ეფესოს საეკლესიო კრება, იგივე მესამე მსოფლიო საეკლესიო კრება გაიმართა ქალაქ ეფესოში (მცირე აზია) 431 წელს, იმპერატორ თეოდოს მცირის (408-450) ზეობაში.
იგი მოწვეულ იქნა კონსტანტინოპოლელი პატრიარქის, ნესტორის (428-431) ცრუსწავლების განსასჯელად.
კრება დაინიშნა 431 წლის 7 ივნისს, სულთმოფენობის დღესასწაულისთვის. მასში მონაწილეობის მისაღებად ორასი ეპისკოპოსი შეიკრიბა. ეფესოში ჩავიდა ნესტორიც, მაგრამ სამგზისი მოწვევის მიუხედავად, კრების სხდომებზე არ გამოცხადდა. მამებმა ნესტორის გარეშე დაიწყეს მისი ერეტიკული სწავლების განხილვა. კრების სხდომები გრძელდებოდა 22 ივნისიდან 31 აგვისტომდე. ეფესოს კრებას ესწრებოდნენ მსოფლიო ეკლესიის ისეთი დიდი მამები, როგორებიც იყვნენ: კირილე ალექსანდრიელი, იუბენალ იერუსალიმელი, მემნონ ეფესელი (რომის პაპი ცელესტინე, ავადმყოფობის გამო ვერ ჩავიდა, მაგრამ ლეგატები გაგზავნა)... შემოკრებილმა მღვდელმთავრებმა დაგმეს ნესტორის მწვალებლობა (ნესტორიანელობა) და დაადასტურეს მართლმადიდებლური სწავლება იმის შესახებ, რომ ქრისტეს ერთ პიროვნებაში (ჰიპოსტასში) განუყოფლად და შეურევნელადაა შეერთებული ორი ბუნება - ღვთაებრივი და კაცობრივი; ყოვლადწმიდა დედა უფლისა კი უნდა განვადიდოთ, როგორც მარადქალწული და ჭეშმარიტად ღვთისმშობელი. ეკლესიის სახელმძღვანელოდ კრების წმიდა მამებმა გამოსცეს რვა კანონი და კირილე ალექსანდრიელის "თორმეტი ანათემატიზმი ნესტორის წინააღმდეგ".
ნესტორინელობის შესახებ
ანტიოქიელი პრესვიტერი ნესტორი 428 წელს კონსტანტინოპოლის პატრიარქად აირჩიეს. მას პატივს სცემდნენ მკაცრი ცხოვრების, განსწავლულობისა და მჭევრმეტყველებისთვის. ნესტორი გასაქანს არ აძლევდა არიანელებსა და სხვა ცრუმასწავლებლებს, დაუნდობლად ამხელდა საეკლესიო წესებიდან უმცირეს გადახვევასაც კი.
ერთხელ პატრიარქის კლიროსის პრესვიტერმა ტაძარში ქადაგების დროს გამოთქვა აზრი, რომ, არ არის მართებული, ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამს ეწოდებოდეს ღვთისმშობელი. გაოცებული მსმენელები ელოდნენ, რომ პატრიარქი უმალ უარყოფდა ამ შეხედულებას, მაგრამ პირიქით მოხდა – მან რამდენიმე ხნის შემდეგ დაადასტურა პრესვიტერის სიტყვები და განმარტა, რომ ყოვლადწმიდა ქალწულს უნდა ეწოდოს ქრისტეს მშობელი და არა ღვთისმშობელი, რადგან მან შვა არა ღმერთი, არამედ უბრალო ადამიანი, რომელსაც მხოლოდ მოგვიანებით, მისი წმინდა ცხოვრების გამო შეუერთდა ღმერთი.
ამ მკრეხელურმა აზრმა, რაც უკვე დაგმო ეკლესიამ პირველ საუკუნეებში, საყოველთაო აღშფოთება გამოიწვია. პრესვიტერმა პროკლემ მაშინვე ამხილა ნესტორის შეხედულებათა მცდარობა, მაგრამ ეს უკანასკნელი მათ დაცვას განაგრძობდა. მისი მომხრე ერთი ეპისკოპოსი იმდენად გაკადნიერდა, რომ სახალხოდ დაწყევლა ყველა, ვინც ყოვლადწმიდა ქალწულს ღვთისმშობლად მოიხსენიებდა. ხალხის აღშფოთება სულ უფრო იზრდებოდა, მაგრამ ნესტორი იმპერატორისა და კარისკაცთა კეთილგანწყობით სარგებლობდა და დაუბრკოლებლად ავრცელებდა თავის სწავლებას კონსტანტინოპოლში, ხოლო შორეულ ეკლესია-მონასტრებში წერილობით აწვდიდა ამ მოძღვრებას.
