გლინის საძმო ივერიის მიწაზე
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აღორძინებულმა გლინის ღვთისმშობლის შობის სახელობის უდაბნომ გააგრძელა სახელგანთქმული ოპტის მონასტრის ტრადიციები.
აქ საკვირველ ყვავილებად გაიფურჩქნა ის სულიერი გარდამოცემა მონაზვნობისა, რომელიც ოქროს ძაფად გაიჭიმა თებაიდიდან ათონამდე, ათონიდან ღირსი პაისი ველიჩკოვსკის მიერ - ვალახიამდე, იქიდან - რუსეთში, ბრიანსკის ტყეებში აშენებულ სკიტებსა და ოპტაში. ამ გარდამოცემას ხუცობა (სულიერი მამობა) ჰქვია (იგი შეიძლება უბრალო ბერიც იყოს, მღვდელიც, ანდა მღვდელმთავარი. ამ სიტყვების ზუსტ ქართულ შესატყვისზე ბევრი ვიფიქრეთ და რამდენიმე ვარიანტი გამოვარჩიეთ. ესენია: "ხუცობა", "მამა", "მოძღვარი", "ბერი" და ტექსტს როგორც მოუხდება, ისე ვიხმართ ამ სიტყვებს. წმინდა გიორგი მთაწმინდელის თქმით: "ხუცესი არის მღვდლად ნაკურთხი ბერი", - კ.კ.). სავანეებში, სადაც ხუცობის სულიერი ტრადიცია იყო შემონახული, მთავარ საქმედ ითვლებოდა არა გარეგნული მოღვაწეობა, არამედ საკუთარი ნების მოკვეთა და სრული მორჩილება ხუცისა - სულიერი მამა-მოძღვრისა... და გავკადნიერდები და ვიტყვი, რომ ხუცი მონაზვნისთვის მიწაზე ღვთის აჩრდილი გახლდათ; მონაზონს მსხვერპლად უნდა შეეწირა ის, რითაც შესცოდა ადამმა: ნება, რომელიც ჩვენს წინაპარში ცოდვისკენ მიიდრიკა, გონება, რომელიც ერთ დროს მოატყუა გველმა, სულიერი გრძნობა, რომელთაც ფანტასტიკურ სახეებში წარმოუდგინეს პირველ ადამიანს, რომ მას შეეძლო, ღვთისგან დამოუკიდებელი და, მეტიც, მისი თანასწორი ყოფილიყო. მონაზონი ხუცს - ბერს თავის საკუთარ ნებას აძლევს, ამით იკურნება ის თვითნებობისგან, რომელიც მუდმივად ჩირქს წარმოადენს და წამლავს ადამიანის სულიერ ძალებს. იგი უარს ამბობს, თავის გონებას დაუჯეროს, და ეუბნება საკუთარ გულისთქმებს: "თქვენ ცრუობთ". მისი გონება ამგვარად თავისუფლდება შინაგანი წინააღმდეგობისაგან, გულისთქმებთან ბრძოლისა და ფანტასმაგორიული სახეებისგან და უშრომლად შეუერთდება ლოცვის სიტყვებს. საკუთარი თავის მორჩილებისთვის მიმძღვნელი გონება კი ნათელხილული ხდება. ჩვენს წინაპარს, დედათა დედას, თვალი დარჩა საკვირველ ხეზე. მისი ნაყოფის გემოს ხილვის სურვილმა დაატყვევა, საკუთარმა ფანტაზიებმა და დემონის სიტყვებმა მოაჯადოვა. ახლა კი მონაზონი მსხვერპლად საკუთარ გრძნობას და გატაცებებს შესწირავს, მას არ სჯერა და საკუთარ თავს ეუბნება: "თქვენ გსურთ სიმართლის, ცრუ მოჩვენებით მაცდუნოთ, თეთრი ფერიც რომ დავინახო, არ დავიჯერებ, ანუ არ დავუჯერებ საკუთარ თვალებს, ვიდრე მამა-მოძღვარი არ დამიდასტურებს ამას. ჩემს ცხოვრებაში მხოლოდ ორი პოლუსია: ერთი - ესაა ჭეშმარიტი სიკეთე, სრული მორჩილება ხუცისა, მეორე კი სიცრუე და ცოდვა, რწმენა საკუთარი თავისა. მამა-მოძღვრის სიტყვა სინათლეა, რომელზეც აისახა საუკუნო ზეციური ნათელი, ჩემი გულისთქმები - წყვდიადია, რომელზეც ჯოჯოხეთის უკუნი აირეკლა".
