წმინდა მამები დაუცხრომლად მოღვაწეობდნენ წარმართობის გადმონაშთების აღმოსაფხვრელად და გულმოდგინედ ზრუნავდნენ, რომ ქრისტეს აღმსარებელთა კრებულს ქრისტიანულივე ზნეობრივი კანონებით ეცხოვრა. მორწმუნეებს შთააგონებდნენ, რომ უფალს სულითა და ჭეშმარიტებით უნდა ვცეთ თაყვანი და რომ გულითა და გონებით მიღებული რწმენა ცოცხალი საქმით უნდა გამოჩნდეს. ისინი ზრუნავდნენ განათლების გავრცელებაზეც, სამწყსოს წმინდა წერილს განუმარტავდნენ, ტაძრებსა და მონასტრებთან სასწავლებლებს ხსნიდნენ, ბიბლიის ხელნაწერ პირებს არიგებდნენ. ეპისკოპოსები თავიანთი სამღვდელო დასიდან მოძღვრებსა და მქადაგებლებს ამზადებდნენ; ტაძრებს ამკობდნენ მოხატულობით, რომელსაც მათთვის, ვინც წერა-კითხვა არ იცოდა, ახალი აღთქმა უნდა შეეხსენებინა; მოწამეთა სახელზე აგებული ეკლესიები მათი ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდების ამსახველი ფრესკებით იმკობოდა.
იმხანად აღმოსავლეთში განათლება შეუდარებლად მაღლა იდგა, ვიდრე დასავლეთში, სადაც ქრისტიანობამ უფრო გვიან შეაღწია. იტალიაში ქრისტეს მოძღვრებას VI საუკუნემდე უმთავრესად ქალაქის მოსახლეობა აღიარებდა, სოფლებში კი ისევ წარმართობას მისდევდნენ. აღმოსავლეთში ღმრთის სიტყვამ, წმინდა მახარებლებისა და მოღვაწეთა ღვაწლით, ყველაზე შორეულ ადგილებში, თვით ველურსა და მკაცრ უდაბნოებშიც კი შეაღწია. რწმენასთან ერთად წერა-კითხვაც ვრცელდებოდა. წმინდა იოანე ოქროპირის ერთ-ერთი საზრუნავი წმინდა წერილის სხვადასხვა ენაზე თარგმნა და ბარბაროსთა განათლება იყო. ეს კეთილშობილური საქმე მისი სიკვდილის შემდეგაც გაგრძელდა. აღმოსავლეთის ეკლესია მახარებლებს შორეულ ქვეყნებშიც გზავნიდა. ისინი უშიშრად სახლდებოდნენ ბარბაროსთა შორის და ქადაგებითა და ღვთისმოსავი ცხოვრების მაგალითით ქრისტესთან მიჰყავდათ ისინი. უდაბნოს სენაკებში წმინდა განდეგილები წმინდა წერილის შესასწავლად იღვწოდნენ. აღმოსავლეთმა თავისი სულიერი მოღვაწეობით დასავლეთიდან მრავალი ღვთისმოსავი მოღვაწე მიიზიდა, რის გამოც დასავლეთის ქრისტიანთა ცხოვრებაზე ზეგავლენა მრავალი საუკუნის განმავლობაში შეინარჩუნა.
მეორე მხრივ, გაცხოველებული გონებრივი მუშაობა აღმოსავლეთში საშიშროებასაც ქმნიდა; აქ განუწყვეტლივ იქმნებოდა ცრუ სწავლებანი, რომლებიც ზოგჯერ ერთიანად არყევდა ეკლესიას და შფოთსა და განხეთქილებას წარმოშობდა, მაგრამ ეკლესია და მისი ერთგული შვილები ფხიზელ დარაჯებად ედგნენ ქრისტიანული მოძღვრების სიწმინდეს. ყოველი ახალი ერესის გამოჩენას წმინდა ჭეშმარიტების უზუსტესი განმარტება მოსდევდა. კრებები საზეიმო ხმით გადმოსცემდა ეკლესიის სარწმუნოებას და მისგან ყოველგვარ გადახრას მკაცრად განსჯიდა. როცა ეკლესიამ თავისი არსებობის V საუკუნეში შეაბიჯა, მთავარი დოგმატი ღმრთის ძისა და სულიწმინდის მამასთან ერთიანობისა და თანაბარი პატივისა ნიკეა-კონსტანტინოპოლის რწმენის სიმბოლოში უკვე ნათლად იყო განსაზღვრული და გამოხატული.