აღნიშნულმა საუბრებმა ეგვიპტემდეც მიაღწია, რამაც მონაზონთა ისეთი გულისწყრომა გამოიწვია, რომ ალექსანდრიის პატრიარქმა, წმინდა კირილემ, საჭიროდ ჩათვალა, ზომები მიეღო თავისი სამწყსოს დასაცავად ცრუსწავლების გავლენისგან. სასულიერო პირებისა და მონაზვნებისადმი გაგზავნილ ეპისტოლეში მან ცხადად ამხილა ახალი შეხედულების მცდარობა, თუმცა ნესტორის სახელის ხსენებას მოერიდა, სამაგიეროდ ამ უკანასკნელს მისწერა წერილი, სადაც გმობდა მის მწვალებლურ აზრებს.
წმინდა კირილე, რომელმაც გარკვეული ხანი ნიტრიის უდაბნოში დაჰყო, 412 წლიდან ალექსანდრიის პატრიარქი იყო. მან შეცვალა თავისი ბიძა, ეპისკოპოსი თეოფილე ალექსანდრიელი, რომელიც ემტერებოდა წმ. იოანე ოქროპირს.
კონსტანტინოპოლში მღელვარება გამძაფრდა. ხალხზე გავლენის შესანარჩუნებლად პატრიარქმა ძალას მიმართა: თავის მოწინააღმდეგეებს ქადაგება აუკრძალა, ბევრი პრესვიტერი ერესში დაადანაშაულა და განკვეთა.
კირილემ იმპერატორის, მისი დისა და დედოფლისადმი მიწერილ წერილებში ჩამოაყალიბა ეკლესიის სწავლება ძე ღვთისას განხორციელების შესახებ. იმავდროულად დაუკავშირდა პაპ ცელესტინს და მოუწოდა, ჭეშმარიტების დასაცავად ემოქმედა.
430 წელს რომში მოწვეულმა კრებამ დაგმო ნესტორი და განაჩინა მისი დამხობა, თუ ცრუსწავლებას არ განუდგებოდა. იგივე გადაწყვეტილება დაადასტურა კირილეს მიერ ალექსანდრიაში მოწვეულმა კრებამ. კირილემ ისევ მისწერა ნესტორს და კრების სახელით გაუგზავნა ეკლესიის დოგმატის ზედმიწევნითი გადმოცემა, რომელსაც დაურთო თორმეტი "ანათემატიზმი", ანუ ცრუსწავლების თორმეტპუნქტიანი დაგმობა.
ნესტორმა და მისმა მიმდევრებმა უარყვეს ანათემატიზმები და თავიანთი მხრიდან კირილე ერესში დაადანაშაულეს. უთანხმოება გამძაფრდა... რომსა და ალექსანდრიაში მოწვეულ კრებებს საქმის საბოლოოდ გადაწყვეტის უფლება არ ჰქონდათ, რადგან ეკლესიაში უპირატეს ხმას არც რომის ეპისკოპოსი ფლობდა და არც ალექსანდრიისა. მაშინ თეოდოსიმ გადაწყვიტა ქალაქ ეფესოში III მსოფლიო კრების მოწვევა. ის უნდა გახსნილიყო 431 წლის 7 ივნისს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძარში.
კირილე და რამდენიმე ეპისკოპოსი დათქმულ დრომდე რამდენიმე დღით ადრე ჩავიდნენ ეფესოში. ჩავიდა ნესტორიც და საკუთარი უსაფრთხოების მიზნით იმპერატორს შეიარაღებული დაცვა სთხოვა. იმპერატორმა თხოვნა შეუსრულა, თანაც გამოგზავნა სამოქალაქო პირი – დიდებული, რომელსაც უბრძანა, კრების სხდომებს დასწრებოდა, ოღონდ საღვთისმეტყველო პაექრობაში არ ჩაბმულიყო და მხოლოდ წესრიგის დაცვისთვის ედევნებინა თვალყური. ეს დიდებული და ბევრი ეპისკოპოსი ნესტორს ემხრობოდნენ. მთელი აღმოსავლეთი ღელავდა, თუ როგორ გადაწყდებოდა წამოჭრილი საკითხი.
დათქმული დროც მოვიდა... მაგრამ ეფესოში ჯერ კიდევ არ იყვნენ ჩასულნი პაპის წარმომადგენლები, ანტიოქიის პატრიარქი იოანე და სირიის ეპისკოპოსები. ცნობილი იყო, რომ ანტიოქიის პატრიარქიც და ეპისკოპოსებიც ნესტორს ემხრობოდნენ, ამიტომ ყველა ეჭვობდა, განგებ ხომ არ იგვიანებდნენ, რათა ნესტორის მხილებაში არ მიეღოთ მონაწილეობა ან ჰქონოდათ მიზეზი, წინ აღდგომოდნენ დაგმობას, თუკი ის გამოცხადდებოდა. თექვსმეტდღიანი ლოდინის შემდეგ ეპისკოპოსთა უმრავლესობამ გადაწყვიტა, მათ გარეშე გაეხსნათ კრება კირილეს თავმჯდომარეობით. სამჯერ მიიწვიეს ნესტორი, მაგრამ მან უკანონოდ მიიჩნია კრება ზოგიერთი ეპისკოპოსის დაუსწრებლობის გამო და მონაწილეობაზე უარი განაცხადა. იმავე აზრს მიემხრნენ იმპერატორის გამოგზავნილი დიდებული და ნესტორის სხვა მიმდევრები. მიუხედავად ამისა, რადგანაც უმრავლესობა კრების გახსნას უჭერდა მხარს, სხდომები დაიწყო...