ეგოიზმი და თვითნებობა - ყალბი ცხოვრებაა, რომელიც ფანტაზიებს წარმოშობს. მორჩილებისას ფანტაზიები ქრება, როგორც ჩრდილი მზის სხივზე. გონება მიუახლოვდება თავის პირველყოფილ უბრალოებას. მორჩილებისას მონაზონი გონების განსაკუთრებულ გამჭვირვალობას იძენს, რომელიც საშუალებას აძლევს, დაინახოს დაფარული ამა სოფლის ბრძენთაგან, რომელთაც თავიანთი გონება მიწიერი საგნებით აქვთ ავსებული. ნება მორჩილებისას ახალ ძალას იძენს: ხელი მოძღვრისა (ხუცისა), როგორც ანგელოზის ფრთა, აკავებს მონაზონს. მორჩილებისას უკან იხევს ვნებები, როგორც მხეცები მომთვინიერებლის შოლტის წინაშე, და სული გრძნობს ახალ მდგომარეობას - ღვთაებრივი სიყვარულის სითბოს.
მორჩილება მუდმივ თავის უარყოფას მოითხოვს. მამა-მოძღვრის ურჩობით, არა მხოლოდ გარეგნულად, არამედ შინაგანადაც, გულის მოძრაობით, მოძღვრის სიტყვას მოიცილებს და ამით წყდება კავშირი მოძღვარსა და სულიერ შვილს შორის. შინაგანი წინააღმდეგობა მონაზონს უძლურს ხდის, დემონი ატყუებს მას. ხელებს შეუკრავს ხუცს, რომელსაც უკვე აღარ შეუძლია დაეხმაროს და ურჩობის წინაშე გრძნობს თავის ადამიანურ უძლურებას. ამიტომაც მორჩილება სულის პასიური მდგომარეობა კი არ არის, განუწყვეტელი და აღსრულებული მსხვერპლია. ხუცობა - მოძღვრობა - ეს სულიერი მამობაა. ურთიერთობა მამა-მოძღვარსა და მის მორჩილს შორის ყველაზე ახლობლურია, რაც შეიძლება იყოს დედამიწაზე. მოძღვრის სული თითქოს მორჩილის სულში ცხოვრობს და მართავს მას. მხოლოდ მართლმადიდებლობამ შემოინახა მამა-მოძღვრობა სწორედ ისეთი, როგორიც ჰქონდათ ძველ მონაზვნებს. სხვა კონფესიებში იგი გაქრა, მაგრამ არც ყველა მართლმადიდებელმა მონასტერმა შემოინახა.
როგორია მორჩილების პირობები მონაზვნისათვის: პირველი - არ დაუჯეროს საკუთარ თავს, მეორე - მზად იყოს, მამა-მოძღვრის ნათქვამის ყოველგვარი შეფასებისა და განსჯის გარეშე, უკრიტიკოდ მისაღებად და შესასრულებლად, მესამე - თავის გულისთქმებს მუდმივად უმხელდეს მოძღვარს.
რა არის საჭირო მოძღვრისგან (ხუცისგან)? სულიერი გამოცდილება, მუდმივი ლოცვა და ხუცობაზე საკუთარი სულიერი მამისაგან კურთხევა. მცირედი გადახრაც კი მართლმადიდებლობიდან ხუცობას ანგრევს და აუქმებს. უმადლოდ ხუცობა შეუძლებელია, ის გადაიქცევა გარეგნულ დისციპლინად და ზოგჯერ თავნებობაში გადადის. ხუცი რგოლია ცოცხალ მონაზვნურ გარდამოცემაში; მან მიიღო მისი სული, დაიმარხავს მას და მოწაფეებს გადასცემს. გავიხსენოთ ასეთი სურათი: მერცხალს საკვები მოაქვს ბუდეში: პირდაღებული ბარტყები ელოდებიან, დედა როდის დააპურებთ. მერცხალმა კი იცის, ვის რამდენი მისცეს. ისე უნდა მიიღოს მორჩილმა მამა-მოძღვრის სიტყვები, როგორც საჭმლის მომლოდინე მშიერმა ბარტყმა. თუ საჭმლის დამატებას მოინდომებს, ბუდიდან გადმოვარდება და მიწას დაენარცხება, თუ ზედმეტს შეჭამს, შესაძლოა მოკვდეს კიდეც.
