მღვდელმთავართა და მღვდელთა განკითხვა არაერთხელ დამთავრებულა განმკითხველთა დაცემითა და უბედურებით
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
"ნუ შეეხებით ცხებულსა ჩემსა და წინასწარმეტყველთა ჩემთა შორის ნუ უკეთურებთ" (ფს. 104,15).
სოხუმის ახლოს ცხოვრობდა სალოსი, სქემმონაზონი დოსითეა, რომელიც ხალხში წინასწარმეტყველივით იყო განდიდებული. ერთმა მიამბო, რომ ახალგაზრდობაში ამ სქემმონაზვნის მორჩილი იყო და მოწმე მისი დიდი მოსაგრეობისა. დოსითეას ცოტა ხანს ეძინა, მთელი ღამე შეუსვენებლად ლოცულობდა. საღამოთი მორჩილს ეტყოდა, - ტაძარში ქორკანდელი აანთეს, წავიდეთ ღვთისმსახურებაზეო. ის პასუხობდა: - ამ უდაბნოში რომელი ტაძარიაო? სქემმონაზონი მიუგებდა: - ღვთის ტაძარია. შეხედე ზეცას, ანგელოზებმა კანდელები აანთეს. დადექი ლოცვაზეო. დაწესებული ლოცვების მერე ეს სქემმონაზონი ამბობდა სიტყვებს, რომლის აზრი მორჩილს ცუდად ესმოდა: "უფალო, შეიწყალე ისინი, ვისთვისაც არავინ ლოცულობს" - დიდხანს იმეორებდა ამ ლოცვებს და სკვნილს მარცვლავდა. მასთან მისულ ხალხთან ეპისკოპოსებსა და მღვდლებს კიცხავდა. ისინი კი ამას ისე იღებდნენ, როგორც სალოსის უფლებას - ემხილებინა კაცნი და არ მიეხედა მათი წოდებისა და პიროვნებისთვის.
ამ სქემმონაზონს საშინელი უბედურება შეემთხვა. სქემმონაზვნისგან სოხუმში მიმავალ ერთ ქალბატონს გზად ავაზაკები გადაეყარნენ და ფული მოსთხოვეს. მან დაუფიქრებლად უთხრა: ფული სქემმონაზონ დოსითეას დავუტოვეო. მათ ჰკითხეს, ბევრი თუ აქვს ფულიო. ქალმა უთხრა: "არა, ხალხის შემოწირულობით პროდუქტი ვიყიდე, ფული კი ცოტა დარჩაო". წაგვიყვანე მასთანო, - უბრძანეს ყაჩაღებმა. ქალმა იუარა. ყაჩაღებმა მას სცემეს და დაემუქრნენ, ხეზე თმით დაგკიდებთო. რაღას იზამდა, წაიყვანა მეუდაბნოესთან. გზაში ტიროდა: - დედაო, მაპატიეო. როცა ავაზაკები სქემმონაზვნის ეზოში შევიდნენ, ქალი გამოსხლტა და სოხუმში გამოიქცა მომხდარის შესატყობინებლად. ავაზაკებმა წაართვეს დოსითეას ყველაფერი, კელია ფულის ძებნაში გადააქოთეს, მაგრამ ორიოდ გროშიღა იპოვეს. გაბოროტებულებმა ჯერ სცემეს, მერე გაუპატიურება გადაწყვიტეს, შემდეგ კი წამება დაუწყეს. მეორე დღეს სოხუმიდან ხალხი ამოვიდა და სქემმონაზონი ქალაქში საკაცით წაიყვანეს. ჭკუიდან გადასულს არაფერი ესმოდა.
