არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
როცა პატრიარქი მელქისედეკი აღასრულებდა ღვთისმსახურებას, გეგონებოდა, შენს წინ "ქართლის ცხოვრების" ფურცლები იშლებაო
კათოლიკოს-პატრიარქი მელქისედეკ III
პატრიარქი მელქისედეკი მეტად ნიჭიერი ადამიანი გახლდათ. თბილისის სემინარიის ისტორიაში ის ერთადერთი მოწაფე იყო, რომელსაც უმაღლესი ქულის გარდა, სხვა ნიშანი არასდროს მიუღია. შემდეგ სწავლა განაგრძო ყაზანის სასულიერო აკადემიაში. მისი ნიჭიერებით აღფრთოვანებული ღვთისმეტყველი ნესმელოვი აკადემიაში დარჩენას სთავაზობდა. ჯერ კიდევ სტუდენტი მიხეილი (ასე ერქვა ერისკაცობაში მომავალ პატრიარქს) იმდენად კარგად დაეუფლა ბერძნულ ენას, რომ ქართულ ენაზე თარგმნა ჰეროდოტეს ნაწარმოებები (ეს თარგმანები თბილისის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ინახება), დამოუკიდებლად შეისწავლა უმაღლესი მათემატიკა. შეიმუშავა პასქალიის გამოთვლის ორიგინალური მეთოდი, რომელიც მნიშვნელოვანია ისტორიული ქრონოლოგიისთვის, შეიმუშავა ჭადრაკის მათემატიკური თეორია. კომპოზიტორიც იყო და რამდენიმე მუსიკალური ლიტურგიკული ნაწარმოები დატოვა, მათ შორის ქერუბინთა საგალობელი. მღვდლად ხელდასხმიდან მალევე მეუღლე გარდაეცვალა და მონაზვნად აღიკვეცა მელქისედეკის სახელით. ცხოვრება მისი აღსავსე იყო მწუხარებით. ხელისუფლება სდევნიდა და ღვთისმსახურების საშუალებას არ აძლევდა. ეპისკოპოსად ხელდასხმის შემდეგ სოხუმში გაგზავნეს, სადაც თავისი პირველი ქადაგება დაიწყო წმინდა დავით მეფსალმუნის სიტყვებით: "თქვა უგუნურმა გულსა შინა თვისსა: არა არს ღმერთი" (ფს. 13,1). იმ დროს ეს სიტყვები ათეისტური ხელისუფლების შეურაცხყოფად მიიღეს და მეუფეს ცოფიანი ძაღლებივით მიესივნენ. მრავალი წელი პრაქტიკულად არსობის პურის გარეშე იყო დარჩენილი, შვილების რჩენაც უჭირდა. საბოლოოდ, პატრიარქმა კალისტრატემ, როგორც დიდი წყალობა, ხელისუფლებისგან სასაფლაოს ეკლესიაში მისთვის ადგილი გამოითხოვა. მიტროპოლიტი მელქისედეკი საფლავებზე პანაშვიდებს იხდიდა. მალე ტრაგიკულად დაეღუპა ქალიშვილი და თავი მთლიანად ეკლესიას მიუძღვნა.
მის დროს აღდგა და გაიხსნა სიღნაღში წმინდა მთავარმოწამე გიორგის ტაძარი, სადაც დაკრძალულია საქართველოს განმანათლებლის, მოციქულთა სწორის, წმინდა ნინოს წმინდა ნაწილნი, მოწამეთის ტაძარი ქუთაისში - იქ კვლავ გადააბრძანეს არგვეთის მთავრების, წმინდა მთავარმოწამეების დავითისა და კონსტანტინეს ნაწილნი, ილორის წმინდა გიორგისა და სხვა ტაძრები.
