მრავალი ადამიანი მხოლოდ მწუხარებასა და ტკივილს მიჰყავს ღმერთთან
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
* ერთხელ ბეთანიის მონასტრის ეზოში მამა ვასილი (ფირცხალავა) და მე ვსაუბრობდით მონაზვნებისთვის სამრევლო ცხოვრების სიძნელეებზე
და ვამბობდი, რომ ბედნიერი არიან ისინი, ვინც მონასტერში ცხოვრობს. ამ დროს გვერდით ჩაფიქრებული სახით ჩაგვიარა სქემარქიმანდრიტმა იოანემ (მხეიძე), სადღაც შორს იყურებოდა, ვინც მას არ იცნობდა, იგი გარეგნულად მკაცრი მოეჩვენებოდა. მამა ვასილმა ჩუმად მითხრა, - მან ყველაფერი იცის, რაზეც ვსაუბრობთო. შესაძლოა, მამა იოანემ გვაჩვენა, თუ რამხელა ბრძოლაა გამართული მონასტერში ეშმაკთან. შესაძლოა ის ჩემში უძლურებასა და განსაცდელებს ხედავდა და, როგორც მწყემსი ძაღლს, ისე განაგდებდა ეშმაკს. მონასტრიდან შვებამოგვრილი და გულანთებული წამოვედი.არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
* ერთხელ მღვდელმონაზონი ვასილი სავანეში ტყის ბილიკით ბრუნდებოდა. თავს ყაჩაღები დაესხნენ, რომლებსაც მან ადრე მონასტრის ძროხის გატაცება არ დაანება და სასტიკად სცემეს. მამა ვასილი ძლივს მიხოხდა მონასტრამდე. ამის მერე ჭლექით დაავადდა და მალევე გარდაიცვალა - ანალოღიის წინაშე ნახეს გარდაცვლილი. ოლარით, მანტიით, ბარტყულით იყო შემოსილი. თითქოს იმიტომ, რომ შორეულ გზას დასდგომოდა. სიკვდილმა მას ლოცვისას მოუსწრო.
წესის აგებისას მონასტერში უამრავი ხალხი მოვიდა. ჩამოვიდნენ დედამისი და სხვა ნათესავები. მამა ვასილის ცხედრის სოფელში წასვენება მოინდომეს. ხალხი არ ანებებდა, მაგრამ სქემარქიმანდრიტმა იოანემ თქვა: "მე ვიცნობ ამათ. თუ ხელს შეუშლით, შეიძლება სისხლი დაიღვაროს, ანდა დაბრუნდებიან, როცა აქ არავინ იქნება და მიცვალებულს ამოთხრიანო". წესის აგების შემდეგ ხორციელმა ნათესავებმა და ახლობლებმა მამა ვასილის ცხედარი სოფელში წაასვენეს. მერე ხმა გავარდა, მათ გარდაცვლილს წვერი გაპარსეს, პიჯაკი ჩააცვეს, ჰალსტუხი გაუკეთეს და ისე დაკრძალესო. ეს რომ შეიტყო, მამა იოანეს ცრემლი მოერია: "ის ორჯერ მოწამეა - ჯერ ავაზაკებმა აწამეს, მეორედ კი სიკვდილის შემდეგ ახლობლებმა. ამის გამო ორმაგ ჯილდოს მიიღებს. სადაც არ უნდა ესვენოს მისი სხეული, სულით ჩვენთან არისო". მერე კი გარდაცვლილ სულიერ შვილს მიმართა: "ვასილი, ჩემო შვილო, ვფიქრობდი, რომ შენ დამკრძალავდი, მაგრამ აი, მე ბერიკაცი ვდგავარ შენი კუბოს წინაშე"...
* არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე) ჰყვებოდა: "უფალი როგორ გამოსცდის ადამიანს! როცა ვმწირობდი, სამთავისის მონასტერშიც მივედი და იღუმენიას ღამის გათევა ვთხოვე. მითხრა: "მამაკაცები ჩვენთან ღამეს არ ათენებენო". ეზოს კართან ჩამოვჯექი. მონაზონი მოვიდა კარის დასაკეტად და დამიყვირა: - აქ რას აკეთებ, ღამე ძაღლები უნდა ავუშვათ და შეიძლება დაგკბინონო. კარს გამოვცილდი და წამოვწექი. უცებ შრიალი მომესმა - გველი დავინახე. წამოვხტი: - აქ ჩემი ადგილი არ არის-მეთქი და თბილისში ფეხით დავბრუნდი.
