ზაქარია ჭიჭინაძე
იმ ნეტარხსენებულ პიროვნებათა შორის, რომელთაც საუკუნო სავანე სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში პოვეს, არის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1918-1921 წლებში ლეონიდე (ერისკაცობაში - ლონგინოზ ოქროპირიძე).
ლონგინოზ ოქროპირიძემ 1888 წელს კიევის სასულიერო აკადემია დაამთავრა და ღვთისმსახურება საქართველოში მისიონერობით დაიწყო. ლოცვითა და ქადაგებით ჰქონდა შემოვლილი მთელი საქართველო. განსაკუთრებით უბრალო ხალხთან უყვარდა ურთიერთობა, მათი მეოხებით ეცნობოდა საქართველოს სხვადასხვა კუთხის ყოფას, ზნე-ჩვეულებებს, ტრადიციებს.
საღვთო წერილისა და საეკლესიო ისტორიის ღრმად მცოდნე მამა ლეონიდე სხვადასხვა დროს იყო კავკასიაში მართლმადიდებელი ქრისტიანობის აღმდგენი საზოგადოების საბჭოს წევრი, საეპარქიო სასწავლებელთა ინსპექტორი. ასრულებდა ზედაზნის, ხირსის, იოანე ნათლისმცემლის მონასტერთა ზედამხედველის მოვალეობას, თავმჯდომარეობდა ქართული ბიბლიის ტექსტის გამსწორებელ კომიტეტს. იყო გორის, იმერეთისა და გურია-ოდიშის ეპისკოპოსი, თბილისის მიტროპოლიტი.
მამა ლეონიდემ ცხოვრების მიზნად რუსეთის მიერ უფლებააყრილი საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა დაისახა. უდიდესი გახლდათ მისი ღვაწლი იმ ბრძოლაში, რომელსაც ქართული სასულიერო და საზოგადო მოღვაწენი XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან ამ დიდი მიზნისათვის ეწეოდნენ.
1905 წელს ქართული საზოგადოების წარმომადგენლებმა მეფისნაცვალ ვორონცოვ-დაშკოვს თხოვნით მიმართეს, ეშუამდგომლა რუსეთის უწმინდეს სინოდში საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საკითხის განსახილველად. პირველი საგანგებო კრება ამ საკითხის გამო თბილისში გაიმართა, შემდეგ კი განხილვამ პეტერბურგში გადაინაცვლა. ორივე ამ კრებაში მაშინდელი საქართველოს გამოჩენილი მამულიშვილები და მღვდელმთავრები მონაწილეობდნენ. მათ შორის იყო ეპისკოპოსი ლეონიდეც, რომელიც პეტერბურგში გამართულ სხდომაზე სიტყვითაც გამოვიდა. ქართველთა დელეგაციამ თვალსაჩინოდ დაასაბუთა, რომ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება ეწინააღმდეგებოდა მსოფლიო საეკლესიო კრების კანონებს, მაგრამ სხდომის უმრავლესობას იმპერიული ამბიციებით გამსჭვალული რუსული ეკლესიის უპირატესობის მომხრენი შეადგენდნენ, მათ გონებამდე (უფრო კი გულამდე) ვერ მიაღწია ქართველი საზოგადოების სამართლიანმა მოთხოვნამ, შეუვალი ქედმაღლობით უარყვეს ქართველთა ყველა არგუმენტი, ვინაიდან ქართული ეკლესიის ავტოკეფალია მათთვის საქართველოს დამოუკიდებლობასა და რუსეთის იმპერიის ძლიერების შერყევას ნიშნავდა.
ქართველ მამულიშვილთა მიერ დამოუკიდებლობის სურვილის ხმამაღლა განცხადების შემდეგ რეაქციულმა რუსეთმა ჩვეულ ხერხებს მიმართა. 1908 წელს გამოგონილი ბრალდებით დააპატიმრეს და რუსეთში გადაასახლეს ავტოკეფალიისთვის მებრძოლი ეპისკოპოსი კირიონი და არქიმანდრიტი ამბროსი. დევნა-შევიწროება არც ეპისკოპოს ლეონიდეს ასცდა, მაგრამ სამართლიანობისათვის ბრძოლა მაინც არ შეუწყვეტია. თავის ყველა ქადაგებაში საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის აუცილებლობას ასაბუთებდა.
დადგა 1917 წელი. თებერვალში რუსეთში მომხდარმა რევოლუციამ შეასუსტა იმპერიის მარწუხები. ამით ისარგებლა ქართველმა სამღვდელოებამ და მარტში სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში ეპისკოპოსმა ლეონიდემ ქართველ მღვდელმთავართა ისტორიული გადაწყვეტილება გამოაცხადა:
"რუსეთსა შინა დამყარდა ახალი სახე სახელმწიფო მართვა-გამგეობისაი და მას აღარ შეესაბამების ქართველთა ეკლესიისა უფლებაშეჩერებულად ყოფნა; ამისათვის უცილობლად ვსცანით და ერთხმად და ერთსულოვნად განვაჩინეთ:
- ამიერითგან აღდგენილად ჩაითვალოს საქართველოსა შინა ავტოკეფალური საეკლესიო მმართველობაი, ხოლო ვიდრე კანონიურად აღირჩეოდეს კათალიკოსი საქართველოის ეკლესიისაი, მოსაყდრედ მისა დაინიშნოს ყოვლადსამღვდელო ლეონიდე, გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი, და მასთან, განსაგებლად ეკლესიისა, დაწესდეს დროებითი მმართველობაი საქართველოის ეკლესიისაი, სასულიეროთა და საეროთა პირთაგან შემდგარი".
