არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) - გლინის საძმო ივერიის მიწაზე
სქემარქიმანდრიტი სერაფიმე. გლინის უდაბნოს დახურვის შემდეგ მონაზვნები აქეთ-იქით გაიფანტნენ.
მამა სერაფიმე ახალგაზრდობაში სოხუმთან ახლოს მთებში ცხოვრობდა, კარგად იცნობდა ამ მხარეს და გადაწყვიტა, დროებით აქ დასახლებულიყო. მასთან იყო მორჩილი და მესენაკე, ოდესღაც სადესანტო ჯარებში ნამსახური მონაზონი, რომელსაც პარაშუტით გადმოხტომისას თავის ტრავმა მიეღო და დემობილიზებული, მონასტერში მივიდა. ის გამოირჩეოდა უსიტყვო მორჩილებით. გეგონებოდათ, ჰაერში იჭერდა მამა სერაფიმეს თითოეულ სიტყვას, ხელის თითოეულ მოძრაობას. მუდამ დუმდა და შეკითხვას მოკლედ და ერთი სიტყვით პასუხობდა. მამა სერაფიმე ამბობდა, კონტუზიამ დაუცხრომელი თავის ტკივილი დაუტოვაო. მიუხედავად სნეულებისა, მონაზონს სახე წრფელი სიხარულით ჰქონდა გაბრწყინებული. როცა მამა გიორგისთან მარტო დავრჩი, ვკითხე: - ჩემს ოთახში უცხო კაცი როგორ შემოუშვი-მეთქი. დაუფიქრებლად მიპასუხა: - გულმა მიკარნახაო... კვლავ ვკითხე: "თუ გააფრთხილე მაინც, რომ სენაკში წავედი და რამდენიმე დღის შემდეგღა დავბრუნდებოდი?" "დიახ. მან კი მითხრა: - დავიცადოთ, ვნახოთო". ყველა ერთად შევექეცით კარტოფილს. თვით მამა გიორგიმაც კი შეცვალა თავისი კანონი და ღამით სატრაპეზოდ დარჩა.
მამა სერაფიმემ ხმა ამოიღო თუ არა, ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, თითქოს მას დიდი ხანია ვიცნობდი. ამ მამას უჩვეულო უბრალოება და სიყვარული ჰქონდა. შემდგომში არაერთხელ მინახავს, თუ როგორ ჰფარავდა ამ სიყვარულს სულიერ შვილთა მიმართ გამოჩენილი გარეგნული სიმკაცრით. ზოგჯერ გეგონებოდა, მრისხანებსო, მაგრამ როცა ხვდებოდა, ისინი გულწრფელად ინანიებდნენ და ღმერთს შენდობას შესთხოვდნენ, მათ დამშვიდებასა და გამხნევებას ჩქარობდა. გეგონებოდა, მზეს კუპრივით შავი ღრუბელი მოეფარა და მერე კვლავ გამოანათაო.
მამა სერაფიმეს არ ჰქონდა საერო განათლება. მისი აკადემია მონასტერი და უდაბნო იყო. ის უზარმაზარ სულიერ გამოცდილებას და ადამიანთა სულებში შეღწევის ნიჭს ფლობდა. შესანიშნავი მთხრობელი გახლდათ. მას ყველა გატაცებით უსმენდა. სწორედ იმაზე იცოდა საუბარი, რაც ხალხს ნამდვილად სჭირდებოდა და თავის წარსულ ცხოვრებაზე მონათხრობებით პასუხობდა ჯერ კიდევ დაუსმელ შეკითხვებს.