უფალმა ამ მოსაგრის ასეთი სიკვდილი, ვფიქრობ, იმიტომ დაუშვა, რომ იგი ამხილებდა მათ, ვისგანაც კურთხევა უნდა აეღო თვით სალოსობის ღვაწლზე. სალოსები, რომლებიც ამხილებდნენ უსამართლო მსაჯულებს და თვით მეფეებს, ვერ კადნიერდებოდნენ სახალხოდ ეძაგებინათ და დაემდაბლებინათ მღვდელმთავარნი და მღვდელნი. ყოველ შემთხვევაში, თუ ღვთის მსახურთა გამოსწორება სურდათ, მათ ცალკე ეუბნებოდნენ, უმეტესად იგავის სახით. მეორე მიზეზი კი ის იყო, რომ იგი ასე ლოცულობდა: "უფალო, შეიწყალე ისინი, ვისთვისაც არავინ ლოცულობსო". ეკლესია კი ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის ლოცულობს, ევედრება ღმერთს ურწმუნოთა და გზააბნეულთა ქრისტიანობაზე მოქცევას. ვინ არიან ისინი, ვისთვისაც არავინ ლოცულობს? გარდაცვლილთაგან არიან ისინი, ვინც ეკლესიის ზღურბლს მიღმა დარჩა, ასევე თვითმკვლელები - მათთვის არ ევედრება ეკლესია და კრძალავს ლოცვას ცოცხალთაგან, რათა ცრუ იმედით არავინ მოტყუვდეს. და კიდევ, მიწიერი და ზეციური ეკლესიის ლოცვიდან ამოშლილია სატანა და დაცემული ანგელოზები. სალოსები ამა სოფლის ამაოებასა და წეს-ჩვეულებაზე მაღლა დგანან, მაგრამ არ ამაღლდებიან ეკლესიასა და იერარქიებზე, თორემ სხვანაირად მათ კრახი მოელით.
აი, კიდევ ერთი მსგავსი მაგალითი მონაზვნის დასჯისა, რომელმაც თანდათანობით დაკარგა მონაზონთა უმთავრესი სამკაული - სიმდაბლე და სიმშვიდე.
იგი მოხუც მღვდელმთავარს ემსახურებოდა, რომელთანაც ბევრი ხალხი მოდიოდა. მისი ერთ-ერთი სამორჩილო საქმე იყო, მოეხსენებინა მღვდელმთავრისთვის, თუ ვის უნდოდა მისი ნახვა, შემდეგ კი ეთქვა სტუმრისთვის, რა დროს მიიღებდა მღვდელმთავარი. თანდათან ამ მონაზონმა მდგომარეობის ბატონ-პატრონად იგრძნო თავი და მღვდლებთან ქედმაღლურად დაიწყო მოქცევა. უნდა ითქვას, რომ მან ბევრი დაითმინა ქრისტესთვის - გამოიარა ჩრდილოეთის ციხეები და ბანაკები და მხოლოდ 40-იან წლებში ეღირსა თავისუფლება. იყო ძალზე ფაქიზი და შრომისმოყვარე. მიუხედავად ხანდაზმულობისა, დილიდან საღამომდე მუშაოდა, მაგრამ ჯერ კიდევ ისააკ ასური გვაფრთხილებს, რომ პატივი და მდგომარეობა ცვლის ადამიანს, მას კი ხალხი ვნებდა იმით, რომ ისე ექცეოდნენ, თითქოს მღვდელმთავრის მერე მეორე პირი ყოფილიყო. და მაინც, ამ სიცრუით ბოლომდე არ იყო წამხდარი - ერისკაცებთან თავისებურად კეთილი და ყურადღებიანი იყო, თუმცა სასულიერო პირებს ისე ეპყრობოდა, როგორც მის მამულში მცხოვრებ სოფლელ მღვდელს. ეპისკოპოსისთვისაც კი შეეძლო ეპასუხა: - ეს თქვენი საქმე არ არისო. როცა მღვდელმთავარი გარდაიცვალა, იგი უკვე 90 წლის იყო. განსვენებული ეპისკოპოსის პატივისცემის გამო მონაზონს საცხოვრებლად ტაძრის ახლოს მიუჩინეს პატარა ოთახი და მოხდა ის, რასაც ვერავინ იფიქრებდა. მოხუც მონაზონს, რომელმაც ქალწულება შემოინახა ციხეებსა და გადასახლებებში, ვიღაც უცნობმა ნამუსი შეუგინა. ამის მერე მცირე ხანს იავადა და გარდაიცვალა.
მე ვიყავი მოწმე იმ მრავალი შემთხვევისა, როცა უფალი ცხადად სჯიდა ხალხს მღვდლის განკითხვის გამო, ხოლო მღვდელმთავართა და ერთმანეთის განკითხისას მღვდლების ენიდან სიტყვა კი არა, თითქოს ცეცხლი გამოვარდებოდა, რომელიც მათვე უბრუნდებოდა და მოსწვავდა. ისინი ამბობდნენ, სიმართლისთვის ვიბრძვითო, მაგრამ მეჩვენებოდა, რომ მათ განკითხვაში უმეტესად სხვისი ნაკლოვანებებით ერთგვარი იდუმალი ტკბობა იმალებოდა. სიმართლისთვის იბრძვის ის, ვინც ლოცულობს შეცოდებულისთვის და ცოდვილებს სიყვარულით სინანულისკენ მოუწოდებს.
