300 არაგველი
"ან გამარჯვება მტერზე და ან სიკვდილი ბრძოლის ველზე!"
ორასი წლის წინათ მეფობდა მეფე ერეკლე II. სპარსეთის ხელმწიფემ მოსთხოვა მას, ეცნო ის მეფეთა მეფედ და ხარკი ეძლია. ერეკლემ ცივი უარი შეუთვალა.
შაჰმა შეკრიბა დიდძალი ჯარი და მოადგა თბილისს. ერეკლემ მხოლოდ მცირერიცხოვანი ჯარის თავმოყრა მოასწრო. სპარსელები ერთიოცად მეტნი იყვნენ ქართველებზე. ქართულ ჯარში იდგა სამასი ფშავ-ხევსურისა და არაგვისპირელი გლეხისგან შემდგარი ერთი რაზმი. "ან გამარჯვება მტერზე და ან სიკვდილი ბრძოლის ველზე!"
ომის დაწყების წინ ამ რაზმის მეომართ შეჰფიცეს ერთმანეთს: "თუ ბედმა გვიღალატა და ვერ დავძლიეთ მტრის ძალა, შერცხვენილი იყოს, ვინც ჩვენგანი ცოცხალი თავით შინ დაბრუნდეს. ან გამარჯვება მტერზე და ან სიკვდილი ბრძოლის ველზეო". ეს ვაჟკაცური ფიცი ვაჟკაცურად შეასრულეს. როცა აუარება სპარსელმა სძლია პატარა ქართულ ჯარს, არცერთმა რაზმელმა მტერს ზურგი არ უჩვენა. არც ერთი არ შეუშინდა სიკვდილს. ყველანი ებრძოდნენ მტერს სისხლის უკანასკნელ წვეთამდე. თავისი გმირული სული ყველამ ბრძოლის ველზე, კრწანისის ველზე დალია.