სჯობს ბალღივით იტიტინო, ვიდრე ამაღლებულ მსჯელობას მიეცე
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
სქემარქიმანდრიტი სერაფიმე. მამა სერაფიმე იყო გამოცდილი მუშაკი იესოს ლოცვისა.
ამისთვის აუცილებელ პირობად მორჩილებას თვლიდა. ამბობდა, თუ კაცი დაძაბული შრომით მოიპოვებს იესოს ლოცვის ჩვევას, მაგრამ არ განიკურნავს სულს მორჩილებით და არ მოიკვეთს თავის ნებას, მაშინ ჩვევის გამო წარმოთქმული ლოცვა არ იქნება დაფარული, განუწყვეტელი, რომელზეც წერდნენ მოღვაწენი; მხოლოდ სიტყვებად დარჩება, რადგან გოროზობა ვერ შეეწყობა იესო ქრისტეს სახელს, ამ თვალშეუდგამ თავმდაბლობასო. იმასაც ამბობდა, იესოს ლოცვის მოსაპოვებლად აუცილებელია ვნებებთან ბრძოლა: წმინდა გულში ლოცვა თავისთავად იღვიძებს. ძველი წმინდანები მუდმივ ლოცვით მდგომარეობაში სწორედ უბოროტობისა და უბრალოების წყალობით იყვნენო. ბერი გვმოძღვრავდა, ლოცვა ცხოვრებას არ უნდა მოსწყდესო. ის განაკრძალებდა მლოცველთ ხელოვნური ხერხებით გონების გულში შეყვანისაგან და ასწავლიდა მათ, რომ იესოს ლოცვა თავისთვის ხმამაღლა წარმოეთქვათ, განსაკუთრებით დასაწყისში, ყურადღება უნდა მიეპყროთ ტუჩების მოძრაობაზე და ლოცვა იპოვიდა თავის ადგილს. ის ასევე სასარგებლოდ თვლიდა იესოს ლოცვის შეერთებას სუნთქვასთან, როცა ლოცვას შენთვის კითხულობ.
სოხუმში ცხოვრების პირველ წლებში მამა სერაფიმე ყოველდღიურად დადიოდა საკათედრო ტაძარში. მმართველმა მღვდელმთავარმა, ეპისკოპოსმა ლეონიდემ მამა სერაფიმე აკურთხა აღსარების მისაღებად. მეუფე ლეონიდე გამორჩეული პიროვნება იყო. სემინარია ჰქონდა დამთავრებული, მაგრამ მღვდელი არ გამხდარა, რევოლუციის შემდგომ დასავლეთ საქართველოს რევოლუციური ტრიბუნალის გამომძიებელი იყო. მერე პროკურატურაში მაღალი თანამდებობები ეკავა. ეტყობა, ძალიან უნდოდა, სიცოცხლე იმით დაემთავრებინა, რითიც დაიწყო და მღვდლობა გადაწყვიტა. კათოლიკოს-პატრიარქმა მელქისედეკმა (ფხალაძემ) მღვდლად დაასხა ხელი, მერე იფიქრა, ასეთი მცოდნე და გამოცდილი კაცი ეკლესიისთვის შესაძლოა უფრო სასარგებლო იყოსო და მღვდელმთავრად აკურთხა. ასე გახდა მღვდელი ლეონტი ეპისკოპოსი ლეონიდე. იგი მტკიცე, სამართლიანი ხასიათით გამოირჩეოდა. შეეძლო დაესაჯა ვინმე, მაგრამ სიამოვნებით პატიობდა, როცა კაცი თავს არ იმართლებდა და თავის დანაშაულს აღიარებდა.