პატრიარქ მელქისედეკს (ისევე, როგორც პატრიარქ ეფრემს) ჩვევა ჰქონდა: როცა საკურთხეველში შედიოდა, პირველ რიგში წმინდა ტრაპეზზე გადაშლიდა ოდიკს და ათვალიერებდა, ხომ არ იყო მასზე ქრისტეს სხეულის ნაწილი. თუ დაინახავდა, რომ მღვდელი გულგრილად ეპყრობოდა წმინდა ძღვენს, მას მკაცრად უსაყვედურებდა (უნდა ითქვას ისიც, რომ პატრიარქი მელქისედეკი დატუქსვისას ხმას არ აიმაღლებდა, მაგრამ პატრიარქს სახეზე ეწერა ისეთი რამ, რაც შემცოდეს მის წინაშე თრთოლას ჰგვრიდა). მერე ამოწმებდა, იყო თუ არა საკმარისად შემონახული წმინდა ძღვენი ავადმყოფთა საზიარებლად და მირონი წმინდა ნათლისღებისთვის. შემოივლიდა საკურთხეველს - ზედმეტი ნივთები ხომ არ შემოიტანესო, რარიგადაა გაწმენდილი კანდელები, მტვერი ხომ არ დევს ხატებზეო. ამბობდა, უფლის ხატის მიმართ უგულისყურობა უპატივცემულობაა მისი პირველხატის, საკურთხევლის სისუფთავე გვიმოწმებს ღვთისმსახურის სარწმუნოებას, იმიტომ რომ საკურთხეველი ღვთის სამყოფელია და ღვთისმსახური ყურადღებას უნდა აქცევდეს საკურთხეველში სისუფთავესა და წესრიგს, წვრილმანიც კი არ უნდა გამოტოვოსო.
ხრუშჩოვის დროს, ეკლესიის დევნისას, გამოსცა ბრძანება, რომელიც ყველა მღვდელსა და დიაკვანს ანაფორით სიარულს უწესებდა. შემცოდეს პირველად ჯილდოებს ჩამოართმევდნენ, შემდგომი დარღვევისთვის კი ღვთისმსახურება ეკრძალებოდა. მას სურდა, რომ ხალხს მღვდლის სახით დაენახა მართლმადიდებელი სარწმუნოების აღმსარებელი და არა დაქირავებული ვინმე, რომელიც მსახურებისას ანაფორას, როგორც სპეცტანსაცმელს, ისე იცვამს. ეს მამაცური საქციელი იყო.
მიყვარდა მელქისედეკ პატრიარქის ქადაგებათა მოსმენა. ის ლაპარაკობდა უბრალოდ და გასაგებად. მისი ქადაგებები განსაკუთრებულად ჟღერდა, იგრძნობოდა, რომ ის სხვის ნათქვამს ანდა წიგნში წაკითხულს კი არ მოგვითხრობდა, არამედ ერთგვარი სულიერი სითბოთი ჰყვებოდა თავის განცდილს.
ერთხელ ბრძანა: "მიამბეს, რომ აღდგომის ღამეს ერთ-ერთ სოფელში ახალგაზრდა გარდაიცვალა, მშობლების ერთადერთი ვაჟი, და მამამ, აღდგომის დღესასწაული რომ არ ჩაემწარებინა ახლობლებისა და თანასოფლელთათვის, შვილის სიკვდილი დამალა. ჩაკეტა იმ ოთახის კარი, სადაც გარდაცვლილი ვაჟი ესვენა. აღდგომის მისალოცად მისულ მეგობრებს სიხარულით მიეგება, სუფრა გაუშალა და მათთან ერთად გალობდა: "ქრისტე აღსდგა მკვდრეთით". ერთადერთი ვაჟის დაკარგვაზე დიდი სიმწარე რა არის, მაგრამ აღდგომის გულისთვის სძლია მან მწუხარებას".
მელქისედეკი - სახელია დიდებული და იმავ დროს სოფლისგან დაფარული ძველაღთქმისეული პატრიარქისა, საიდუმლო პიროვნებისა, რომელმაც ვარსკვლავივით გაიელვა ბიბლიის ფურცლებზე, შემდეგ გაქრა და აუხსნელი სიჩუმე დატოვა. ეს სახელი, როგორც მე მეჩვენებოდა, ყველაზე მეტად უხდებოდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს. მისი გარეგნობა მახსენებდა ძველ წინაპრებს, დადიოდა მშვიდად და დიდებულად. თავის საპატრიარქო მსახურებაში მან შეინარჩუნა სამეუფეო ღირსება და ხელმწიფება. მაშინ დევნის ხანა იდგა, ეკლესიები დიდ დღესასწაულებზეც კი ნახევრადცარიელი გახლდათ. მაგრამ როცა პატრიარქი მელქისედეკი აღასრულებდა ღვთისმსახურებას, გეგონებოდა, შენს წინ "ქართლის ცხოვრების" ფურცლები იშლებაო. მასში უნებურად იგრძნობოდა ძალა ერის სულიერი წინამძღოლისა, ისეთის, როგორიც იყვნენ პატრიარქები გარდასულ საუკუნეთა.
