ჩამოჯექი, დაისვენე, მერე კი ვისაუბროთ-მეთქი, - ვუთხარი. "ყველას გეპატიჟებით, წავიდეთ ფუნიკულიორზე", - ხრინწიანი ხმით განაგრძობდა. თავზარდაცემული მღვდელი მალე წავიდა. დედაჩემს ძალზე უყვარდა ლიდია, მიხვდა, რომ რაღაც განსაკუთრებული მოხდა და უთხრა: - რა თქმა უნდა, ყველა წავალთ რესტორანში, მაგრამ მანამდე პალტო უნდა შეგიკეროთ, თორემ რას ჩაიცვამო. მაგრამ ლიდია კიდევ დიდხანს გაიძახოდა, - ყველას შამპანური უნდა გიყიდოთო. ქალები უბოდიშებდნენ დედას ლიდიას მოყვანისთვის, მაგრამ მისი მარტო დატოვებაც ეშინოდათ, რადგან თურმე გაქცევას ლამობდა.
მეორე დღეს ლიდია მოჰყვა, რომ უეცრად გაუჩნდა დათრობის სურვილი, მერე კი თავი ეშმაკისაგან შეპყრობილად იგრძნო. მთებზე დაიწყო სირბილი და ვერ ხვდებოდა, რა სჭირდა. მხოლოდ ის ახსოვდა, რომ სიკვდილი უნდოდა და რაღაც ხმა ჩასჩურჩულებდა: - ხრამში გადავარდი ან თავი ჩამოიხრჩეო. კიდევ კარგი, მეზობლებმა უშველეს... ბუნებრივია, აქ იესოს ლოცვა კი არ იყო დამნაშავე, არამედ უგუნური სწრაფვა, მალევე ასულიყო უმაღლეს სულიერ საფეხურზე, რაზეც ის წიგნებში კითხულობდა და ურჩობასთან შერწყმული თავდაჯერება.
მეზობლებმა მაინც სიმართლე თქვეს, - ლიდია ავად არისო. იმ აშლილობისას გაცივდა და ფილტვების ანთება დაემართა. მაგრამ ორი დღის შემდეგ თავის ქოხში წაყვანა ითხოვა, - ქათმები დამწყვდეული მყავს და დამეხოცებიანო. ამ შემთხვევის შემდეგ ლიდია თითქოს შეიცვალა - ისეთივე აღტკინებით აღარ საუბრობდა და არც ძველებური შეუპოვრობით კამათობდა. მეტიც: უკვე სხვათა რჩევას ყურს უგდებდა და დილა-საღამოს ლოცვების კითხვაც დაიწყო, მაგრამ აღიარებდა, რომ ეს არ ეხალისებოდა. უნდოდა, რაც შეიძლება მალე დაემთავრებინა კანონი და იესოს ლოცვა დაეწყო.
გავიდა დრო. თანდათან დასუსტდა, უფრო იშვიათად ჩამოდიოდა ქალაქში, თუმცა მის უეცარ სიკვდილს არაფერი მიგვანიშნებდა.
თბილისში არ ვიყავი, როცა ლიდია გარდაიცვალა. მეზობლებმა მითხრეს, - მკვდარი ვნახეთ ოთახშიო. მას წესი აუგეს და დაკრძალეს. ერთხელ ეკლესიის სიახლოვეს ერთი კაცი ქსეროქსზე გადაბეჭდილ "გიორგი დაყუდებულის წერილებს" ყიდიდა. ეს წიგნი ოდესღაც ლიდიას ვაჩუქე. მახსოვს, როგორ სტაცა ხელი და ბავშვივით მკერდში ჩაიკრა. შემდეგი შეხვედრისას მითხრა, რომ დაყუდებული წერილებს ერისკაცებს სწერდა, მათში ახალი ვერაფერი ნახა იესოს ლოცვაზე და რომ ამ წერილებში სხვა სული ძევს. გიორგი დაყუდებულის ნაშრომები მომწონდა, ამიტომაც გავბრაზდი, შევცბი კიდეც - ნუთუ მას მართლა ჰგონია, ისეთ ლოცვის კონცენტრაციას მიაღწია, რომ დაყუდებულის წერილებს შეუძლია გონება გაუფანტოს-მეთქი. გულში ვნანობდი, რომ ეს წიგნი მივეცი. ახლა კი, თითქოს ჩემს ფიქრებს უპასუხაო, თავისი ადრინდელი ურჩობის მონანიების ნიშნად საჩუქარი უკან დამიბრუნა.
ადამიანის სიკვდილი ყოველთვის საიდუმლოდ რჩება. მიიღო ლიდიამ, რაც სურდა? მისცა უფალმა მოუკლებელი ლოცვა - ის, რისკენაც თავისი ცხოვრების ბოლო წლები ისწრაფოდა? ვიმედოვნებ, რომ მან დაიმდაბლა გული და ამ საძირკველზე კვლავ ააშენა შინაგანი ტაძარი ლოცვისა. მინდა წამკითხველმა ილოცოს ლიდიას სულის განსვენებისთვის. მასში სიბერემდე ბევრი რამ ბალღური დარჩა, უფალმა კი ბავშვებზე თქვა: ასეთების არის სასუფეველი ცათა.
ერთგვარი ასოციაციით მახსენდება ომის წლები. ელექტროენერგიის ნაკლებობის გამო სიბნელე იყო ქუჩებსა და სახლებში. ნავთის ლამპით "ელვით" ვანათებდით სახლს. ხშირად ჭვარტლავდა, მაგრამ მაინც გვინათებდა. თვით არასრულყოფილი მლოცველები, თავიანთი ურჩობით და ჩავარდნით, ანათებდნენ სულიერ ბნელში გაწოლილ სოფელს უხილავი ცხოველსმყოფელი ნათლით.