ჯანყი ანტიოქიაში
ორი წელია, რაც წმინდა იოანე ოქროპირი მღვდლობს ანტიოქიაში. მოახლოვდა 388 წლის დიდმარხვა.
თითქოს სინანულისთვის უნდა მომართულიყო ხალხი, მაგრამ აქაურები ურჩობის სულით იყვნენ სავსე - არაერთგზის აჯანყებულან. ახლაც ასე მოხდა. იმპერიაში ათი წელი სიმშვიდე სუფევდა თეოდოსი დიდის გონივრული მმართველობის წყალობით, რომელიც მაშინ ავიდა ტახტზე, როცა ქვეყანას ყოველი მხრიდან ბარბაროსები ემუქრებოდნენ. მამაცმა მმართველმა შეძლო, ქვეყნის უსაფრთხოებაც განემტკიცებინა და აეშენებინა კიდეც. მან ოთხი წლის წინ ავგუსტუსად დასვა თავისი ძე, არკადი და რადგან ამ მნიშვნელოვანი მოვლენის მეხუთე წელი ახლოვდებოდა, გადაწყვიტა, მთელ იმპერიაში დიდი ზეიმი გაემართა. ფულის დასაზოგად ამავე დროს უნდა აღენიშნათ მისი გამეფების ათი წლისთავიც. ეს ზეიმი მეტად ხარჯიანი იყო - ყოველ ჯარისკაცს ხუთ ოქროს ჩუქნიდნენ ხოლმე. ეს სიმძიმე სახელმწიფოს ხაზინას რომ არ დასწოლოდა, თეოდოსიმ გადაწყვიტა, იმპერიის დიდი ქალაქებიდან მოეკრიფა გადასახადი - ისინი ხომ ამ პერიოდში საკმაოდ გამდიდრდნენ; მაგრამ სწორედ მათ გამოიჩინეს უმადურობა და წინ აღუდგნენ იმპერატორის ედიქტს. პირველად ალექსანდრია აჯანყდა. როცა იმპერატორის ბრძანება ანტიოქიაში წაიკითხეს, სენატორები ქუჩაში ყვირილით გამოცვივდნენ - ეს გადასახადები ქალაქს დაგვიქცევს და ცოლ-შვილის მონებად გაყიდვა მოგვიწევსო. ანტიოქიის ქუჩებში ბევრი უსახლკარო და უსაქმური ცხოვრობდა, რომლებიც მზად იყვნენ აჯანყებისთვის. ხალხის აფორიაქებული მასა თავიდან ეპისკოპოს ფლავიანეს სახლთან მივიდა, იქნებ იმპერატორის წინაშე გვიშუამდგომლოო, მაგრამ მღვდელმთავარი შინ არ აღმოჩნდა. გამწარებულმა ხალხმა აურზაური ატეხა, ყველაზე მდიდრული საზოგადო აბანო გადაწვეს და ახლა გუბერნატორის (ანუ პრეტორის) სახლისკენ გაემართნენ. პრეტორმა თავი აარიდა მათთან შეხვედრას და უკანა კარით გაიპარა. ბრბომ კარები შეანგრია და პრეტორიაში შეიჭრა. მათ თვალწინ დიდებული სანახავი გადაიშალა. გამოსაჩენ ადგილას დაედგათ იმპერატორ თეოდოსის, მისი გარდაცვლილი მეუღლის ფლაცილას, შვილის - არკადის და იმპერატორის ოჯახის სხვა წევრთა ძეგლები. ბრბო შედგა, კრძალვამ დარიათ ხელი. უფრო კეთლგონიერნი ხალხს დაშლისკენ მოუწოდებდნენ. საქმე რამდენიმე ონავარმა გააფუჭა - ძეგლებს ქვები დაუშინეს. ერთის დამსხვრევამ ვნებები უფრო გაამძაფრა - ყველაფერი გაანადგურეს. "ძირს ტირანი!" - გაიძახოდნენ, ძეგლების ნარჩენები ლანძღვა-გინებით წაიღეს და მდინარე ორონტში