რას განიცდის მორჩილი? პირველ რიგში სიხარულსა და სიმსუბუქეს; გული მისი სიხარულით გალობს, მისთვის ადვილია მორჩილების შესრულება, თითქოს დაფრინავს, მიწაზე კი არ დადის. თუ მორჩილი თავისი ურჩობის გამო ღვთისგან დაისჯება და დაეცემა, უკეთუ შეინანებს, მოძღვარი მას წამოაყენებს. თუნდაც სისხლისგან დაიცალოს, მოძღვარი მას საკუთარ სისხლს მისცემს და გადარჩება. ვინც მოძღვრის (ხუცის) გვერდით საკუთარნებამოკვეთილი ცხოვრობს, ღვთისაგან ორმაგ ნიჭს მიიღებს.
გლინელი მამები იცავდნენ ამ ცოცხალ გარდამოცემას, რომელმაც ასე მკვეთრად გაიბრწყინა ღირსი ლევის, მაკარის, ამბროსის და ოპტის უდაბნოს სხვა მამების სახით.
მამები იგონებდნენ, ხრუშჩოვის დევნისას როგორ ეუბნებოდა მათ კრუტიცელი მიტროპოლიტი ნიკოლოზი (+1961, იგი თავგამოდებით ეწინააღმდგებოდა ეკლესია-მონასტრების დახურვას. 1960 წელს ეპისკოპოსობიდან "დასასვენებლად" გაუშვეს და ღვთისმსახურება აუკრძალეს. 1961 წელს მოსკოვის ბოტკინის საავადმყოფოში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა): - სანამ ცოცხალი ვარ, ოპტის უდაბნოს არ დახურავენო. მაგრამ მალე მოკვდა თუ მოკლეს, ან მწუხარებით გული გაუსკდა. ამის მერე კი მონაზვნები გაასახლეს სავანიდან. დევნის ცეცხლი, რომელიც მთელ ქვეყანაში ბრიალებდა, გლინის მონასტერსაც მისწვდა და მისგან ცარიელი კედლებიღა დატოვა. მონაზვნები კი, როგორც მამის სახლს მოშორებული ობლები, გაიფანტნენ. მამებმა იწინასწარმეტყველეს, რომ მონასტერი კვლავ გაიხსნებოდა და უზარმაზარი ქვეყნის სხვადასხვა მხარეში მყოფნი ცდილობდნენ, გლინის სავანის ბრძენი დამფუძნებლის, იღუმენ ფილარეტის ნაანდერძევი ტიპიკონის მიხედვით ემსახურათ და ეს მსახურება არ შეწყვეტილიყო. იმედოვნებდნენ, რომ დადგებოდა დრო, როცა გაიხსნებოდა მონასტერი და მშობლიურ სავანეში დაბრუნდებოდა მისი სასწაულმოქმედი ხატი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობისა.
გლინელ მონაზვნებს დაუბარეს, რომ ამა სოფელში ერთმანეთს გვერდით დადგომოდნენ და როცა გაიხსნებოდა მონასტერი, კვლავ შეკრებილიყვნენ მის თაღებქვეშ, თუნდაც ვინმე სნეული ყოფილიყოს, მოეყვანათ და ისე მოევლოთ, როგორც ერთი ოჯახის შვილებს შეეფერებათ. მამები ჰყვებოდნენ თავიანთ დამმოძღვრელ მოსაგრეებზე, რომლებიც მონასტრის სასაფლაოზე იყვნენ დაკრძალულნი, და მათ სიტყვებში დაფარული სევდა იგრძნობოდა, რომ თვითონაც არ მოკვდნენ მანამდე, ვიდრე მონასტერი დაიხურებოდა და ვერ დაწვნენ საფლავებში თავიანთი მამების გვერდით, არამედ მათთვის უცხო სამყაროში მწირები აღმოჩნდნენ.
ამ დიდი სავანიდან მრავალმა განდევნილმა თავშესაფარი პოვა ივერიის წმინდა მიწაზე. მათ შორის იყვნენ ბოლო გლინელი ხუცები (მამა-მოძღვრები) და მათი მორჩილები, რომელთაც მე ღვთის წყალობით შევხვედრივარ.
მიტროპოლიტი ზინობი. ჯერ კიდევ ოციან წლებში, გლინის უდაბნოს პირველი დარბევისას, საქართველოში ჩამოვიდა ერთ-ერთი გლინელი ბერი ზინობი (მაჟუგა). მას მღვდელმონაზვნად ხელი დაასხეს დრანდის მონასტერში, რომელიც მაშინ არ იყო დახურული, მერე კი სოხუმის ზემოთ, ბერძნულ სოფელ გეორგიევკის ახლოს მდებარე უდაბნოში ცხოვრობდა და ადგილობრივთა დიდი სიყვარული და პატივისცემა მოიპოვა.