ეკლესია იერარქიულად არის აგებული. ამიტომაც თუ მღვდლის ან ეპისკოპოსის ცოდვა ეკლესიას ზიანს აყენებს, მაშინ შეიძლება, ზოგჯერ კი აუცილებელია და სავალდებულო, მივმართოთ უფრო მაღლა მდგომ ინსტანციას. საეკლესიო იერარქიაში მაღლა მდგომნი ზნეობრივადაც პასუხისმგებელნი არიან დაბლა მდგომებზე. თუ არ აღკვეთენ მდაბალთა ცოდვებს, ისინი თვითონ მათსავე ცოდვებად იქცევიან. თითოეული ქრისტიანი პასუხისმგებელია რწმენის სიწმინდისა და ღვთისმსახურებისთვის, ესაა პრინციპი კრებითობისა. მაგრამ სასულიერო პირთა შეცდომებისა და არასწორი საქციელის გამო არ შეიძლება საეკლესიო სასამართლო, ეპისკოპოსის ან წმინდა სინოდის სახით, თვითგასამართლებით შევცვალოთ. უნდა ვეცადოთ, არ განვიკითხოთ ადამიანი, რადგან პირველ რიგში მისთვისვე მოაქვს ზიანი მის ცოდვებსა და შეცდომებს, ამასთან, უნდა ვიმოქმედოთ დადგენილი კანონებით და შემცოდეს წოდებისთვის პატივისცემა შევინარჩუნოთ. მაგრამ ასეთ შემთხვევებშიც კი, ჩვენი აზრით, რჩევა უნდა ვკითხოთ სულიერ ადამიანს, რომლისაც გვჯერა და საკუთარ სიმართლეს ზედმეტად არ მივენდოთ. საერთო წესად გვექცეს მცნება უფლისა: "ნუ განიკითხავთ და არა განიკითხნეთ" (ლუკ. 6,37).
მოხიბლული მოსაგრე. 70-იან წლებში სოხუმის სასაფლაოს ეკლესიაში ვმსახურობდი. ერთ გვიან ღამეს ნაგაზების ყეფა გავიგონე, რომლებიც ეკლესიის დარაჯს მოჰყავდა ხოლმე და ეკლესიის ეზოში აბამდა. ვიღაცამ დამიძახა. ვინ ხარ და რა გინდა-მეთქი. მეუდაბნოე ვ. ვარ, ჩვენ ხომ გვინახავს ერთმანეთიო. შევათვალიერე, მართლაც ის იყო. სიბნელეში გამიჭირდა თქვენი ცნობა, მით უმეტეს, რომ ჩვენ სულ რამდენჯერმე შევხვედრივართ ერთმანეთს-მეთქი. მან მიპასუხა: "ხმით როგორ ვერ მიცანით? სოხუმში კაცს ვერ ნახავ, ჩემი სახელი რომ არ გაეგონოს. ლავრელი მონაზვნებიც კი მოდიან ჩემს სანახავად, ოღონდ ვერ ახერხებენ, ვინაიდან ჩემკენ სავალი გზა ყველას არ განეცხადება". ამ დროს დარაჯიც მოვიდა და კარი გასაღებით გააღო.