* არქიმანდრიტი გაბრიელი იგონებდა: "ლოცვაზე ვიდექი, რომ უეცრად მომესმა ხმა: "სასწრაფოდ წადი ბეთანიაში". ხმა სამჯერ გამეორდა. ლოცვის კანონი დავუტევე, ჩავიცვი, ავიღე კვერთხი, ჩანთა და ბეთანიისკენ გავემართე. რამდენიმე პური ვიყიდე. გზაზე მანქანა არ წამომწევია და ფეხით წავედი. ტყე-ტყე მივდიოდი, თითქოს რაღაც ძალა მაჩქარებდა.
საღამო ხანსღა მივაღწიე მონასტერს. შემომეგება სქემარქიმანდრიტი იოანე (მხეიძე) და მითხრა: - ვლოცულობდი, შვილო, რომ მოსულიყავი და ჩემთვის სულის განსვლის ლოცვები წაგეკითხაო. დიდხანს ნაავადმყოფარი სქემარქიმანდრიტი ახლა გარეგნულად მხნედ გამოიყურებოდა. პური მაგიდაზე დავდე. მან პური აკურთხა და მითხრა: - დაიღლებოდი და ცოტათი დანაყრდიო. პური გატეხა, მცირე ლუკმა აიღო: - ეს ჩემი ბოლო ტრაპეზიაო. ღმერთი მოწყალეა, ჩვენი გულისთვის გაგიგრძელებთ სიცოცხლეს, - ვუთხარი, - არ იქნებით თქვენ, აღარ იქნება მონაზვნობა-მეთქი. "ჩემით არ დაწყებულა და არც ჩემით დამთავრდება, - იუარა მამა იოანემ, - დამიდგა დრო, მივყვე ჩემს სულიერ ძმას. გადაეცი სხვებს: ჩემი ნებაა, მის გვერდით დამკრძალონ. ჩვენ ერთად დავითმინეთ დევნა და ღვაწლი. დღეს მან მითხრა, - შენთვის გზის მომზადებას მოვრჩი და ერთად ვიქნებითო".
მოსაღამოვდა. სქემარქიმანდრიტმა მაკურთხა, სანთლები ამენთო. "კურთხევანი" მომაწოდა, რომელიც სულის გასვლის ლოცვაზე იყო გადაშლილი და წაკითხვა მიბრძანა. ავტირდი და ვთხოვე: "მამაო, დაე ვიყო შენს მაგივრად და შენს ნაცვლად მოვკვდე". მან კი მითხრა: "შენ არ იცი, რაზე საუბრობ და რას ითხოვ". მტირალი მის ფერხთაქვეშ დავემხე. ის წამოდგა და პირველი ასამაღლებელი საზეიმოდ წარმოთქვა. ურჩობა ვეღარ გავბედე და ლოცვა განვაგრძე. სულის გასვლის კანონი ბოლომდე ჩავიკითხე. მამა იოანემ ალერსიანად მითხრა: - ამისთვის გეძახდი, შვილო. შენ მიირქვამ ჩემს ბოლო კურთხევას და უკანასკნელ ამოსუნთქვას... ჩამოჯექი და სკვნილზე ილოცეო. მერე კი მკითხა: "ხედავ, რამდენი ბერი დგას სენაკში? ისინი ჩემთან მოვიდნენ". მივხვდი, რომ ეს ბერები ბეთანიაში მოღვაწე და აქ დაკრძალულნი იყვნენ. ჩემს ხილვას მოგითხრობ, მაგრამ არავის უთხრა, საიდუმლოაო და საღვთო გამოცხადების შესახებ მიამბო. გული შიშით ამევსო. "ეს გულში დაიმარხეო", - გამიმეორა. სანთლები უკვე ჩაიღვენთა, ახლით შევცვალე. სკვნილი ხელიდან გაუვარდა მამა იოანეს, იატაკიდან ავიღე და ხელში ჩავუდე. მითხრა, - ხმამაღლა ილოცე და მე მოგისმენო. მე ხმამაღლა ვკითხულობდი იესოს ლოცვას. უეცრად მამა იოანე შეკრთა, სახეზე სიხარული გამოეხატა. "ჩემი ძმა და მამა იოანე მოვიდა ჩემთან, - მითხრა, - მასთან ერთად კი..." გაჩუმდა და თავი ჩაღუნა. გაიარა დუმილის წუთებმა. მასთან მივედი. უკვე გარდაცვლილი დამხვდა...
მთელი ღამე ვლოცულობდი. დილით კი ხალხი მოვიდა. თითქოს წინამძღვრის სიკვდილი შეეტყოთ. შევატყობინეთ პატრიარქ ეფრემს დიდი მამის გარდაცვალება. მან თვითონვე აუგო წესი. ტირილით ამბობდა: - მამა იოანე, როცა წარდგები უფლის ტრაპეზის წინაშე, ევედრე ღმერთსა ჩვენთვისო.