ხშირად ის ბერის უბრალო კაბით მოსილი გამოდიოდა სიონის ტაძრის კლიროსზე და კითხულობდა ექვსფსალმუნსა და კანონებს. კითხულობდა ხმააუმაღლებლად, გულში ჩამწვდომად. დაუვიწყარი სანახაობა გახლდთ ნახევრადცარიელი ტაძარი, ოდნავ ბჟუტავს ნათურა (არ უყვარდა კაშკაშა სინათლე), ირხევა კანდელთა ცეცხლის ალი და პატრიარქი კლიროსზე ლოცვებს კითხულობს, თითქოს საქართველო მისი ბაგეებით ლოცულობს. რაღაც მისტიკურ თრთოლას ვგრძნობდი იმ წუთებში. დამთავრდებოდა მსახურება და სიონის ტაძრიდან გამოსვლა აღარ მინდოდა. მეჩვენებოდა, რომ უმაღლესი მღვდელმთავრის ლოცვით მოწვეულნი იყვნენ აქ ქართველ მეფეთა და პატრიარქთა სულები და მათი უხილავი ღვთისმსახურება მთელი ღამე გაგრძელდებოდა.
ის გახლდათ მკაცრი, მაგრამ ეს სიმკაცრე იყო მეორე მხარე მისი ღვთისადმი სიყვარულისა. იყო კეთილი და გულმოწყალე, მისი ეშინოდათ სწორედ მისი სამართლიანობის გამო. დამნაშავეებს ეკლესიიდან განკვეთამდეც კი სჯიდა, ოღონდ კი შეენარჩუნებინა საკურთხევლის სიწმინდე, მაგრამ პატიობდა გულწრფელად მონანიეს. მას ესადაგებოდა წმინდა დავით მეფსალმუნის სიტყვები: "ცოდვა მოვიძულე და მოვიძაგე, ხოლო შჯული შენი შევიყვარე" (ფსალმ. 118,163). მისი თანდასწრებით ღვთისმსახურნი და იპოდიაკონნი ჯარისკაცებივით მწყობრად იდგნენ. საკურთხეველში სიჩუმე სუფევდა. თუ ვინმე შეცდებოდა, პატრიარქი მხოლოდ შეხედავდა და გადააქნევდა თავს - რაც უმკაცრეს საყვედურზე მეტად მოქმედებდა. ცოტას იტყოდა, მაგრამ იგრძნობოდა, რომ თითოეული სიტყვა ნაფიქრი და აწონილი ჰქონდა.
პატრიარქი ერთნაირი სიყვარულით ექცეოდა სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს, მისი სამღვდელმთავრო ომოფორის ქვეშ გერად არავინ თვლიდა თავს. იმავე დროს, ხალხი გრძნობდა, როგორ უყვარდა მას თავისი მრავალტანჯული სამშობლო, მისი ისტორია, ტრადიციები, რომლის განადგურებაც ვერ შეძლეს მაჰმადიანთა შემოსევებმა და რევოლუციის მღვრიე ტალღებმა. შეიძლება ითქვას, რომ მისი სიყვარულის საგანი პირველად ეკლესია იყო, მერე კი სამშობლო. მისი სიყვარულისთვის უცხო გახლდათ სიამაყე და ყოყოჩობა, რაც ახასიათებთ დაბალი სულიერების ადამიანებს, ზედაპირული გონებითა და ვიწრო სულით. ასეთი ადამიანები ამაყობენ იმით, რაც მათ არა აქვთ. პირიქით, საქართველოსადმი პატრიარქ მელქისედეკის სიყვარულს ჰქონდა კეთილშობილური ფორმა და ის შინაგანი მშვენიერება, რომელიც ეხმარებოდა სხვებსაც, შეეგრძნოთ და შეეყვარებინათ ეს ქვეყანა. პატრიარქი განსაკუთრებულ პატივს მიაგებდა დიდუბის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედ ხატს და ამა თუ იმ რთული საკითხის გადაწყვეტის წინ მიდიოდა დიდუბის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში (ჩვეულებისამებრ საღამოხანს, როცა ტაძარში ხალხი არ იყო) და დიდხანს ევედრებოდა ღვთისმშობელს შეწევნასა და პასუხს შეკითხვებზე. პატრიარქი კალისტრატე ქართველი ერის საყვარელი მამა იყო, პატრიარქი მელქისედეკი კი მისი ღირსეული მემკვიდრე.