ხრუშჩოვისეული დევნის წლებში არაერთხელ დამდგარა სოხუმის საკათედრო ტაძრის დახურვის საკითხი, მაგრამ ეპისკოპოსი ლეონიდე მამაცურად იცავდა ეკლესიის უფლებას. ხელისუფლებას არაერთხელ მიმართა ოფიციალური პროტესტით იმის გამო, რომ ეკლესიასთან დაკავშირებით ახალი საკანონმდებლო აქტები კონსტიტუციას არ შეესაბამებოდა. იგი გახლდათ იმ ქართველ მღვდელმთავართაგანი, რომელთა წყალობით 60-იან წლებში, დევნის ჟამს, საქართველოში ტაძრები არ დაუკეტავთ. ეპისკოპოსი ლეონიდე სიყვარულით ეპყრობოდა მამა სერაფიმეს, დიდხანს ესაუბრებოდა ხოლმე.
მამა სერაფიმეს მრავალი სულიერი შვილი ჰყავდა რუსეთში. გლინის მონასტრის მომლოცველებმა ახლა სოხუმში გამოსწიეს და საკათედრო ტაძარი ხალხით აივსო. მამა სერაფიმე აღსარებისას პასუხობდა სულიერ შეკითხვებს, მოძღვრავდა მათ. აქ, გლინის უდაბნოდან შორს, სოხუმში კვლავ შეხვდა თავის სამწყსოს. ხალხს ასწავლიდა, დაენახათ ყველაფერში ღვთის ნება და დამორჩილებოდნენ მას. ბევრი მისი სულიერი შვილი, მისივე კურთხევით, ამონაწერებს აკეთებდა წმინდა მამათა ნაშრომებიდან (უფრო "კიბიდან" და ღირსი ბარსანოფისა და ღირსი იოანეს "კითხვებზე პასუხებიდან". ამ ამონარიდებს იგი კურთხევის ნიშნად არიგებდა სულიერ ცხოვრებაში სახელმძღვანელოდ).
მამა სერაფიმესთან თბილისიდან ხშირად ჩამოდიოდა მისი სულიერი მეგობარი, სქემარქიმანდრიტი ანდრონიკე (ლუკაში). ორივე მოძღვარს სურდა, შეენარჩუნებინა ერთობა გლინის მონასტრის საძმოსი, რომელიც მიმოფანტული იყო ამ უზარმაზარ ქვეყანაში. მართლაც, გლინის მონასტრის მონაზვნებმა იცოდნენ, რომ ისინი ყოველთვის პოვებდნენ თავშესაფარსა და დახმარებას მიტროპოლიტ ზინობთან და ორივე მამასთან.
მე მაინტერესებდა გლინის მონაზონთა დამოკიდებულება სქემმონაზონ ილარიონის წიგნთან, "კავკასიის მთებში", რომელიც გახდა მიზეზი ე.წ. იმიასლაველთა განხეთქილებისა და დავა-კამათისა, მაგრამ ვერ მოვახერხე მეკითხა მამა სერაფიმესთვის. ზოგიერთი მამა სიფრთხილით ამბობდა, "ჭეშმარიტება სადღაც შუაშიაო". რას ნიშნავდა "შუაში", საეჭვოა, ღვთისმეტყველურად ამის განსაზღვრა შესძლებოდათ. მე ვერ გავბედავ მათი სიტყვები ჩემი ინტერპრეტაციით შევცვალო, მაგრამ მაინც ჩამოყალიბდა აზრი: ერთი მხრივ, მათ ესმოდათ, რომ სქემმონაზონ ილარიონის წიგნში წმინდა მამათა ნაწერებიდან შეკრებილია მდიდარი მასალა და მათი უარყოფა ნიშნავს ღვარძლთან ერთად ხორბალიც დაწვა, ან უარყო წიგნში წარმოდგენილი მამათა სწავლებები. მაგრამ, იმავე დროს, ესმოდათ და გრძნობდნენ, რომ თეზისს: "ქრისტეს სახელი - ეს ღმერთია" - შეუძლია თვითმოტყუებასა და სულიერ სიამაყეში ჩაგვაგდოს, თუ საფუძვლად დავუდებთ "ლოცვის ღვთისმეტყველებას" და ამგვარად მივცემთ გონებაჭვრეტით ფორმას. ამიტომაც მამები ურჩევდნენ, ძალზე ფრთხილად მოპყრობოდნენ სქემმონაზონ ილარიონის წიგნს, როგორც ფლაკონებს, რომელთაგან ერთში წამალი ასხია, მეორეში კი საწამლავი.
