"მსურს, საჩუქარი მოგიძღვნათ - ჩემი გამოცდილება უნდა გაგიზიაროთ"
ძნელია უფლის ცხოვართა მწყემსობა, მით უმეტეს, ეკლესიის დევნის ჟამს. ასეთ დროს ღვთისმსახურება ჭეშმარიტად მოწამეობის ტოლფასია. სწორედ ასეთი იყო ქართველთა პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ეფრემ მეორე, სიმბოლო საქართველოს ჯვარცმული ეკლესიისა.
კიდევ ერთხელ გავადევნოთ თვალი მის ცხოვრებას ბოლო ჟამის ქართველებმა და მაგალითად დავისახოთ იგი.კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ მეორე, ერისკაცობაში - გრიგოლ სიდამონიძე, 1896 წლის 1 ოქტომბერს გორის მაზრის სოფელ დოესში, მედავითნის ოჯახში დაიბადა. ღრმად მორწმუნე მშობლები გრიგოლსაც უფლის შიშითა და სიყვარულით ზრდიდნენ. ბიჭი ჯერ სულ პატარა ყოფილა, მაგრამ ისე მოსურვებია ბერობა, გაპარულა და ქვაბთახევის მონასტერს მისდგომია, მორჩილად მიმიღეთო. წინამძღვარი გონიერი კაცი ყოფილა. უფიქრია, უარი რომ ვუთხრა და უკან გავაბრუნო, სადმე უბედურებას არ გადაეყაროსო, მონასტერში დაუტოვებია ბიჭუნა და მორჩილის კაბაც ჩაუცმევია. ცხადია, ვინაობაც გამოუკითხავს... მალე მონასტერში გრიგოლის მამა მისულა, ჯერ წინამძღვრისგან აუღია კურთხევა, შემდეგ სათითაოდ მისალმებია ბერებს, ბოლოს კი გრიგოლს მიახლებია, მომუჭული ხელები გაუწვდია წყალობის მისაღებად და უთხოვია: "მაკურთხეო, პატარა მამაო!" მიეფერა თურმე შვილს, დაუყვავა. წინამძღვარმაც დაარიგა ბიჭი, ადრეა შენი ბერობა, ჯერ ბევრი უნდა ისწავლო, რათა სამშობლოს მეტი სიკეთე მოუტანოო, და პატარა გრიგოლი შინ დააბრუნეს.
აასრულა მოძღვრის კურთხევა - ჯერ გორის სასულიერო სასწავლებელი დაამთავრა, შემდეგ - თბილისის სასულიერო სემინარია, 1919 წელს კი თბილისის უნივერსიტეტში, სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა.
რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიამ შეძრა გრიგოლი და საბოლოოდ გადააწყვეტინა ბერად შედგომა. პატრიარქს, უწმინდეს ამბროსი ხელაიას, სათნო-ეყო ახალგაზრდა კაცის სურვილი. მისი კურთხევით სვეტიცხოვლის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა პავლე ჯაფარიძემ, 1922 წლის 17 იანვარს გრიგოლი მონაზვნად აღკვეცა და ეფრემი უწოდა, იმავე წლის 18 მარტს კი ახალგაზრდა ბერს მღვდელმონაზვნად დაასხეს ხელი.
მამა ეფრემი შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრის მოადგილედ განაწესეს. მძიმე დრო იდგა, ათასი ავაზაკი ესხმოდა თავს შიომღვიმეს, მაგრამ მამა ეფრემს მათზე ძლიერი იარაღი ჰქონდა - ფსალმუნნი და ლოცვა. "იცი, რას ნიშნავს მონასტრის კარის გაღება და დაკეტვა?" - ჰკითხა ერთხელ მამა პართენ აფციაურს (მამა პართენი იმხანად შიომღვიმეში ცხოვრობდა) და თავადვე უპასუხა: "დაძინებამდე წარმოთქვი იესოს ლოცვა, შემდგომ კი - რომელიმე ფსალმუნი. ამით დაუხშობ ეშმაკს შენი გულის კარს. დილით კი, გაღვიძებისას, ისევ იესოს ლოცვა თქვი და რომელიმე ფსალმუნი იგალობე... ქრისტეს სახელით დაიწყე დღე - გახსენი მონასტრის კარიო".
