უდაბნო ყველაფერს გასწავლის
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
სვანეთში, ლათას ხეობაში, ცხოვრობდა მონაზონი ილარიონი. ის მიეკუთვნებოდა მორჩილების გარეშე მოღვაწეთა განსაკუთრებულ წრეს
, რომლებიც სრულად გრძნობენ სულიერ ცხოვრებაში მორჩილების აუცილებლობას, მაგრამ არ ძალუძთ კისერი შეუშვირონ ამ უღელს და თავს იმით იმშვიდებენ, რომ ჯერ არ შეხვედრიან თავის გულის მოძღვარს. არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
მონაზონმა ილარიონმა მომეტებული ცხოვრება უდაბნოში გაატარა, იყო პირდაპირი და ჭეშმარიტი მოსაგრე, მაგრამ ერთი სისუსტე სჭირდა: კაცთა განკითხვა უყვარდა. მასთან მისულ მნახველთან საუბარს სულიერად იწყებდა, მაგრამ ცოდვიანად გაკიცხვითა და განკითხვით აგრძელებდა. მონაზვნის უფერული კელია თითქმის ტრიბუნად გადაიქცეოდა, რომლის წინ მსჯავრდადებულთა მწკრივები არ ილეოდა - თავიდან უღმრთონი, მერე ეპისკოპოსები და მღვდლები და ბოლოს მისი უდაბნოს ძმები. როცა ეკითხებოდნენ ამ ადგილებში მცხოვრებ მამათა მოსაგრეობაზე, პასუხად ანეკდოტებს ჰყვებოდა.
ერთ მეუდაბნოეს მძიმე ფორმის ციება ტანჯავდა, შეტევა დღეგამოშვებით უმეორდებოდა. უეცრად მას ქაშაყი მოუნდა. მან ეს საცთურად ჩათვალა, რომლის მიზანიც მისი კელიიდან გამოყვანა იყო. სურვილს ვერ მოერია და სოფელს მიაშურა. მაღაზიაში რამდენიმე ცალი ქაშაყი იყიდა და იქვე შეჭამა. მერე კიდევ იყიდა, კუთხეში მიჯდა და ჭამას შეუდგა. ასე განმეორდა რამდენჯერმე. გამყიდველი გაოცდა, რას უშვრება ამდენ თევზსო. ჩუმად გამოჰყვა და ნახა, რომ ბერი ხარბად შეექცეოდა ქაშაყს. შეუძახა, - ამდენი თევზი მოგკლავსო. ბერმა სთხოვა, კიდევ მომყიდეო. სურვილი რომ მოიკლა, დაბრუნდა უდაბნოში. ამის მერე ციება აღარ გამეორებია, მაგრამ მთელი წელი ქაშაყის სუნს ვეღარ იტანდა.
იხსენებდა ერთ მეუდაბნოე ბულგარელს, მიხაელს. ის უმეტესად თავისი ბოსტნის კარტოფილით იკვებებოდა და იშვიათად გამოდიოდა უდაბნოდან. კელიაში ბაღლინჯოები გაუჩნდა, დახოცვა კი არ უნდოდა. ურჩიეს, კელია გაწმინდე და რაიმე ფხვნილი მოაყარეო. იუარა. მაშინ ასწავლეს: ნავთში დასველებული თოკი საწოლს შემოახვიე და ბაღლინჯოები აღარ მოგეკარებიანო. დაუჯერა. ის ღამე მშვიდობიანად გაატარა. მაგრამ ბაღლინჯოებმა აჯობეს: კედლებზე მიცოცავდნენ და იქიდან საწოლზე ცვიოდნენ. ბერმა გადაწყვიტა, დაეთმინა. ბაღლინჯოების კბენისგან თმამ ცვენა დაუწყო, ხელების კანკალი აუტყდა. მერე ის დააპატიმრეს და სადღაც გაგზავნეს. რამდენიმე წლის შემდეგ დაბრუნდა. თმა წამოზრდოდა. ამბობდა, დროზე დამიჭირეს, თორემ ბაღლინჯოები სიკვდილის პირას მიმიყვანდნენო. როცა ჰკითხეს, განა ციხეში არ იყო ბაღლინჯოებიო, უპასუხა: "რომელი ციხეა უმათოდ! მაგრამ იმდენი ხალხი იყო, ჩემდა წილად ცოტა ბაღლინჯო რჩებოდა. მათაც ხომ თავიანთი წესი და რიგი აქვთ: კამერას ერთმანეთში ინაწილებენო".
