ძველ ათონელებს მეტ-ნაკლებად ყველანი ვიცნობთ, ახლებზე კი ერთეულნი თუ გეტყვიან რამეს, მაგრამ ფრაგმენტებად გადარჩენილმა მათმა ცხოვრებამ მაინც ცხადყო, თუ რამდენად თანაეხატნენ ქრისტეს ძველ მოწამეთ...
დღეს ერთ-ერთ მათგანზე, მამა სიმონ ბაღდავაძეზე უნდა მოგითხროთ. მისმა ცხოვრებამ თითქმის დაიტია მეოცე საუკუნის უკანასკნელ ქართველ ათონელთა უმძიმესი ხვედრი. მძიმე დროებამ და რკინის საუკუნემ თავის მისადრეკი ადგილი აღარ დაუტოვა ანგელოზებრივი ცხოვრების მაძიებელ ქართველ ხუცესებს, რომელთა შესახებ მომავალში გიამბობთ.
დიდსქემოსანი მღვდელმონაზონი სიმონ ბაღდავაძე
მამა სიმონი (ერში - სოლომონი) 1857 წელს ვანის რაიონის სოფელ ჭყვიშში ივანე ბაღდავაძის ოჯახში იშვა. თუმცა იქ მხოლოდ რამდენიმე წელიწადი დაჰყო - ადიდებულმა რიონმა სოფელი ჭყვიში თან გაიყოლა და გადარჩენილები სამტრედიის სიახლოვეს, ამჟამად ახალსოფლად წოდებულ ადგილას გადმოსახლდნენ. ნიჭითა და ზნეკეთილობით გამორჩეული ბავშვობაში ხშირად სტუმრობდა გელათსა და მოწამეთას. მერე დაოჯახდა, მაგრამ სულ მალე დიდი განსაცდელი დაატყდა თავს - მეუღლე მშობიარობას გადაჰყვა. სამწუხაროდ, ვეღარც ჩვილის გადარჩენა მოახერხეს... დაქვრივებული სოლომონი რწმენითა და მორჩილებით შეხვდა ამ განსაცდელს და ბერად შედგომა გადაწყვიტა, თუმცა განზრახვა მაშინვე ვერ აღასრულა - უეცრად ერთადერთი ძმა გადაეცვალა. პატარა ობოლი ძმისშვილის უპატრონოდ დატოვება როგორ შეეძლო! ამიტომ მისი აღზრდა თავს იდო და მამასავით უერთგულა.
თუმცა მამობა მხოლოდ ძმისშვილს როდი გაუწია - მეზობელი სოფლებიდან პატარები მოიკრიბა და ჩინებული საშინაო სკოლა დააარსა. ასწავლიდა ქართულს, არითმეტიკას, გეოგრაფიას, ისტორიას... მაგრამ არანაკლებ ზრუნავდა მოსწავლეთა ზნეობაზე. მათ კი, ვინც შორიდან დადიოდა, თავისთან ტოვებდა და ინახავდა, შინ მხოლოდ შაბათ-კვირას ისტუმრებდა შვილობილებს.
სიყვარულით დაზრდილი ბარტყები წამოიზარდნენ, ოჯახებს მოეკიდნენ, დავაჟკაცებულ ძმისშვილს კი უთხრა: - აწი შენთან ისე მოვალ, როგორც სტუმარი, უკვე ვაჟკაცი ხარ, თანაც, მე რომ მინდოდა, სწორედ ისეთიო. ახალდაქორწინებულს კუთვნილი მამული გადაულოცა და გელათს შეეკედლა.
ბერად 1890-იანი წლების ბოლოს სიმონის სახელით აღიკვეცა. ცოტა ხანში მღვდელმონაზვნადაც დაასხეს ხელი. 1901 წელს იერუსალიმის მოლოცვა და ათონზე დამკვიდრება გადაწყვიტა და ასეც მოიქცა. წასვლამდე ძმისშვილი ინახულა, რომელსაც გოგონა შესძენოდა.
