არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
"გაჰყევი გზას, როგორი გრძელიც არ უნდა იყოს, და ნუ წახვალ პირდაპირ, რაგინდ მოკლედ გეჩვენებოდეს"
მთაწმინდა. თბილისის შემოგარენში არის მთა, რომელსაც, ათონის მთის მსგავსად, მთაწმინდას ეძახიან.
მას მეორე სახელიც ჰქვია - "მამა დავითის მთა". აქ რამდენიმე წელი ცხოვრობდა მოწაფე ღირსი იოანესი, წმინდა ნინოს შემდეგ საქართველოს მეორე მოციქულის, ასური მოსაგრისა, რომელიც ღვთისმშობლის კურთხევით ჩამოვიდა ანტიოქიიდან ქრისტიანობის საქადაგებლად და ანტიოქიის სავანეთა ტიპიკონის მიხედვით მონაზვნური ცხოვრების დასაწესებლად. ღირსმა დავით გარეჯელმა სამოღვაწეოდ ამოირჩია თბილისის დასავლეთით მდგარი მთა და მის ციცაბო კალთაზე მდებარე მღვიმეში ნახევრად დაყუდებულად ცხოვრობდა. ექვსი დღე სენაკში ლოცულობდა, ხუთშაბათობით კი ქალაქში ჩამოდიოდა, სახარებას ქადაგებდა, განამტკიცებდა ქრისტიანებს სარწმუნოებაში და ქრისტესკენ მოქცევას მოუწოდებდა წარმართთ, რომლებიც ბევრნი იყვნენ მაშინდელ თბილისში, განსაკუთრებით ვაჭრები და ხელოსნები.
თბილისში არის ერთი მშვილდივით მოდრეკილი ქუჩა, რომელსაც წმინდა დავითის ბილიკს ეძახიან. იცვლებოდა ქალაქის სახე, შენდებოდა სახლები, მაგრამ ეს ბილიკი საუკუნეების მანძილზე ხელუხლებელი რჩებოდა. ჩემს ახალგაზრდობაში ეს ქუჩა მოაასფალტეს, მაგრამ მოულოდნელად ნაკადულისებრ გასკდა, თითქოს მიგვითითებდა იმ გზაზე, რომლითაც წმინდა დავითი დადიოდა. ხუთშაბათობით ბევრი მლოცველი ადიოდა მთაწმინდაზე - ღირსი დავითი მთიდან ხალხთან ჩამოდიოდა, ახლა ჩვენ უნდა ავიდეთ მასთანო.
მღვიმე კლდის შვერილშია და წინ დიდი, სწორი ბაქანი აქვს. ქვემოთ სამი მხრიდან მთებით შემოჯარულ ღარტაფში ქალაქი გაშლილა. სახლები ფერდობებს ტერასებად შეჰკიდებია, ქალაქი აქაფებული, შუშხუნა ღვინით სავსე თასივითაა, მტკვარი შუაზე ჰყოფს ქალაქს. მზით აელვარებული მდინარე ვერცხლისა გეგონება, ღრუბლიან ამინდში წყალი მუქდება და ზღვის ტალღისას ემსგავსება.
ქალაქგარეთ, ღირსი დავითის მღვიმისკენ მიმავალ გზაზე, პატარა ქოხში მოხუცი მღვდელი, 80 წლის მამა მიხეილი ცხოვრობდა. ყოველ ხუთშაბათ დილით გამოდიოდა და გზის პირას სკამზე ჯდებოდა. მღვიმეში ასვლის ძალა აღარ ჰქონდა. მლოცველები მასთან კურთხევის ასაღებად მიდიოდნენ. ფართო, ჭაღარაწვერიანს მხრებზე ლომის ფაფრად დაფენილი თმა შვენოდა და მოგაგონებდათ ღირსი დავითის მესენაკეს, რომელიც თავისი სულიერი მამის კარს დარაჯობდა. ხშირად იმეორებდა ხოლმე, "ბოროტსა სძლია კეთილმანო" და "გაჰყევი გზას, როგორი გრძელიც არ უნდა იყოს, და ნუ წახვალ პირდაპირ, რაგინდ მოკლედ გეჩვენებოდესო".