ბეთანიაში დავრჩი და მომლოცველებთან ერთად ახალშესვენებული მამის საფლავზე პანაშვიდს ვიხდიდი. უფრო სწორად, პანაშვიდს ვუხდიდი ორ მოღვაწეს, რომელთა საფლავებიც გვერდიგვერდაა ნიშნად იმისა, რომ სიკვდილის მერეც განუყრელნი არიან. როცა მამა იოანე გარდაიცვალა, ავიღე მისი სკვნილი და მისგან კურთხევის ნიშნად შინ წავიღე.
* 60-იან წლებში მამა გაბრიელმა თავის ეზოში ეკლესია აიშენა. ამის შესახებ შეიტყო რელიგიის საქმეთა რწმუნებულმა, ერთი მღვდელმთავარი დაიბარა და უთხრა: უბრძანე გაბრიელს, უჩუმრად, უხმაუროდ დაშალოს ის ეკლესიაო. ეტყობა, რწმუნებულს არ უნდოდა, სკანდალი ატეხილიყო და ჭორები გავრცელებულიყო, ეკლესიის დამანგრეველიაო. მღვდელმთავარმა შესთავაზა, ერთად წავიდეთ და გაბრიელს მოველაპარაკოთო.
მივიდნენ მამა გაბრიელის სახლში წმინდა ბარბარეს ეკლესიის მეზობლად. რწმუნებული დარჩა, მღვდელმთავარი კი ეკლესიაში შევიდა, სადაც გაბრიელი ლოცულობდა და უთხრა: - შვილო, გაბრიელ, რა კარგი ეკლესია აგიშენებია საკუთარი ხელით! მაგრამ იცი, ახლა რა დროა: ზოგჯერ წინ წასვლას უკან დახევა სჯობს. დამიჯერე და დაშალე. დრო შეიცვლება და ისევ ააშენებ ტაძარს. მე მოვალ და ვილოცებო. წადი, ნახე რწმუნებულიო. გაბრიელი გამოვიდა ეზოში და რწმუნებულს უთხრა, - დავანგრევო.
რამდენიმე დღის შემდეგ მამა გაბრიელმა დაშალა წინა კედელი, ორი მეტრით გადასწია და ხელახლა ააშენა. თქვა: - დავემორჩილე და დავანგრიე, ახლა კარგი დღე დადგა და ავაშენეო. ამის მერე მამა გაბრიელს აღარ შეხებიან.
* ერთხელ მაზუთით სახემოთხუპნული მამა გაბრიელი ეკლესიის კარიბჭეში იდგა. გარს ბავშვები შემოერტყნენ, ბერი ტაშს უკრავდა და იძახდა, ტაშიტუშიო. ხმაურზე ტაძრიდან გამოვარდა მღვდელი და უყვირა, - სულელო, გესმის რას აკეთებო? მამა გაბრიელმა უპასუხა: "მე კი არა ვარ სულელი, არამედ ის, ვინც ახალგაზრდებს ბერად აღკვეცს. არ იცის, რას აკეთებსო". და შინ გასწია.
ერთხელ მამა გაბრიელი სიონის ტაძრის საკურთხეველში ლოცულობდა. მასთან მივიდა ერთი ცნობილი არქიმანდრიტი, რომელიც მონაზვნებს შორის ავტორიტეტით სარგებლობდა და მიესალმა. მამა გაბრიელი დაჟინებით დააცქერდა მას და მოულოდნელად უთხრა, - უბედურო, ახლავე დაიჩოქე და შენი ცოდვები შეინანეო. შეურაცხყოფილმა არქიმანდრიტმა უთხრა: - რა საქმე გაქვს ჩემს ცოდვებთან? თვითონ ვიცი, როდის შევინანოო. მამა გაბრიელი მივიდა წმინდა ტრაპეზთან და დაუყვირა: "შენ გეუბნები, დაწყევლილი ხარ ღვთისაგან!" ასეთმა საქციელმა გააკვირვა და აღაშფოთა იქ მყოფნი. რამდენიმე წლის შემდეგ ეს არქიმანდრიტი განხეთქილებაში გავიდა...
* ერთხელ მამა გაბრიელმა პირველი მაისის დღესასწაულზე მთავრობის სასახლეზე გამოფენილი ლენინის უზარმაზარი პორტრეტი დაწვა. როცა დაკითხვაზე ჰკითხეს, - ასე რატომ მოიქეცი, ქრისტიანები ხომ მთავრობას პატივს მიაგებენო, უპასუხა: "იმიტომ, რომ პორტრეტზე წაეწერათ: "დიდება დიდ ლენინს!" დიდება მთლიანად ღმერთს ეკუთვნის, რა დიდება შეიძლება ჰქონდეს მკვდარ კაცს! მისი პორტრეტი დავწვი, როგორც კერპისა და არა როგორც მმართველისა!"