ამტკიცებდნენ: მხოლოდ იმ კაცს, რომელსაც აქვს იესოს ლოცვაში პირადი გამოცდილება, შეუძლია ამ წიგნიდან სასარგებლო რამ აიღოს, მაგრამ სჯობს არ გავრისკოთ და მივმართოთ წმინდა მამებს, განსაკუთრებით ბოლო დროის მოძღვრებს, მღვდელმთავარ ეგნატეს (ბრიანჩანინოვი)და თეოფანე დაყუდებულს (იმ დროს ისინი ჯერ კიდევ არ იყვნენ წმინდანად შერაცხულნი).
წიგნის, "კავკასიის მთებში", შეფასება მათთვის ძნელი იყო, რადგან, როგორც მუშაკნი იესოს ლოცვისა, განიცდიდნენ მდგომარეობას, როცა ღვთის მადლი ეწვევა კაცს და შინაგანად გაცისკროვნდება, როცა ლოცვის სიტყვები სუბიექტურ აღქმაში თითქოსდა უერთდება მადლის მოქმედებას - შინაგან თეოფანიას, ღვთის გამოცხადებას. ამიტომაც ეშინოდათ იესოს სახელის უნებურად შეურაცხყოფისა, რომლითაც ისინი ცხოვრობდნენ და სუნთქავდნენ. მაგრამ გლინელი მამები თავის მოწაფეებს ამ წიგნის წაკითხვას არ ურჩევდნენ. შეიძლება ითქვას, რომ სუბიექტური ლოცვითი ღვაწლის, გარკვეული მომენტების საღვთისმეტყველო მსჯელობის არეში გადატანამ წარმოშვა შეუსაბამობა, რომელმაც განხეთქილების და ზოგ შემთხვევაში ერესის ფორმა მიიღო.
მამები ღვთისმეტყველები კი არა, მლოცველები იყვნენ და თავიანთ ლოცვას როგორც სულიერ საგანძურს უფრთხილდებოდნენ. ისინი გაურბოდნენ განყენებულ მსჯელობასა და შეფასებას, ეშინოდათ, არასწორ შეხედულებას მათი შინაგანი ლოცვისთვის ხელი არ შეეშალა და გულში ეჭვი არ ჩაეთესა. ისინი ურჩევდნენ, რომ ლოცვა ბავშვური უბრალოებით წაეკითხათ: "სჯობს ბალღივით იტიტინო, ვიდრე ამაღლებულ მსჯელობას მიეცეო". "საღვთისმეტყველო საკითხების გადაჭრა მონაზვნების საქმე არ არის. ჩვენ პროფესორები არა ვართ", - ამბობდნენ ისინი. მაგრამ უნდა ითქვას, რომ სწორედ აკადემიის და უნივერსიტეტების პროფესორებმა - ფლორენსკიმ, ბულგაკოვმა და "მოჯანყე ათონის" სხვა მეგობრებმა, თავიანთი გნოსტიკური მსჯელობით იმიასლაველობაზე, მართლაც "გააფორმეს" ის, როგორც პანთეისტური ერესი. შემდგომში ფლორენსკის პოპულარიზატორებმა უფრო აბურდეს ფლორენსკის ეკლექტიკური გნოსტიციზმი და მას მიაწერეს შეხედულებები თვითონ სიმბოლოს რაღაც ენერგიებზე, რომელიც თითქოსდა ერთარსი იყო სიმბოლიზებულის ენერგიებისა.
