როცა დრო ვერ მბრძანებლობს
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
არიან დაბადებით არისტოკრატი ქართველი დედაკაცები, რომელთაც ამკობს კეთილშობილება, მათი მდიდარი სული არ გაუნადგურებია ჩვენს გარყვნილ და მერკანტილურ დროს.
მანერულობა, მედიდურობა უფრო მდაბალი და ქარაფშუტა ადამიანებისთვისაა დამახასიათებელი. სულმაღალნი უბრალონი და უშუალონი არიან, მათი ეს უბრალოება ვულგარულობაში არ გადადის, ქებულია სინატიფით, ბუნებრივი შინაგანი მომხიბვლელობით. ეს ადამიანები მონაზვნობაშიც არ კარგავენ სულიერ სილამაზეს. ის თითქოს სულიერებას უერთდება და ხალხთან ურთიერთობისას აძლევს მას განსაკუთრებულ სილამაზესა და სირბილეს. მე ვთქვი, სიტყვა "არიან დედაკაცები". ალბათ უნდა მეთქვა, "იყვნენ დედაკაცები-მეთქი", ისე, როგორც გვიანი შემოდგომის ვარდებზე საუბრობენ.ასეთი დედაკაცი გახლდათ მონაზონი მართა, ფშაველი, თიანეთის ერთი სოფლიდან. მისი ცხოვრება უჩვეულოდ მოეწყო. ახალგაზრდობაში დახელოვნებული მოჯირითე ყოფილა, რამდენიმე კინოფილმშიც უმონაწილევია - სახიფათო ტრიუკები შეუსრულებია. ერთხელ, ჯირითისას, ცხენს წაუფორხილებია, დაცემულა, მართა ქვეშ მოუყოლებია. ქალი ისე დამტვრეულა, რომ საქმიანობა ვეღარ გაუგრძელებია.
მერე გათხოვდა, ცოლად გაჰყვა ვაჟა-ფშაველას შვილთაშვილს, რომელიც დიდი ხანია მისი გულის მონადირებას ცდილობდა. მართას ახლობლებს არ მოსწონდათ სასიძო - სახელგანთქმული პაპისა მხოლოდ სახელი აქვს. თუ მას გაჰყვები, დაივიწყე მშობლები და ახლობელ-ნათესავებიო. მართამ არ დაუჯერა ოჯახს... მაგრამ მალე გაუცრუვდა იმედი... მან ეს დარტყმა ღვთის ნებად და მოწოდებად მიიღო და გადაწყვიტა, თავისი ცხოვრება ღვთისთვის მიეძღვნა.
ხშირად ღმერთი ადამიანს ართმევს ყველაფერს, რომ შეუდარებლად მეტი მისცეს - უძღვნას საკუთარი თავი. ის მონაზვნად აღიკვეცა და მამაცურად შეუდგა ამ ძნელ გზას, რომელსაც სულიერი წინაღობები უფრო აძნელებდა, ვიდრე კასკადიორის გზას. იფიქრებდი, მონაზვნობისთვის არის გაჩენილიო, ხოლო მისი წარსული ცხოვრება ერთგვარი გამოცდა იყო...
გარეგნულადაც საოცრად ლამაზი იყო მონაზონი მართა. ხანდახან ქუჩაში მიმავალს ხალხი თვალს აყოლებდა. მაგრამ მთავარი მაინც სულიერი სილამაზე იყო. სახეს უბრწყინებდა შინაგანი ნათელი. მის თვალებში იგრძნობოდა რაღაცნაირი დაფარული საიდუმლო - საიდუმლო ლოცვისა. ის ყველას თანაგრძნობით უყურებდა, თითოეულის ტკივილი ესმოდა და თითქოს ეუბნებოდა: - მეც განმიცდია ამგვარი ტკივილი. ახლა კი ბედნიერება ვიპოვე, განღებულია მისი კარი ყველასთვის და არც თქვენ ხართ შორს მისგანო.
