ერთხელ მთავარეპისკოპოსის მოდასე ერთ-ერთმა მღვდელმა ქადაგებისას ეჭვი გამოთქვა - სწორად უწოდებენ თუ არა ყოვლადწმინდა მარიამს ღვთისმშობელსო. ქადაგებამ მსმენელნი გააკვირვა: ყველა ელოდა, რომ ნესტორი მღვდელს საკადრის პასუხს გასცემდა, მაგრამ პირიქით მოხდა: რამდენიმე ხნის შემდეგ მთავარეპისკოპოსმა მღვდლის სიტყვები დაადასტურა და განმარტა, რომ ყოვლადწმინდა ქალწულს არა ღვთისმშობელი, არამედ ქრისტესმშობელი უნდა ეწოდებოდეს, რადგან მან არა ღმერთი, არამედ ჩვეულებრივი ადამიანი შვა, რომელსაც შემდეგ მისი წმინდა ცხოვრების გამო ღმრთეება შეუერთდა. ძე ღმრთისას, რომელიც დაუსაბამოდ შობილია მამისაგან, არ შეეძლო დაბადებულიყო დროში. რამდენადაც ღმრთეებრივი და კაცობრივი ბუნება განყოფილია, ამიტომ მუცელქმნულებაზე საუბარი მხოლოდ ადამიან-ქრისტესთან და არა ძე ღმრთისასთან დაკავშირებითაა შესაძლებელი. რადგანაც, ნესტორის აზრით, ყოვლადწმინდა მარიამისგან იშვა არა თვითონ ღმერთი, არამედ სამოსელი, რომელსაც ძე ღმერთი უნდა შეემოსა, იგივე ტაძარი, რომელშიც ძე ღმრთისა უნდა დამკვიდრებულიყო, შესაბამისად, ყოვლადწმინდა ქალწულიც ქრისტეს მშობელი იყო და არა ღმრთისმშობელი.
ამ მწვალებლობის მთავარი არსი იესო ქრისტეს, როგორც კაცობრიობის ცოდვისა და სიკვდილისაგან გამომხსნელის, უარყოფაში მდგომარეობს, რადგანაც მისი სწავლებით ჯვარზე არა ღმერთკაცი, არამედ მხოლოდ ადამიანი ევნო.
ნესტორის მსჯელობის მიხედვით, როცა მახარებლები და მოციქულები იესო ქრისტეს შესახებ ლაპარაკობდნენ, არა ერთ, არამედ ორ პირს აღწერდნენ. კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსის ცრუ სწავლებას ანტიოქიის ეპისკოპოსმა იოვანემ და იქაურმა საღმრთისმეტყველო სკოლამ დაუჭირა მხარი. ერეტიკოსებთან კამათის დროს მართლმადიდებლებს სათავეში წმინდა კირილე ალექსანდრიელი ჩაუდგა. იგი განცალკევებულ სიტყვას - იესო ქრისტეს ერთ პირად მოიაზრებდა, რომელშიც ორი ბუნება - ღმრთეებრივი და კაცობრივი ისე იყო შეერთებული, როგორც ადამიანში სული და ხორცი. რამდენადაც იესო ქრისტე მამისაგან შობილია უწინარეს ყოველთა საუკუნეთა ანუ დაუსაბამოდ, ამიტომ მისი შობა ქალწულისგან ისე კი არ უნდა გავიგოთ, რომ ძე ღმრთისა მეორედ იშვა, არამედ, რომ მან კაცობრივი ბუნება შეიერთა. ამდენად, ყოვლადწმინდა მარიამმა შვა ხორცთან შეერთებული ღმერთი (პიროვნულად), რომელიც ამ შეერთების შემდეგაც ერთ პირად - ერთ ჰიპოსტასად დარჩა.
დოგმატური საკითხების გარშემო ატეხილ კამათში რომის ეპისკოპოსი კელესტინეც ჩაერთო. რომში მოწვეულმა ადგილობრივმა კრებამ ნესტორს, იმ შემთხვევაში, თუკი იგი თავის ცრუ სწავლებას არ დაგმობდა, ჩამოგდება მიუსაჯა. კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსს იგივე განაჩენი გამოუტანა წმინდა კირილეს მიერ ალექსანდრიაში მოწვეულმა კრებამაც. კირილემ ნესტორს წერილი მისწერა და კრების სახელით გაუგზავნა დაწვრილებითი გადმოცემა ეკლესიის დოგმატისა, რომელსაც თან ერთვოდა თორმეტი ანათემატიზმი ცრუ სწავლების 12 პუნქტის წინააღმდეგ. ნესტორმა და მისმა მომხრეებმა ანათემატიზმები უარყვეს და კირილე ერესში დაადანაშაულეს. რადგან სადავო საკითხების საბოლოო გადაჭრა ვერც ალექსანდრიისა და ვერც რომის კრებებმა ვერ შეძლო, იმპერატორმა თეოდოსიმ გადაწყვიტა, მსოფლიო კრება მოეწვია ეფესოში. კრება ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში 431 წლის 7 ივნისს უნდა გახსნილიყო.
