ადამიანს სულიერი შეწევნა რომ მოაკლო, უფრო მეტი სისასტიკეა, ვიდრე მშიერს პური წაართვა
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
* ერთხელ, ღამით, მონასტრის ეზოში, სადაც მამა გაბრიელი ცხოვრობდა, საშინელი ყვირილი გაისმა.
მამა გაბრიელი ლომივით ღრიალებდა. მერე კვერთხი რკინის ფურცელს დასცხო. მონაზვნები სარკმლებს მიაწყდნენ. მამა გაბრიელი თურმე ეჩხუბებოდა ერთ ასაკოვან მონაზონს, რომელმაც კურთხევის გარეშე ხე მოჭრა. მამა გაბრიელი ბობოქრობდა, - ესენი მონაზვნები კი არა, ტყისმჭრელები არიანო. როცა დილით ჰკითხეს, ასე რატომ მოიქეციო, უპახუხა: "მონაზვნები უნდა დაამდაბლო, ეს მათთვის სასარგებლოა, მაშინ უკეთესად ინანიებენ. მათი მაქებარი მათივე პირველი მტერია". * მამა გაბრიელთან აღსარების სათქმელად მიდიოდნენ მღვდელმთავარნი, რაც ძალზე აშფოთებდა. მერე დაიწყო მათთვის ეპიტიმიების დადება. მღვდელმთავრებმა შეწყვიტეს მასთან სიარული და სხვა სულიერი მოძღვარი იპოვეს.
* ერთი გოგონა, არქიმანდრიტ გაბრიელის სულიერი შვილი, ჰყვებოდა: ერთხელ ძალზე მომინდა ჩემი სულიერი მამის ნახვა. ვფიქრობდი, რა წავუღო-მეთქი. სამგზავრო 20 კაპიკიღა მქონდა. გადავწყვიტე, ერთი პური მეყიდა და ფეხით წავსულიყავი. ჩემი ნახვა გაუხარდა: - კერძი მოვამზადე და პური არ მქონდა. დაჯექი, ერთად ვისადილოთო. მერე კი მითხრა, კელიიდან გამოსვლა არ მინდოდა და ღმერთს ვთხოვე, პური გამოეგზავნაო.
* როცა მამა გაბრიელი კვდებოდა, თქვა: "სამი წლის შემდეგ გახსენით ჩემი საფლავი და მე შეგხვდებით".
თვითმხილველები ჰყვებიან, რომ მამა გაბრიელის საფლავზე კურნებები ხდება. მრავალ ავადმყოფს მამა გაბრიელის საფლავის ლამპრის ზეთი მიაქვს. ხალხის ნაკადი ამ ბოლო წლებში ისე გამრავლდა, რომ ერთ-ერთ მონაზონს მორჩილება აქვს, მამა გაბრიელის საფლავთან იჯდეს, ლამპარში ზეთი ჩაასხას და მომლოცველებს დაურიგოს.
* ოლღას მონასტრის იღუმენია ანგელინა (კუდიმოვა) ჰყვებოდა: "მორჩილობისას ვფიქრობდი, რას ნიშნავს მარადისობა, როგორ შეიძლება, ღვთაება სამპიროვანი იყოს-მეთქი და ვცილობდი, წარმომედგინა. უეცრად ძლიერი თავის ტკივილი ვიგრძენი. ღმერთს შენდობა შევთხოვე ჩემი კადნიერი შეკითხვებისთვის. ტკივილმა გამიარა და ახლა უძილობა დამჩემდა. მრავალი კვირა თვალღია ვიწექი. იღუმენიამ წმინდა ადგილების მოსალოცად გამგზავნა. ერთი წლის შემდეგ ავადმყოფობამ თანდათანობით გამიარა. მას შემდეგ აღარ ვკადნიერდები, ვთქვა ანდა ვიფიქრო იმაზე, რაც ჩემს გონებაზე აღმატებულია, ღმერთს ვევედრები, რომ მომცეს გლოვა და განცდა თვისთა ცოდვათა".
იღუმენია ანგელინას ჰკითხეს: - რა დაგამახსოვრდათ სიწმინდეთა მოლოცვისასო. "ახალი ათონის მონასტერში ვნახე მონაზონი, რომელიც თვალდახრილი დადიოდა, გარშემო არავის და არაფერს არ ხედავდა. მასთან გასაუბრება მომინდა და ერთი წიგნი ვთხოვე. მდუმარედ შევიდა სენაკში, წიგნი გამოიტანა, შემოუხედავად მომცა და სიტყვის უთქმელად შებრუნდა სენაკში".