წმინდა მიწის მოლოცვის შემდეგ მამა სიმონმა ათონს, ივერთა მონასტრის სიახლოვეს მდებარე წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ქართველთა სავანეს მიაშურა. იქ ნებისმიერი ქართველის გამოჩენა ძალიან უხაროდათ, მაგრამ ახალგაზრდა მღვდელმონაზვნის შემომატებამ საძმო განსაკუთრებულად გაახარა.
ათონზე იმ დროს 50-მდე ქართველი ბერი მოღვაწეობდა. ივერთა მონასტრის ბერძენი არქიმანდრიტებისგან შევიწროების მიუხედავად, ქართველთა სავანეში სანიმუშო წესრიგი სუფევდა, ყოველდღე აღესრულებოდა წირვა, ხოლო ღამისთევის მსახურება ძველი ქართული რვა ხმათა გალობით სრულდებოდა.
ბერძნებს აშინებდათ ქართველთა მომრავლება - იცოდნენ, ადრე თუ გვიან ივერთა მონასტერში მათი ძმად მიღება მოუწევდათ, ამიტომ ყოველნაირად ავიწროებდნენ, ტყითა და წყაროთი სარგებლობის უფლებას არ აძლევდნენ... ქართველთა ყოფა უკიდურესად დამძიმდა, მაგრამ, ღვთის შეწევნით, მამები ჩაგვრას უძლებდნენ...
იოანე ღვთისმეტყველის სავანის განმაახლებელი და გამგებელი, მღვდელსქემმონაზონი იონა (ხოშტარია) თითქმის ყოველდღე წირავდა. იქ მოღვაწეობდა უდიდესი ბერი, მღვდელსქემმონაზონი თეოდოსი (ერისთავი), რომელიც გელათის მონასტრის წიაღში აღიზარდა. მღვდელსქემმონაზონ ათანასეს (ალექსი ბაქრაძის) დიდი ღვაწლით მონასტერში აღორძინდა მწიგნობრობა, კალიგრაფია, ათეულობით შესრულდა ივერთა მონასტრის ბიბლიოთეკაში დაცულ უძველეს ხელნაწერთა ასლი...
მამა სიმონს მორჩილებად მზარეულობა განუწესეს, პერიოდულად კი სავანის ეკლესიაში წირავდა.
როგორც ვთქვით, ივერთა მონასტრის ბერძენ ბერებს ძლიერ აშფოთებდა ქართველთა სავანის იქ არსებობა - სინდისიც ამხელდათ, ქართველებს ქართულ მონასტერში რომ არ უშვებდნენ, მეორე მხრივ კი, მონასტრის მმართველობისა და მისი უზარმაზარი შემოწირულობების დაკარგვის შიში ჰქონდათ. ამ ყოველივეს ხელს თავად მონასტრის გადაგვარებული შინაგანაწესი უწყობდა. ივერთა მონასტრის დამაარსებელ მამათა მიერ დაწესებული ტიპიკონი უკანონოდ შეცვალეს ახალი განაწესით, ე.წ. იდიორითმით; მონასტერს წინამძღვრის ნაცვლად რამდენიმე არქიმანდრიტი - "ეპიტროპოსი" განაგებდა რიგრიგობით, შემოსავალსაც ერთმანეთში ინაწილებდნენ...
იმ დროისთვის ივერთა მონასტრის საძმო 150 კაცს მოიცავდა და მათი დიდი ნაწილი სურვილისამებრ ცხოვრობდა. ხშირი იყო უთანხმოება; ერთსულოვანნი მხოლოდ ქართველ ბერთა წინააღმდეგ იყვნენ...