1925 წელს მამა ეფრემი არქიმანდრიტის ხარისხში აღიყვანეს, დიდი გომარეთის მრევლის მღვდლობა და ბორჩალოს მაზრის მთავარხუცობა ჩააბარეს, 1927 წელს კი საქართველოს ეკლესიის დროებითმა მმართველმა, მიტროპოლიტმა ქრისტეფორემ, ეპისკოპოსად აკურთხა. "ვძრწი, ოდეს მოვიხსენებ მღვდელმთავრობასა ჩემსა, - თქვა თურმე ეპისკოპოსად კურთხევისას, - დაე, მღვდელმთავრობა ჩემი ჩემს უღირსებასა და უძლურებას მახსენებდეს მარადის... დაე, მღვდელმთავრობა ჩემი მარად მოჰგვრიდეს თვალთა ჩემთა სინანულისა ცრემლსო". 1933 წლამდე იყო მანგლელიც, ნინოწმინდელიც, ერთხანს ურბნისის ეპარქიასაც განაგებდა.
საშინელი დრო იდგა. გაუსაძლისი პირობები იყო პროვინციებში. გაუძნელდა ჯვრის ტვირთვა ახალგაზრდა ეპისკოპოსსაც, ამიტომაც პატრიარქმა კალისტრატემ 1933 წელს, მისივე თხოვნით, ეპარქიის მღვდელმთავრობიდან გაათავისუფლა იგი, მაგრამ ნება მისცა, შაბათ-კვირის გარდა, სიონის ტაძარში ეწირა.
მრავალი სიავე შეემთხვა მეუფე ეფრემს ეშმაკის მიერ აღძრულ კაცთაგან. უკვე პატრიარქი, ერთ ასეთ ამბავსაც იხსენებდა: იმ წლებში, როცა წმინდა ბარბარეს ტაძარში მოღვაწეობდა (ეპისკოპოსობისას ხშირად უხდებოდა თბილისის ტაძრებში მსახურება), ტაძრის ახლოს ორი ოთახი ჰქონდა ნაქირავები. ერთში თვითონ ცხოვრობდა, მეორეში კი - მორჩილი. ღამღამობით კარს საგულდაგულოდ კეტავდნენ. ერთ საღამოს, დასაძინებლად რომ დაწვა, კარმა გაიჭრიალა და მის ოთახში თხის ფეხთა ბაკუნით ვიღაც შევიდა. მიუახლოვდა, გაშლილი ხელი სახეზე დაადო და "განუდექ ქრისტესო", - უბრძანა. ეფრემმა გაშლილ თითებს შორის გაიხედა და კაცის მსგავსი საშინელება იხილა. სძლია შიშს და ელვის სისწრაფით უპასუხა: "შორს ჩემგან, სატანავ, ღმერთსა ჩემსა თაყვანი ვსცე და მას მხოლოსა ვმსახურო!" ბოროტმა ამოიგმინა და ფეხების ბაკუნითვე განშორდა. მეუფე წამოდგა. ოთახის კარი ღია დახვდა... მიხვდა, რომ ეშმაკი იყო მისი ღამის სტუმარი.
მისი ქრისტესგან განყენება კომუნისტებმაც სცადეს. 1937 წელს იგი ანტისაბჭოთა საქმიანობის ბრალდებით დააპატიმრეს და ციმბირში გადაასახლეს... ექვსი წელი ტაიგაში უმძიმეს სამუშაოს ასრულებდა. ერთხელ ბარაკში დაბრუნებულს ყველა საწოლი დაკავებული დახვედრია და იატაკზე მიწოლილა. ეს ერთ თათარს დაუნახავს და საწოლი დაუთმია. იწექი შენც, - უთქვამს მეუფე ეფრემს, - ადგილი ორივეს გვეყოფაო. მაგრამ თათარმა იუარა თურმე - ღირსი არა ვარ, ღვთის კაცის გვერდით ვიწვეო.
1944 წლის 21 ივნისს გაათავისუფლეს. საცხოვრებლად ციმბირი მიუჩინეს. უთხრეს: საქართველოში, თუ გაგიწვიეს, მხოლოდ მაშინ შეგიძლია წასვლაო. შეატყობინა უწმინდესს და მანაც გამოითხოვა ციმბირიდან ეპისკოპოსი ეფრემი.
გზად, პატიმრის სამოსით, ნოვოსიბირსკის საკათედრო ტაძარში შესულა. იმხანად იქ ყოფილა ეპისკოპოსი ბართლომე (გოროდცოვი). მიახლებია ეფრემი კურთხევის ასაღებად. მეუფეს ხელი გამოურთმევია მისთვის, ყურადღებით შეუხედავს და უთქვამს, მე მღვდელმთავრებს არ ვაკურთხებო... შემდეგ უკითხავს, საით მიდიოდა. როცა შეუტყვია, რომ საქართველოსკენ ედო გზა, გახარებია - თვითონაც მრავალი წელი ემსახურა ჩვენს ქვეყანაში მღვდლად.