დავუბრუნდეთ სქემარქიმანდრიტ სერაფიმეს. იგი ამბობდა, რომ ავადმყოფობისა და უკიდურესი უძლურების შემთხვევების გარდა, მონაზონმა აუცილებლად უნდა აღასრულოს "ხუთასეული" (ოპტელი ბერების ლოცვითი კანონი - 300 იესოს ლოცვა, 100 ლოცვა ღვთისმშობლისადმი, 50 მფარველი ანგელოზისა და 50 ყველა წმინდანისადმი). ძალიან უყვარდა ღვთისმშობლის მიძინების აკათისტო. სწავლულ მონაზვნებს მამა სერაფიმე პატივს სცემდა, მაგრამ გრძნობდა, რომ მისი სული მათთან კი არა, მლოცველ ბერებთან ურთიერთობას ესწრაფოდა. იესოს ლოცვის მომპოვებელი სულნი ერთმანეთს სცნობენ და ერთი სიტყვითაც უგებენ.
მამა სერაფიმეს ჩემთვის თითქმის არასოდეს მოუყოლია უდაბნოში ცხოვრების შესახებ. ალბათ იცოდა, რომ ეს გამოცდილება არ შეესაბამებოდა ჩემს ცხოვრებას და არ გამომადგებოდა. თუ უდაბნოზე ჩამოვარდებოდა საუბარი, ის მხოლოდ გარეგნულ ამბებს მიყვებოდა, თითქოს უდაბნოს ადამიანს მოაშორებდა, რათა ყველა არ შეხებოდა მას. გვიამბობდა, თუ როგორ შეეჩვია დათვი ბერების ყანას და ყოველღამე ტაროებით იგემრიელებდა პირს. ბერებმა დიდხანს არ იცოდნენ, როგორ მოქცეოდნენ ნადირს. მონადირეებისთვის რომ ეთხოვათ, მოკალითო, ეცოდებოდათ და თანაც მონადირეებს დათვზე არანაკლებ შეეძლოთ ყანის ამოგდება. ბოლოს მოიფიქრეს: ცარიელი კონსერვის ქილები ერთმანეთს გადააბეს და წყაროში ჩაუშვეს. წყლის ზედაპირზე მოტივტივე ქილები ერთმანეთს ეხეთქებოდა. დათვს ინსტინქტურად ეშინია ლითონის ხმისა. ავისმომასწავებელმა ხმაურმა შეაშინა ნადირი და გაიქცა.
მინდვრის თაგვებიც არანაკლებ აზიანებდნენ ბოსტანს. მეუდაბნოეებმა სოფლიდან კატა ამოიყვანეს, მან კი თითქოს თაგვებთან პირი შეკრა. სათაგურების დადგმა გადაწყვიტეს. დიდი სჯა-ბაასი გაიმართა: შეეძლო მონაზონს თაგვის მოკვლა თუ არა. ბოლოს დაადგინეს: "ჩვენ თაგვებს არ ვხოცავთ, არამედ გამოვცდით: "გინდა? მაშინ შედი სათაგურში". მამა სერაფიმე ამას გულთბილი იუმორით გვიყვებოდა.
ეკუმენიზმს, ისევე როგორც ყველა ბერი, უარყოფითად უყურებდა, მაგრამ არ უყვარდა, როცა მისი თანდასწრებით საუბრობდნენ ამაზე და მღვდელმთავრებს განიკითხავდნენ. "დაჰფარე სამოსით სიშიშვლე შენი მამისა", - ამბობდა იგი. მამა სერაფიმე მთელი სიცოცხლე დევნილი და შევიწროებული იყო, მრავალი წელი გაატარა ციხესა და გადასახლებაში, გლინის უდაბნოს ორგზის დარბევაც გადაიტანა. მაგრამ არასოდეს გაგვიგონია მისგან განკითხვისა და დრტვინვის სიტყვები, ყველაფერს ღვთის ნებად იღებდა. ცნობილ მიტროპოლიტ ნიკოლოზზე (იარუშევიჩი) ამბობდა: "მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა ღრმად შეინანა, აღსარება მითხრა. მას ჩვენი გლინის სავანე უყვარდა". მამა სერაფიმე დიდი აზრის იყო პატრიარქ ალექსიზე და თვლიდა, რომ იგი ყველაფერს აკეთებდა, რაც შეეძლო.