ვ. ეზოში შემოვიდა და თითქოს ალმაცერად გახედა ტაძარს, რომლის თეთრი სილუეტი სასაფლაოზე ღამის ზეცის ფონზე გამოიხატა. ბერი კელიაში შემოვიდა მონაზვნისთვის დაწესებული ლოცვის უთქმელად. ღამის გასათევად მოხვედი თუ რაიმე გადაუდებელმა საქმემ მოგიყვანა-მეთქი. "მოვედი გასაფრთხილებლად, რადგან სქემიღუმენმა სერაფიმემ ყველა მოგვატყუა, ის ჯადოქართა მთავართაგანი აღმოჩნდა. მისი ჯადოქრობით დახურეს გლინის მონასტერი. ახლა აქ ჩამოვიდა ამ უდაბნოს გასაუქმებლად. ეს ამბავი მხოლოდ მე განმეცხადა. ჩვენს ძმებს კი ვუთხარი, მაგრამ ისე დაეხშოთ გონება, რომ არ მიჯერებენ". "ვინ განგიცხადა, რომ ის ჯადოქარია?" - ვკითხე. "თვითონვე მითხრა - ღამღამობით ძილში მოდის ჩემთან ისე აშკარად, როგორც ცხადში. ავად შემომხედავს და მერე სიცილს იწყებს. ვეკითხები: - რატომ მტანჯავ-მეთქი. ის კი დუმს და თითქოს დემონის თვალებით მომჩერებია. მერე ისეთი სასოწარკვეთა შემომიტევს ხოლმე, რომ ხელიდან ყველაფერი მივარდება. ერთხელ თავის ჩამოხრჩობაც ვცადე, მაგრამ თოკი ვერ ვიპოვე. მე ვიცი, რომ შეხვდები მას და მისი სიმართლე არც დაგაეჭვებს. გაექეცი, თორემ დაიღუპები. ის არ დაწყნარდება, სანამ ყველას არ გაგვაძევებს უდაბნოდან. კელიები მოვიარე, ავუხსენი ძმებს, რომ არ ენდონ სერაფიმეს და არ იარონ მასთან. ისინი კი მპასუხობენ: - კვეთებულის ლოცვების წაკითხვა გჭირდებაო. ვერ ვხვდები, რა ხდება: ან ყველა დაბრმავდა, ანდა სერაფიმემ მათაც ასწავლა ჯადოქრობა. მე და მეველე ადრე მეგობრები ვიყავით, ბოლოს ისიც მოვიდა ჩემთან გაბოროტებული და მიყვირა: "საგიჟეში უნდა ჩაგაბარო, თორემ რამეს დააშავებო". არადა რისთვის უნდა ჩამაბაროს, სიმართლისთვის?"
ვინ იყო ვ., რა დაემართა? დემონი როგორ დაეუფლა მეუდაბნოეს? სიყმაწვილეში ქურდებს დაუახლოვდა და ციხეში მოხვდა. რამდენიმე წელიწადი ყველაზე მძიმე დამნაშავეებთან ერთად იჯდა საკანში. სწორედ მაშინ დაეწყო ხილვები, რომლებსაც მხოლოდ ახსენებდა და მათზე დაწვრილებით არავის უყვებოდა. ვ. სარწმუნოებაში მოექცა და იწყო დიდხანს ლოცვა. დაიფიცა: როცა პატიმრობის ვადა გამივა, შევმონაზვნდებიო და ასეც მოიქცა. უდაბნოში წასვლაზე ვინ აკურთხა, უცნობია. მიყრუებულ ადგილას აიშენა კელია და ჩაიკეტა. ძალზე ცოტას საუბრობდა, ძმებს იშვიათად ხვდებოდა. მას მოღვაწე ცხოვრებისთვის პატივს სცემდნენ, მაგრამ ამავე დროს ეშინოდათ, რაიმე ცუდი არ დამართოდა, ვინაიდან მოუმზადებლად, პირდაპირ ერიდან მოვიდა. სულიერი მოძღვარი არ ჰყოლია. კი ამბობდა, მორჩილებაში ვცხოვრობო, მაგრამ უდაბნოდან თითქმის არასოდეს გამოდიოდა, ხოლო როცა ძმებთან იყო, მათ არც თავის სულიერ ცხოვრებაზე უყვებოდა და არც რჩევას ეკითხებოდა. არ ვიცი, შესაძლოა, მორჩილებას ეძახდა თავისი საკუთარი ფიქრების რწმენას. კამათში არ ერეოდა, ხოლო როცა ძმებთან მივიდოდა, ნამგზავრი მცირე ხნით ჩამოჯდებოდა დასასვენებლად, სთხოვდა, რაც სჭირდებოდა და მიდიოდა. ახლა კი ჩემს წინ სულ სხვა ადამიანს ვხედავდი.
ის სწრაფად ლაპარაკობდა. "საქმის გასარკვევად მივედი სერაფიმესთან, მაგრამ არ შემიშვეს. ვთხოვე გადაეცათ, ჩემი ტანჯვა შეეწყვიტა. პასუხი არ გამცა. უთქვამს: "მისთვის უკეთესი იქნება, უდაბნოდან წამოვიდეს და რომელიმე მონასტერში დასახლდეს, თორემ ცუდი რამ დაემართებაო". იცის, რომ ავი შემემთხვევა, რადგან თვითონვე მიკეთებს ჯადოს. მე მკაცრად მოვითხოვე თავის დანებება - კვლავ უშედეგოდ. იქნებ შენ მისწერო მღვდელმთავრებს, სერაფიმემ თავი მანებოს და სასოწარკვეთილებამდე არ მიმიყვანოსო".