გადაყარეს. მრისხანების ქარიშხალი ჩადგა, ხალხი გონს მოეგო და თავიანთი საქციელის გამო სასოწარკვეთამ მოიცვა. დანაშაული მართლაც ძალზე დიდი იყო, იმპერატორს შეეძლო, ეპატიებინა თავისი შეურაცხყოფა, მაგრამ ახალგარდაცვლილი მეუღლის ძეგლის დამსხვრევა - არა. ანტიოქიელები ფიქრობდნენ, რომ მათ საშინლად დასჯიდნენ, მონებად გაყიდიდნენ. მდიდრები ერთმანეთს ასწრებდნენ ქალაქიდან გაქცევას. მაგრამ ღარიბი მოსახლეობა სად გაიქცეოდა, ღვთის გარდა მათი დამცველი აღარავინ იყო. ეკლესიები ხალხით გაივსო, ყველა ნუგეშს აქ ეძიებდა. წმინდა იოანეს ბაგეთაგან წარმოთქმულ სიტყვებს დიდი ძალა ჰქონდა, მაგრამ ისიც დუმდა, ერთი კვირა სიტყვა არ დასცდენია, თითქოს ხალხს აცლიდა, დაფიქრებულიყო და თავისი დანაშაულის სიმძიმე შეეგნო. ბოლოს კი, ხორციელის შაბათს თუ კვირას ღრმად დამწუხრებული გამოეცხადა ხალხს და იქადაგა. შემდგომ აღარც დადუმებულა, ქალებისა და ბავშვების ტირილი აწყვეტინებდა ქადაგებას: "ქრისტიანი იმით უნდა განსხვავდებოდეს ურწმუნოთაგან, რომ მომავლის იმედით უნდა გამხნევდეს, - ეუბნებოდა მათ მამა იოანე, - სძლიოს ადამიანთა ბოროტ თავდასხმას. ასე რომ, საყვარელნო, თავი ანებეთ სასოწარკვეთას. ჩვენ იმდენად არ ვზრუნავთ ჩვენს ცხონებაზე, რამდენადაც იღვწის ჩვენი შემოქმედი ღმერთი".
შვებამოგვრილი ხალხი სახლებს დაუბრუნდა. ამასობაში ხალხის გადარჩენისთვის მათი მოხუცებული მღვდელმთავარიც ზრუნავდა. როცა ანტიოქიიდან კონსტანტინოპოლისკენ აჯანყების მაცნეებმა გააჭენეს ცხენები, მღვდელმთავარმა ფლავიანემ გადაწყვიტა, ყველაფერი გაეკეთებინა მეფის მრისხანების შესამსუბუქებლად. მოხუცი და უძლური იყო, მაგრამ მაინც გადაწყვიტა დედაქალაქში გამგზავრება. გზა შორი (1200 ვერსი) და რთული იყო, ცივი ზამთარი იდგა. მღვდელმთავარი კონსტანტინოპოლში გაემგზავრა. ანტიოქია ერთ დიდ მონასტერს დაემსგავსა, სადაც მხოლოდ ლოცვა-ღაღადისი ისმოდა. თვით ქალაქში მცხოვრებმა წარმართებმაც კი თავი ანებეს განშვებულ ცხოვრებას და ეკლესიაში სანუგეშოდ იოანეს ქადაგების მოსასმენად დაიწყეს სიარული. ყველას ერთი ფიქრი აწუხებდა, მიასწრებდა თუ არა მოხუცებული მღვდელმთავარი და როგორ შეხვდებოდა მას იმპერატორი. ანტიოქიელთა სამწუხაროდ, მაცნეებმა დაასწრეს ფლავიანეს და აჯანყებაზე მოახსენეს. იმპერატორმა მაშინვე გამოგზავნა მოხელენი, რომლებიც ანგარიშსწორებას შეუდგნენ. უამრავი ხალხი დაიჭირეს, ციხეები ხალხს ვერ იტევდა და ღია ცის ქვეშ გალიებში დაამწყვდიეს, ხალხს გარეთ გამოსვლისაც ეშინოდა.