ერთხელ მიმიხმო და მითხრა: "მინდა ერთი ამბავი მოგიყვე, რომელიც შეიძლება გამოგადგეს. მამა ადრე მომიკვდა და ოჯახში ერთადერთი მამაკაცი დავრჩი. მეურნეობას კარგად ვუძღვებოდი, შრომა მიყვარდა, მინდორში მუშაობისას ვღიღინებდი. თანასოფლელი გოგონები თვალს არ მაშორებდნენ, მაგრამ რადგან არ ვიცოდი, დედაჩემთან როგორი ურთიერთობა ექნებოდათ, დაოჯახებას არ ვჩქარობდი. უეცრად დედაჩემმა მომთხოვა, ქალაქში სასწავლებლად წავსულიყავი. ძალიან მიყვარდა დედა და მისი მარტო დატოვება მეძნელებოდა. ის კი მარწმუნებდა, - ჯერ კიდევ შემიძლია მუშაობა. თუ გამიჭირდება, მეზობლები შემეშველებიანო. დავყაბულდი... ერთხელ თანასოფლელი მოვიდა და მითხრა, რომ თურმე მეზობელს დედაჩემის დაჩაგვრა მოუნდომებია, შეურაცხყოფაც მიუყენებია და ჩვენს ვენახს დაპატრონებია. თანასოფლელმა მითხრა: "ვიცი, რომ სამაგიეროს გადაუხდი იმ არამზადას, მაგრამ, გთხოვ, ნუ მოკლავ. დედაშენზე იფიქრე, მერე დამხმარე რომ აღარ ეყოლებაო". დავამშვიდე, - ჩამოვალ და გავარკვევ ყელაფერს-მეთქი. შინ დავბრუნდი და დედას ვთხოვე, სუფრა გაშალე, რაც საუკეთესო გეგულება, ყველაფერი მოიტანე-მეთქი. მერე კი იმ კაცს მივაკითხე შინ. ისე მოულოდნელად დავადექი თავს, რომ დამალვა ვეღარ მოასწრო, თუმცა კი უნდოდა. მივესალმე და - ჩემთან წამოდი-მეთქი, ვუთხარი. გამომყვა. გაშლილ სუფრასთან საპატიო ადგილას დავსვი და როგორც მეგობარს, ისე ვექცეოდი. ვერ ხვდებოდა, რა მქონდა გულში. მერე უეცრად წამოდგა, დედაჩემის წინაშე მუხლებზე დაემხო და უთხრა: - მაპატიე, რაც გაწყენინე, ამიერიდან შენს შვილად მიმიღეო.
მართლაც, ამის მერე ისე ეხმარებოდა ხოლმე დედაჩემს, თითქოს მართლა ჩემი ძმა ყოფილიყო".
მამადავითი
ერთხელ დეკანოზ მიხეილს ვკითხე: რას ნიშნავს - გაჰყევი გზას, რა გრძლადაც არ უნდა გეჩვენებოდეს-მეთქი. მიპასუხა: - მაგალითისთვის რა შორს წავიდე? ხედავ, ამ მიხვეულ-მოხვეულ ბილიკს. პირდაპირ რომ წახვიდე, რა იქნებაო? ხრამში გადავიჩეხები-მეთქი. მართალი ხარო და განაგრძო, - ეს გამოთქმა პაპაჩემისგან გამიგონია: "წადი გზით, როგორი გრძელიც არ უნდა იყოს და პირდაპირ ნუ წახვალ, რაგინდ მოკლედ გეჩვენებოდეს". მე რევოლუციამდე მომიწია სწავლა. საღვთო სჯულს გვასწავლიდნენ. ბევრს ეგონა, რევოლუცია ბედნიერებას მოიტანდა. მე ვიცოდი, რომ ისინი გზას ამცდარნი იყვნენ და გაურკვეველი მომავლისკენ თვალდახუჭულნი მიდიოდნენ. ეს კი დიდი უბედურებით დამთავრდებოდა. არასოდეს გავრეულვარ პოლიტიკაში. როცა მეკითხებოდნენ, რომელ პარტიას ეკუთვნი ან თანაუგრძნობო, ვდუმდი. ხალხი მამაპაპეულ გზას ასცდა... ვინც გზის გაყვანას აპირებს, ჯერ მიდამოს გამოიკვლევს, ნიადაგის სიმყარეს შეამოწმებს, თითოეულ კენჭს ათვალიერებს. გზა შეიძლება თოვლ-წვიმამ დააზიანოს, გადარეცხოს, მაგრამ სჯობს ისევ მას გაჰყვე, ვიდრე მოკლედ მოჭრა, რომელიც, არ იცი, საით მიდის. ჩემს მასწავლებლებს შორის იყვნენ უსამართლონიც, ბოროტებიც, მაგრამ მე ვთვლიდი, რომ მათაც უნდა დავმორჩილებოდი. რევოლუციის შემდეგ სოფელში დავბრუნდი და გლეხკაცივით ვცხოვრობდი. მე, როგორც განათლებულ კაცს, სხვადასხვა თანამდებობას მთავაზობდნენ, მაგრამ ვუარობდი. პარტიაშიც არ შევედი. ჩემმა თანასოფლელებმა, რომლებმაც იჩქარეს და ახალ ხელისუფლებაში პატარა პოსტსაც კი დახარბდნენ, ცხოვრება ცუდად დაამთავრეს, უმეტესობა გაასამართლეს და გადაასახლეს. უკან არავინ დაბრუნებულა.