ცოტას მიყვებოდა თავისი ცხოვრებიდან, უფრო კი სასულიერო პირთა სიძნელეებზე მომითხრობდა, შეკითხვებზე, რომლებიც აღსარების მიღებისას უნდა გადაჭრა, დემონურ განსაცდელებზე, რომლებიც შეემთხვევა მონაზონს როგორც ერში, ისე მონასტერში, ცოდვასა და საცთურზე, რომლებიც ხშირია მღვდლის სამრევლო ცხოვრებაში. მისი მონათხრობი იყო ერთგვარი მოგონებები ნანახსა და განცდილზე, რომლებიც ნაწილობრივ ჰგავდა პატერიკების ამბებს, ოღონდ ცდილობდა, რაც შეიძლება უკეთ ეჩვენებინა ადამიანის სულის ბნელი უფსკრულები და ის განსაცდელები, რომლებიც ახასიათებს ჩვენს დროს. გადიოდა დრო და თანდათან მივხვდი, რომ იგი ამას ჩემთვის ამბობდა, ბრძნულად და გულში ჩამწვდომად: ის მამხილებდა ჩემს ცოდვებში, სინანულისკენ აღმძრავდა, ჩემს სისუსტეებს უფრო ღრმად ხედავდა, ვიდრე მე, სხვათა მაგალითებით მაფრთხილებდა. ამ ღირს მამას ღრმად ესმოდა ტრაგიზმი მონასტერს მოკლებული მონაზვნებისა თავისთვის აუცილებელი, სულიერი გარემოდან რომ გამოაგდეს და სოფელში სული ეხუთება. ამიტომაც აღსარების მიღებისას ძალზე შემწყნარებელი გახლდათ ცოდვილის მიმართ, ამავე დროს, მოითხოვდა ცოდვებთან ბრძოლას და მონანულის მიტევების მთავარ პირობად თვლიდა მის მზადყოფნას, რომ ცოდვებს აღარ გაიმეორებდა. ეს შემწყნარებლობა არასოდეს გადადიოდა ადამიანურ სისუსტეთა წაქეზებაში.
მამა სერაფიმემ საცხოვრებელ ადგილად სოხუმი აირჩია. თავიდან ჩაეწერა ილორის მკვიდრთან, თომა რედჩენკოსთან, ჩვენი ტაძრის მრევლთან, მერე კი სოხუმში პატარა ქოხი შეიძინა. ეს ადგილი შემთხვევით არ აურჩევია. ხრუშჩოვის დროინდელი დევნის წლები საქართველოში სუსტად იგრძნობოდა - მას თითქოსდა აფერხებდა ქართველი ხალხის ხასიათი: ქართველებსა და აფხაზებს არ უყვარდათ ჭუჭრუტანაში ყურება - რას აკეთებენ მეზობლებიო, მაბეზღარებს უფროსობაც კი ზიზღით უცქერდა. რელიგიის, სამღვდელოებისა და მორწმუნეთა წინააღმდეგ ბრძოლა საკმაოდ უხალისოდ მიმდინარეობდა, უფრო ფორმალობისთვის. რელიგიის საქმეთა რწმუნებულისაგან თვითნებობას ასევე ვერ ვგრძნობდით. მორწმუნეებს უწესოდ მხოლოდ მილიცია ექცეოდა, მაგრამ ესეც ერთგვარი ხერხი ყოფილა ქრთამისთვის. დასაჩუქრების მერე წესრიგის დამცველი კითხულობდა: "ხომ არავინ გაბრაზებთ? შეგვატყობინეთ!"
მაგრამ მარტო ამისთვის არ დაბრუნებულა მამა სერაფიმე სოხუმში, სადაც ის უკვე ცხოვრობდა 20-იან წლებში, გლინის მონასტრის პირველად დახურვის მერე. ე.წ. პატარა სვანეთში, ქალაქიდან რამდენიმე ათეული კილომეტრის დაშორებით, ამტყელის ტბის მიდამოებში, მთებში, დაბურულ ტყეში, სადაც დღისითაც ბნელოდა, შავ მდინარესთან და ბარგანებზე მეუდაბნოეები ცხოვრობდნენ. ისინი ხის ქოხებს და კელიებს აშენებდნენ, ტყეს ასუფთავებდნენ - ფიჩხს აგროვებდნენ, ჩამოტეხილ ტოტებს ხერხავდნენ, ასე რომ, შეშა არ აკლდათ, ახოში სიმინდსა და კარტოფილს თესავდნენ, აგროვებდნენ კენკრასა და წაბლს. მათი ძირითადი საკვები დანაყილი ორცხობილა იყო. კეთილისმყოფელთაგან მოტანილ თეთრ პურს ახმობდნენ და მერე ნაყავდნენ. შეგეძლო მდუღარე წყალში გაგექნა მოხარშული კარტოფილი, დანაყილი ორცხობილა, ზეთი და სადილიც მზად იყო! ზამთრისთვის ახმობდნენ ასკილსა და წითელი მოცვის ფურცლებს, რომელსაც ჩაის მაგივრად ხმარობდნენ. მეუდაბნოეები სკიტებად - ორ-სამ კაცად ცხოვრობდნენ.
