გალიის სამღვდელოება მძიმედ განიცდიდა არიოზელთა ბატონობას, ამიტომ, მიეცა თუ არა შესაძლებლობა მისგან განთავისუფლებისა, უმალ ისარგებლა. როგორც ჩანდა, დამპყრობელთაგან გალიისათვის ყველაზე საშიში ფრანკები უნდა ყოფილიყვნენ. ეს კერპთაყვანისმცემელი ტომი სიმამაცით, სისასტიკით, ცბიერებითა და უზომო ანგარებისმოყვარეობით გამოირჩეოდა, მათი თავდასხმები ქვეყანას აუდაბურებდა. სინდისის ქენჯნა ჩადენილი დანაშაულის გამო მათთვის უცხო იყო. და მაინც, სწორედ ფრანკებმა იპოვეს მოკავშირენი სამღვდელოებაში, რადგან სამღვდელოებამ მათი სახით დაინახა ძალა, რომლითაც ერეტიკოსებს დაამარცხებდა.
ამ დროისათვის ფრანკებს ბელადობდა ძალაუფლების მოყვარული და სასტიკი ხლოდვიგი, მეროვინგების საგვარეულოდან. მისი მეუღლე, კლოტილდა, ქრისტიანი იყო და ცდილობდა, ქმარი ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოექცია, თუმცა ამაოდ. დიდი ხნის განმავლობაში ასევე ამაო გამოდგა მცდელობა ეპისკოპოსებისა, რომლებიც ხშირი სტუმრები იყვნენ ფრანკების ბანაკისა. მიუხედავად ამისა, ხლოდვიგმა მეუღლეს ვაჟიშვილის მონათვლის უფლება მისცა, მაგრამ ბავშვს ნათლობის შემდეგ დიდხანს აღარ უცოცხლია, რამაც ხლოდვიგი ქრისტიანობას კიდევ უფრო დააშორა.
ერთხელ, ალემანებთან ბრძოლისას, როცა გამარჯვების სასწორი აშკარად მტრების მხარეს გადაიხარა, ხლოდვიგმა აღთქმა დადო, რომ თუ კლოტილდას ღმერთი გაამარჯვებინებდა, იგი მოინათლებოდა, ფრანკებმა მართლაც გაიმარჯვეს და მანაც აღთქმა შეასრულა. იგი 496 წელს საზეიმოდ მონათლა რეიმსის ეპისკოპოსმა რემიგიოსმა. ხლოდვიგის მაგალითს მისმა სამი ათასმა მხედარმაც მიბაძა. ფრანკების მოქცევის შესახებ რომის პაპსაც აცნობეს, რომელსაც ახალმოქცეულმა შვილური მორჩილების ნიშნად მდიდრული საჩუქრები გაუგზავნა.
სამწუხაროდ, ქრისტიანად მოქცევამ ხლოდვიგისა და მისი მეომრების სისასტიკე ოდნავადაც ვერ შეარბილა, რადგან ახალი სჯული მათ არა შინაგანი რწმენის, არამედ ცრუმორწმუნეობის გამო მიიღეს. ფრანკების ძლიერი მეფის მოქცევით გახარებული სამღვდელოება მოსახლეობაზე გავლენას თავის სასარგებლოდ იყენებდა. მისი შემწეობით ფრანკები მალე მთელ გალიას დაეპატრონნენ. ეპისკოპოსები ხლოდვიგის საქმეებს აკურთხებდნენ, თან მიჰყვებოდნენ ლაშქრობებში, სისხლიანი ბრძოლების შემდეგ ნადავლის გაყოფაში მონაწილეობდნენ და მისგან არიოზული ეკლესიებისათვის წართმეულ ვრცელ მამულებსა და განძეულობას იღებდნენ. ამგვარად, ამ კავშირით მოგებას ორივე მხარე ნახულობდა: სამღვდელოება - ძალაუფლებასა და სიმდიდრეს, ხოლო ხლოდვიგი თავის ავაზაკურ საქმეებს ღვთისმსახურების მოჩვენებითი მოშურნეობით ფარავდა. ზიანი მხოლოდ ქრისტიანული მოძღვრების სიწმინდეს ადგებოდა. ხლოდვიგმა ბურგუნდიაც დაიპყრო. მისი ლაშქარი გაუგონარ ავკაცობებს სჩადიოდა, ხოცავდა უმწეოებს, წვავდა სოფლებს, ძარცვავდა ეკლესიებს, მაგრამ ეპისკოპოსები ამ ლაშქრობებს ჭეშმარიტი სარწმუნოებისათვის წმინდა ომებად ნათლავდნენ...