დადგა დრო, როცა ტაძრები გაიხსნა. ეკლესიაში მნათედ დავიწყე მსახურება, სანთლებსაც ვყიდდი და მოძღვარს ვეხმარებოდი. რამდენიმე წლის შემდეგ პატრიარქმა კალისტრატემ მითხრა, - ხელდასასხმელად მოემზადეო. ეკლესია ჩემთვის იმ გზად იქცა, რომელსაც აღარ მოვშორებივარ. ვცდილობდი, რაც შეიძლება ხშირად მეწირა. დიაკვანი მარტო პატრიარქს ჰყავდა, სამრევლოს მღვდლები კი თვითონ კითხულობდნენ ყველა ლოცვას. მღვდელმთავრის მსახურებისას ერთი მღვდელი დიაკვანს ცვლიდა. ხანდახან მღვდელი მგალობლისა და მნათის მაგივრობასაც ეწეოდა, საცეცხლურს აცხელებდა, ჟამნების კითხვისას საკურთხევლიდან გამოდიოდა და კვერექსისა და კმევის შემდეგ "უფალო, შეგვიწყალენს" თვითონვე გალობდა. მე მომწონდა, როცა ლოცვებს თვითონვე ვკითხულობდი და ვგალობდი. მივხვდი, რომ ღვთისმსახურება ზეცისკენ მიმავალი გზაა, რომელიც წმინდა მამებმა გაკვალეს. რა უბედურია ის კაცი, ვინც ტაძარში არ დადის და საკუთარ თავს საეკლესიო ლოცვებს აკლებს! შემდეგ კი თვალები დამიავადდა, ლოცვანისა და საეკლესიო წიგნების წაკითხვა გამიძნელდა, მაგრამ ყველაზე მეტად იმაზე ვღელავდი, წირვისას შემთხვევით არ დამვარდნოდა უფლის სხეულის ნაწილები და არ დამეღვარა მისი წმინდა სისხლი. პატრიარქ კალისტრატეს ჩემი გამოშვება არ უნდოდა. იმკურნალეო, - მეუბნებოდა, მაგრამ მხედველობა გამიუარესდა და იძულებული გავხდი, წირვას გამოვთხოვებოდი.
დავბერდი. მიჭირს ხშირად ტაძარში მისვლა, მაგრამ მიხარია, როცა ხუთშაბათობით შინიდან გამოვდივარ და ვხედავ, როგორ მიიჩქარიან მლოცველები მამადავითზე სალოცავად და მეც მდუმარედ ვლოცულობ, რომ ღირსმა დავითმა თითოეულ მათგანს სათხოვარი შეუსრულოს".
დამშვიდობებისას მამა მიხეილმა მითხრა: "პოლიტიკაში არასოდეს ჩაერიო. მასზე ლაპარაკი კი არა, გულში ფიქრიც კი არ გაივლო. ქრისტიანს მხოლოდ ეკლესია სჭირდება. მეფე და ხელისუფლება იცვლება, უფალი კი იგივეა უკუნისამდე".