მამა სერაფიმე სოხუმში ჩამოსვლის მთავარ მიზნად მეუდაბნოეთა სულიერ გამოკვებას თვლიდა. თავისი უზარმაზარი გამოცდილება, ლოცვითი მოღვაწეობა და, რაც მთავარია, მამობრივი სიყვარული ჩადო ამ სულიერ მსახურებაში. ხშირად, რამდენიმე თანამგზავრთან ერთად, მოინახულებდა ხოლმე მეუდაბნოეებს. ახალგაზრდებს უჭირდათ და 70 წლის ბერი კი იოლად გაივლიდა ბუჩქნარს, გადალახავდა მდინარეებს, ფერდობს... მეუდაბნოეები მასთან სოხუმში ღამღამობით მიდიოდნენ. განსაკუთრებულად არ გვდევნიდნენ, მაგრამ პროვოკაციებსა და უსიამოვნებებს მაინც ვუფრთხოდით, გვეშინოდა, მოძღვარი ქალაქიდან არ გაესახლებინათ. იდეოლოგიურ-პოლიციური აპარატი თრგუნავდა ადგილობრივ ხელისუფლებას, ამიტომაც ისინი ცდილობდნენ, მოეპოვებინათ მტკიცებულება, რომ ანტირელიგიური სამუშაოები ტარდებოდა. სულიერი შვილებისთვის შეხვედრაზე უარის თქმა ბერს არ შეეძლო, ის ხომ მათთვის ცხოვრობდა. ზოგჯერ მეუდაბნოეებთან საუბარი მთელი ღამე გრძელდებოდა. ხელისუფლება, მგონი, თავს ისე აჩვენებდა, თითქოს არაფერი იცოდა ამ სტუმრობისა.
გამოიცა ბერი მერკურის წიგნი "კავკასიის მთებში". ეს ჩემთვის ცნობილი ერთადერთი მოთხრობაა კავკასიელ მეუდაბნოეებზე. სამწუხაროდ, მამა მერკურის ჩანაწერებში საკმარისად არ არის გახსნილი თვითონ მონაზვნური ცხოვრების არსი და უმთავრესი - მორჩილება. ვიცნობდი მრავალ მეუდაბნოეს, ვიყავი მოწმე იმისა, რომ მამა სერაფიმეს ლოცვის საფარქვეშ მყოფი მორჩილნი თანაბარი სულიერი ნაბიჯით მიდიოდნენ. გეგონებოდა, მოძღვარს ისინი ხელიხელჩაკიდებულნი სულიერ ფლატეებსა და უფსკრულებზე გადაჰყავდა. მორჩილება - მონაზვნის ფრთებია. მეუდაბნოეები, რომელთაც სულიერ მამებად ისეთი გამოცდილი მოძღვრები ჰყავდათ, როგორიც გახლდათ სემარქიმანდრიტი სერაფიმე, გამოირჩეოდნენ განსჯითა და სულის სიმშვიდით, თავის ნებაზე მცხოვრებნი კი სულიერ გზას მეტად მძიმე ტვირთაკიდებულნი იწყებდნენ, არ აკლდათ მძიმე განსაცდელი და წლების მანძილზე შრომით შეძენილს კარგავდნენ.
წმინდა მამები წერდნენ, რომ ეშმაკი მონასტერში მონაზვნებს ძაღლივით უტევს, უდაბნოში კი ლომივით ცდილობს მათ გაგლეჯას. მეუდაბნოის მთავარი იარაღი თავმდაბლობა და ლოცვაა. მაგრამ მორჩილების გარეშე თავმდაბლობის შეძენა თითქმის შეუძლებელია. თავისი გამორჩეულობის რწმენაზე დაფუძნებული, განხურვებული წარმოსახვა - სიამაყის შავი ფრთებია, რომელთაც შეუძლიათ მოხიბლული ადამიანი მიწის ზემოთ ასწიონ, მაგრამ ისინი უეცრად ემტვრევა, ამაყი მოსაგრე მიწას ენარცხება და იმსხვრევა.