ილორის ტაძარში ვმსახურობდი, როცა პატრიარქ მელქისედეკის გარდაცვალება შევიტყვე. გამახსენდა თებაიდელი მონაზვნის ნათქვამი, როცა მან სულით იხილა იმპერატორ თეოდოსის სიკვდილი: "ჰოი, ბიზანტიავ, გაქრა დღენი შენი სიხარულისა! მოკვდა დიდი მეფე, მოკვდა ჩვენი მამა".
ცდილობდა, არავინ განეკითხა, თითქოს შიშობდა, სიტყვით ვინმესთვის შორიდანაც კი არ მიეყენებინა ტკივილი
მიტროპოლიტი დიმიტრი
ქრისტიანი, განსაკუთრებით კი მონაზონი, მაძიებელია სულიერი სილამაზისა - საუკუნო, მისტიკური, უხრწნელი მშვენიერებისა, რომელიც ფერს უცვლის სამყაროს. ეს სილამაზე ღვთაებრივი ნათლისა ეხება და ამშვენიერებს ადამიანის სულს. სულიერი სილამაზე - საიდუმლოა ღვთაებრივი სიყვარულისა, რომელიც ჩადებულია თვითონ ქმნილებაში, დაფარულად იმყოფება მასში და მსოფლიოს ისტორიის ბოლო აქტზე გამოცხადდება. ჩვენთვის ცნობილია მომავლის სურათი - ეს არის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადება, რომელზეც მამები ამბობდნენ: "რამდენი სიტყვაც არის მასში, იმდენი საიდუმლოაო". ხშირად აპოკალიფსს მსოფლიო ტრაგედიად აღვიქვამთ, მაგრამ იგი მხოლოდ მომატებული კატასტროფების კანონადა კი არ არის, რომელიც შეძრავს დედამიწას, როგორც ქარი ხის ტანს, რომ ქარიშხლად ქცეულმა ამოგლიჯოს ფესვებიანად; აპოკალიფსი, უპირველეს ყოვლისა, წიგნია იმედისა, წინასწარმეტყველება (საყოველთაო) მკვდრეთით აღდგომაზე, მიწის აღორძინებაზე ცივილიზაციის ნაგვის ორმოდან, სადაც სისხლი ტალახს შერევია, იგი წიგნია კოსმოსის პირველქმნილი მშვენიერების დაბრუნებაზე. სულიერი სილამაზე - წმინდა სამების ანარეკლია მის ქმნილებებში, ღვთაებრიობის ნათელსხივოსანი აჩრდილია, მიწაზე დაცემული. სულიერი სილამაზე - ეს საიდუმლოა მომავალ საუკუნეთა, წმინდათა დიდებაა, თვითონ სამყაროსი და საუკუნო ცხოვრების აზრი და სულიერი სილამაზეც. ესაა - ადამიანის სულის კეთილშობილება, მსგავსი ყვავილისა, მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების ღეროზე ამოზრდილი. ესაა - დიდსულოვნება და თანალმობა, ღირსების გრძნობა, სიტყვის ერთგულება, სწრაფვა ზნეობრივი სიწმინდისკენ. ამ სულიერ სილამაზეს ზოგჯერ ადამიანის პირად მომხიბვლელობას ვეძახით. აქ სამშვინველი თითქოს სულს გადაკვეთს. როცა სამშვინველი სულისგან იმპულსებს იღებს და თავს ქრისტიანად გრძნობს, მაშინ მისი ცოდვით დეფორმირებული ძალნი ჰარმონიულნი ხდებიან, როგორც სულის სიმები, მისი სილამაზე ყურთასმენის მომხიბვლელ სიმღერად გეჩვენება. სამშვინველის სულიდან მოშორებისას ზნეობრიობა თავდაპირველად ჯერ კიდევ არსებობს ჩვევის სახით, შემდეგ კი იკლებს, ვითარცა წყაროს მოწყვეტილი წყლის ნაკადი. სიტყვა "ღირსება" სცენისთვის დეკორაციად იქცა. ხოლო სულს ჩამოშორებული სულიერი მშვენიერება - უბრალო სილამაზედ, რომელიც ხშირად