ამისთანა ამბების მოთხრობის მერე ბერი ილარიონი ხალხის განკითხვას იწყებდა, მაგრამ არც საკუთარ თავს ინდობდა. ჰყვებოდა: სოფელში ნაცნობი სვანები ბრაზობდნენ მონასტრების დახურვისა და მონაზვნების ციხეში ჩაყრის გამო. მე ვთქვი, ეს ანტიქრისტეს ხელისუფლებაა და თავის სატანურ გეგმას ასრულებს-მეთქი. მომიახლოვდა ნაცნობი სოფსაბჭოს მდივანი - რაზე საუბრობდითო. უთხრეს, - ხელისუფლებაზეო. მკითხა: - რას ამბობდი საბჭოთა ხელისუფლებაზეო. შემეშინდა, თუმცა ვიცოდი, რომ ხელს არ მახლებდა და საჩქაროდ ვუპასუხე: - მე მათ ვუხსნი, რომ ყველა ხელისუფლება ღვთისგანაა-მეთქი.
იმ დღეს მამა ილარიონთან სამნი მივედით. მახლდა უკრაინელი მონაზონი, რომელიც ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს პატიმრობიდან (ეს ხრუშჩოვისეული დევნის პერიოდია), მეორე სოხუმელი იყო, მეუდაბნოეებთან ამანათის წაღებას აპირებდა და დაგვთანხმდა მეგზურობას.
მამა ილარიონმა გულთბილად მიგვიღო. მე და უკრაინელ ბერს თავისთან მცირე ხნით ცხოვრებაც კი შემოგვთავაზა, მაგრამ მერე, ეტყობა, იფიქრა, ზედმეტ საზრუნავს გამიჩენენო, მოიწყინა და გვითხრა, უსათუოდ უნდა წავიდე ქალაქში კარგა ხნით გადაუდებელი საქმეების გამოო. მოგვიყვა: "შარშან ზაფხულს ფსკოველი მღვდელმონაზონი და მისი მორჩილი მესტუმრნენ და უდაბნოში დასახლებაში დახმარება მთხოვეს. მეკითხებოდნენ, როგორ მოღვაწეობ, როგორ ლოცულობო. ვუთხარი, ლოცვა ჯერ არ მისწავლია და ღუმლისა და ქვაბის გარშემო ვმოღვაწეობ-მეთქი. მონაზონმა მითხრა: "მამები ამბობენ, უდაბნო ყველაფერს გასწავლისო". უდაბნოში დათვებიც ცხოვრობენ, მაგრამ თავის ზნეს არ იცვლიან-მეთქი. მაგრამ ის დაჟინებით მთხოვდა, იესოს ლოცვაზე რამე მომეყოლა. ვუთხარი: "აქედან ორი ვერსის იქით ცარიელი კელიაა. ამშენებლებმა იქ ცხოვრება ვერ შეძლეს და მიატოვეს. გაჩვენებთ, სადაც არის და ყველაფერს მოგცემთ, რაც თავიდან დაგჭირდებათ-მეთქი. ნახევარი ტომარა კარტოფილი და ბურღული მივეცი და კელიამდე მივიყვანე. იმავე დღეს დამადგნენ თავზე - ღუმელს ვერ ვანთებთ და დაგვეხმარეო. ჩვენი ცხოვრების წესი ჯერ არ იციან და მოსაგრეობა უნდათ, ასეთები უდაბნოდან ცოცხით უნდა გაყარო-მეთქი, - გავიფიქრე. მოდიოდნენ ჩემთან სხვადასხვა ნივთისთვის, მაგრამ ლოცვაზე უკვე აღარაფერს მეკითხებოდნენ, მერე კი ისე უჩუმრად წავიდნენ, არც კი დამმშვიდობებიან, არც იარაღი დაუბრუნებიათ - კელიის გარშემო ეყარა. როგორც გავიგე, მეუდაბნოე დედებთანაც მისულან. ავადმყოფობა მოუმიზეზებიათ და მათ მეზობლად დასახლებულან. დედები მათ, როგორც სნეულებს, პროდუქტებს უნაწილებდნენ, ისინი კი მეუდაბნოე დედებს მასწავლებლებივით ესაუბრებოდნენ. ბოლოს გამოჭამეს დედები და ყინვების დადგომამდე შინ წავიდნენ. მე ვიცნობ ამისთანა მაწანწალა ისიქასტებს, ორატორებივით ლაპარაკი შეუძლიათ. მაგრამ სცადე, ბოსტნის დაბარვაში ანდა ზამთრისთვის შეშის დაჩეხვაში დახმარება სთხოვე, მაშინვე გაგშორდებიან".
ჩვენ მაშინვე ვუთხარით მამა ილარიონს, - მადლობელი ვართ სტუმართმოყვარეობისათვის, მაგრამ დარჩენას არ ვაპირებთ, რადგან სხვა უდაბნოს მონახულებაც გვინდაო. რა თქმა უნდა, არ შეგვწინააღმდეგებია.
მამა ილარიონი ხანდახან აღტყინდებოდა, დაუტევებდა უდაბნოს და მორჩილების სასწავლელად მონასტერში მიდიოდა. ეს ან მადლის მოქმედებით ხდებოდა, ან განსაკუთრებული განსაცდელის მერე თვალი აეხილებოდა და აჩვენებდა, რა კნინია ადამიანური ძალები დემონურ სამყაროსთან ბრძოლაში. მაგრამ მისი კეთილი სურვილები ჩაიფუშებოდა ხოლმე. მივიდოდა მონასტერში, მხურვალედ შეუდგებოდა სამორჩილო საქმეებს, მერე მოიწყენდა, უხეშად მოექცეოდა იღუმენს და კვლავ თავის უდაბნოში ბრუნდებოდა. ერთხელ უკრაინის ერთ-ერთ მონასტერში წავიდა, თითქოს დასახლდა კიდეც. სოხუმში მოიწერა, მამათა სიახლოვეს განახლებულ სულს ვგრძნობო. მაგრამ სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა. მონასტრის ფოსტალიონს პენსიონერ ერისკაცს, რომელიც მონასტრის საკანცელარიო სამუშაოებს ასრულებდა, პატარა რადიომიმღები ჰქონდა, რომლითაც საათს ასწორებდა და ახალ ამბებს ისმენდა. ზოგჯერ კი კანცელარიიდან მუსიკის ყრუ ხმა ისმოდა. ამან აღაშფოთა მონაზონი ილარიონი. შეიპარა კანცელარიაში, დაამსხვრია რადიომიმღები, მამხილებელი წერილი დაუწერა ფოსტალიონ-მელომანს და ვალმოხდილის შეგრძნებით დაბრუნდა უდაბნოში.