თვალი გადავავლოთ ისტორიულ ვითარებასაც, რომელიც დიდ გავლენას ახდენდა ეკლესიის ცხოვრებაზე.
მეხუთე საუკუნის დასაწყისში რომის იმპერიის დასავლეთსა და აღმოსავლეთ ნაწილებს თეოდოსი დიდის შვილები - ჰონორიუსი და არკადიუსი განაგებდნენ. სამწუხაროდ, არც ერთს არ აღმოაჩნდა ძალა და უნარი, ემართა ქვეყანა მძიმე ვითარებაში, როცა მას ყოველი მხრიდან უტევდა ძლიერი და მრავალრიცხოვანი მტერი. თავის უღირს ფავორიტთა ზეგავლენის ქვეშ მოქცეულმა არკადიუსმა უსახელო ცხოვრება განვლო და უსახელოდვე აღესრულა. 408 წელს ტახტზე მისი რვა წლის ვაჟი, შემდეგში მცირედ წოდებული თეოდოსი ავიდა. მეურვედ მას პრეფექტი ანოიმიოსი დაუნიშნეს, ხოლო თანამოსაყდრედ - 16 წლის და პულხერია, რომელიც თეოდოსი დიდის ღირსეული მემკვიდრე გამოდგა. ახალგაზრდა ქალი ქვეყნის შინაურ საქმეებსაც ბრძნულად და გონივრულად წარმართავდა და გარეშეებთანაც უშიშრად იცავდა აღმოსავლეთ რომის იმპერიის პატივს. თეოდოსი მცირეს, რომელიც უფროსი დის ზედამხედველობით იზრდებოდა, განსაკუთრებული სიქველე არ გამოარჩევდა, მაგრამ იგი კეთილი, ღვთისმოსავი და მეცნიერებისა და განათლების მოყვარული მმართველი იყო. მან გამოსცა წინა იმპერატორების კანონების კრებული, რომელიც თეოდოსის კოდექსის სახელით არის ცნობილი და ამით დიდად შეუწყო ხელი მართლმსაჯულების აღსრულებას. თეოდოსი წარმატებით ებრძოდა სპარსელებს, მაგრამ იმპერიის მდგომარეობა სულ უფრო და უფრო მძიმდებოდა და უკვე თავისი ზეობის მიწურულს იმპერატორი იძულებული გახდა, ხშირი თავდასხმების თავიდან ასაცილებლად ჰუნებისთვის ხარკი ეძლია.
ჰონორიუსი და არკადიუსი
თეოდოსის გარდაცვალების შემდეგ პულხერიამ მეუღლედ და თანამმართველად სენატორი მარკიანე აირჩია, რომელიც იმპერიის ღირსებას მამაცურად იცავდა. როცა ჰუნების მეფემ ატილამ ხარკი მოითხოვა, მარკიანემ მტკიცედ უპასუხა: ოქრო მე მეგობრებისთვის მაქვს, მტრებს კი რკინით ვუმასპინძლდებიო. მაშინ ატილამ აღმოსავლეთზე ხელი აიღო და მთელი ძალები დასავლეთისკენ მიმართა.
გაცილებით უარესად წარიმართა დასავლეთ რომის იმპერიის ბედი. ჰონორიუსის დროს, რომელიც სუსტი მმართველი გამოდგა, ბარბაროსები იტალიასა და მის მეზობელ ოლქებს განუწყვეტლივ ესხმოდნენ თავს. იმპერიას, რომელიც დღითიდღე სუსტდებოდა, მხოლოდ მამაცი ბელადები სტილიკონი და აეციუსი იცავდნენ. V საუკუნის პირველ წლებში ვესტგუთების მეფემ ალარიხმა ჩრდილოეთ იტალია მოაოხრა და ალყა შემოარტყა მილანს, სადაც იმპერატორი ცხოვრობდა. ჰონორიუსი სტილიკონის დროულმა მოსვლამ იხსნა. პოლენტის ველზე სტილიკონმა სასტიკად დაამარცხა ალარიხი და რომმაც უკანასკნელად იზეიმა გამარჯვება. ამ შემთხვევასთან დაკავშირებით კოლიზეუმში გამართული სისხლიანი სანახაობაც უკანასკნელი აღმოჩნდა.