ციხეში ჩასვეს. მან კი პატიმრებს ღმერთზე დაუწყო საუბარი. როცა ხმამაღლა ლოცულობდა, მრავალი მათგანი მასთან ერთად იდრეკდა მუხლს და ლოცულობდა. თვით ბანდიტებიც კი სთხოვდნენ, ქრისტიანულ რწმენაზე მოგვიყევი და ჩვენთვის ილოცეო. გათავისუფლებულმა მამა გაბრიელმა გადაწყვიტა: - თუ თვით დამნაშავეებმა მომისმინეს, მაშინ ხალხს ღმერთი უნდა შევახსენოო. აიღო ხატები, წავიდა ახლანდელ თავისუფლების მოედანზე, დააბრძანა ხატები, ამოიღო წიგნი და ხმამაღლა იწყო ლოცვა. შემდგომში ჰყვებოდა: "ზოგიერთები ჩერდებოდნენ, შემომხედავდნენ, რას აკეთებსო. მომაძახებდნენ, შე გიჟოო, და მიდიოდნენ, სხვები კი არანაირ ყურადღებას არ მაქცევდნენ. მერე მოვიდა მილიცია, ხატები მიმოფანტეს, ხელები ზურგზე გამიკრეს. არ შევწინააღმდეგებივარ. ჩამსვეს მანქანაში და განყოფილებაში წამიყვანეს. მცემეს და ჯვარი ჩამომგლიჯეს. არსად არავის ერთი სიტყვა არ შეუწევია. ადრე ვფიქრობდი ხოლმე: უფალი რატომ უშვებს მწუხარებას დედამიწაზე-მეთქი. ახლა კი მივხვდი: ქვას კვერით ტეხენ. მრავალი ადამიანი მხოლოდ მწუხარებასა და ტკივილს მიჰყავს ღმერთთან".
* ერთხელ, ღამით ამბა გაბრიელს თავს მძარცველი დაესხა და ფული მოსთხოვა. ყველაფერი მისცა, რაც ჰქონდა. მან კი მის მკერდზე ჩამოკიდულ სამღვდელო ჯვარს ჰკიდა ხელი. "რად გინდა ჩემი ჯვარი?" - ჰკითხა ამბამ. "გავყიდი", - უპასუხა ბანდიტმა. ძმაო, ფულს ვიშოვი, სადაც მეტყვი, იქ მოგიტან, თორემ ეს ჯვარი სიკეთეს არ მოგიტანსო. მან პასუხად სილა გააწნა და ჯვარი ჩამოჰგლიჯა, ჯაჭვი გაწყვიტა. სამი დღის მერე უცნობმა კაცმა ეს ჯვარი, თავისი გაწყვეტილი ჯაჭვით, მამა გაბრიელს მიუტანა და ყიდვა შესთავაზა. "საიდან გაქვს ეს ჯვარი?" - ჰკითხა არქიმანდრიტმა. "ჩემი მეგობარი ავარიაში მოხვდა და სასიკვდილოდ დაიმტვრა. ჯიბეში ჯვარი ვუპოვეთ და მისი გაყიდვა გადავწყვიტეთ დასამარხი ფულისთვის". ამბამ უამბო, რაც მოხდა. მაშინ იმ კაცმა უთხრა, - "დაიბრუნე შენი ჯვარი, შენი ფული არ გვინდაო". დაიწყეს კამათი. ბოლოს, ამბამ ჰკითხა: - სად ასვენია მიცვალებული? სიკვდილის შემდეგ ჯვარი რომ დამიბრუნა, ამიტომ მივალ და წესს ავუგებო. მაგრამ დამფრთხალმა კაცმა ცივად დადო მაგიდაზე ჯვარი და სწრაფად წავიდა.
* ერთხელ ქსიროპოტამის მონასტრის არქიმანდრიტი თანმხლებ პირებთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა. მოიარა მონასტრები და მამა გაბრიელის ნახვაც მოისურვა. მამა გაბრიელმა ეს შეიტყო. როცა სტუმრები მასთან კელიაში მივიდნენ, მათ "მთვრალი" დაენახვა. არქიმანდრიტს მაშინ უთქვამს: "ახლა კი ვხედავ, რომ იგი ნამდვილი სალოსია, მას ჩვენთან არც საუბარი უნდოდა და არც უარით ჩვენი განაწყენება". ილოცეს და მისი კელიიდან გამოვიდნენ.
გაგრძელება იქნება