რუსეთის ხელისუფლება იოლად არ შეგუებია საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას. ეგზარქოსი პლატონი კარგა ხანს არ თმობდა თბილისის სასახლეს, ჯიუტად ატარებდა სხდომებს, მაგრამ რადგან მათ ქართველ სამღვდელოთაგან თითქმის არავინ ესწრებოდა, მალე იძულებული გახდა, საქართველო დაეტოვებინა. ქართული ეკლესიის აღმასრულებელი კომიტეტი ეგზარქოსის სასახლეში გადავიდა. "ლეონიდიმ ახედა ცარიელ კედლებს, სადაც წინათ რუსი ეგზარქოსების სურათები ეკიდა... პირჯვარი გადაიწერა და წარმოთქვა: "აღსრულდა, უფალო, შეგვიწყალე და დაგვიფარე", - იგონებდა დავით ვაჩნაძე.
ამის შემდეგ რუსეთის ხელისუფლებმა მათი საგარეო პოლიტიკის დღემდე უცვლელ ხერხებს მიმართეს: ერთმანეთს უპირისპირებდნენ ქართველ და არაქართველ მართლმადიდებლებს, დააარსეს ამიერკავკასიის საეგზარქოსო, რომელსაც არაქართველი ქრისტიანები უნდა დაქვემდებარებოდნენ, ცდილობდნენ, აფხაზეთის ეპარქია საქართველოს ეკლესიისათვის ჩამოეშორებინათ, ავრცელებდნენ ხმებს საქართველოში საეკლესიო დაპირისპირების გამო მართლმადიდებელი რუსების შევიწროებისა და ჩაგვრის შესახებ, ქართულ ეკლესიას მართლმადიდებლობისაგან განდგომასა და აგრესიულობას სდებდნენ ბრალად და დეპეშებით "აფრთხილებდნენ" მიტროპოლიტ ლეონიდეს, თუ რა მძიმე შედეგი შეიძლებოდა მოჰყოლოდა რუსეთის ეკლესიისგან ჩამოშორებას.
იმპერიის მოხელეთა ვერანაირმა ფანდმა ვერ შეაცვლევინა გადაწყვეტილება ქართველ სამღვდელოებას, რომელსაც იმ მძიმე და სახიფათო დროში თბილისის მიტროპოლიტი ლეონიდე ედგა სათავეში. 1917 წლის სექტემბერში შედგა დიდი საეკლესიო კრება, რომელმაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გადასახლებიდან დაბრუნებული ეპისკოპოსი კირიონი აირჩია. მიტროპოლიტმა ლეონიდემ ასეთი სიტყვებით მიმართა ახალარჩეულ კათოლიკოსს: "მე მიორკეცდება ძალ-ღონე, რომ მარტო არა ვარ და მეგულებით ჩვენი ეკლესიის უმაღლეს ხელმძღვანელად. ფიცს ვდებ, მთელი ჩემი არსებით დაგეხმაროთ ტვირთის ზიდვაში".
1918 წლის 26 მაისს გამოცხადდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენაც. 2 ივნისს, კვირადღეს, წირვის შემდეგ, თბილისის თავისუფლების მოედანზე დამოუკიდებლობის ზეიმის აღსანიშნავ სამადლობელ პარაკლისზე, მრევლს ერთად მიუძღვებოდნენ კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ II და თბილელი მიტროპოლიტი ლეონიდე.
მაგრამ ქართველი ხალხისათვის საზეიმო დღეებშიც არ თვლემდნენ ბნელი ძალები. ორიოდ კვირის შემდეგ მარტყოფის მონასტერში მოკლეს უწმინდესი და უნეტარესი კირიონ II. მკვლელებმა გამოძიებისთვის გზა-კვალის არევაზეც იზრუნეს და მომხდარის თაობაზე მრავალი ჭორი გაავრცელეს - მკვლელობას მიტროპოლიტ ლეონიდესა და მასთან დაახლოებულ პირებსაც კი აბრალებდნენ.
სამწუხაროდ, იმ მნიშვნელოვანი მოვლენებით დატვირთულ დროში სიმართლის დადგენა ვერ მოხერხდა და კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II-ის მკვლელების ვინაობა საზოგადოებისთვის დღემდე უცნობია.
თბილელი მიტროპოლიტი ლეონიდე უმეთაუროდ დარჩენილი ქართული ეკლესიის მწყემსმთავრად 1919 წლის თებერვალში აირჩიეს. სვეტიცხოვლის ტაძარში კურთხევას ქვეყნის სასულიერო მოღვაწეთა გარდა საერო ხელისუფლებისა და სამეცნიერო საზოგადოების ბევრი წარმომადგენელიც ესწრებოდა.