* ერთი მონაზონი გათხოვდა და მერე ოლღას მონასტერს ეწვია. დედა ანგელინამ ის თავის კელიაში მიიღო. დედაკაცმა უთხრა: - სულ ვნანობ, რაც ჩავიდინეო. იღუმენიამ უპასუხა: - რომ ინანიებდე, მონასტერში დაბრუნდებოდი, თუნდაც შიშველი ფეხებით მინის ნამსხვრევებდაფენილ გზაზე მოგწეოდა გამოქცევაო.
ერთხელ ამ დედაკაცმა ისევ ჰკითხა იღუმენიას, გეჯავრებიო? მან უპასუხა: - მე არ მეჯავრება ღვთის ქმნილება, მაგრამ ეშმაკს, რომელმაც გაცდუნა, იმას კი სძულხარ და დაგცინისო.
* ოლღას მონასტერში სადღესასწაულო წირვის შემდეგ სტუმრებმა დედა ანგელინას გუნდის მშვენიერი გალობისთვის მადლობა გადაუხადეს. განსაკუთრებით მოეწონათ მონაზონი, რომელიც დაბალი კონტრალტოთი (ბასით) გალობდა და ითხოვეს მისი გაცნობა. იღუმენიამ უთხრა, - ჩვენთან ბასია, ისე კოლტის მწყემსიაო. როცა პასუხით ნირწამხდარი სტუმრები წავიდნენ, იღუმენიამ თქვა: - სადაც ხმით იწონებენ თავს, იქ ეშმაკია ჩასაფრებულიო. ასე ასწავლიდა მონაზვნებს სიმდაბლეს.
* იღუმენია ანგელინამ გვიამბო: ერთი მონასტრიდან ბერი გაქრა. ფიქრობდნენ, ალბათ წყალში დაიხრჩოო. გავიდა რამდენიმე თვე. დადგა ზამთარი. ტყიდან შეშის გამოზიდვა დაიწყეს და იპოვეს ბერის გვამი შიშველ მკვდარ დედაკაცთან ერთად. ისინი მაღლობიდან ჩამოცვენილ კუნძებს დაეხოცა. გახრწნილი ცხედრები ბრეზენტში გაახვიეს და ორმოში უკურთხებლად ჩაფლეს. "ძაღლური ქორწინება იყო და ძაღლურად დასრულდაო", - უთხრა იღუმენმა ძმებს.
* გლინელი მამები: ეპისკოპოსი ზინობი, სქემიღუმენი სერაფიმე და სქემიღუმენი ანდრონიკე წუხდნენ, რომ ერთ-ერთი ბერი, ხეზე მკვეთელი, მშვიდი და სიმდაბლით გამორჩეული, დაუკავშირდა დედაკაცს, რომელიც კარგა ხანს მის ღვიძლ დად ასაღებდა თავს. ეს უბედურება, მათი თქმით, ბერს ურჩობის და აღსარებაზე ცოდვათა დაფარვის გამო დაემართა. ერთმა მღვდელმონაზონმა, რომელიც შემთხვევით ესწრებოდა ამ საუბარს, ეპისკოპოსს ჰკითხა: "მეც ხომ იმ ბერივით მორჩილება არა მაქვს, მეუფეო?" მღვდელმთავარმა შეათვალიერა და უთხრა: "არა, შენ რატომღაც ხანდახან მორჩილებ ხოლმეო". მღვდელმონაზონი მიხვდა შეკითხვის უაზრობას და თავისი "მორჩილების" ფასს.
ცოტა ხნის შემდეგ იღუმენმა ფ-მ ეს ბერი თანამცხოვრებ ქალზე დააქორწინა. გლინელმა მამებმა არ მოიწონეს იღუმენის საქციელი - ასეთი ქორწინება ღვთისგან არ არის, ცოტათი უკეთესია მრუშობაზე და მას მწუხარებისა და უბედურების გარდა არაფერი მოაქვს. იღუმენმა თვითნებური გადაწყვეტილებით ბერს სინანულისა და უკან დასაბრუნებელი გზა მოუჭრაო.