სამოცდაათიან წლებში ეს გლინელი მონაზონი, იმ დროს უკვე მიტროპოლიტი ზინობი, თბილისიდან რამდენიმე დღით სოხუმში ჩამოვიდა. ეს შეიტყვეს გეორგიევკელებმა. ზოგიერთი იქაური მას პირადად იცნობდა, სხვები - მონაყოლით. მივიდნენ მასთან და გეორგიევკაში სტუმრობა სთხოვეს. მეუფე დათანხმდა.
სოფელში ზეიმი გაიმართა. ქუჩაში გამოიტანეს მაგიდები და სკამები და ტრაპეზი გაშალეს. ბერძნებს მოჰყავდათ შვილები კურთხევისთვის. მეუფე ზინობიმ მოინახულა ის ადგილი, სადაც ადრე განმარტოებით ცხოვრობდა, გაიხსენა, რომ ერთხანს ტყეში, პატარა ქოხში ცხოვრობდა, ერთხელ ხის ფუღუროშიც კი მოუხდა ღამის გათევა: ბერი გეორგიევკის სოფსაბჭოს მდივანმა დაიბარა, - ცენტრიდან შენი დაპატიმრების ბრძანება მოვიდაო. ზინობიმ უპასუხა: - მე თქვენს სოფელში არ ვარ ჩაწერილი და ჩემს ადგილსამყოფელზე პასუხს არ აგებთო. მდივანმა უთხრა, - მართალი ხარ, ამიტომ გასაფრთხილებლად დაგიბარე. ალბათ, ამ საღამოს შენს წასაყვანად მოვლენ. ნებისაებრ მოიქეცი, მაგრამ გახსოვდეს, შენთვის არაფერი მითქვამსო. ურჩევდნენ, გადამალულიყო. ბერმა ახლობელ ბერძნულ ოჯახში დაიჩივლა თავისი გასაჭირი. ოჯახის უფროსმა გადაწყვიტა, იგი საფრთხის ჩავლამდე რამდენიმე კვირით უღრან ტყეში გადაემალა. იმ დროს დაპატიმრებებს კამპანიის ხასიათი ჰქონდა: გეგმის მიხედვით განსაზღვრული რაოდენობის ადამიანი აჰყავდათ, მომდევნო კამპანიამდე კი სიმშვიდე ჩამოვარდებოდა ხოლმე. მოკლედ, ადამიანებზე მხეცებივით ნადირობდნენ.
ბერძენმა ზინობი ტყეში დატოვა. დაჰპირდა, ხვალ მოგაკითხავო და სოფელში დაბრუნდა. ღამით მთებში ზაფხულობითაც კი ცივა. ზინობი დიდხანს ეძებდა თავშესაფარს. ბინდი ჩამოწვა, დაქანცული დასასვენებლად ერთი მუხის ძირში ჩამოჯდა და ღრმად ჩაეძინა. უეცრად ძახილი ჩაესმა. გაიღვიძა - მის წინ იმ კაცის ვაჟი იდგა, აქ რომ მოიყვანა. შიშით აკანკალებულმა ყმაწვილმა უთხრა, - ღმერთს გადაურჩენიხარ, რადგან დათვის ბუნაგის ახლოს დაგძინებია. ნახე, ახალი ნაკვალევია. შენს ძილში დათვს რამდენჯერმე შემოუვლია ხისთვის. არ ვიცი, რატომ არ გეცა, რამ შეაშინა. ალბათ წმინდა გიორგი დაგეხმარაო (იმ სოფელში წმინდა გიორგის ტაძარი იდგა და ამიტომ ეწოდა სოფელს გეორგიევკა). რამდენიმე საათის მერე ბერძენი მასპინძელი ამოვიდა ნათესავებთან ერთად და ბერს პატარა ქოხი შეუკრეს. საჭმელიც რიგრიგობით მალულად ამოჰქონდათ. "სკვნილის გარდა არაფერი მქონდა, დავდიოდი და იესოს ლოცვას წარმოვთქვამდი. როგორც იქნა, მითხრეს, დაბრუნება შეგიძლიაო. ეს ხალხი ჩემი გულისთვის სიცოცხლეს წირავდა - თუ ხელისუფლება შეიტყობდა, რომ დასაპატიმრებელ მონაზონს მალავდნენ, უეჭველად სატუსაღო და გადასახლება ელოდათ", - იგონებდა მეუფე ზინობი.
გაგრძელება შემდეგ ნომერში