ჩვენ ვიცნობდით მეუდაბნოეებს, რომელებმაც მოუმზადებლად იტვირთეს მყუდროებისა და განმარტოების ღვაწლი, ამიტომაც გონებააშლილობამდე მივიდნენ. დემონებისგან ერთი ასეთი მოხიბლული უდაბნოში დარბოდა და ყვიროდა: "სერაფიმე ჯადოქარია, არც დღისით და არც ღამით მოსვენებას არ მაძლევსო". მამა მერკური აღწერს მონაზონს, რომელმაც ბერებისთვის განკუთვნილი შეწირულობით თავისთვის სოხუმში სახლი იყიდა და ჩაეწერა. მაგრამ, ეტყობა, მამა მერკურიმ არ იცოდა, რომ ამ მონაზვნის დაცემის თავდაპირველი მიზეზი ურჩობა იყო საკუთარი სულიერი მამის მიმართ. ეს ურჩობა დაიწყო გლინის მონასტრის არსებობის ბოლო წლებში და უსაშინლესად დასრულდა. გლინის მონასტრის ყოფილმა მონაზონმა ჯვარი მოიხსნა, ერში წავიდა და გალოთდა. ძალიან ჯავრობდა ხოლმე ამ კაცზე მამა სერაფიმე! ტიროდა, ლოცულობდა, რომ უფალს არ გაეწირა უბედური სული! მართლაც, სიკვდილის წინ ეს მონაზონი, თითქოს გამოიღვიძაო, გონს მოვიდა, ღრმა სინანული აჩვენა, კვლავ ჩამოიკიდა ჯვარი, აღიარა ცოდვები, ეზიარა და გარდაიცვალა.
მონაზონი უნდა ემორჩილებოდეს მოძღვარს და ძმათა წინაშე მოიკვეთოს საკუთარი ნება. მონაზვნობის ამ დოგმატზე ღირსი ეფრემ ასური წერდა, - მონაზვნის თავმდაბლობა საშიშია დემონებისთვისო.
მამა სერაფიმემ მონასტრული მორჩილების მრავალწლიანი სკოლა განვლო, შემდეგ სწავლობდა სიმდაბლის "აკადემიაში" - ციხეებში, გადასახლებებსა და ბანაკებში, ყირგიზეთის სტეპებსა და კავკასიის მთებში შეიძინა მეუდაბნოე ცხოვრების გამოცდილება. ამიტომაც შეგვიძლია მას "მონაზვნური მეცნიერების დოქტორი" ვუწოდოთ.
ერთი მონაზონი ჰყვებოდა, რომ იგი ერთხანს თავის მოძღვართან ერთად მღვიმის კელიაში ცხოვრობდა. სიკვდილის წინ მოძღვარმა უბრძანა, მღვიმეში დაემარხა, თვითონ კი მაშინვე სოხუმში წასულიყო. თანაც მიუთითა შემოვლითი გზა - გრძელი და მძიმედ გადასალახი. მაგრამ მოძღვრის დამარხვის მერე მონაზონმა ნაცნობი და მოკლე გზა ირჩია. თავს იმშვიდებდა - მოძღვრის ნება მხოლოდ სოხუმში წასვლა იყო, ხოლო რა გზით, ეს სულერთიაო.
ნათელი დილა იდგა. ბერი სწრაფად მიდიოდა, თან ლოცვას კითხულობდა. უეცრად დაუბერა ქარმა და ზეცა ღრუბლებით აივსო. დაიწყო თოვა. ნამქერით დაფარული ბილიკით წასვლა უკვე აღარ შეიძლებოდა, ვეღარც უკან დაბრუნდებოდა. დაღამდა. იდგა ბერი კლდეს მიყრდნობილი, სიცივით გაფიჩხებული. მიხვდა, რომ მორჩილება და ურჩობა სიკვდილ-სიცოცხლის არჩევნად ექცა. ეტყობა, განსვენებული მოძღვრის მრავალწლიანი შრომისა და ლოცვის გამო ღმერთმა შეიწყალა ურჩი მორჩილი. ცოცხალმკვდარი და გაყინული შემთხვევით იპოვეს მგზავრებმა და ქალაქში ჩაიყვანეს. ამის მერე დიდხანს ავადმყოფობდა. ხშირად ყვებოდა, რაც შეემთხვა და ამბობდა, ურჩობა - ღალატია საკუთარი თავისა და ეს ცოდვა მონაზვნისთვის თვითმკვლელობის მსგავსიაო.