სამწუხაროდ, კონსტანტინე დიდის მიერ აკრძალული სისხლიანი თამაშობანი რომში თანდათანობით კვლავ აღდგა; მიუხედავად ქრისტიანი მქადაგებლების მხრივ მკაცრი მხილებისა, ხელისუფლება ვერ ბედავდა ხალხის საყვარელ სანახაობათა აკრძალვას და კოლიზეუმის არენაზე ყოველდღე ათასობით ადამიანი იღუპებოდა. ბოლოს და ბოლოს ამ საშინელი, ქრისტიანული ქალაქის შემარცხვენელი ადათის არსებობას აღმოსავლელი ბერის ტელემაქოსის საქციელმა მოუღო ბოლო. როცა პოლენტასთან გამარჯვების აღსანიშნავად კოლიზეუმში ეს სასტიკი თამაშობანი მიმდინარეობდა, ტელემაქოსი უშიშრად გავიდა არენაზე, რათა სისხლიანი ბრძოლა შეეჩერებინა. სანახაობას მოწყურებულმა გაცოფებულმა ხალხმა იგი ჩაქოლა, მაგრამ გავიდა დრო, მის მოწამებრივ ხსოვნას პატივი მიეგო და ჰონორიუსის ბრძანებას სისხლიან თამაშობათა აკრძალვის შესახებ (404წ.) რომის მოსახლეობა უდრტვინველად შეხვდა.
ჰონორიუსმა იმპერიის დედაქალაქი რავენაში გადაიტანა. ამ ხნის განმავლობაში ბარბაროსთა ბელადები ალარიხი და რადეზაგი იტალიას ისევ და ისევ ესხმოდნენ თავს და მის საუკეთესო პროვინციებს აოხრებდნენ. სტილიკონმა მათთან ბრძოლაში კიდევ ერთხელ მოიპოვა ბრწყინვალე გამარჯვება და იტალიის მხსნელის სახელიც დაიმსახურა, მაგრამ სახელგანთქმულ მხედართმთავარს იმპერატორის კარზე მრავალი მტერი ჰყავდა. მათი გულმოდგინე მცდელობით სტილიკონს ღალატი დასდეს ბრალად და სიკვდილით დასაჯეს. მისი დასჯიდან ორი თვის შემდეგ რომის კედლებს ალარიხი მოადგა. უსიამოვნო გაოცებამ და აღშფოთებამ მოიცვა ამაყი რომაელები, როცა შეიტყვეს, რომ ბარბაროსები მარადიულ ქალაქს განადგურებით ემუქრებოდნენ, მაგრამ კარს მომდგარ საფრთხეს მათში მამულის დაცვის კეთილშობილური სურვილი არ აღუძრავს; მათი სიძულვილი თავს დაატყდა სტილიკონის ქვრივს სერენას - მას ღალატი დასწამეს და სენატის გადაწყვეტილებით სიკვდილით დასაჯეს. ვერც ამის შემდეგ მოეგნენ გონს და ნაცვლად იმისა, რომ ხსნას უფალს შევედრებოდნენ და მისი შემწეობის იმედით იარაღისთვის მოეკიდათ ხელი, გამოსავალს წარმართულ ადათებსა და შელოცვებში დაუწყეს ძებნა, რომელთაც თითქოს მტრის ჯარი უნდა გაენადგურებინა. როცა ამანაც ვერ უშველათ და ყოველმხრივ ალყაშემორტყმულ ქალაქში შიმშილობა დაიწყო, სენატმა ალარიხთან მოლაპარაკების გამართვა გადაწყვიტა.
როცა დარწმუნდა, რომ რომაელების მდგომარეობა უიმედო იყო, ალარიხმა მეტისმეტად ბევრი მოითხოვა. "ამდენს რომ ითხოვ, ჩვენ რაღას გვიტოვებ, მეფეო?" - უკმაყოფილოდ ჰკითხეს წარგზავნილებმა. "სიცოცხლეს", - მოკლედ მოუჭრა ბელადმა.
