პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი
თავი მეშვიდე
რუსული მართლმადიდებლობა
4. კიევი - მოსკოვის სამეფო - სინოდალური პერიოდი
თავი მეშვიდე
რუსული მართლმადიდებლობა
4. კიევი - მოსკოვის სამეფო - სინოდალური პერიოდი
"მე-15 საუკუნის შუა წლებში რუსული მიწები ორი დიდი სახელმწიფოებრივი ჯგუფისაგან შედგებოდა. აღმოსავლეთში ამ მიწებს მართავდნენ მოსკოველი თვითმპყრობელები, ხოლო დასავლეთი ლიტველ-პოლონელ ხელისუფალთა მიერ იმართებოდა. რუსული ეკლესიაც ორ - მოსკოვისა და კიევის მიტროპოლიებად იყო გაყოფილი. მოსკოვის მიტროპოლია სახელმწიფო მფარველობის ქვეშ იყო და ამიტომ საკუთარ სივრცეში წარმატებით ვითარდებდა, სრულყოფდა თავის გარეგნულ იერსახეს და სახელმწიფოსთან ერთად, რომელსაც უკვე აღარც გარე და აღარც შიდა მტრობა აღარ აწუხებდა, დასავლური ცივილიზაციის ნაყოფის შესწავლისა და შეთვისებისათვის იყო მომართული. ამ თვალსაზრისით წარმატება იმითაც იყო განპირობებული, რომ რუსულ კულტურაში საგანმანათლებლო მოძრაობის ბრწყინვალე პოტენციალი აღმოჩნდა. მე-16 საუკუნის მიწურულს მიტროპოლიამ დამოუკიდებელი საპატრიარქოს დონეს მიაღწია". მე-19 საუკუნის ბოლოს ასეთი სახით აღიწერა "წარმატებული" წარსული. ყველაზე უცნაური ის არის, რომ ამ მასალის შესავალს მომდევნო ინფორმაცია მკვეთრად უპირისპირდება, და ყველაზე თვალშისაცემი ის არის, რომ "გარეგნული ღვთისმოსაობის უკან უხეში აზიატური ზნეობა იმალება". სინამდვილეში რუსული ეკლესიის "მოსკოვური პერიოდი" ღრმა სულიერი რყევებით გამოირჩევა და შორსაა იმ "ბუნებრიობისგან", რომელსაც მასში ასე მონდომებით ეძებენ.
მოსკოვური პოლიტიკის ზეიმები, დროის თვალსაზრისით, იმ პირველ დიდ კრიზისს ემთხვევა და სწორეთ იმ კრიზისულობით ხასიათდება, რომელიც რუსული ეკლესიის ცნობიერებაში ამ დროს განხორციელდა. ეს იყო ფლორენციული უნიის გამო გაჩენილი ცდუნება და კატასტროფა, რომელიც 1453 წელს კონსტანტინოპოლის დაცემამ მოიტანა. ორივე მოვლენა რუსულმა თვითშეგნებამ აპოკალიფსური მოვლენების მომასწავებელ სასწაულებრივ ნიშნებად და მართლმადიდებლობის ისტორიაში საშინელ ჩავარდნად მიიჩნია. მასწავლებლები და დამრიგებლები მართმადიდებლობის მოღალატეები აღმოჩნდნენ და ამიტომ ჩავარდნენ "აგარიანელთა ტყვეობაში". ისტორიოსოფიური კვლევისადმი მიდრეკილ აზროვნებას არ შეიძლებოდა ამ მოვლენებიდან თავიდანვე შესაბამისი ახალი დასკვნები არ გაეკეთებინა. თუმცაღა ისიც უნდა ითქვას, რომ ეს დასკვნები წინასწარ იყო შემზადებული. მოსკოვსა და კონსტანტინოპოლს შორის დავები ჯერ კიდევ მე-14 საუკუნეში დაიწყო და რუსეთმა ბიზანტიური ერთიანი ქრისტიანული სამეფოს თეორიაზე უარის თქმა იმთავითვე დაიწყო. ეს ის თეორია იყო, რომელიც ბერძენმა მიტროპოლიტებმა რუსეთის გაქრისტიანების პირველივე წლებში შემოიტანეს და რომელიც, თავის დროზე, რუსეთმა პრაქტიკულად უპირობოდ მიიღო. ეს თეორია სათუოდ ისევ ბერძნების "რუსული მიტროპოლიის მიმართ გამოჩენილმა მაცდუნებელმა, უკანონო, მომსყიდველმა მოქმედებებმა აქცია. ეს იყო მიტროპოლიტ წმინდა ალექსის ნაცვლად კვიპრიანეს კურთხევა და მით უმეტეს მისი გარდაცვალების შემდეგ იღუმენ პიმენის, რომელმაც რუსულ ეკლესიაში ათწლიანი არეულობა შეიტანა, თვითნებურად დანიშნვა" (ა. კარტაშოვი). დასუსტებული და თავისი სისუსტის გამო გარყვნილობამდე მისული ბიზანტიისადმი სულიერი მორჩილება სულ უფრო მეტად გაუმართლებელი და დამამძიმებელი ხდებოდა. მიუხედავად ამისა, მე-15 საუკუნემდე მოსკოვის დიდ თავადს ბიზანტიური თეოკრატიის გაკვეთილების მოსმენა უხდებოდა, რის ნიმუშსაც ჩვენ ვხედავთ კონსტანტინოპოლის პატრიარქის ანტონის მიერ დიდი თავადის ვასილი დიმიტრის ძისადმი გაგზავნილ წერილში.