ქართველი ბერები, რომლებსაც ივერთა მონასტრის დამაარსებელ წმინდა მამათა შეჩვენების ეშინოდათ (მათი განწესებულის დარღვევის გამო), ბერძენ ბერებს სთხოვდნენ, ძველი ტიპიკონი აღედგინათ, რაც ბერძენთათვის მიუღებელი გახლდათ. რუსეთის იმპერიის შიში რომ არა, რომლის მოქალაქეებადაც ითვლებოდნენ იმ დროს ქართველი ბერები, არც დაფიქრდებოდნენ, ისე მოიშორებდნენ თავიდან აბეზარ ქართველებს, მხოლოდ შესაფერის დროს ელოდნენ და ეს დროც დადგა.
წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სავანის სამართლებრივი სტატუსი ფრიად არამყარი იყო. სავანე ოფიციალურად ივერთა მონასტრის დაქვემდებარებაში მყოფ სენაკად ირიცხებოდა. ქართველთა სავანის წინამძღვარმა, იღუმენმა ბენედიქტე ბარკალაიამ ეს სენაკი 1860-იან წლებში დროებით თავშესაფრად შეიძინა. იმ დროს ვინ წარმოიდგენდა, რომ ივერთა მონასტრის აღმშენებლებსა და პატრონებს ხსენებულ მონასტერში აღარ შეუშვებდნენ და ეს სამარცხვინო დავა ასე დიდხანს გაგრძელდებოდა!
ათონზე მოქმედი კანონით კი სენაკში მოღვაწე ბერთა უფლებები შეზღუდული იყო - დედა მონასტრის ნებართვის გარეშე ძმათა რიცხვის გაზრდა ან რაიმე შენობის აგება მკაცრად იკრძალებოდა. ამ ყველივეს ბერძენი ბერები ბოროტად იყენებდნენ - ქართველთა ეკლესიის გუმბათი მოანგრიეს, არც ზარების რეკვის, სასმელი წყლის მილებით გამოყვანისა და შეშით სარგებლობის ნებას აძლევდნენ. თავს კი იმით იმართლებდნენ, - ათონის მთის განაწესი ირღვევაო... ქართველ ბერებს ძლიერ აოცებდათ მათი სისასტიკე, მაგრამ უკეთესის იმედით ყველაფერს ითმენდნენ.
დრო გადიოდა, მამა სიმონი ჩვეული რუდუნებით განაგრძობდა მოღვაწეობას. მისი დახმარებით მშობლიურ სოფელში ეკლესია აშენდა, რომელსაც შვილივით გაზრდილი ძმისშვილი, ივანე პატრონობდა. მოგვიანებით ტაძარს მღვდლის ულამაზესი ცისფერი შესამოსელი, ვერცხლის ბარძიმი, ფეშხუმი, ჯვარი და ღვთისმსახურებისთვის საჭირო სხვა ნივთებიც გამოუგზავნა.
1905 წელს გარდაიცვალა მღვდელსქემმონაზონი თეოდოსი (ერისთავი), რაც საძმოსთვის განსაკუთრებული დანაკლისი იყო. იმავე წლის ოქტომბერში მამა სიმონი ათონზე არაერთხელ შეესწრო მიწისძვრასაც, რომელმაც საგრძნობლად დააზიანა იქაური მონასტრები, განსაკუთრებით - ივერონი, ნახევრად დაიქცა წმინდა ექვთიმეს კოშკი, გაიპო გუმბათები, თითქმის დაინგრა წმინდა იოანე ნათლისმცემლის ტაძარი, ღვთისმშობლის ტაძარს გუმბათი მოერღვა, ქართველთა სავანე კი სტიქიას მართლაც რომ სასწაულებრივად გადაურჩა.
მღვდელმონაზონმა იონამ საძმოს მძიმე მარხვა დაუწესა...
ბერძენთა უსამართლობით გაწამებული ქართველი ბერები თავდასაცავ გზებს ეძებდნენ.