გავიდა დრო. მე მას მოულოდნელად შევხვდი გუდაუთაში. ცივი ზამთარი იდგა. ერთი ქალბატონი რამდენიმე თვით ნათესავთან გაემგზავრა და მას სთხოვა, ამ ზამთარს ჩემს სახლში იცხოვრეო. ქალს შეშა და საჭმელი მომარაგებული ჰქონდა. ილარიონი დათანხმდა. "ვცხოვრობ, როგორც სხვის ბოსტანში მდგარი საფრთხობელა, ოღონდ არც ყვავები ჩანან და არც ნაყოფიო", - ამბობდა იგი. "უხილავ ყვავებზე რაღას იტყვი, ლოცვით რომ აძევებ გულიდან?" - ვკითხე. არაფერი მიპასუხა. ეტყობა, ტრაფარეტულ ნათქვამად ჩათვალა. ეკლესიის ეზოში, სკამზე იჯდა თავჩაქინდრული, რაღაცნაირად მოუძლურებული და ჩამომჭკნარი, თითქოს დაბერებული. რამდენიმე მორწმუნე მოვიდა. ვიფიქრე, კვლავ დაიწყებს მათ განკითხვას-მეთქი, მაგრამ ამის მაგივრად დაიწყო მოყოლა, თუ როგორ მოილოცა დღესასწაულზე პოჩაევოს მონასტერი. ბევრი მომლოცველი იყო. ნაწილი ერთ ოთახში მოათავსეს. იქ იყო ქალბატონი ოთხი-ხუთი წლის ბიჭთან ერთად. ქალმა მეუდაბნოე ბერი რომ დაინახა, ბავშვს უთხრა: "წაუკითხე ამ ბიძიას ის ლექსი, რომელიც ზეპირად ისწავლე". ამ ლექსის აზრი კი ამგვარი იყო: ბავშვი ამბობდა, რომ ღვთის ყვავილია, მერე კი კითხულობდა: შენ ვინა ხარო - და თვითონვე პასუხობდა: "ანტიქრისტე ხარ, რადგან განიკითხავ ადამიანებს". ამ სტრიქონებმა ისე გამაოგნა, გული ამომიჯდა და მას შემდეგ, როცა ვიხსენებ ჩემს მამხილებელ ბიჭუნას, თვალები ცრემლით მევსებაო.
ცოტა ხანს ჩუმად ვისხედით. მერე დავიწყე საუბარი სამრევლო ცხოვრების სიძნელეებზე, რომლებიც დროდადრო აუტანლად გეჩვენება. არ ვიცი, მის რჩევასა და ლოცვას ვეძებდი ან თანაგრძნობას მოველოდი თუ უბრალოდ მინდოდა დამერღვია ჩამოვარდნილი სიჩუმე. უეცრად შემომხედა და თითქოს სულის სიღრმიდან ჩუმი, გულისშემძვრელი ხმით მკითხა, - რა იცი განსაცდელებზეო. თითქოს მის წინ პატარა ბიჭი მჯდარიყო. ასე ფრონტიდან დაბრუნებული ჯარისკაცი ესაუბრება მეზობელს: რა იცი ომზე, როცა მხოლოდ გაზეთის ქრონიკებს კითხულობ და არ მჯდარხარ წყლით ავსებულ სანგარში და ტყვიების ზუზუნში შეტევაზე არ გადასულხარო. მის ნათქვამში სიმართლე ვიგრძენი: რა მცირე იყო ჩემი განსაცდელები მეუდაბნოეთა და დაყუდებულთა განსაცდელებთან შედარებით! მდუმარედ ვისხედით და ყურს ვუგდებდით მიმწუხრის სიჩუმეს.
ამის მერე ის ერთხელღა ვნახე. თბილისში ჩამოვიდა მეუფე ზინობთან, რათა შენდობა ეთხოვა. მეუფეს გული აუჩუყდა და სიყვარულით მიიღო. დამშვიდობებისას ბერმა ილარიონმა უთხრა, - მე თქვენი ზარი დავრეკე (ის გამოცდილი მნათე გახლდათ) და კიდეზე პატარა ბზარი შევნიშნე, რომელიც ბგერას აფუჭებს. ძველი ოსტატებისგან გამიგონია, რომ ასეთი ზარის შეკეთება შეიძლება. უნდა გავაფართოვოთ ბზარი, ბოლოში მომცრო მონეტის ზომის წრე გავაკეთოთ და აღდგება ძველებური ხმოვანებაო. მეუფე ზინობმა გზა დაულოცა და დაემშვიდობა.