მღვიმის ახლოს ოდესღაც ძველი ტაძარი იდგა. რამდენიმე საუკუნის მანძილზე აქ მონასტერი იყო, სადაც ზოგიერთმა ქართველმა მეფემ დაასრულა სიცოცხლე. იმ ტაძრის ადგილას XX საუკუნის დასაწყისში ახალი, უფრო ფართო ეკლესიის აგება უნდოდათ. მაშინ მამადავითის მღვიმესთან მხოლოდ ვიწრო ბილიკი მიდიოდა. ძნელი გახდა სამშენებლო მასალის მთაზე ატანა, მაგრამ ხალხმა გამოიღო ხელი. სამშენებლო ქვა და აგური მთის ძირში დააწყვეს, ხუთშაბათობით თითოეული მლოცველი რამდენიმე აგურს იღებდა და ზემოთ აჰქონდა. შუა საუკუნეებში, როცა საქართველოს მთებში ეკლესიებსა და ეკვდერებს აშენებდნენ, მთის ფერდობზე ორ რიგად ჩამწკრივდებოდა ჯარი და ქვებს ხელიდან ხელში გადასცემდა. დღევანდელი ადამიანისთვის ამგვარი შრომა წარმოუდგენელია. მამადავითის ტაძრის ახლოს სასაფლაო იყო, სადაც ადრე ბერებს კრძალავდნენ. რევოლუციამდე ცოტა ხნით ადრე სასაფლაოს პანთეონი დაარქვეს და იქ გამოჩენილ ადამიანთა დამარხვა დაიწყეს. რევოლუციის შემდეგ, თითქოს სიწმინდის დასაცინად, გაჩნდა ახალი საფლავები რევოლუციონერთა - ადამიანებისა, რომელთა ერთ-ერთი მიზანი ქრისტიანობის განადგურება გახლდათ. ტაძრების დამანგრევლებს ტაძრის ახლოს მარხავდნენ, როგორც დამნაშავეებს თავისი მსხვერპლის მახლობლად...
პატერიკში მოთხრობილია ამბავი მდიდარი კაცისა, რომელიც წმინდა მოწამის აკლდამის ახლოს დაკრძალეს. ფიქრობდნენ, წმინდანი გამოილოცავდა მის ცოდვებს. მაგრამ მოხდა სხვა რამ: საფლავიდან ქვითინის ხმა მოისმოდა, თითქოს მკვდარს ტკივილი აყვირებდა, მიწა იძვროდა, თითქოს წიაღიდან საცოდავი მდიდრის კუბოს ამოგდება უნდოდა, წმინდანი განაძევებდა მას იმ ადგილიდან (აქვე გავიხსენებთ ერთ ამბავს: წმინდა კოზმა საჭურისის საფლავთან, რომლის ხსენებაც ძვ.სტ. 3 აგვისტოსაა, დაკრძალეს ვინმე ეპისკოპოსი, რომელიც შინაგანად მწვალებელი იყო და გარეგნულად არ ამჟღავნებდა. ერთ ქრისტიანს ყოველ ღამე ესმოდა, წმინდა კოზმა საფლავიდან როგორ ეუბნებოდა ეპისკოპოსს, - "არ შემეხო, არ მომიახლოვდე, ერეტიკოსო, რადგან შენ მტერი ხარ კათოლიკე ეკლესიისაო", - კ.კ.).
წმინდა გაბრიელ იმერეთის ეპისკოპოსის ცხოვრებაში ასეთი რამ მოხდა: ტაძარში წესის ასაგებად თავადის ცხედარი მოასვენეს, რომელიც იყო კაცი უღმერთო და გარყვნილი. ეპისკოპოსი გაბრიელი კარიბჭეში დადგა და კუბოს საფეხურებზე დადება უბრძანა, მერე კი გარდაცვლილს მიმართა: "რატომ მოხვედი აქ? შენს სიცოცხლეში ტაძრის ზღურბლისთვის ერთხელ არ გადაგიბიჯებია. აქ ახლა რაღა გინდა? უკვე გვიანია. წადი, საიდანაც მოხვედიო".
წმინდა დავითი, წმინდა მოწამე აბოსთან ერთად, თბილისის მფარველად ითვლება. მთაწმინდა არა მარტო თბილისის ისტორიისა და მის გარდასულ საუკუნეებს არის დაკავშირებული. ღირსი დავითის ეკლესიისა და მღვიმის თაყვანისცემით იკურთხება კავკასიის დედაქალაქი და იცავს მას მომავალი განსაცდელებისას.
იერუსალიმის დასავლეთით აღმართულია მთა სიონი, რომელიც "საგუშაგო კოშკს" ნიშნავს. რამდენი შთაგონებული სიტყვა მიუძღვნა სიონს წმინდა დავით მეფსალმუნემ! გული, როგორც ფსალმუნის სიმები, უთრთოდა ერთი სიტყვის, "სიონის" წარმოთქმისას. მთაწმინდაც, სიონის მსგავსად, თბილისის დასავლეთით ციხის კედელივით დგას და იცავს ქალაქს უხილავ მტერთაგან ლოცვა ღირსი მამა დავითისა და ამ მთაზე მოღვაწე სხვა წმინდანთა.
(იბეჭდება შემოკლებით)