წმინდა კირილე და რამდენიმე სხვა ეპისკოპოსი ეფესოში კრების გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე ჩავიდნენ. ეფესოში ჩავიდა ნესტორიც, რომელმაც განაცხადა, მოკვლას მიპირებენო და მეფეს შეიარაღებული მცველები მოსთხოვა. იმპერატორმა კრებაზე თავისი წარმომადგენელი, წარჩინებული მოხელე, გაგზავნა წესრიგის დასაცავად. ეს მოხელე, ისევე როგორც ბევრი ეპისკოპოსი, ნესტორის მომხრე იყო.
დანიშნულ დღეს ეფესოში არც პაპისგან წარმოგზავნილი პირები, არც ანტიოქიის ეპისკოპოსი იოვანე და არც სხვა სირიელი ეპისკოპოსები არ ჩანდნენ, რადგან ცნობილი იყო, რომ იოვანეცა და სირიის ყველა ეპისკოპოსიც მხარს ნესტორს უჭერდნენ, ამიტომ გაჩნდა ეჭვი, რომ განზრახ იგვიანებდნენ, რათა ან ნესტორის განსჯაში არ მიეღოთ მონაწილეობა, ან თუ განსჯა მოხდებოდა, მისთვის წინააღმდეგობის გაწევის საბაბი ჰქონოდათ.
16 დღის უშედეგო ლოდინის შემდეგ ეპისკოპოსთა უმრავლესობამ კრების გახსნა გადაწყვიტა და თავმჯდომარედ კირილე აირჩია. სამჯერ მოიწვიეს ნესტორი, მაგრამ მან უარი განაცხადა - რამდენიმე ეპისკოპოსი აკლია და ამიტომ კრება უკანონოაო. ამ აზრზე იდგნენ იმპერატორის მოხელეცა და მისი მომხრე ეპისკოპოსებიც, მაგრამ რადგანაც უმრავლესობას კრების გახსნა მიზანშეწონილად მიაჩნდა, სხდომები მაინც დაიწყო. ნესტორს მისი არასწორი სწავლებისთვის ერთსულოვნად დასდეს ბრალი და ეპისკოპოსობა ჩამოართვეს. ეს დადგენილება საჯაროდ გამოაცხადეს და იმპერატორსაც აცნობეს. რამდენიმე დღის შემდეგ ეფესოში ანტიოქიის მთავარეპისკოპოსიც ჩამოვიდა სირიელ ეპისკოპოსებთან ერთად და რომის პაპის წარმოგზავნილებიც. რომის ეკლესიის უფლებამოსილმა პირებმა კრების გადაწყვეტილება კანონიერად ცნეს, ხოლო იოვანემ და მისმა თანამშრომლებმა ეპისკოპოსებმა - უკანონოდ და ამიტომ ნესტორსა და მის მომხრეებთან ერთად ცალკე კრება მოაწყვეს, რომელზეც ერეტიკოსად წმინდა კირილე გამოაცხადეს, მისთვის და ეფესოს ეპისკოპოსისთვის ხარისხის ჩამორთმევა დაადგინეს და დადგენილება იმპერატორს გაუგზავნეს როგორც გადაწყვეტილება თითქოსდა ჭეშმარიტი მსოფლიო კრებისა. თეოდოსი შექმნილ ვითარებაში ვერ გაერკვა და ორივე მხარის დადგენილებანი დაამტკიცა ანუ გადააყენა როგორც წმინდა კირილე, ისე ნესტორი. იმპერატორის საქციელმა კონსტანტინოპოლის მოსახლეობა აღაშფოთა. ბერების ჯგუფი, წმინდა მოღვაწე დალმაციუსის მეთაურობით, სასახლისაკენ გაემართა, რათა თეოდოსისათვის საქმის ხელახლა გადახედვა ეთხოვა. ბერებს ხალხიც გაჰყვა. მეფე შეჰპირდა მათ, ორივე მხარის წარმომადგენლებს მოვუსმენო. პასუხით გახარებული ხალხი 150-ე ფსალმუნის, "აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა", გალობით ეკლესიისკენ გაემართა. როცა დალმაციუსმა შეკრებილებს