მეუფე ბართლომემ თავისთან წაიყვანა ეფრემი, ექიმები მოიწვია, გაასინჯა... უთხრეს, მყარი საკვები კარგა ხანს არ უნდა მიიღოსო - შიმშილს კუჭის კედლები ისე გაეთხელებინა მისთვის, პურის ლუკმასაც კი შეიძლებოდა მოეკლა...
მეუფე ბართლომემ რამდენიმე კვირა ისტუმრა ეფრემი, სანამ ექიმებმა ნება არ მისცეს, არასდიდებით არ გამოუშვა თბილისში.
თბილისში რომ ჩამოვიდა, პირდაპირ წმინდა ბარბარეს ტაძარს მიადგა, ჩამოჯდა კიბეზე და ატირდა. ხმაზე ტაძრიდან მღვდელი გამოვიდა, დაინახა ეპისკოპოსი და თავადაც აქვითინდა. ვერც მრევლმა შეიკავა ცრემლი ავადმყოფი და დაქანცული ეპისკოპოსის დანახვაზე...
უწინარეს ყოვლისა ორი აღთქმა შეასრულა მღვდელმთავარმა - უთქვამს, ღმერთო, ოღონდ შინ მშვიდობით დამაბრუნე და მცხეთიდან შიომღვიმემდე და სიონიდან წმინდა ბარბარეს ტაძრამდე ფეხშიშველი ავალო...
1944 წლის 24 ოქტომბერს პატრიარქ კალისტრატეს ბრძანებით ეფრემი ქუთათელ-გაენათელ ეპისკოპოსად დაინიშნა. 1945 წლის 12 ივლისს მიტროპოლიტობა უბოძეს. დროებით მართავდა არგვეთის, ნიკორწმინდისა და ჭყონდიდის ეპარქიებსაც. მეორე მსოფლიო ომი ჯერ დამთავრებული არ იყო, როცა ქუთაისში დაიწყო მოღვაწეობა.
ომმა და გაჭირვებამ ხალხი ეკლესიისკენ მიაბრუნა. ყველას მოსწონდა ახალი მღვდელმთავარი. გარეგნობაც დარბაისლური, შთამბეჭდავი ჰქონია. წელგამართული დადიოდა, ოდნავ რწევით. ცალი ხელით მკერდზე წიგნი ჰქონია მუდამ მიკრული, მეორეში კი მღვდელმთავრის კვერთხი სჭერია. მის გაცნობას ქალაქში ბევრი ესწრაფოდა, თანამდებობის პირებიც კი. მასთან საუბარს არაფერი სჯობდა. მისი ქადაგებები, მის მიერ აღვლენილი წირვები იზიდავდა ახალგაზრდებს.
ერთხელ, დიდ ხუთშაბათს, მღვდლების ფეხთა ბანისას, ერთი მღვდელი, რომელიც პეტრე მოციქულს განასახიერებდა, ატირებულა, არა ვარ ასეთი პატივის ღირსიო, უთქვამს. მოჰფერებია მიტროპოლიტი, დაუყვავებია: პეტრე, კაცო, ეს რა გულჩვილი ყოფილხარო...
1953 წლის 29 ოქტომბერს, ახლა უკვე კათოლიკოს მელქისედეკ III-ის ბრძანებით, ეფრემი ბათუმ-შემოქმედის მღვდელმთავრად გადაიყვანეს. დროებით მართავდა ჭყონდიდის ეპარქიასაც. ბათუმში შეხვედრია სტუმრად ჩამოსულ მსოფლიო პატრიარქს ალექსანდრე III-ს და მასთან საქართველოს ეკლესიის ისტორიული ავტოკეფალიის ცნობის შესახებ უსაუბრია.
1958 წელს პატრიარქს თანამოსაყდრედ ქუთათელი ეპისკოპოსის ნაომის (შავიანიძის) არჩევა სურდა, მაგრამ მეუფეს უარი უთქვამს - ეს ადგილი ეფრემს ეკუთვნის და თუ მაინც დამაკისრებ მოსაყდრეობას, უყოყმანოდ მას გადავცემო. ამის შემდეგ მელქისედეკმა მოსაყდრედ ურბნელი მიტროპოლიტი დავითი აირჩია.
პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ, 1960 წლის 11 იანვარს, შეიკრიბა ეკლესიის სინოდი, სადაც მიტროპოლიტმა დავითმა საკუთარი ნებით თქვა უარი მოსაყდრეობაზე და ის მიტროპოლიტ ეფრემს დაუთმო. 1960 წლის 21 თებერვალს ეფრემი საქართველოს ეკლესიის საპატრიარქო ტახტზე ავიდა.
ეს ის დრო გახლდათ, ხრუშჩოვი ხალხს რომ ჰპირდებოდა, უკანასკნელ მღვდელს ტელევიზორში გაჩვენებთო. ხელახლა დაიწყო ეკლესია-მონასტრების დახურვა, სამღვდელოების დევნა. საქართველოს სამოციქულო ეკლესიასაც მძიმე დღე დაადგა, მაგრამ პატრიარქმა მოახერხა და მცხეთაში გახსნა სამოძღვრებო კურსები, რომლებიც სულ მალე სასულიერო სემინარიად გადაკეთდა. მას თავიდანვე ეპისკოპოსი ილია (შიოლაშვილი) ხელმძღვანელობდა.
ძალზე განიცადა პატრიარქმა წმინდა იოანე მხეიძის გარდაცვალება (1962 წ.). ის ყველა ჩვენგანის მამა იყოო, - უთქვამს მრევლისთვის. წმინდა იოანეს დაკრძალვისას, როცა ღირსი მამის ნეშტს წმინდა იოანე მაისურაძის გვერდით უშვებდნენ სამარეში, პატრიარქს ამოუკვნესია: "გაიწიეთ, მამებო, რომ მეც თქვენს გვერდით ჩავწვეო".
სხვათა შორის, სწორედ პატრიარქის შუამდგომლობამ გადაარჩინა ბერი გაბრიელი (ურგებაძე) დახვრეტას, როცა მან პირველ მაისს მთავრობის სახლის წინ ლენინის სურათი დაწვა. ასევე თავგამოდებით იცავდა სამღვდელოებას. ერთხელ ტყუილუბრალოდ დაიჭირეს მისი დიაკვანი. მივიდა თურმე პატრიარქი მილიციაში და, განრისხებული, უფროსს დაემუქრა: გაათავისუფლე ახლავე, თორემ მე დალოცვაც შემიძლია და დაწყევლაცო.
იმ ავადსახსენებელ დროს, სემინარიის გახსნის გარდა, პატრიარქმა მოახერხა, ყოველწლიურად გამოეცა საეკლესიო კალენდრები, წმინდა გიორგი მთაწმინდელისეული თარგმანი ახალი აღთქმისა, დაებეჭდა ქართველ წმინდანთა ხატები და სურათები; დაიყოლია ხელისუფლება და დავით და კონსტანტინეს წმინდა ნაწილები მუზეუმიდან ეკლესიაში გადააბრძანეს.
ერთხელ პატრიარქი რელიგიის საქმეთა რწმუნებულმა დაიბარა და მოსთხოვა, ეკუმენურ მოძრაობას შეერთებოდა... ერთ-ერთ ეკუმენურ შეკრებაზე სიტყვის წარმოთქმა უთხოვიათ. პატრიარქი წამომდგარა და ერთ-ერთი დამსწრისთვის მიუმართავს: "შენ, ამერიკელს, გინდა ომი?" არაო, უპასუხია ამერიკელს. "არც მე", - უთქვამს პატრიარქს და ტრიბუნიდან ჩამოსულა. მისმა მცირე სიტყვამ მხურვალე აპლოდისმენტები გამოიწვია.
პარიზში პატრიარქი ქართულ ემიგრაციას შეხვდა. "1961 წელია, - იგონებდა შემდეგ უწმინდესი, - პარიზში ვიმყოფები და ვხედავ ქართველებს. როგორც დაკარგულ და ხელახლა ნაპოვნ შვილებს, ისე შევხვდი, ცრემლი ვერ დავმალე. თვითონაც გრძნობიერად მიპასუხეს. ზოგმა მუხლიც კი დაიდგინა (დაიჩოქა - ავტ.) და ისე შემომეხვია". 1972 წელს, გაზეთ "სამშობლოსთვის" საახალწლოდ მიცემულ ინტერვიუში, ქართველ ემიგრანტებს მიმართავდა: "ღრმად მწამს, რომ სამშობლოსა და მისი სიყვარულის გარეშე ბედნიერი ცხოვრება არ არსებობს. მის გარეშე მყოფთ რა მოგილოცოთ? თვალცრემლიანი ამასღა გეტყვით - დაე, სახატედ იყვეს თქვენი გული და ხატად - სამშობლო, საქართველო". ემიგრანტებიც მოწიწებით ჭვრეტდნენ მის მოწამებრივ გვირგვინს. გრიგოლ რობაქიძე სთხოვდა, ჩემს გარდაცვალებას რომ გაიგებ, პანაშვიდი გადამიხადეო, მიხაკო წერეთელი კი სწერდა: "თქვენო უწმინდესობავ, თქვენ თავი ბრძანდებით იმ ეკლესიისა, რომელსაც ქრისტიანობით, კეთილშობილებითა და მხნე მამაცობით ვერც ერთი ეკლესია საქრისტიანო სამყაროსი ვერ შეედრება. და თუ მოწამის გვირგვინი გადგიათ თავს, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა ჩვენი წმიდა ეკლესიის ისტორიაში. ბრწყინავდეს ეს გვირგვინი და დიდება მოთმინებასა თქვენსა, წმიდაო წინამძღვარო ქართული ქრისტიანობისაო!"