* მე ვიყავი მოწამე, რა მკაცრად ისჯებოდნენ, საშინელი სიკვდილითაც კი, იმ საეკლესიო კანონების დამრღვევნი, რომლებიც კრძალავს ერეტიკოსთა და თვითმკვლელთა მოხსენიებას.
სოჭში ერთი მონაზონი ცხოვრობდა, რომელიც გამოირჩეოდა მდაბალი ხასიათით, მცირედის მეტყველებით და ლოცვის სიყვარულით. ის ხშირად ჩამოდიოდა გუდაუთასა და სოხუმში. ქსოვაც შეეძლო და ცდილობდა, ტაძრისთვის რაიმე გაეკეთებინა. მისი სულიერი მამა არქიმანდრიტი კონსტანტინე (ქვარაია) გახლდათ. მაგრამ ამ მონაზონს ერთი საიდუმლო ჰქონდა, რომელსაც სულიერ მამასაც კი უმალავდა.
მამამისმა, რომელიც მას ძალზე უყვარდა, უცნობი მიზეზების გამო შინ თავი ჩამოიხრჩო. მონაზონმა შვილმა მას დაუსწრებლად წესი აუგო, თუმცა მღვდლისთვის არ უთქვამს, რით მოკვდა მამამისი, თან მიცვალებულისთვის ფსალმუნების კითხვა დაიწყო. მრავალი წლის შემდეგ საშინელი ამბავი მოგვიტანეს - იმ მონაზონს თავი ჩამოეხრჩო. მაგიდაზე იდო მისი გულსაკიდი ჯვარი. თურმე თვითმკვლელობა ორჯერ უცდია. პირველად თოკი გასწყვეტია და უფალს გადაურჩენია, მაგრამ გულიდან ჯვარი მოუხსნია და ხელახლა ჩამოკიდებულა თოკზე. რა საშინელი განსაცდელი უნდა შემთხვეოდა ამ მონაზონს ეშმაკისგან, რომ მას შემდეგ, რაც თოკი გაუწყდა, ღვთის წინაშე შენანების მაგიერ ეშმაკის ნების ასრულება ისურვა!
განსაკუთრებით ჯავრობდა სულიერი შვილის დაღუპვას მამა კონსტანტინე: - რომ მცოდნოდა, მამამისმა თავი მოიკლა, მაშინ უფლის სახელით ავუკრძალავდი მასზე ლოცვას, მაგრამ დამიმალაო. ღვთის ნების ურჩობამ იგი ეკლესიის ურჩობამდე მიიყვანა და აღსრულდა წმინდა დავით წინასწარმეტყველის სიტყვები: ლოცვა მისი ცოდვად შეერაცხა. არასოდეს მსმენია, ამ მონაზონს კაცთაგან ვინმე განეკითხა, მაგრამ მან თავის სულში ეკლესია განიკითხა, თვითმკვლელთა მიმართ უმოწყალოდ ჩათვალა და მოისურვა, მამა სიცრუის გზით გადაერჩინა. თვითონაც დაიღუპა ამ საბედისწერო ცოდვით.
* რევოლუციის შემდეგ ბოდბის მონასტრის იღუმენიად ნინო ვაჩნაძე დანიშნეს. მონასტერში რუსი დები ცხოვრობდნენ და უნდობლად შეხვდნენ მას. ეგონათ, იმიტომ დანიშნეს, რომ აქედან გაგვყარონო. იღუმენია ჰყვებოდა: "მაწუხებდა დების ამგვარი დამოკიდებულება და გადავწყვიტე, მათთვის სიყვარულით მეჯობნა. მონასტრისთვის, როგორც შემეძლო, ისე ვიღვწოდი. მალე დების შიში და უნდობლობა ნდობითა და გულწრფელი სიყვარულით შეიცვალა. ამბობდნენ, შენს გარდა სხვა იღუმენია არ გვინდა, შენი სახით თითქოს იღუმენია იუბენალია (სქემიღუმენია თამარ მარჯანიშვილი) დაბრუნდა მონასტერშიო. როცა ბოლშევიკებმა ხელისუფლება ჩაიგდეს, მიუხედავად ჩემი დიდი მცდელობისა, მონასტერი მაინც დახურეს. კომისარი ჩექმებიანად ხარხარით ჩაწვა ჩემს ლოგინში. მონასტრის დახურვის შემდეგ ის დედები, რომლებიც საქართველოში დარჩნენ, თავიანთ იღუმენიად მთვლიდნენ, რჩევისა და კურთხევისთვის მაკითხავდნენ".