და აი, ამ უმძიმეს დღეებში, როცა მონისა და ბატონის სიცოცხლეს ერთი ფასი ჰქონდა, სამსჯავროში მიმავალ მეფის მოხელეებს გზა უცნაურმა, მარხვით სახემიმჭკნარმა ხალხმა გადაუღობა. ისინი გარშემო მყოფი განდეგილები იყვნენ, რომელთაც ესმათ ანტიოქიას თავს დატეხილი უბედურება, დაუტევეს მღვიმეები, მყუდროება და ქალაქში ჩამოვიდნენ, რათა შეძლებისდაგვარად დახმრებოდნენ ამ უბედურებს. მათ არაფერი აკავშირებდათ ამ ცოდვილ სოფელთან და ღვთის გარდა არავისი ეშინოდათ. თამამად წარუდგნენ მოხელეებს და ანტიოქიელთა შებრალება და შეწყალება სთხოვეს. განსაკუთრებით უშიშრად იქცეოდა მოხუცი ჩია ბერი მაკედონი. მან ხელი ჰკიდა ერთ მოხელეს მოსასხამზე, აიძულა ცხენიდან ჩამოსულიყო და როცა ისიც ჩამოქვეითდა, მაშინ ბერმა მასა და მეფის სხვა მოხელეს დარწმუნება დაუწყო, რომ წასულიყვნენ და იმპერატორისგან შეწყალება გამოეთხოვათ. "იმპერატორიც ხომ კაცია, შეიძლება მიხვდეს, თუ რაოდენ სახიფათოა მის მსგავს ადამიანთა მოკვლა. მაგრამ შეუძლია მკვდრეთით აღადგინოს ისინი, ვინც მისი მრისხანების მსხვერპლნი შეიქმნენ? დაე, გაიხსენოს ღვთის რისხვა". მოხელენი გაოცდნენ ამ უჩვეულო, ხალხისგან ფრიად პატივცემული განდეგილის სიტყვებით. დაარწმუნეს, რომ უშუამდგომლებდნენ იმპერატორის წინაშე. დაიძრნენ პრეტორიისკენ, სადაც სიკვდილმისჯილი ანტიოქიელები იდგნენ. აქაც სიურპრიზი ელოდათ - მეფის მოხელეებს წინ გადაუდგა ეპისკოპოსთა და ხუცესთა გუნდი, მათ შორის წმინდა იოანე ოქროპირიც იყო. უთხრეს მეფის მოხელეებს, - მანამდე არ შეგიშვებთ პრეტორიაში, სანამ არ დაგვპირდებით სიკვდილმისჯილთა შეწყალებას, "თუ არადა, ჩვენს გვამებზე მოგიწევთ გადავლაო"... მერე მუხლებზე მოეხვივნენ მოხელეებს და ხან თავმდაბლური თხოვნით, ხანაც ღვთის რისხვის შეხსენებით ისე შეძრეს ისინი, რომ მათ ხმამაღლა გამოაცხადეს სიკვდილმისჯილთა შეწყალება. ხალხის ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა. ერთ-ერთი კეთილშობილი მოხელე კონსტანტინოპოლს გაემგზავრა ყოველივეს იმპერატორისთვის მოსახსენებლად.
ამ დროს მოხუცებული ფლავიანე იმპერატორის კარზე მიღებას ითხოვდა, მაგრამ თეოდოსის მოჯანყე ქალაქის ეპისკოპოსის დანახვაც არ უნდოდა. ღრმად დამწუხრებულ ფლავიანეს სასო წარუკვეთა დედაქალაქში კესარის ჩამოსვლამ, რომელმაც ყველაფერი მოუყვა იმპერატორს და შესთხოვა, შეეწყალებინა დამნაშავენი, რომელთაც უკვე საკადრისად მიეზღოთ. იმპერატორი ყოყმანობდა, სწორედ მაშინ შეუშვეს მასთან ფლავიანე, რომელმაც საბოლოოდ დააცხრო ხელმწიფის მრისხანება. ღრმად დამწუხრებული, თავდახრილი და ატირებული წარუდგა თეოდოსის მოხუცი. თავის სამწყსოსთვის ასე გატანჯული მღვდელმთავრის ხილვამ შეძრა თეოდოსის გული, აღელვებული მივიდა მასთან და უმადურ ანტიოქიელთა შუამდგომლობა უსაყვედურა. სულის შემძვრელი იყო ფლავიანეს პასუხი: შეწყალების ღირსნი არ ვართ, მაგრამ თუ ასეთებსაც შეგვინდობ, მაშინ შენი დანგრეული ძეგლის ნაცვლად მრავალი ათასი უბრწყინვალესი ძეგლი აღიმართება ადამიანთა გულებში. არა მარტო ჩვენი, არამედ ჩვენს მომავალ თაობათა გულებშიც, რომლებიც კრძლავით გაიხსენებენ შენს კეთილშობილებას. ერთხელ დიდი კონსტანტინეს გამოსახულება დალეწეს. ბევრი აღძრავდა, მათ დასასჯელად ქვებით სახე დაუმსხვრიეო. მეფემ კი სახეზე ხელი მოისვა და მდაბლად გაიღიმა, - მე აქ ერთ განაფხაჭნსაც ვერ ვხედავო. იმპერატორის ამ ნათქვამით მასვე განვადიდებთ. ასე მოიქცევიან ჩვენი შთამომავლებიც. რაღა სხვისი მაგალითი მოგიყვე, როცა შენვე, ცოტა ხნის წინ, აღდგომის დღესასწაულისთვის ტუსაღები გაათავისუფლე და ამავე ბრძანებაში აღნიშნე: "ეჰ, ნეტავ შემეძლოს მკვდრებს (სიკვდილით დასჯილებს) მოვუწოდო და მკვდრეთით აღვადგინოო". აი, დრო დადგა მოუწოდო მიცვალებულებს და მკვდრეთით აღდგნენ! ვინაიდან ანტიოქიელები განაჩენის გამოტანამდე უკვე დაიხოცნენ და ჯოჯოხეთის კარებთან დგანან. ასე მრავალი მეფე მოქცეულა. მათი შეწყალებით შენს სახელზეც იზრუნებ, რამეთუ როცა შენს ბრძანებას შეიტყობენ იუდეველნი და წარმართნი, იტყვიან: "აი, რა ძლიერია ქრისტიანობა! კაცი, რომლის ტოლიც არავინ არის დედამიწაზე, რომელსაც შეუძლია ყოველი დაღუპოს და დააქციოს, დაამშვიდა ქრისტიანობამ, მოთმინება ასწავლა... ჭეშმარიტად დიდია ქრისტიანთა ღმერთი. ის კაცთაგან ანგელოზებს ქმნის და მათ ბუნებრივ მოთხოვნილებებზე მაღლა აყენებს!" მრავალი ანტიოქიელი უკვე გარეულ მხეცთა მსხვერპლი გახდა უდაბნოში. უამრავი ქალი და ბავშვი მღვიმეებსა და მიუვალ ხეობებში იმალება. როცა ისინი შეიტყობენ შეწყალების ამბავს, უფრო განგადიდებენ. რადგან შეურაცხყოფის პატიება ერთი-ორს თუ შეუძლია. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენზე მთავრობს ზეციური მეუფე, რომელმაც ადამიანებს ურთიერთშეწყალება გვასწავლა: "თუ ადამიანებს მიუტევებთ შეცდომებს, მაშინ ღმერთიც მოგიტევებთ თქვენს შეცდომებს". გაიხსენე განკითხვის დღე, როცა შენი შეცდომები ამ დამნაშავეთა მიტევებით გეპატიება. სხვანი თუ პატიებისთვის შენთან ოქროთი და ვერცხლით მოდიან, მე შენს მეფურ დიდებულებასთან საღმრთო კანონებით მოვედი, მას მოგართმევ და გევედრები: მოიქეცი ისე, როგორც შენი მეუფე იქცევა, რომელსაც ყოველდღიურად შეურაცხვყოფთ ჩვენი ცოდვებით. ის კი მაინც არ გვაკლებს წყალობას, ნიჭებს. მაგრამ თუ არ აპატიებ, მაშინ არც მე დავუბრუნდები იმ ქალაქს, იმ მხარეს, რომელსაც შენ, კაცთა შორის ყველაზე მდაბალსა და მოყვასს, არ გსურს აპატიო მათ და შეურიგდე".
შეძრა ნათქვამმა თეოდოსის გული: "თუ სამყაროს მეუფე, კაცთა ხსნისთვის მოსული და კაცთაგან ჯვარცმული, ზეციურ მამას ეუბნებოდა: "მიუტევე მათ, რამეთუ არ იციან, რასა იქმან", მით უმეტეს ადამიანებმა უნდა აპატიონ ერთმანეთს დანაშაული", - თქვა მეფემ და ანტიოქიელებს შეუნდო დანაშაული. გახარებულ ფლავიანეს აღდგომის ზეიმი მეფესთან ერთად სურდა, მაგრამ თეოდოსიმ თითქმის იძულებით ანტიოქიაში გაგზავნა: "წადი და დაამშვიდე ხალხი. როცა თავიანთ მწყემსს დაინახავენ, დაავიწყდებათ თავსმოწეული განსაცდელი".
ფლავიანე ანტიოქიაში აღდგომის დღეს შემოვიდა. მთელი ანტიოქია ქალაქგარეთ შეეგება მღვდელმთავარს. ამ განსაცდელმა და მისმა დასასრულმა ბევრი წარმართი მოაქცია ქრისტიანობისკენ და ღმერთს შეარიგა. მართლაც, რამხელა პასუხისმგებლობა აკისრია ხელისუფალს და რამდენად ძლიერია ის ქვეყანა, სადაც ხელისუფალი და ქვეშევდრომი ურთიერთმიმტევებელნი არიან. ძლიერია ის ქვეყანა, სადაც ასეთი მწყემსები და მწყემსმთავრები ჰყავთ, სადაც ხელისუფლება თავს ხალხის მსახურად თვლის და მათ დამწყემსვაში ადამიანთა სულების ჭეშმარიტ მწყემსებს გვერდით დაიყენებს, თვითონვე დაემორჩილება მათ და ერთი სამწყსო და ერთი მწყემსი იქნება ზეცათა მეუფისა - ქრისტესი.