უპირველესად ხმამაღლა წაიკითხეს სარწმუნოების ნიკეის სიმბოლო, როგორც ეკლესიის ჭეშმარიტი სწავლების გადმოცემა, შემდეგ კირილეს მხილება ნესტორის წინააღმდეგ და ამ უკანასკნელის თხზულებები. ყველამ ერთსულოვნად აღიარა, რომ კირილეს შეხედულებანი ნიკეის მრწამსს ეთანხმებოდა, ხოლო ნესტორის განმარტებანი მიუღებელი იყო. შემდეგ წაიკითხეს გამონათქვამები ეკლესიის დიდი მამების ნაწერებიდან იესო ქრისტეს განხორციელების შესახებ. ნესტორი ერთსულოვნად დაგმეს მწვალებლური სწავლებისთვის და ჩამოართვეს ეპისკოპოსის ხარისხი. ეს განჩინება გამოცხადდა საჯაროდ და ეცნობა იმპერატორს.
ეფესოს მსოფლიო კრებაზე მიღებულ იქნა რვა კანონი, რასაც ორასზე მეტმა ეპისკოპოსმა მოაწერა ხელი. ამ კანონთაგან ერთ-ერთი კრძალავდა სარწმუნოების ახალი სიმბოლოს შედგენას ან რაიმეს შეცვლას ნიკეის სიმბოლოში. ხოლო ეკლესიის დოგმატი ძე ღვთისას განხორციელების შესახებ შემდეგი სიტყვებით ჩამოყალიბდა:
"ვაღიარებთ, რომ უფალი ჩვენი იესო ქრისტე არის ძე ღვთისა, ღმერთი სრულყოფილი და კაცი სრულყოფილი, სხეულითა და გონიერი სულით; რომ იგი უწინარეს საუკუნეთა იშვა მამისგან ღვთაებრივად და უკანასკნელ ჟამს ჩვენთვის და ჩვენისა ცხოვრებისათვის იშვა ქალწულ მარიამისგან კაცობრივად. ამრიგად, აღსრულდა შეერთება ორი ბუნებისა, რისთვისაც ვაღიარებთ ერთ ქრისტესა და ერთ უფალს".
თარგმნა ნინო ბელთაძემ
ფრაგმენტი მესამე მსოფლიო კრების მე-7 კანონიდან:
არავის მიეცეს უფლება, წარმოთქვას, დაწეროს ან ჩამოაყალიბოს სხვა მრწამსი, გარდა იმისა, რაც ნიკეაში სულიწმიდით შეკრებილმა მამებმა დადგინეს; ხოლო ვინც გაბედავს სხვა მრწამსის შედგენას, წარმოდგენას ან შეთავაზებას ჭეშმარიტების შემეცნების მსურველთათვის, ანდა წარმართობის, იუდეველობისა ან სხვა რომელიმე მწვალებლობისაგან მოქცეულთათვის, ასეთ პირთა მიმართ განვაჩინებთ: თუ ეპისკოპოსები არიან ან სასულიერო დასის სხვა წევრები, შეირაცხონ უცხოებად: ეპისკოპოსები - ეპისკოპოსობისაგან, კლერიკოსები - დასის წევრობისაგან; ხოლო თუ ერისკაცები: შეჩვენებულ იქნენ. ზუსტად ასევე, თუ ეპისკოპოსები, კლერიკოსები ან ერისკაცები იმხილებიან ღვთის მხოლოდშობილი ძის შესახებ ისეთი ბილწი და გამხრწნელი სწავლების ქადაგებასა და გამზიარებლობაში, როგორიც ეს ნესტორის დოგმატებშია გადმოცემული და ხარსი ხუცესის მიერ კრებისადმი წარმოდგენილი, მაშინ ამ წმინდა და მსოფლიო კრების განჩინებით ისინი შემდეგ სასჯელს დაექვემდებარონ: ეპისკოპოსები ეპისკოპოსობისაგან უცხოებად უნდა შეირაცხონ და ხარისხი აეყაროთ, კლერიკოსები კი დასიდან განიკვეთონ; ხოლო ერისკაცები, როგორც ნათქვამი იყო, შეჩვენებულ იქნენ.
(II მსოფ. 1; ტრულ. 1; კართ. 2).
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი