როგორ გაჩნდა სკვნილი?
IV საუკუნეში ცხოვრობდა ცნობილი სასულიერო პირი, წმინდა პახომი დიდი. მან პირველად დააარსა მონასტერი და შექმნა ბერებისთვის სამონასტრო წესები. იმ დროს ძალიან ბევრმა წერა-კითხვა არ იცოდა. ამიტომ წმინდა პახომიმ ბერებს მოკლე ლოცვა ზეპირად ასწავლა: "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი". ამ ლოცვას "იესოს ლოცვა" ეწოდება, დასათვლელად კი გამოიყენეს კვანძებიანი და ნასკვებიანი თოკი, რომელმაც ბოლოს სკვნილის სახე მიიღო. როცა მლოცველი ლოცულობს, თითო ბურთულის გადაადგილებისას თითოჯერ წარმოთქვამს ლოცვას, რაც ძალიან აადვილებს თვლას. ბერებს ათასჯერ და მეტჯერ უნდა ერქვათ "იესოს ლოცვა". სკვნილს უწოდებენ ქრისტიანის სულიერ მახვილს, რომლითაც იგი ბოროტს ებრძვის. სკვნილს შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა რაოდენობის მარცვლები: ათმარცვლიან სკვნილს უწოდებენ ბეჭედს. 30-იანი - სიმბოლურად განასახიერებს ქრისტეს ასაკს, როცა მან ქადაგება დაიწყო. 33-იანი კი წლოვანებას, როცა ჯვარს აცვეს. 50-იანი სკვნილი მთავარანგელოზ მიქაელისა და მოციქულების სალოცავია. 150-იანი უკავშირდება ღვთისმშობელს. ადრე 300-მარცვლიანი სკვნილებიც ყოფილა.
გადმოცემით, თითოეული ნასკვის მოქსოვისას მქსოველი ქრისტეს ეკლის გვირგვინს წნავს. სკვნილი გვეხმარება ლოცვაში - ღმერთთან საუბარში, სიახლოვესა და კავშირში. უნდა გვახსოვდეს, რომ სკვნილის ხმარება მოძღვრის კურთხევის, მისი ნებართვის გარეშე არ შეიძლება.