განსაკუთრებული მოფერება იცოდა, ეს არ იყო ლაქუცი, არამედ სიმკაცრეშერეული ალერსი, რომელიც არ დაუშვებს ერთი ბეწო უხეშობასაც კი, რომელსაც შეუძლია შეურაცხყოს ადამიანი. იფიქრებდი, ქრისტიანთა დევნისას რომ ეცხოვრა, ალბათ თავისი ჯალათებისთვის ილოცებდაო.
პირველად მას საქართველოს ხელოვნების მუზეუმში შევხვდი. მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის დღესასწაული - ანჩისხატობა გახლდათ. დღესასწაული მუზეუმის დასვენების დღეს დაემთხვა, მხოლოდ დარაჯები ისხდნენ კარებთან. თანამშრომელთაგან მუზეუმში არავინაა, ჩვენ ნება არა გვაქვს, ვინმე შევუშვათ შიგ, თუნდაც ხელისუფლების წარმომადგენელიო. რაღას ვიზამდით. შენობასთან მაინც ვილოცებ-მეთქი. ამ დროს ჩემთან მონაზონი მოვიდა - კარებთან რატომ დგახარო. ვუთხარი. ისიც ანჩისხატის მოსალოცად მოსულიყო. მერე ვესტიბულში შევიდა და მცველებს გაესაუბრა. ამ დროს მათთან მივიდა კაცი, რომელიც მუზეუმის დირექტორის მოადგილე აღმოჩნდა. მონაზონმა სთხოვა, ხატთან გვალოცინეთო. მალე გამოვიდა გარეთ და მიმიხმო. დირექტორის მოადგილე დარბაზში თვითონ შეგვიძღვა. შევედით ოქროს ფონდში. აქ ინახება საქართველოს ყველაზე დიდი საგანძური - უძველესი ხატები, რომელთა უმეტესობა ჭედურია.
არაერთხელ ვყოფილვარ აქ და ყოველთვის ტურისტები ირეოდნენ. ხელოვნებათმცოდნენი ხმამაღლა უხსნიდნენ მათ, რომელ საუკუნესა და სკოლას ეკუთვნოდა ხატები, თითქოს ერისკაცული სურათების კოლექცია ყოფილიყოს. მე მუდმივად ვგრძნობდი ერთობლივ უხილავ ნათლის ველს, სიწმინდეებს რომ ერტყა გარს და მეორე მხარეს სიწმინდისთვის შეუსაბამო გამოფენის სულს. მუზეუმში მოთავსებული ხატები ციხეში ჩამწყვდეულ მოწამეებად მეჩვენებოდა.
მუზეუმის ბევრი დამთვალიერებლი გულწრფელად იყო აღტაცებული ძველი ოსტატების ბრწყინვალე ტექნიკით, მაგრამ ისინი მთავარს ვერ ხედავდნენ, ხატის სულიერ პლანს, იმ სულიერ სინათლეს, რომელიც მისგან იღვრება. ისინი ხატით ისევე იყვნენ აღტაცებულნი, როგორც რემბრანდტის ფერწერით...
დევნის და ხრუშჩოვისეული სიბილწის ჟამს მუზეუმის თანამშრომელთა უმრავლესობა ღვთისმსახურებს მოწიწებით და თანაგრძნობით ექცეოდა. თითქოს გულის სიღრმეში გრძნობდნენ, რომ სხვის ქონებას, ეკლესიის საკუთრებას დაპატრონებოდნენ, რომ ხატი ლოცვისთვის არის შექმნილი და მისი ადგილი ეკლესიაშია. კომუნისტური რეჟიმის დროს, როცა ლოცვა აკრძალული იყო, საზოგადოებრივი შეკრების ადგილებში მუზეუმის თანამშრომლები შენიშვნას არ აძლევდნენ მორწმუნეებს, როცა ისინი ხატის წინ იხრებოდნენ და ეამბორებოდნენ.