ფუჭი იყო მისი გადარწმუნება. ტრაპეზთან მივიწვიე. ფრთხილად და შიშით შემომხედა, მაგრამ მერე დამთანხმდა. ჩანს, დიდი ხნის მშიერი იყო. მერე ვკითხე, როგორ ლოცულობდა, რამდენ დაუჯდომელსა და კანონს კითხულობდა ყოველდღიურად. მიპასუხა: ბოლო წელია, როგორც კი ლოცვის კანონის წაკითხვას ვიწყებ, ისეთი დამატკბობელი გალობა მესმის, რომ ლოცვის გაგრძელება აღარ შემიძლია და მას ვუსმენ. ვფიქრობ, ანგელოზები გალობენო. რაზე გალობენ-მეთქი. სიტყვებს ვერ ვარჩევ, მაგრამ მუსიკა ვიოლინოსას ჰგავს ფლეიტასთან ერთად, თუმცა ეს სულ სხვა ინსტრუმენტიაო. იესოს ლოცვას თუ ლოცულობ-მეთქი. ვლოცულობ მას მერე, რაც უდაბნოში მოვედი. თავიდან ძნელად მიდიოდა საქმე, მაგრამ მერე მოხდა სასწაული - ლოცვის განსაკუთრებული ნიჭი მოვიპოვე. ახლა, როცა კელიაში ვლოცულობ, ყვავილების კეთილსურნელებას ვგრძნობ და იესოს ლოცვის სიტყვებთან ერთად ჩასუნთქვისას შევისრუტავ მათ არომატს, ამოსუნთქვისას კი როგორც ნაგავს გამოვისვრი ხოლმე ჩემს ერისკაცულ ცოდვებს, რომლებიც უფრო და უფრო მცირდება. მე მათ ვხედავ კიდეც, თითქოს შავი ხოჭოები გამოფრინდნენო. ახალი ცოდვები თუ გაქვს-მეთქი, - ვკითხე. გაჩუმდა. კვლავ ვკითხე: "კითხულობ "სათნოებათმოყვარებას"? იქ მამები იესოს ლოცვას სხვანაირად ასწავლიან". მიმიკიბ-მომიკიბა: - ვის როგორ განეცხადაო და დაუმატა, - ოღონდ ნურავის მოუყვები ჩემს ლოცვაზე, თორემ თუ გაიგეს, შეშურდებათ და თავიანთი ჯადოქრობით წამართმევენო. ოთახში ღამის გათევაზე ვ-მ უარი თქვა. ვითხოვე, რომ მისთვის საწოლი ცივ ფარდულში გაეშალათ. დილით კი მითხრა, პოჩაევოში წასვლა და იქაურ მამებთან გასაუბრება მინდაო. არ ვიცი, იქამდე ჩააღწია თუ ვერა, ანდა იქნებ რომელიმე სხვა მონასტერში წავიდა. რამდენიმე კვირის შემდეგ თავის უდაბნოში დაბრუნდა. ძმები ამბობდნენ, უფრო მშვიდად არის და აღარ ყვირის, - სერაფიმე ჯადოქარიაო. მაგრამ სულიერ ცხოვრებაზე მათთან არ თათბირობდა და ასევე დიდხანს იკეტებოდა კელიაში.
რა დაემართა ვ-ს? ნუთუ ამაოდ ჩაივლის მისი მრავალწლიანი მოსაგრეობა?
მახსენდება ღირსი იოანე კიბისაღმწერლის სიტყვები: მრუშები შეიძლება ადამიანმა განკურნოს, მოხიბლული შესაძლოა ანგელოზთაგან განიკურნოს, ხოლო ამაყებს მარტო ღმერთი უშველისო. ეს არა მხოლოდ მკაცრი გაფრთხილებაა, - როგორც გამოცდა, არამედ იმედის მოციმციმე ნათელიცაა, ვინაიდან ყველაფერი შესაძლებელია ღვთისაგან.
"შენ ხარ ღმერთი, რომელი იქმ სასწაულთა" (ფს. 76,15).