ივერთა მონასტრის არქიმანდრიტები ყოველ 4 წელიწადში ერთხელ ცვლიდნენ მოსკოვის მეტოქის მმართველს. სწორედ ამ მეტოქიდან შემოსდიოდათ უზარმაზარი შემოწირულობა. იმხანად ყოველ ახალ მმართველს სულთანი (ქალკედონის ნახევარკუნძული, სადაც ათონის მთა მდებარეობს, 1913 წლამდე ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა) და რუსეთის საელჩო ამტკიცებდა. მამა იონა ხოშტარია ჩადიოდა კონსტანტინოპოლში და რუსეთის ელჩსა და კონსულს სთხოვდა შუამდგომლობას, მაგრამ, სამწუხაროდ, მისმა ძალისხმევამ შედეგი არ გამოიღო - ბერძნები ქრთამით იკაფავდნენ გზას.
1911 წელს კი ქართველებზე გულმოსულებმა ათონის მთის უმაღლეს მმართველ ორგანოში - პროტატში საჩივარი შეიტანეს: "ქართველები არ გვემორჩილებიან და გთხოვთ, ზომები მიიღოთო".
ქართველი ათონელები წმინდა მთიდან გამოდევნისგან იმხანად ოსმალეთში მყოფმა არქიმანდრიტმა ნიკოლოზმა (ნამორაძემ) იხსნა - სულთნის კართან დაახლოებულ მაჰმადიან ქართველებს, ირემაძეებს დაუკავშირდა და მათი მეოხებით ათონზე მოთხოვნა გაგზავნა - ქართველ ბერებს თავი ანებეთო...
საბედნიეროდ, ივერთა მონასტრის ბერძენ ბერთა შორისაც იყვნენ ისეთნი, ქართველებს რომ თანაუგრძნობდნენ - მამა გრიგოლმა და მამა პართენმა სამასი ოქრო ასესხეს დევნილ ქართველებს.
რამდენიმე წელიწადში პოლიტიკური მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა - ჯერ ბალკანეთში აირია ვითარება, შემდეგ პირველი მსოფლიო ომი დაიწყო. ევროპას სისხლის წვიმები დაატყდა. ათონის მთაზე კი ვითარებას ისიც ძაბავდა, რომ მის მკვიდრთა მშობლიური ქვეყნები ერთმანეთს ეომებოდნენ, შეწყდა შემოწირულობები...
1918 წელს, ნოე ჟორდანიას ხელისუფლების ანტიეკლესიური რეფორმების შედეგად, ეკლესია-მონასტრებს კუთვნილი მიწები ჩამოერთვა. მათ შორის, ბუნებრივია, იყო ივერთა მონასტრის მამულებიც, რომლებსაც ბერძენი ბერები განაგებდნენ.
საქართველოს მენშევიკურ მთავრობაზე გულმოსულმა ბერძნებმა ჯავრი ათონელ ქართველებზე იყარეს - 1918 წლის მიწურულს, მღვდელსქემმონაზონ იონას (ხოშტარია) გარდაცვალების შემდეგ, ქართველებს უკვე წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სავანის დატოვებაც მოსთხოვეს...
ქართველი ბერები გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. მამა სიმონს ძმობამ ქართველ ბერთა დროებითი მმართველობა ჩააბარა. ეს დიდი ჯვარი და პატივი იყო. მღვდელმონაზონ იოანესთან (მაისურაძე, აწ წმინდანად შერაცხული) და მელეტისთან (თოფურია) ერთად მრავალგზის ეახლა და ევედრა თანამოძმეთა სახელით ივერთა მონასტრის არქიმანდრიტებს, წმინდა მთიდან არ განედევნათ, მაგრამ ამაოდ.
1919 წლის 9 მარტს ივერთა მონასტრის მმართველი ბერები ჯარისკაცთა თანხლებით მიადგნენ იოანე ღვთისმეტყველის სავანეს, მამა სიმონს ძალით წაართვეს გასაღებები და სავანეს ასე დაეპატრონნენ.
ქართველ ათონელებს მხოლოდ პირადი ნივთებისა და ბიბლიოთეკის ნაწილის გატანის უფლება მისცეს, დანარჩენი ყველაფერი, სურსათის მარაგის ჩათვლით, თავად მიისაკუთრეს.