ქრისტიანის უმთავრესი სათნოება - სიმდაბლეა. მაგრამ თუ ვისაუბრებთ ერის სიდიადეზე, მის სულიერ სიდიადეზე, ის განგვეცხადება ისტორიის ფარდის მიღმა, გარდასულ საუკუნეთა ბურუსის მიღმა. ამ რამდენიმე დარბაზში შეკრებილია მცირეოდენი ნაწილი იმისა, რაც სასწაულით გადაურჩა შემოსევათა ცეცხლს და რევოლუციას. სწორედ ეს მცირეოდენი ნაწილი არის საქართველოს უმთავრესი საგანძური. წარსულიდან რამდენიმე ხატიც რომ შემორჩენილიყო, ისინი, ისე როგორც "ქართლის ცხოვრება", მოგვითხრობდნენ იმ წლებზე, როცა საქართველო და მართლმადიდებლობა სინონიმები იყო ჯვრისმტვირთველი ერისთვის.
მაგრამ ხატი ძეგლი არ არის, არც დიდების მემორიალია. ხატი - ერთ-ერთი ფორმაა ეკლესიის მისტიკური ცხოვრებისა. მინახავს მთებში, მღვიმის მონასტრისკენ მიმავალი მრავალსაუკუნოვანი კიბე, რომლის ქვის საფეხურები ისეა გაცვეთილი, თითქოს გაუხეხავთ და გაუპრიალებიათ იმ მოღვაწე ბერებს, რომლებიც ამ კიბით ადიოდნენ ზემოთ ანდა ქვემოთ ეშვებოდნენ წყლის ამოსატანად. მონასტერში დაცული თითოეული ხატი მსგავსია კიბისა, რომლის პირველი საფეხური მიწას ეხება, ხოლო ზედა ზეცის თვალშეუდგამი სიმაღლისკენ მიემართება. მინახავს ღამით მთებში ანთებული ცეცხლი, მეგონა, სულ ახლოს იყო, მაგრამ თურმე მეზობელი მთის ფერდობზე ენთოთ მწყემსებს. იმ მთამდე კი მრავალი კილომეტრი გვაშორებდა. ხატიც ჩვენს გვერდითაა, შეგვიძლია ხელით შევეხოთ, შევეხოთ ბაგეებით, ვეამბოროთ და შევიგრძნოთ ლითონის გემო ნიშნად იმისა, რომ ხატი გრძნობს ჩვენს ამბორს. შეგვიძლია გულით შევიგრძნოთ ძალა მადლისა - ეს უხილავი ნიმბი, რომელიც ხატს გარს არტყია. და ამ დროს ის მარადისობიდან გვიცქერის, ზეციდან ცეცხლს გვაღვრის, მისი დასაწყისი და დასასრული სულიერ სამყაროშია, ის ერთდროულად ჩვენთანაცაა და შორსაც არის ჩვენგან, მაგრამ შორს არის იმიტომ, რომ მიგვაახლოვოს იმ ნათლის წყაროს, რომელიც მასში აირეკლება და მიწაზე ეცემა.
ცხოვრება ჩვენი სიკვდილთანაა შეერთებული. ეს ორი დაა, ერთმანეთს რომ ამბორსუყოფენ, ერთმანეთს რომ გულში იკრავენ - ეს დროა, რომელმაც ის განუყრელ თანამგზავრებად აქცია. სულიერი სამყარო - ეს ის სამყაროა, სადაც არ არის სიკვდილი, რომელზეც დრო ვერ ხელმწიფობს, ეს არის საუკუნო სინათლის სამყარო, სადაც არ არიან არყოფნის შავი აჩრდილნი, სადაც დღევანდელობა არ იკარგება წარსულის უფსკრულში, სადაც ღვთის მადლი ფერს უცვლის მთელ მის ქმილებას. ეს არის ღვთის მსგავსების სამყარო, რომელსაც განუცხადებს, რომლისკენაც მოუხმობს ადამიანის სულს ხატი. სასწაულმოქმედი ხატის წინაშე ლოცვისას სული შეიგრძნობს მისთვის უცნობ ყოფიერების უმაღლეს რეალობას. განთავისუფლდება დროის მონობისგან - ეს არის დასასრულის უსასრულობასთან შეხება.