მონასტრის დახურვის მერე იღუმენია ნინო ნათესავებმა საცხოვრებლად მიიწვიეს - შენს ოთახში შენი კურთხევის გარეშე ვერავინ შემოვაო, მაგრამ უარი თქვა ერში ცხოვრებაზე და კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით ანჩისხატის ტაძრის სამრეკლოს პატარა ოთახში დასახლდა. ამ ცივ, ნახევრად ბნელ ოთახში იღუმენიამ მრავალი წელი გაატარა.
როცა ბოდბის ტაძარი გაიხსნა, პატრიარქ ეფრემის კურთხევით, დედა ნინოს ცხედარი ქალაქის სასაფლაოდან ბოდბის მონასტერში წმინდა ნინოს განსასვენებლის ახლოს გადაასვენეს.
* ერთი მღვდელი ჰყვებოდა, რომ რელიგიის საქმეთა რწმუნებული აიძულებდა მას, წერილობით დაედასტურებინა ზოგიერთი უსიამოვნო ფაქტი, ეპისკოპოსს რომ ეხებოდა, რომელიც სხვა ეპარქიაში გადაიყვანეს. მღვდელმა უარი განაცხადა და დასჯას ელოდა, მაგრამ წამოსვლისას რწმუნებულმა მოულოდნელად უთხრა, - დიდი მადლობა თქვენი პასუხისთვისო.
* გლინელმა ბერმა ილიოდორმა მონასტრის დახურვის მერე სოხუმის გარეუბანში პატარა ოთახი შეიძინა. მის მეზობლად ერთი შარიანი დედაკაცი ცხოვრობდა და განუწყვეტლივ ცილს სწამებდა. ერთხელ რწმუნებულ ლაგვილავასთან იჩივლა, - ბერი მოკვლით მემუქრებაო. რწმუნებულმა მოუსმინა და უთხრა: "თქვენი არ იყოს, მეც შეშფოთებული ვარ. ამ დილით მეზობლის ქალმა ისეთი საქმე მიქნა, ნაჯახით გამოვენთე. კიდევ კარგი, დროზე შემაჩერესო". ამით დამთავრდა მათი საუბარი.
* ერთი მოხუცი დეკანოზი, რომელიც ერთხანს საეკლესიო გამომცემლობაში მუშაობდა, ამბობდა: "ჩვენს დროში მოდად იქცა მოგონებების მითების სახით შედგენა. თუმცა მითი ლამაზია, მაგრამ არც ძალიან უწყინარია. ზოგიერთი გარდაცვლილი, რომელთაც თვითონ ესაჭიროებათ ლოცვები, ამისთანა უპასუხისმგებლო მითოლოგებმა ჩვენს თანამედროვეთა თვალწინ წმინდანებად და სასწაულმოქმედებად გამოაჩინეს. მათ კანონიზაციამდე ადგენენ აკათისტოებს, წერენ ხატებს. მე წავიკითხე ერთი ასეთი ბიოგრაფია, უფრო სწორად, ჰაგიოგრაფია ა.ი.-სა, რომელსაც პირადად ვიცნობდი. იეზუიტურად მოაზროვნე იყო, ქვეშევრდომთა მიმართ მკაცრი და უსამართლო. ვფიქრობ, ნაადრევია მისი ქება. ცოდვილთა ცხონებისთვის ეკლესიისა და ნათესავების ლოცვა ერთადერთი იმედია. აქ, მიწაზე კი თვითონ მას სთხოვენ ლოცვას. ადამიანს სულიერი შეწევნა რომ მოაკლო, უფრო მეტი სისასტიკეა, ვიდრე მშიერს პური წაართვა. ასეთ აპოკრიფულ "ცხოვრებას" ადგენენ გარდაცვლილის ნათესავები, რათა ამით ყურადღება მიიქციონ; ანდა ისტერიული დედაკაცები, რომლებიც არავის არაფრად აგდებენ, ოღონდ უკვდავყონ თავიანთი კერპის ხსოვნა; დაქირავებული მწერლები, რომლებიც გასამრჯელოს ფასად მზად არიან, ნებისმიერ თემაზე შეასრულონ დავალება.