მონაზონი ანგელინა. უდაბნოში ცხოვრობდა მონაზონი ანგელინა. წარმოშობით მორდოველი იყო, მშვიდი და უჩვეულოდ კეთილი. მისი ერთ-ერთი ღვაწლი იყო ქალაქიდან პროდუქტების ამოტანა ზოგიერთი დაუძლურებული მეუდაბნოისთვის და შეშის დაჩეხვა. ის სიხარულით ხვდებოდა მწირებსა და მნახველებს და რაც თავის ღარიბულ კელიაში ჰქონდა, უშურველად უნაწილებდა. მცირედ განსწავლულ დედა ანგელინას წიგნებით ლოცვა არ შეეძლო და რაც ზეპირად იცოდა, შეცდომებით წარმოთქვამდა. მაგრამ მისთვის ლოცვა ადვილი იყო. არავის განიკითხავდა. უფალმა მასზე მძიმე განსაცდელი დაუშვა. ერთხელ კელიაში ავაზაკები შეიჭრნენ და ფული მოსთხოვეს. მერე კი ისე სცემეს, რომ ნეკნები ჩაუმტვრიეს. როცა ამას იხსენებდა, ამბობდა: როგორი ღვთის სასწაულია! მცემდნენ, მაგრამ არ მტკიოდა, თითქოს მე კი არ მირტყამდნენ, შეშას ურახუნებდნენო. მერე მას სხვა განსაცდელი შეემთხვა. ხიბლში მყოფმა მონაზონმა კელია დაუწვა. თავის მორჩილთან ერთად ტყიდან უყურებდა ხანძარს და ამბობდა, თუ ანგელინა მოღვაწეა, მაშინ არაფერი უნდა ჰქონდესო. ანგელინა არ დრტვინავდა, მხოლოდ იმაზე წუხდა, რომ ცეცხლში ხატებიც დაეწვა. ეს რომ შეიტყო, ცხუმელი მღვდელმთავარი აღშფოთდა და ქადაგებისას თქვა, მონაზვნის კელიის დაწვა ისეთივე ცოდვაა, როგორიც ტაძრისაო.
მახსენდება მონაზონ ანგელინასთან პირველი შეხვედრა უდაბნოში. გაციებული ვიყავი, ძლივს ვიდექი ფეხზე. ის ისე მესაუბრებოდა, თითქოს მრავალი წლის ნაცნობი ვყოფილიყავი და ახლა მოულოდნელად შევხვედროდით ერთმანეთს. დედა ანგელინამ შემომთავაზა, ცარიელ კელიაში დავსახლებულიყავი. მპირდებოდა, საკვებსა და ყველა აუცილებელ საგანს მოგიტან, რომ ლოცვას არ მოსწყდეო. ის წმინდა უბრალოების განსახიერება იყო. მადლობა გადავუხადე და თანამგზავრებთან ერთად გზა გავაგრძელე. მან კი მითხრა: - ნებისმიერ დროს მოდი; შენთვის აქ კელია მოიძებნება, და თუ არ იქნება, ერთად ავაშენებთო.
ჩემმა მეხსიერებამ აქამდე შემოინახა ასეთი სურათი: ზამთარია. ცა რძისფერია. ხეები თოვლში ჩაძირულან და უზარმაზარ ყვავილებს ჰგვანან. სიჩუმეა. ფეხქვეშ თოვლი ხრაშუნობს. თუ შემთხვევით მოხვდები ტოტს, ხეებიდან თოვლი თეთრ წვიმასავით ცვივა. თოვლი ცეცხლივით გწვავს სახეს. სული გრძნობს განსაკუთრებულ მშვენიერებას თეთრი ფერისას, როგორც სიმბოლოს მარადისობისა და უსაზღვრო სივრცისა, როგორც სიმბოლოს სულიერი სისპეტაკისა და მყუდროებისა, და გგონია, რომ სპეტაკი ყველაზე მშვენიერია და ყველაზე ღრმაა ფერთა შორის. ბილიკზე დგას მონაზონი ანგელინა, მუხლს გვიდრეკს და მზერით მოგვაცილებს. მე ის ტყის დიასახლისს მაგონებს, რომელიც თავისი კოშკიდან სტუმრებთან გამოსამშვიდობებლად გამოვიდა.