ხატი წინასწარმეტყველებაა სამყაროს ფერისცვალებაზე - და დასაწყისია მისი ფერისცვალებისა, ესაა ხატი ღვთის მიმსგავსებისა, რომელიც ხდება კარი დაუსრულებელი ღვთის მიმსგავსების სამყაროში, როგორც შინაარსი ჩვენს შიგნით დაწყებული საუკუნო სიცოცხლისა.
მუზეუმში უფრო მეტად შემოინახა ხატები მაცხოვრის, ღვთისმშობლის და წმინდა დიდმოწამე გიორგისა. დედა ღვთისა - სიმბოლოა სიყვარულისა. წმინდა თამარი ქალწულ მარიამს "საქართველოს ქალბატონსა და დედოფალს" უწოდებდა. წმინდა გიორგი - სიმბოლოა ვაჟკაცობისა, იგია მონაზონთა მფარველი. ხატება წმინდა გიორგისა მოწმობაა იმ უზარმაზარი სისხლისა და მსხვერპლისა, რომლის ფასადაც შემოინახა ქართველმა ხალხმა მართლმადიდებლობა. სარწმუნოებისთვის მოწამეთა ძვლების შეკრება და კოშკად აგება რომ შეგვეძლოს, წვერი უმაღლეს მწვერვალებს მისწვდებოდა. რომ შეგვეგროვებინა მართლმადიდებლობისთვის დაღვრილი სისხლი, საქართველოს მთებსა და მდინარეებს ალისფრად შეღებავდა. ვინმეს რომ მოესურვებინა ქრისტესთვის წამებული ყველა ქართველის წიგნში ჩაწერა, არ ეყოფოდა ამისთვის მთელი ცხოვრება. მეფე, რომელმაც მონგოლთა შემოსევის მერე კვლავ გააერთიანა და ნანგრევებიდან აღადგინა საქართველო, გიორგი გახლდათ, რომელსაც ბრწყინვალე ეწოდა. უკანასკნელი მეფეც საქართველოსი გიორგი გახლდათ. მაგრამ ყოველთვის, ყველა დროში საქართველოს წმინდა გიორგი მფარველობდა. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს გალავანივით გარს არტყია წმინდა გიორგის ტაძრები. ყოველ ქალაქში, ყოველ მხარეში და ყოველ სოფელში დგას წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი. მთის მწვერვალებსა და ფერდობებზე, ხეობებსა და უღრან ტყეში ხალხი აგებდა ტაძრებს წმინდა გიორგის სახელზე. მიუვალ კლდეებში, სადაც, გგონია, ადამიანს ფეხი არ ექნება დადგმულიო, შეიძლება წააწყდე ძველი ტაძრის ნანგრევებს, სადაც ქვაზე გამოსახული წმინდა გიორგი მოწმობს იმას, რომ ეს სალოცავი მის პატივსაცემადაა აგებული.
ოქროს ფონდის დარბაზებში შევდიოდი, როგორც მეფის სასახლეში, სადაც უნდა წარვმდგარიყავი წინაშე მეუფისა ცისა და მიწისა, ანგელოზთა და კაცთა, წინაშე ხილულ და უხილავ სამყაროთა შემოქმედისა და მარადისობისა და დროის მეუფისა. სულიერ ცხროვებაში ყოველთვის ყოველივე ახალია. თუ კაცი ხატის წინაშე ლოცულობს, ხედავს, როგორ ცოცხლდება მისი სახე. ეს არც ვიზიონერობაა და არც შთაგონება, ეს სულზე მადლის მოქმედებაა, როცა ხატში განეცხადება მას პროექცია სულიერი სამყაროსი და მისი საკუთარი სულისა. მადლიერებას ვგრძნობდი იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც დიდი შეჭირვებისა და შრომის ფასად შემოინახეს ეს ხატები. თუმცა ზოგიერთი მათგანი მორწმუნე არ იყო, მაგრამ მათ უყვარდათ თავიანთი სამშობლო და ხატებს მიიჩნევდნენ მისი ისტორიის ნაწილად.
გაგრძელება იქნება