წმინდა კირილეს წერილი წაუკითხა, რომელშიც საქმის მთელი მსვლელობა იყო მოთხრობილი, ხალხში გაისმა შეძახილები: "ანათემა ნესტორს!" თეოდოსიმ მართლაც მიიწვია რვა-რვა ეპისკოპოსი ორივე მხრიდან და საქმის გულმოდგინე გამოძიების შედეგად გამარჯვება სიმართლემ იზეიმა: ნესტორის ცრუ სწავლება დაიგმო. ეფესოს კრების განსაზღვრებებს ორასზე მეტმა ეპისკოპოსმა დაუჭირა მხარი. ეს განსაზღვრებანი რვა წესისაგან შედგებოდა, რომელთაგან ერთ-ერთით აკრძალული იყო როგორც რწმენის ახალი სიმბოლოს შექმნა, ასევე რაიმე ცვლილების შეტანა ნიკეის სიმბოლოში. ეკლესიის დოგმატი ძე ღვთისას განკაცებაზე ასე იყო გადმოცემული:
"ვაღიარებთ, რომ უფალი ჩვენი იესო ქრისტე არის ძე ღმრთისა, სრული ღმერთი და სრული კაცი, სულით გონიერით და სხეულით; რომ იგი, როგორც ღმერთი, უწინარეს საუკუნეთა იშვა მამისაგან და შემდეგში ჩვენთვის და ჩვენი ხსნისათვის ქალწულისაგან მარიამისა იშვა როგორც კაცი; ასე რომ, მოხდა შეერთება ორი ბუნებისა, რის გამოც ერთ ქრისტესა და ერთ უფალს ვაღიარებთ".
წმინდა კირილე ალექსანდრიაში დაბრუნდა და მის ეკლესიას ვიდრე აღსასრულამდე (444წ.) მართავდა. გარდა იმისა, რომ რამდენიმე შესანიშნავი თხზულება დაგვიტოვა, მას მიეწერება აგრეთვე შედგენა ლოცვისა ღმრთისმშობლისადმი: "ღმრთსმშობელო ქალწულო, გიხაროდენ". წმინდა კირილეს მიიჩნევენ ასევე შემდგენლად ჟამნის რიგისა დიდი პარასკევისთვის. მართლმადიდებელი ეკლესია დიდ მწყემსმთავარს 9 ივნისს იხსენიებს.
რაც შეეხება ნესტორს, რამდენიმე ხანი იგი ანტიოქიის მახლობლად ერთ-ერთ მონასტერში ცხოვრობდა, მაგრამ რადგან თავის ცრუ სწავლებაზე ხელი არ აიღო, ეგვიპტის უდაბნოში გაგზავნეს, სადაც საშინელი სიკვდილით აღესრულა. ზოგიერთი ისტორიკოსის მტკიცებით, მას ენაზე მატლები დაესია.
კონსტანტინოპოლის კათედრაზე ნესტორის მაგივრად ბერი მაქსიმიანე აირჩიეს. მალე იგი წმინდა პროკლემ, იოვანე ოქროპირის მოწაფემ, შეცვალა. აღსანიშნავია, რომ ის იყო პირველი, ვინც ნესტორი ერეტიკული სწავლებისთვის ამხილა. მისი მღვდელმთავრობისას წმინდა იოვანე ოქროპირის ნეშტი კომანიდან კონსტანტინოპოლში გადაასვენეს. როცა კონსტანტინოპოლი ძლიერმა მიწისძვრამ შეაძრწუნა და წმინდა პროკლე მორწმუნეებთან ერთად ჯვრის წინამძღოლობითა და შეწყალების ვედრებით ქალაქს გარს უვლიდა, საკვირველი მოვლენა მოხდა: უხილავი ძალით ერთი ყრმა ჰაერში იქნა ატაცებული. როცა იგი მიწაზე დაბრუნდა, გაოცებულ ხალხს უამბო, რომ იხილა ანგელოზთა დასი, რომელიც გალობდა: "წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ". როგორც კი ეს გალობა გაიმეორეს, მიწისძვრა შეწყდა. აქედან მოყოლებული, იგი ღმრთისმსახურებაში იქნა შეტანილი.
მოამზადა
ლევან დავითაშვილმა
ლევან დავითაშვილმა