აცდუნებს სოფელს. ჩემს სიცოცხლეში შევხვედრივარ სულიერად მშვენიერ ადამიანს, ამ სიტყვის უმაღლესი მნიშვნელობით. მისი კეთილშობილება მჟღავნდებოდა მისსავე სიტყვებსა და შემოხედვაში, ხმის ტონსა და მოძრაობაში. მასში იგრძნობოდა არა ღვლარჭნილი მანერულობა, არამედ სულის კეთილშობილური უბრალოება. იგი გახლდათ მიტროპოლიტი დიმიტრი (ერისკაცობაში თავადი დავით იაშვილი), არა მარტო წარმოშობით არისტოკრატი, არამედ სულიერადაც დიდებული. ის არ იყო ასკეტი, ამ სიტყვის ჩვეულებრივი გაგებით, ჰქონდა ნიჭი ადამიანთა სიყვარულისა. მისი სათნოება, სულიერი თანადგომა ერთგვარ დედობრივ სინაზემდე მიდიოდა, მისი დიდსულოვნება და სხვათა სულებთან ურთიერთობის უნარი, მისი უმაღლესი წოდებრივი კულტურა, რომელიც არ იყო დადაღული წოდებრივი სიამაყით, მის გარშემო განსაკუთრებულად თბილ ატმოსფეროს ქმნიდა და ის, ვინც მის სახლში მიდიოდა, თითქოს მისი ოჯახის წევრი ხდებოდა.
კარგი განათლება ჰქონდა მიღებული, მაგრამ ინტელიგენტობა და ინტელექტუალობა მასში გულის სიცოცხლეს ვერ თრგუნავდა, ის არა მარტო საღვთისმეტყველო სტატიებს წერდა, რომელთაგან ერთ-ერთი, მაგალითად, "პასუხი პროფესორ კეკელიძეს", ქრისტიანობის აპოლოგიას წარმოადგენდა, ახალგაზრდობაში ლექსებსა და დრამებსაც თხზავდა, რომელთაც ლიტერატურულ წრეებში უმაღლესი შეფასება მიიღეს, მაგრამ მათი გამოქვეყნება ვერ შეძლო, ვინაიდან სასულიერო პირი გახდა. იგი იყო ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი მოქადაგე, მისი სიტყვა სიწმინდით და ენის მოხდენილობით გამოირჩეოდა.
იმავე დროს ბავშვივით უბრალო იყო. ის ვერ წარმოიდგენდა სხვების ბოროტებას, ამიტომაც ხშირად ატყუებდნენ და ბოროტად იყენებდნენ მის მიმნდობლობას. უცნაურად მოგეჩვენებათ, რომ ამ მეტისმეტად გონიერ კაცს, რომელიც ჩინებული ლიტერატორი იყო, კარგად იცნობდა ფსიქოლოგიას, მათ შორის ცოდვის ფსიქოლოგიას, არ სჯეროდა, რომ თანამოსაუბრეს შეეძლო მისთვის თვალებში ეცქირა და ეცრუა. აქაც ფსიქოლოგიური პარადოქსია: ადამიანი, რომელიც სხვებზე თავის აზრს აყალიბებს, მის ადგილას საკუთარ თავს აყენებს, მერე კი აანალიზებს, როგორ მოიქცეოდა ის (სინამდვილეში თვითონ!) მოცემულ სიტუაციაში. ამიტომაც კეთილშობილი ადამიანი ძნელად წარმოიდგენს სხვის უნამუსობას. მაშინაც კი, თუნდაც აშკარა სიცრუეს ხედავდეს, რომელიც შესაძლოა ხიფათის ქვეშ აყენებდეს მას, ეცდება, ის რაღაც გაუგებრობით ახსნას. არასოდეს მომისმენია მიტროპოლიტ დიმიტრისგან უხეშად ნათქვამი, გაბრაზებული ანდა მოუთმენელი ტონით წარმოთქმული სიტყვა. ის მუდამ მზად იყო, სხივისი სიმძიმე ეტვირთა. როცა მონაზვნად კურთხევისას მას წმინდა დემეტრე თავდადებულის პატივად სახელად დიმიტრი უწოდეს, თქვა: "ვისურვებდი მის ადგილას ყოფნას, რომ საკუთარი სიცოცხლე გავწირო ჩემი ერისთვისო".