საქართველოს ეკლესიასა და ახალ მთავრობას შორის მალევე წარმოიშვა უთანხმოება. ათეისტურმა ხელისუფლებამ ჯერ სკოლებში საღვთო რჯულის სწავლება გააუქმა და სასულიერო სასწავლებლების ქონება განათლების სამინისტროს გადასცა, შემდეგ ეკლესია-მონასტრებს ჩამოართვა მიწები და ვენახები. უწმინდესმა და უნეტარესმა ლეონიდემ რამდენიმეჯერ წერილობით მიმართა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს ნოე ჟორდანიას, პირადადაც შეხვდა მას. "საქართველოს ეკლესია უმთავრესი და უთვალსაჩინოესი ფაქტორია ჩვენი ერის სულიერი ცხოვრებისა. ჩვენს ეკლესიას განსაკუთრებული დამსახურება მიუძღვის იმ პირობების შექმნაში, რომელთა მეოხებითაც დღეს ჩვენს სამშობლოს დაჰყურებს ეროვნული დროშა", - სწერდა მთავრობის თავმჯდომარეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მაგრამ ხელისუფლებამ ყურად არ იღო მისი სიტყვები. მთავრობამ რელიგიის შესახებ მიღებული კანონით ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ქვეყანაში მოქმედ სხვა კონფესიებს გაუთანაბრა.
1921 წლის თებერვალში საქართველოში ბოლშევიკური რუსეთის XI არმია შემოვიდა. როდესაც მენშევიკურმა მთავრობამ თბილისი დატოვა, უწმინდესმა და უნეტარესმა ლეონიდემ განკარგულება გასცა, საეკლესიო განძეულობა და ძვირფასი ხატები თბილისიდან ქუთაისში გაეხიზნათ, მაგრამ მთავრობამ ქვეყნის ეროვნული სიწმინდეების ემიგრაციაში წაღება გადაწყვიტა. კათოლიკოს-პატრიარქი წინ აღუდგა ამ გადაწყვეტილებას, ერთობ უსიამოვნო საუბარიც კი ჰქონდა ნოე ჟორდანიასთან, მაგრამ ვერაფერი გააწყო.
საქართველოს ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ ყოველგვარ საეკლესიო დაწესებულებას ჩამოართვა იურიდიული პირის უფლება და მთელი მათი ქონება სახალხო საკუთრებად გამოაცხადა. დაიწყო ეკლესიების რბევა და დახურვა. ხელისუფლების სათავეში სწორედ ის ხალხი მოვიდა, რომელზეც რამდენიმე წლით ადრე უწმინდესი და უნეტარესი ლეონიდე წერდა: "სიყვარული პირველად ქვეყნიერებისა და არა სამშობლოსი, შორეულისა და არა მახლობელისა, გარეშესი და არა შინაურისა ემსგავსება წაღმა წარწერის უკუღმა კითხვას, მუხის დარგვას კენწეროთი და გადაბრუნებული ტანსაცმლით პამპულობას. ღმერთმა დაიცვას საქართველო ამ გვარის მანკიერ შვილთაგან!"
თბილისში შექმნილ საშინელ ვითარებას შავი ჭირის ეპიდემია დაერთო. ქალაქში სუფთა სასმელი წყალი გაჭირდა. ხალხი იძულებული გახდა, სასმელად მტკვრის წყალი გამოეყენებინა. მორწმუნეებმა კათოლიკოს-პატრიარქისათვის თბილისის შემოგარენიდან წყაროს ანკარა წყალი ჩამოიტანეს, მაგრამ უწმინდესმა და უნეტარესმა თურმე სასტიკი უარი განაცხადა - მე არაფრით განვსხვავდები ჩემი სამწყსოსაგან და განსხვავებულს არც წყალს დავლევო. სწორედ მდინარის წყალმა შეჰყარა საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავარს დაუნდობელი სენი და 1921 წლის ივნისში იგი შავ ჭირს ემსხვერპლა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ლეონიდეს ნეშტი სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს. ბოლშევიკური ხელისუფლების შიშით ვერავინ გაბედა, ღირსეული სიტყვით გამოთხოვებოდა ქვეყნისა და სარწმუნოებისთვის დამაშვრალ მღვდელმთავარს. მისი ცხოვრებისა და ღვაწლის შესახებ ყველაზე უკეთ მისივე სიტყვები ღაღადებს: "ჩემმა ხანგრძლივმა სიცოცხლემ განვლო ქართველი ერის თვალთა წინაშე, სამსახურში შესვლის პირველი დღიდან მოკიდებული აქამდე... სამშობლოს კეთილდღეობას ვანაცვალე ყველა ის, რითაც კი საამო და სანეტაროა სხვისათვის წუთისოფელი".
მოამზადა
ერეკლე ბიბიჩაძემ
ერეკლე ბიბიჩაძემ