მე მოწმე ვიყავი იმისა, მამა სერაფიმესადმი ურჩობა მოულოდნელი უბედურებით როგორ დამთავრდა, თუ რაოდენ სახიფათოა ურჩობა მოძღვრისა, მაშინაც კი, როცა ის უბრალო რჩევას გაძლევს. გუდაუთის ეკლესიაში, სადაც მე 70-იან წლებში ვმსახურობდი, იყო ერთი დურგალი, სახელად პავლე ერქვა. ეკლესიური კაცი იყო, მაგრამ გადახრა ჰქონდა. თავის ხელმძღვანელად აირჩია მეუდაბნოე სქემმონაზონი ელენე, რომელსაც ჩვევად ჰქონდა სამღვდელოების ლანძღვა, თან თავის რაღაც ხილვებზე საუბრობდა. მამა სერაფიმე არავის აკურთხებდა, ამ მეუდაბნოის რჩევა მიეღოთ და სულიერ დედად ეღიარებინათ. ერთხელ ეს პავლესაც უთხრა. მან უხეშად უპასუხა: "ყველა კაცის განკითხვა ცოდვაა, მხოლოდ დედა ელენეს განკითხვა არ არის ცოდვა?" მამა სერაფიმემ უთხრა: "მე შენ გაგაფრთხილე, ახლა კი ისე მოიქეცი, როგორც გინდა".
წავიდა ელენესთან. შინ დაბრუნებული კი ჩვეულ საქმიანობას შეუდგა. ფიქრობდა და იხსენებდა მონაზონთან საუბარს და ისე გაერთო, რომ ელექტროხერხმა ხელზე რამდენიმე თითი წასხიპა. შემდგომში მან აღიარა: "ელენესთან რომ არ წავსულიყავი, ეს ამბავი არ მოხდებოდაო". ელენე წინასწარმეტყველებდა, რომ მისი კელია წმინდა ადგილი გახდებოდა მომლოცველთათვის, მერე კი იქ დიდი მონასტერი აშენდებოდა. მაგრამ ის რაღაც უცნაური სიკვდილით მოკვდა, მისი საცხოვრებელი კი დაცარიელდა და გაპარტახდა.
გადიოდა წლები. მამა სერაფიმე უფრო და უფრო ნაკლებად გამოდიოდა გარეთ. როცა მოვინახულე, ვეღარ დგებოდა ლოგინიდან. უცნაური შთაბეჭდილება დამრჩა: თითქოს ჩემს წინ ახალშობილი ჩვილი იწვა, რომელიც სამყაროს წმინდა და ოდნავ გაოცებული თვალებით უცქერდა, სახეც ჩვილივით ვარდისფერი ჰქონდა. მან რამდენიმე სიტყვა მითხრა, მაგრამ ჩანდა, რომ საუბარი აღარ უნდოდა. ისინი, ვინც შეესწრო მამა სერაფიმეს სიკვდილს, იგონებდნენ, რომ მან ხმამაღლა თქვა: "რასაც მთელი სიცოცხლე ვეძებდი, ახლა ვიპოვეო". ვფიქრობ, ამას მოუკლებელ, გულითად იესოს ლოცვაზე ამბობდა, იმაზე, რომ მისი სული მადლის ტალღებით აივსო, რომ მას განეცხადა ლოცვა ჩვენთვის იდუმალი სიღრმით.