ხლოდვიგმა მოისურვა ვესტგუთებისათვის მიწა-წყლის წართმევა და თავის მხედრობას ასე მიმართა: "არ მომწონს, რომ ამ არიოზელ გუთებს გალიის საუკეთესო ნაწილი უჭირავთ; გავილაშქროთ მათზე და ღვთის შემწეობით მათი კარგი და ნაყოფიერი მიწები დავიპყროთ". და ვესტგუთები მართლაც დაამარცხა ეპისკოპოსთა შემწეობით, რომლებიც საიდუმლო მოლაპარაკებებს მართავდნენ და ხალხს ფრანკების სასარგებლოდ ამბოხებისაკენ მოუწოდებდნენ. ამგვარად, თანდათანობით მთელი გალია დაპყრობილ იქნა და მას საფრანგეთი ეწოდა.
ეკლესიამ მამულები სხვადასხვა მხარეში მიიღო; პაპი იმ ეპისკოპოსს, რომელსაც სხვებზე უფრო ღირსეულად მიიჩნევდა, ომოფორს უგზავნიდა, როგორც ნიშანს მხარის სამღვდელოებაზე მთავარეპისკოპოსის ძალაუფლებისა, მაგრამ საეკლესიო საქმეებში დიდად არ ერეოდა.
ქვეყნის სრული დამორჩილება უკვე ხლოდვიგის მემკვიდრეების დროს მოხდა. ყველაზე დიდხანს თავისი სამოქალაქო და საეკლესიო დამოუკიდებლობა ბრეტანმა შეინარჩუნა. მან ფრანკების მეფეს უარი უთხრა ხარკის გადახდაზე და თავის ეკლესიაზე ტურის მთავარეპისკოპოსის უფლების ცნობაზე, რომელიც პაპის სახელით მოითხოვდა ბრეტანის სამღვდელოებისაგან მორჩილებას. მანამდე ბრეტანელები ძველ საეკლესიო გადმოცემებს მტკიცედ იცავდნენ, რომლებიც მათ ქვეყანაში ზღვის გაღმიდან მოსულმა მახარებლებმა მოიტანეს. აღდგომის დღესასწაულის დრო, მონასტრული ცხოვრების წესი და მათი ბევრი სხვა ადათი დანარჩენი გალიის ადათ-წესების მსგავი იყო. ისინი ეპისკოპოსებს თვითონ ადგენდნენ, ისე, რომ ამის თაობაზე პაპსა და სხვა ეპისკოპოსებს არ უთანხმდებოდნენ. როცა მათ ტურის მთავარეპისკოპოსს უარი უთხრეს მორჩილებაზე, მან ისინი ეკლესიიდან განკვეთილებად გამოაცხადა. ამასაც გულგრილად შეხვდნენ, რადგან დიდად არ უფრთხილდებოდნენ ურთიერთობას ამ უცხოელებთან და მათი მტრების მოკავშირეებთან. ბრეტანს დამოუკიდებლობის სიყვარული ძვირად დაუჯდა: ფრანკები განუწყვეტლივ არბევდნენ; ეპისკოპოსები ფრანკთა ბელადებს დაუმორჩილებელ ტომთან ბრძოლისათვის, როგორც წმინდა საქმისათვის, ისე აქეზებდნენ, შეიარაღებული მღვდლები და ბერები ჯარს უკან მიჰყვებოდნენ და გამარჯვებულთა სასტიკ საქმეებს თავიანთი იქ ყოფნით თითქოს აკურთხებდნენ. ბოლოს და ბოლოს ბრეტანიც დაიპყრეს. ის რომის სასულიერო ხელისუფლებას დაემორჩილა, მაგრამ ეს მხოლოდ X საუკუნეში მოხდა.
