ყოველ წარმართს სურდა, სწორედ ასეთად ეხილა თავისი ვაჟიშვილი. ამ მიზნისკენ უნდა წაეყვანათ იგი მეცნიერებას, განათლებას და სკოლას. ერთი წარმართი მასწავლებლის აღიარებით, სკოლა მართლაც ცდილობდა, მოსწავლეები პროვინციული მანერებისთვის გადაეჩვია და მაღალი წრისთვის საკადრისი დახვეწილი მიხრა-მოხრა ესწავლებინა, ერთი სიტყვით, "ქოჩრიანებისგან მტრედებად ექცია". მშობლები, რომლებსაც თავისებურად ესმოდათ სკოლისა და მეცნიერების მიზანი, თავიანთი უაზრო მოთხოვნებით აწუხებდნენ მასწავლებლებს, რომლებსაც შვილების აღზრდას ანდობდნენ. ასეთი უაზრო მომთხოვნელობით აღმზრდელები ხშირად გამოჰყავდათ მოთმინებიდან და ისინიც "უჩიოდნენ უსამართლო მოთხოვნებს და მშობლების სულელურ პატივმოყვარეობას". ერთმა მასწავლებელმა დაწერა კიდეც "საჩივრის წიგნი მშობელთა ამაოებასა და უგუნურებაზე".
ქრისტიანებთან ამგვარ დამოკიდებულებას ვერ ვხედავთ. ისინი, წარმართებისაგან განსხვავებით, სულ სხვა მიზნით გზავნიდნენ შვილებს სკოლაში, სხვა რამეს ჩააგონებდნენ, ხოლო თუ თავიანთ სურვილს მასწავლებლებს მაინც გააცნობდნენ, ის საერთოდ არ ჰგავდა წარმართი მშობლების უგუნურ მოთხოვნებს. თავად განსაჯეთ, არის თუ არა რაიმე საერთო სიტყვებს, რომლითაც წარმართები შვილებს სკოლაში ისტუმრებდნენ და იმ კეთილ სურვილებს შორის, რომლებითაც III-IV საუკუნეების ქრისტიანი შვილს სკოლისკენ გზას ულოცავდა: "სიტყვაშიც და საქმეშიც წინამძღვრად იყოლიე ქრისტე - სიტყვა, რომელიც ყველა სიტყვაზე მაღალია; არ იმეგობრო მანკიერ და უსარგებლო ადამიანთან - ჭირი ძლიერ ნაწილებშიც აღწევს; შენი სათნოება არ გაუზიარო ყველას, თორემ მათი ცხოვრების სირცხვილი გადმოვა შენზე. მეგობრად აირჩიე უმანკოება და მხოლოდ იმით იხელმძღვანელე, რომ დანაშაულებრივმა სიყვარულმა არ განდევნოს შენგან სათნო სიყვარული. უპირატესობა სიტყვაში მიანიჭე ბრძნულ სწავლებას, იყო ყოველთვის სრულყოფილი". აი, ასე არიგებს შვილს ღვთისმოსავი მამა და გამომშვიდობებისას ჰპირდება, რომ მშობლის ლოცვა მისი თანამდევი იქნება მარადის: "დაეყრდენი შენს პირად და მშობლის ლოცვას, - შეაგონებს იგი ვაჟიშვილს, - გულმოდგინედ, გადაუდებლად და საუკეთესო იმედებით ისწრაფე იქით, საითაც სურვილი გაქვს. ჩვენს ცხოვრებას უფლის თვალი აკვირდება".
თავიანთი შვილების მომავალი მასწავლებლებისგან ქრისტიანი მშობლები სრულიად სხვა რამეს მოითხოვდნენ. მათი საზრუნავი ის კი არ იყო, რომ მათი შვილები "დახვეწილ" ახალგაზრდებად ექციათ, არამედ ის, რომ "ყველაზე დიდი მოშურნეობით" მოჰკიდებოდნენ თავიანთ საქმეს, ახალგაზრდებისთვის სიკეთე და სათნოება ჩაენერგათ, ფხიზლად ედევნებინათ თვალი აღსაზრდელებისთვის, ვინაიდან "მოძღვრის თვალი, გრიგოლ ღვთისმეტყველის ნათქვამს თუ მოვიხმობთ, უსიტყვო გაკვეთილია". ქრისტიანებს, რომლებიც შვილებს განათლებას აძლევდნენ, მათი ერუდიციის გამდიდრება და ცხოვრებისეული მიღწევები კი არ ჰქონდათ მიზნად, არამედ პირიქით: "დაე მოძღვრებმა ასწავლონ მათ ფულის ზიზღი, ასწავლონ, რომ ყველაფერში გამორჩენა არ ეძებონ, აღმოფხვრან მათი არსებიდან მანკიერი მომჭირნეობა - ყველა უბედურების სათავე".