"წმინდა მეფეს ეკლესიაში მაღალი ადგილი უჭირავს; მეფე არ გახლავთ რომელიმე ადგილობრივი თავადი ან ხელისუფალი. დასაწყისში მეფეებმა მთელ ქვეყანაზე დაამკვიდრეს და განამტკიცეს ღვთისმოსაობა; მსოფლიო კრებებს მეფეები იწვევდნენ; თავიანთი კანონებით ისინი იცავდნენ იმას, რაც ქრისტიანული ცხოვრების კეთილმოწყობისათვის და ერესების საწინააღმდეგოდ წმინდა კანონებისა და დოგმატების სახით იქმნებოდა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ, ღვთის დაშვებით, მეფე და მისი სამეფო წარმართების გარემოცვაში აღმოჩნდება, დღევანდელ დღემდე მეფის ხელდასხმა - დიდი მირონის ცხება იმავე წესით, იმავე ლოცვით ხორციელდება. ქრისტიანი მეფე რომაელთა და ყოველთა ქრისტიანთა მეფედ იკურთხება. ყველგან, სადაც ქრისტიანები არიან, ყველა პატრიარქის, მიტროპოლიტისა და ეპისკოპოსის მიერ მეფის სახელი იხსენიება და ასეთი უპირატესობა არცერთ თავადს და არცერთ დიდებულს არ ენიჭება... შეუძლებელია ჰქონდეთ ეკლესია ქრისტიანებს და არ ჰყავდეთ მეფე. სამეფო და ეკლესია ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია და მათი არსებობა თანაარსებობის გარეშე არ შეიძლება".
ისტორიიდან ჩვენთვის უკვე ცნობილია, როგორი გამოხმაურება პოვა ამ თეორიამ სამხრეთსლავურ "იმპერიებში", თეოკრატიული ოცნებით ეს ხალხი უბრალოდ მოიხიბლა. კანონმორჩილი რუსეთი ამ დებულებებს უპირობოდ ემორჩილებოდა, თუმცა დროდადრო ცდილობდა თავის ეკლესიურ დამოუკიდებლობაზე კონსტანტინოპოლის ზეგავლენა შეესუსტებინა. ამასთან, თუ გავითვალისწინებთ იმ მძიმე სინამდვილეს, რომ მონღოლური უღელი, საყოველთაო რღვევა და ნგრევა მე-14 საუკუნის რუსეთში საერთოდ აძლიერებდა ესქატოლოგიურ განწყობილებას, იწვევდა სამყაროს საერთო აღსასრულის მოლოდინს, გასაგები გახდება, წმინდა სტეფანე პერმელის მიერ ზირიანულ, ანუ კომი-ზირიანული ენაზე თარგმანების გამო მოსკოვში ასე რატომ ლაპარაკობდნენ: "უწინ პერმში წერა-კითხვას არ ფლობდნენ და რა აზრი აქვს ახლა, შვიდიათასწლეულის მიწურულს ამ წიგნების თარგმნას, როდესაც ქვეყნის აღსასრულამდე მხოლოდ 120 წელია დარჩენილი". შესაბამისად, იმპერიის დაცემა და ბერძნების ღალატი მთელ ამ მოვლენებში მოსკოვის ადგილს ახალ მნიშვნელობას ანიჭებდა. ბიზანტია ამ დრომდე "მართლმადიდებლურობის საზომი" იყო: რუსებს მშვიდად შეეძლოთ ეშენებინათ ეკლესიები და მონასტრები, ელოცათ, განევითარებინათ საკუთარი სახელმწიფო: ყველაფერი ამის უკან ყოველთვის ბიზანტიური მსოფლიო მართლმადიდებლობა და მისი უდავო ავტორიტეტი იდგა. მაგრამ ახლა უკვე აღარ არის ეს საზომი და აღარ მოქმედებს ავტორიტეტი: "ახლა უკვე მსოფლიოსა და სამოციქულო ეკლესიის შუაგულში, კონსტანტინეს ქალაქში, სისაძაგლე და სიწმინდის უპოვარობაა დამკვიდრებული". და აი, ამ ფონზე უდავო ხდება, რომ წმინდა მისიამ კონსტანტინოპოლიდან მოსკოვში უნდა გადაინაცვლოს, აღმოსავლეთის თეოკრატიულმა ოცნებამ თავისი ახალი ხორცშესხმის შესაძლებლობა დაინახა. სუზდალელი ბერმონაზონი სვიმონი, რომელიც ბერძნების ფლორენციული დაცემის თვითმხილველი იყო, წერდა: "დიადი მართლმადიდებლური