საქართველოშიც, სიმდაბლისა და ლმობიერების გამო, გამორჩევით უყვარდა მრევლს.
სიონის ეზოში გამოსვლა და ჩამოჯდომა ჰყვარებია. ვინც კი სიტყვას შეჰბედავდა, ყველას ესაუბრებოდა. ერთხელ ბერის უბრალო კაბით შემოსილი ტაძრის ეზოში ისვენებდა. ვიღაც მლოცველს გლახაკი ჰგონებია და ხელში ფული ჩაუდვია. ღმერთმა დაგლოცოსო, შვილო, - უთქვამს უწმინდესს.
ტაძრის ამბიონიდანაც და სიონის გარეთაც ქართველებს ღვთისა და მოყვასის სიყვარულს უქადაგებდა. "მარად მღვიძარენი ვიყვნეთ, - ამბობდა, - შრომისა და ღვაწლის შარავანდედით შევმოსოთ საყვარელი სამშობლო, ჩვენი შრომა და სიცოცხლე ერთად დავამთავროთ და ესე ყოველივე, ვითარცა საღმრთო ზვარაკი, მივიტანოთ საკურთხეველზე მსხვერპლად, სადიდებლად ღმრთისა და ჩვენთვის, ჩვენივე ბედნიერი ცხოვრებისთვის. მუდამ გვახსოვდეს: დრო ღვთისგან ბოძებული სიმდიდრეა, ტალანტი, რომლის საფასით უნდა შევიძინოთ ყოველივე კეთილი საამდროო და საიმდროო ბედნიერი ცხოვრებისათვის, მხოლოდ და მხოლოდ ღვთის სადიდებლად და მოყვასის სასარგებლოდ გაწეულ შრომაშია ბედნიერება... ჩვენი სამრეკლოდან უნდა მოისმოდეს ერთადერთი ხმა: "გვიყვარდეს ერთმანეთი, ურთიერთს მივყუდოთ ზურგი და ვემსახუროთ მამულის კეთილდღეობას, მის დღეგრძელობას".
ღვთისა და მოყვასის სიყვარულში ჩაიფერფლა პატრიარქ ეფრემის ცხოვრება. სიკვდილის მოახლოება რომ იგრძნო, ყველას მოუხსნა ეპიტიმია, ყველას მიუტევა და ყველასგან აიღო შენდობა. ასე ჩააბარა სული უფალს 1972 წლის 7 აპრილს (ახ. სტილით), ვნების კვირეულის მიწურულს, წითელ პარასკევს, რომელიც იმ წელიწადს ხარების ბრწყინვალე დღესასწაულს დაემთხვა. მაშინ გაახსენდა ზოგიერთს უწმინდესის რამდენიმე წლის წინანდელი ნაქადაგევი ხარების დღესასწაულზე: "მსურს, საჩუქარი მოგიძღვნათ - ჩემი გამოცდილება უნდა გაგიზიაროთ. როცა გული დამძიმებული მაქვს, მივდივარ ხარების ხატთან და ვამბობ: "წმიდაო მთავარანგელოზო, შენ მოუტანე სასიხარულო ამბავი ქალწულ მარიამს; მომიტანე მეც სიხარული, აღასრულე ჩემი ლოცვები, თუ ღვთის ნება იქნება-მეთქი".
ალბათ, ინება ღმერთმა და მხცოვან, დაღლილ, ნაწამებ მღვდელმთავარს მთავარანგელოზის პირით ახარა: "პატრიარქო ეფრემ, გიხაროდენ, რამეთუ დადგა ჟამი უფალთან შენი საუკუნო შეერთებისა!"