ამრიგად, ქრისტიანები მასწავლებლებისგან მოითხოვდნენ, ახალგაზრდებისთვის ჭეშმარიტი უანგარობა ესწავლებინათ. ქრისტიანი ბავშვები სკოლაში მეტწილად უკვე მოზრდილები მიდიოდნენ და ხშირად პირდაპირ აცხადებდნენ, რომ იქ ისინი სიკეთესა და გონიერებას ეძებდნენ. წარმართთა სკოლის ერთი ქრისტიანი მოწაფე აცხადებდა, რომ მიზნად დაესახა "ზნეობის სწავლა, სათნოებაში გამოწრთობა და მცდელობა, ეცხოვრა სამომავლოდ იმედის შესრულებისთვის". ამ მიზნისკენ იყო მიმართული მისი გონება, რათა პატივი არ ეცა იმისთვის, რაც ღირსეულ ყურადღებას არ იმსახურებდა და ადამიანს სათნოებისაკენ არ მიუძღოდა. "ყველაზე მაღლა ისინი სიბრძნის სიყვარულს აყენებდნენ, რათა სწავლაზე გაწეული გარჯა წარედგინათ უფლისთვის" (გრიგოლ ღვთისმეტყველი). ზნეობრიობა და უფლის ერთგულება - აი რას ისახავდნენ მიზნად ქრისტიანი მოწაფეები, წარმართთა სულსა და გულში კი მსგავსს ვერაფერს იპოვიდით.
ასეთი განსხვავებული შეხედულებებით ემზადებოდნენ ქრისტიანი და წარმართი ბავშვები სკოლისთვის. და აი, ისინი უკვე ცოდნის ტაძრის კარიბჭესთან იდგნენ. რა ელოდათ აქ? შეძლებდა კი სკოლა, მათთვის ამდენი სიკეთე მიეცა? სამწუხაროდ, მასწავლებლები იშვიათად იდგნენ მოწოდების სიმაღლეზე. მათი უმრავლესობა იმ უიღბლოთაგანი იყო, რომლებმაც მასწავლებლობა იმიტომ დაიწყეს, რომ უკეთესს ვერაფერს მოჰკიდეს ხელი. ისინი თავიანთ საქმიანობას მოსაბეზრებელ და უსიამოვნო მოვალეობად აღიქვამდნენ. "მასწავლებელთა უმრავლესობა ამ საქმით მოწოდების გამო კი არ იყო დაკავებული, არამედ გამორჩენის მიზნით. ეს იქიდანაც ჩანს, რომ ყველაზე გამორჩეულ რომაელ გრამატიკოსთა შორის მრავალმა ამ საქმიანობას ხელი მოჰკიდა სრულიად შემთხვევით, მას შემდეგ, რაც სხვა ასპარეზზე ხელი მოეცარათ. ზოგმა განათლება მონობისას, როცა ბატონის შვილს სკოლაში დაჰყვებოდნენ, ან გააზატების შემდეგ მიიღო. ერთი ცნობილი მასწავლებელი ვინმე მაგისტრანტს ემსახურებოდა საჯინიბოში. მეორე, კიდევ უფრო ცნობილმა მასწავლებელმა მას შემდეგ მოჰკიდა ხელი ფილოლოგიას, რაც იმედი გაუცრუვდა, რომ მეორეხარისხოვანი ოფიცრის ადგილს მიიღებდა. მესამე მოკრივე იყო, მეოთხე თეატრებში დაეხეტებოდა და მაყურებელს ფარსით ართობდა. პირიქითაც ხდებოდა. მაგალითად, იმპერატორმა პეტრინაქსმა, გააზატებული მონის შვილმა, მასწავლებლის ხელობა იუკადრისა და სამხედრო სამსახურში შევიდა. ბავშვების აღზრდა და სწავლება "მძიმე ჯაფად" ითვლებოდა. გამდიდრების სურვილი, ფულადი გამორჩენა - აი რა ედო საფუძვლად მასწავლებლების საქმიანობას და მათ ცრუ სწრაფვას საზოგადოების განათლებისკენ. მთელ მათ ხელოვნებას მიზნად ერთადერთი რამ ჰქონდა: სახელის მოხვეჭა და გამდიდრება სხვების ხარჯზე. წარმართთა სკოლებზე III საუკუნის ერთი ქრისტიანი პირდაპირ ამბობს, რომ მასწავლებელთა ხელოვნება "სიტყვებით ვაჭრობად იქცა". "ვინ აქცევს მოსწავლეებს მოხარკეებად? - კითხულობს იგი და თვითონვე პასუხობს: თქვენ, ვისაც სიტყვები გამოგაქვთ გასაყიდად, როგორც თაფლის მომდუღებლებს - თაფლაკვერი". ერთი ქრისტიანი სწავლული ჰყვება, რომ როდესაც მან წარმართ ფილოსოფოსთან მეცადინეობა მოინდომა, მასწავლებელმა გაკვეთილების საფასურის თხოვნით ისე მოაბეზრა თავი, რომ ამ ურცხვი ვაჭრობით