მას კიდევ ჰქონდა ერთი, ჩვენი დროისთვის იშვიათი თვისება: ცდილობდა, არავინ განეკითხა, თითქოს ეშინოდა, სიტყვით ადამიანისთვის შორიდანაც კი არ მიეყენებინა ტკივილი. სულმოკლე ადამიანები ადვილად და სიამოვნებით განიკითხავენ სხვებს, რათა შექმნან შავი ფონი, რომელზეც მათი სახის გამუქებული ფერი ნათლად გამოჩნდება. ასეთი ადამიანები, ვითომდა სიმართლის სახელით, სხვის ნაკლს ამხელენ, სინამდვილეში კი იმიტომ აკეთებენ, რომ მათი კნინი ზნეობა და დამყაყებული ცხოვრება მოწესრიგებული მოგვეჩვენოს. ეს თავდაცვაა მელანთევზასი, რომელიც შავ სითხეს უშვებს დასამალავად. კეთილშობილი სულის ერთ-ერთი თვისებაა ის, რომ ყველა შემთხვევისას ცდილობს სხვისი სახელის პატივი (ღირსება) შეინახოს, როგორც მამაცი მხედარი ცდილობს, დაიფაროს თანამოძმე და თვით დაჭრილი მტერიც კი.
მიტროპოლიტი დიმიტრი ადრე დაქვრივდა. თავისი დიდი წესიერების გამო არ სურდა, მოსამსახურე ქალს მის სახლში ეცხოვრა და ამას ხალხის საყვედური გამოეწვია. მისმა ქალიშვილმა ქრისტიანული ღვაწლი იტვირთა: - აღარ გათხოვდა და მამის მსახურებას მიუძღვნა სიცოცხლე.
მიტროპოლიტ დიმიტრის სახლის კარები, ისევე როგორც მისი გულისა, ღია იყო ყველასთვის. მისგან ყველა ნუგეშცემული მიდიოდა არა მარტო სიტყვით, არამედ იმის შეგრძნებითაც, რომ სამყაროს აღსასრულამდე არ განილევა ის ძალა, რომელსაც სიყვარულს ეძახიან, სიყვარული კი, როგორც მცენარეს მზის სითბო, ყოველი კაცის სულს სჭირდება, რანაირიც არ უნდა იყოს ის. თავისი მიმნდობლობით მიტროპოლიტ დიმიტრის ხშირად თავს ესხმოდნენ, ეკვეთებოდნენ, მაგრამ გეგონებოდა, მას უნდოდა თავდასხმების სხვათათვის აცილება და საკუთარ თავზე მიღება. ხშირად სიკეთეს უმადურობით უხდიდნენ, მაგრამ ის თითქოს ვერ ამჩნევდა ამას და ადრინდელი სიყვარულით განაგრძობდა მათთან ურთიერთობას.
მახსოვს, მაშინ ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, როცა მშობლებმა სურათების გალერეაში წამიყვანეს. ხარბად ვუცქერდი ძველ ოსტატთა ნახატებს, რომლებზეც გამოსახულნი იყვნენ რაინდები, თავადები, ჭაღარა ბერიკაცები. მათ სახეებზე სულიერი დიდებულება აღბეჭდილიყო. როგორ ვწუხდი, რომ ეს ხალხი აღარ იყო ცოცხალი! მიტროპოლიტ დიმიტრის რომ ვიხსენებ, მეჩვენება, თითქოს ერთ-ერთი ის ძველი პორტრეტი გამიცოცხლდა, ტილოდან გადმოვიდა და ჩემს წინ დადგა. მე მიტროპოლიტ დიმიტრის სახით სულიერ რაინდს ვხედავდი და კიდევ იმას, რაც ჩემთვის გამოუთქმელად ძვირფასია: ძველ, წარსულ საქართველოს.