ქრისტიანობა ყველაზე ნათლად რუსეთშია ვლინდება" და მოსკოვის თავადს "მართლმორწმუნე, ქრისტესმოყვარე და ღვთისმოსავ ნამდვილ მართლმადიდებელ დიდ თავადად და სრულიად რუსეთის თეთრ ხელმწიფედ" იხსენიებს. უნდა ვაღიაროთ, რომ ამის შესახებ კარგად წერს პროფესორი ა. კარტაშოვი: რუსული თეოკრატიის ამ დაბადებით "ეკლესიური სინდისიერების ხანგრძლივი ტანჯვისა და ბრძოლის გზა დაიწყო. ადვილი არ იყო ბერძნების ისტორიული ავტორიტეტის გადახაზვა. უსაზღვროდ მძიმე იყო დედაეკლესიის ავტორიტეტის კანონიკურობის გადალახვა... მიტროპოლიტ იონას (1448) დამოუკიდებლად ხელდასხმის პროცესში რუსული კანონიკური სინდისის სკრუპულოზური ქენჯნა, რაც ავტოკეფალიის პროცესის დაწყების ტოლფასი იყო, წარმოადგენს რუსული კანონიკური კეთილსინდისიერების ჩინებულ მტკიცებულებას. ასეთივე კეთილსინდისიერებით გამოირჩეოდა თავად ვასილი ვასილის ძის თავგამოდებული ბრძოლა მის წინაშე მოულოდნელად გაჩენილი პრობლემის მოსაგვარებლად: ის მართლმადიდებლობის სადარაჯოზე უნდა მდგარიყო, რადგან რწმენა თავად წმინდა ქალაქში - კონსტანტინოპოლში მოირყა და ამ რწმენას თითქოს ყველგან გაქრობა ემუქრებოდა"... რუსული რელიგიური "მესიანიზმი" მართლაც ესქატოლოგიური დაძაბულობის პროცესში, არეულობასა და საგანგაშო მდგომარეობაში იბადებოდა. მაგრამ ეს სირთულეები მიმდინარე პროცესებით მაინც გამართლებული იყო. 1453 წელს დაეცა კონსტანტინოპოლი. 1472 წელს იოანე III ბიზანტიის უკანასკნელი იმპერატორის ბიძაშვილზე დაქორწინდა და იმპერიის ორთავიანი არწივი მოსკოვზე კანონიერად გაბრწყინდა. 1480 წელს საბოლოოდ დასრულდა თათართა ურდოსაგან მოსკოვის განთავისუფლება. დადგა დრო, როდესაც ბიზანტიელი ისტორიკოსების სქემა მოძრავი სამეფოს შესახებ კიდევ ერთხელ უნდა დადასტურებულიყო. როდესაც ძველი რომის მართლმადიდებლობა შეირყა, სამეფომ ახალ რომში გადაინაცვლა. იქნებ დადგა დრო, დედაქალაქი მოსკოვში გადასულიყო? ასე გაჩნდა ახალი მოსკოვის - მესამე რომის თეორია, რომლის მთავარი "იდეოლოგიც" ფსკოვის ელიაზარის მონასტრის სწავლული ბერი ფილოთეოსი იყო. მის მიერ ვასილი III-ისა და იოანე IV-ისადმი გაგზავნილ წერილებში ვკითხულობთ, რომ მართლმადიდებელი ეკლესია, როგორც აპოკალიფსური ქალი, ჯერ ძველი რომიდან ახალში გაიქცა - "მაგრამ მერვე კრებაზე ლათინებთან ერთობის გამო ვერც იქა პოვა სიმშვიდე. შემდეგ კი ხელყოფილი და დანგრეული იქმნა კონსტანტინოპოლის ეკლესია..." ამიტომ სამეფომ "მესამე რომში, დიდ რუსეთში გადაინაცვლა... მთელმა ქრისტიანულმა სამყარომ ერთში - შენში მოიყარა თავი, ანუ: ორი რომი დაინგრა, ხოლო მესამე დგას, მეოთხე კი აღარ იქნება; ეს ქრისტიანული სამეფო სხვას აღარ დარჩება... შენ ხარ ერთადერთი მეფე მთელ ქრისტიანულ სამყაროში".
სინამდვილეში ჩვენ აქაც რუსული ეკლესიის ნამდვილი ტრაგედიის მოწმენი ვხდებით - თეოკრატიული ოცნების ეს ზეიმი, ნაციონალურ-რელიგიური ცნობიერების ეს აღმაფრენა სინამდვილეში რუსული თვითმპყრობელობის გამარჯვებად გადაიქცა და მასში არა მხოლოდ ბიზანტიური, არამედ აზიური, თათრული ნიშნებიც შკარად გამოჩანდა.