ქართველები ღია ცის ქვეშ, უნუგეშოდ დაშთნენ.
მამა სიმონმა თავშესაფრის სათხოვნელად წმინდა პანტელეიმონის რუსული მონასტრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ მიხაილს მიმართა.
იმხანად ურთიერთობა რუს ბერებთანაც გართულებული იყო, რადგან ზოგი მათგანი 1917 წელს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას "რასკოლს" უწოდებდა, თუმცა ისინი ქართველებს, შეძლებისდაგვარად, მაინც დაეხმარნენ - არქიმანდრიტმა მიხაილმა ქართველ ბერებს სტეფანე პირველმოწამის სენაკში გადასვლა შესთავაზა, რომელიც ხევში, მეტად მოუხერხებელ და ნესტიან ადგილას იდგა.
რამდენიმე ბერმა იქ გადასვლა იუარა, მაგრამ არჩევანი არ ჰქონდათ. ქართველ ბერთა ნაწილი იძულებული გახდა, სამშობლოს დაბრუნებოდა, სადაც უარესი განსაცდელი ელოდათ...
მძიმე და ცრემლიანი იყო გამოთხოვება - ბერები თითქოს გრძნობდნენ, რომ ერთმანეთს ვეღარასდროს შეხვდებოდნენ...
1920 წელს 9 ქართველი ბერი მამა სიმონის წინამძღვრობით წმინდა სტეფანე პირველმოწამის სახელობის სავანეში გადავიდა. უმძიმესი ჯაფა ადგათ, ამ პირობებში რომ ეარსებათ.
9 ბერიდან 3 ღრმად მოხუცებული გახლდათ და, ბუნებრივია, ფიზიკურად ვეღარ ირჯებოდნენ, დანარჩენებს კი, მათ შორის - მამა სიმონსაც, ორმაგი ჯაფა ადგათ - ბალახს თიბავდნენ, კაკალს აგროვებდნენ, ყიდდნენ და ასე წვალებით გაჰქონდათ თავი.
მძიმე შრომამ და ცუდმა პირობებმა მამა სიმონს ჯანმრთელობა შეურყია და 1926 წელს იძულებული შეიქმნა, პანტელეიმონის მონასტრის საავადმყოფოში ემკურნალა - უკვე 69 წლის შესრულდა და ძალა ძველებურად აღარ მოსდევდა.
პანტელეიმონის მონასტრის ბერებმა დარჩენა შესთავაზეს - ძველ ადგილას ცხოვრება სიცოცხლეს მოგისწრაფებსო. ქართველმა თანამოძმეებმაც იგივე სთხოვეს და დაჰპირდნენ, ხშირ-ხშირად გინახულებთო. ასეც მოხდა.
რამდენიმე თვეში მომჯობინებულმა მამა სიმონმა პანტელეიმონის მონასტრის სატრაპეზოში მუშაობა შეძლო, რუსმა ბერებმა იქვე ახლოს სენაკიც დაუთმეს. კეთილი და სევდიანი მოხუცი მალე ყველა იქაურმა შეიყვარა. მაგრამ ისევ არ მოასვენა ბოროტმა - სტეფანე პირველმოწამის სენაკს, სადაც მისი ღვთის ანაბარა დარჩენილი დევნილი თანამოძმენი როგორღაც არსებობდნენ, 1932 წელს ხანძარი გაუჩნდა, მალე გავიდა წუთისოფლიდან ბერი ბართლომეც, რამაც ძალიან ატკინა გული მამა სიმონს...
სიცოცხლის უკანასკნელ წლებში სენაკიდან იშვიათად გამოდიოდა, 1942 წელს კი თავადაც შეუერთდა ზეციურ საქართველოს.
შეგვეწიოს ქართველ ათონელთა წმინდა ლოცვა!
მასალის მოწოდებისთვის მადლობას მოვახსენებთ
ბატონ ლუარსაბ ტოგონიძეს
ბატონ ლუარსაბ ტოგონიძეს