ასე თუ ისე, მოლაპარაკებებმა შედეგი გამოიღო და უზარმაზარი გამოსასყიდის სანაცვლოდ ალარიხი უკან გაბრუნდა, თუმცა არც თუ ისე დიდი ხნით. ერთი წლის შემდეგ ის ისევ მოადგა რომს. ამჯერად ქალაქი დანებდა და მის მიერ დანიშნული ატალა იმპერატორად აღიარა. რავენაში ჩაკეტილი ჰონორიუსი იმპერიის პატივისა და ღირსების დაცვაზე კი არა, თავის გადარჩენაზე ფიქრობდა. ატალამ მალე დაიტეხა თავს თავისი მფარველის რისხვა და ალარიხიც მესამედ მოადგა რომს, რომელსაც წინააღმდეგობის გაწევა არც კი უცდია და ბარბაროსთა ბელადიც, როგორც გამარჯვებული, ქალაქში შევიდა. ეს 410 წელს მოხდა.
ალარიხი ქრისტიანობას აღიარებდა, თუმცა არიოზული ცდომილებით დამახინჯებულს. მან მეომრებს უბრძანა, არც ეკლესიებისთვის და არც მათთვის, ვინც ტაძრებს შეაფარებდა თავს, ხელი არ ეხლოთ.
ბარბაროსებმა, რომელთაც 40 000 გათავისუფლებული მონაც შეუერთდა, ქალაქი უმოწყალოდ გაძარცვეს. გუთებმა მრავალი რომაელი წაიყვანეს ტყვედ, მრავალი ამოხოცეს, მაგრამ არც ეკლესიებისა და არც მათი ქონებისთვის ხელი არ უხლიათ. მოგვითხრობენ, რომ ერთხელ მეომრებმა ნადავლის ძებნისას დიაკონისას სახლში ოქროს მდიდრული ჭურჭელი იპოვეს, მაგრამ როცა შეიტყვეს, რომ ის ეკლესიას ეკუთვნოდა, ალარიხს შეატყობინეს და მისი ბრძანებით ჭურჭელი ფსალმუნების გალობით საზეიმოდ გადაასვენეს ტაძარში.
რომში დატრიალებულ უბედურებას ენა ვერ აღწერდა. მრავალმა მდიდარმა რომაელმა არა მხოლოდ ქონება და სიმდიდრე, არამედ თავისუფლებაც დაკარგა. ბარბაროსებმა ისინი მონებად გაყიდეს. სხვები, გაღატაკებულნი, უცხო ქვეყნებში დაეხეტებოდნენ. რომაელები, რომელთაც იმპერიის პროვინციებში - აფრიკაში, ესპანეთსა და კამპანიაში ჰქონდათ მამულები, იქით მიიჩქაროდნენ.
ლტოლვილების მეშვეობით მალე ეგვიპტეში, პალესტინასა და მცირე აზიაშიც კი შეიტყვეს მარადიული ქალაქის დამხობის ამბავი. ამ ცნობამ ქვეყნიერება შეძრა. ბეთლემში, თავის ღარიბულ სენაკში ჩაკეტილი იერონიმე წერდა: "მზისქვეშეთში არაფერია ისეთი, რაც შეიძლება მარადიულად მოგვეჩვენოს. ყოველივე, რაც იბადება, უნდა მოკვდეს და რაც იზრდება, დაბერდეს და ყოველი საქმე, ადამიანის ხელით ქმნული, დრომ უნდა დაამხოს. ვინ იფიქრებდა, რომ თვით რომი, გამდიდრებული მსოფლიო ნადავლით, ოდესმე დაეცემოდა და დედა ხალხებისა მათ აკლდამად გადაიქცეოდა; რომ აფრიკისა და აღმოსავლეთის სანაპიროებს სამყაროს დედაქალაქის ნანგრევებიდან თავდაღწეული ლტოლვილები აავსებდნენ და რომ მთელ დედამიწაზე უმდიდრესი ხალხი თვით ბეთლემის ღატაკ თავშესაფარსაც კი შეაფარებდა თავს! ამაოება ამაოებათა და ყოველივე ამაო".
დაცემა ქალაქისა, რომელიც მარადიულად მიაჩნდათ და რომლის დიდებაც მსოფლიოს სწვდებოდა, განსაცვიფრებელი დასტური იყო ამქვეყნიური დიდების წარმავლობისა. ამ მოვლენამ ქრისტიანები მარადიულსა და წარუვალ ფასეულობებზე კიდევ უფრო ღრმად ჩააფიქრა.
მოამზადა
ლევან დავითაშვილმა
ლევან დავითაშვილმა