შეურაცხყოფილმა, მიუხედავად თავისი მისწრაფებისა, უმალვე მიატოვა ფილოსოფიის სკოლა. ერთი და იმავე ქალაქის მასწავლებლებს შორის წვრილმანი მეტოქეობა იყო გაჩაღებული, რაც მოძღვრის ღირსებას ამდაბლებდა. ისინი ყველაზე მეტად საკუთარ პოპულარობაზე ზრუნავდნენ. აი, სადამდე მიდიოდა ზოგჯერ მათი პირმოთნეობა: "ყოველი სოფისტი (მასწავლებელი), რომელსაც სახელის შეძენა სურდა, - წერს ერთ-ერთი თანამედროვე, - ყველაფერს აკეთებდა, რათა მოსწავლეებს მის გამო ხმაური აეტეხათ. მსმენელები კათედრასთან რომ დაეკავებინა, მუდამ სხვისი ნათქვამის გაბათილებას ცდილობდა. უაღრესად მტანჯველია მისი მდგომარეობა, რადგან თან სდევს შური, რომელიც უდიდესია სულიერ მღელვარებათა შორის. იმ ქალაქში, სადაც ცხოვრობს და ასწავლის სოფისტი, მის გარდა არ უნდა იყოს არც ერთი ბრძენი, მაგრამ თუ ვინმე გამოჩნდება, ის ყოველნაირად კიცხავს და აძაგებს მას, რათა მხოლოდ მას სცენ პატივი". ზოგი მასწავლებელი თავს მეტის უფლებასაც აძლევდა: გაკვეთილებზე უსირცხვილოდ ცხადდებოდა და რყვნიდა მოსწავლეთა ზნეობრივ გრძნობებს. ერთი თანამედროვის გადმოცემით, "ისინი თავხედური უსირცხვილობით დევნიდნენ გამოუცდელთა მორიდებას, მათში სულიერ უხერხულობას აღვიძებდნენ და ამით თავიანთ ბოროტ, მზაკვარ სულს აამებდნენ. ასეთი ქცევით რიტორები (მასწავლებლები) სავსებით ემსგავსებოდნენ დემონებს". ასეთ რიტორებს "განმრყვნელებს" უწოდებდნენ (ნეტარი ავგუსტინე).
მთავარი გზა, რითაც მოძღვრები მოსწავლეებს "სწავლის სიყვარულს" უღვივებდნენ, გახლდათ წკეპლა, რომელსაც, იყო თუ არა საჭირო, მაინც წამდაუწუმ იყენებდნენ. მოსწავლეს წკეპლით სჯიდნენ მაშინაც, როცა იგი ვერ გაიგებდა გაკვეთილს და მაშინაც, როცა უწყინარი გართობა - ბურთის თამაში სურდა (ნეტარი ავგუსტინე). სასჯელი ზოგჯერ იმდენად სასტიკი იყო, რომ ზოგიერთი ათეულობით წლის შემდეგაც კი ძრწოლით იხსენებდა (ნეტარი იერონიმე).
რას უპირისპირებდნენ წარმართ მასწავლებლებს II და III საუკუნეების ქრისტიანული სკოლის მოძღვრები?
წმინდა ირინეოს ლიონელი, რომელიც წმინდა პოლიკარპე სმირნელის საშინაო სკოლაში სწავლობდა, წლების შემდეგ დაუჯერებელი აღფრთოვანებით იხსენებს პოლიკარპეს ჭერქვეშ სწავლის პერიოდს. იხსენებს იმ სიკეთეს, რაც მასწავლებელს სხვებისგან გამოარჩევდა, ბედნიერებას, რომელსაც მის გაკვეთილებზე გრძნობდა, მისი სწავლების მომხიბლაობას.
შეეძლო კი წარმართს, თავისი სკოლა ასევე გაეხსენებინა? არ შეეძლო! წარმართ მასწავლებლებს ერთადერთი მიზანი ჰქონდათ: მოსწავლეებისა და მათი მშობლებისთვის რაც შეიძლება მეტი ფული გამოეძალათ, ხოლო ქრისტიანმა მასწავლებელმა, ორიგენემ, სწავლის საფასურის აღება რომ არ დასჭირვებოდა, თავისი ბიბლიოთეკა გაყიდა. ის სიტყვასიტყვით ასრულებდა ქრისტეს მცნებას: არ ჰქონდა ორი ხელი სამოსი, ფეხშიშველი დადიოდა და უარყოფდა მეგობრების მიერ შეთავაზებულ მატერიალურ დახმარებას. ამის გამო მოსწავლეები მისდამი მგზნებარე სიყვარულით იწვოდნენ. ერთი მათგანი, გრიგოლ ნეოკესარიელი, ამბობდა, რომ მასთან განშორების შემდეგ დიდხანს ისე გრძნობდა თავს, როგორც "სამოთხიდან განდევნილი ადამი", როგორც "გზააბნეული ცხოვარი", როგორც "ისრაელელი ბაბილონის ტყვეობაში".
მოამზადა მღვდელმა
ლევან მათეშვილმა
ლევან მათეშვილმა