ხლოდვიგის მემკვიდრენიც ქრისტიანები მხოლოდ სახელით იყვნენ. მემატიანენი მოგვითხრობენ მეროვინგების სახლის გარყვნილებასა და სისასტიკეზე. მიუხედავად ამისა, პაპები, რომელთაც ფრანკთა მეფეების სახით სასარგებლო მოკავშირეები ჰყავდათ, მათ მიმართ ფრიად კეთილგანწყობილნი იყვნენ და საყვარელსა და ეკლესიის უფროს შვილებს უწოდებდნენ.
უხეშმა და გაუნათლებელმა ფრანკებმა კვალი იმ განათლებისა, რომელიც ქვეყანაში რომის ბატონობისას სუფევდა, თითქმის მთლიანად მოსპეს. წიგნიერებას ამრეზით უყურებდნენ და ცხოვრების მთავარ საქმიანობად ომი და ძარცვა მიაჩნდათ. ნადავლის მოსაპოვებლად საფლავებსაც კი ძარცვავდნენ, მოსახლეობას ქონებას ართმევდნენ, თავდასხმების დროს ტყვეები მიჰყავდათ და მონებად ყიდდნენ. ეკლესიისათვის გასაკითხის მიცემით, მონასტრების აგებითა და სხვა ამდაგვარით ცდილობდნენ ცოდვათა გამოსყიდვას, რადგან სამღვდელოება, რომლისთვისაც ჭეშმარიტი რწმენის სული თითქმის უცხო იყო, ახალმოქცეულ ფრანკთა ვერაგობას, გარყვნილებას გულგრილად უყურებდა და მათგან მხოლოდ გარეგნულ ღვთისმოსაობასა და ეკლესიის მსახურთა მფარველობას მოითხოვდა; მონაწილეობას იღებდა თავადთა შუღლში, რასაც თავის სასარგებლოდ იყენებდა; არ ზრუნავდა განათლების გავრცელებაზე, მხარს უჭერდა ცრურწმენასაც კი, თუ მისგან გამორჩენას ელოდა. ამგვარად, მისი მნიშვნელობა გარეგნულად გაიზარდა; ეპისკოპოსები საკმაოდ აქტიურად მონაწილეობდნენ მმართველობის საქმეებში, ეკლესიისაგან განკვეთის შიშით ისინი თვით ყველაზე ჭირვეულ ბელადებსაც კი თავიანთ ხელისუფლებას უმორჩილებდნენ, მაგრამ, სამაგიეროდ, არ ჰქონდათ ხალხზე ის კეთილისმყოფელი ზნეობრივი გავლენა, რომლის მოპოვებაც შეეძლოთ, მიწიერ ინტერესებზე ნაკლებად რომ ეზრუნათ. ხალხსაც არ უყვარდა მძვინვარე დამპყრობელთა მოკავშირენი. ასე რომ, ქრისტიანობას საფრანგეთში დიდი ხნის განმავლობაში გარეგნული ხელისუფლების ხასიათი ჰქონდა, რის გამოც არც ისე კეთილი ნაყოფი გამოუღია.
რა თქმა უნდა, არც იმის ფიქრი შეიძლება, რომ სამღვდელოებას გალიაში არავითარი კეთილი გავლენა არ ჰქონია, ეპისკოპოსთა შორის ქრისტეს ერთგული მსახურნიცა და მოშურნე მქადაგებლებიც იყვნენ, რომლებიც წარმართთა მოსაქცევად სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების ფასად იღვწოდნენ. სარწმუნოების ძალა განსაკუთრებით ქალებში შეიმჩნეოდა. იმ პერიოდისთვის საფრანგეთში მაღალი წოდების ქალები განათლებით მამაკაცებზე გაცილებით მაღლა იდგნენ. მათგან საუკეთესონი საზოგადოებრივი ცხოვრების ასპარეზს, სადაც უხეში გარყვნილება სუფევდა, ტოვებდნენ, მონასტრებში მიდიოდნენ და ცხოვრებას ლოცვაში, მოწყალების ღვაწლსა და მეცნიერებათა შესწავლაში ატარებდნენ. მრავალი მონასტერი თვით ფრანკთა მეფეების ცოლებისა და დების მიერ იყო დაარსებული. მათგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო პიკარდიაში კორბიის მონასტერი, რომელიც დედოფალმა ბატილდამ VII საუკუნეში ააგო.
მოამზადა
ლევან დავითაშვილმა
ლევან დავითაშვილმა