ფარსმან ქველი
გამბედავი, უშიშარი, გულმოწყალე მეფე ქართლისა
II საუკუნის I ნახევარში ქართლის სამეფო მნიშვნელოვნად გაძლიერდა. ამ დროს მეფე იყო ფარსმან II. იგი გამოირჩეოდა სასიამოვნო, ვაჟკაცური გარეგნობით.
გამბედავი და უშიშარი, კეთილი და გულმოწყალე იყო, ამიტომაც უწოდეს "ქველი". გამბედავი, უშიშარი, გულმოწყალე მეფე ქართლისა
ფარსმანის აქტიურმა საგარეო პოლიტიკამ, რის შედეგადაც გაფართოვდა ქართლის სამეფოს საზღვრები, გააღიზიანა რომის იმპერატორი ადრიანე. ფარსმანი არამცთუ არ ემორჩილებოდა რომს, პირიქით, ალანებიც კი მიუსია რომის და პართიის სამფლობელოებს. ადრიანემ თავისთან მიიწვია ფარსმანი, მაგრამ არ წავიდა. მაშინ გადაწყვიტა, საჩუქრებით მისი გულის მოგება. გამოგზავნა ელჩობა ქართლში და უამრავ სხვა საჩუქართან ერთად 50-კაციანი სამხედრო რაზმი და ერთი საომარი სპილო გამოატანა.
ფარსმანმა პატივით მიიღო ძღვენი. სანაცვლოდ ადრიანეს გაუგზავნა რამდენიმე მოოქრული წამოსასხამი. სტუმრების წინ მოედანზე გამოატარა 300 ბორკილდადებული დამნაშავე, რომლებსაც ასეთივე წამოსასხამები ემოსათ.
გულზვიად რომის იმპერატორს ქართველი მეფის ჯავრი სამარეში ჩაჰყვა.
ადრიანეს სიკვდილის შემდეგ, როდესაც რომის იმპერატორი გახდა ანტონიუს პიუსი, რომსა და ქართლს შორის ურთიერთობა გაუმჯობესდა.
რომის ახალი იმპერატორის მიწვევით რომში წავიდა ფარსმან ქველი ოჯახთან და ამალასთან ერთად.
იმპერატორმა ქართველები დიდი პატივით მიიღო. რამდენიმე დღეს ინადიმეს და შემდეგ მიიწვიეს ცირკში - კოლიზეუმში, სადაც ქართველებმა აჩვენეს მხედრული ჯომარდობა - ჯირითი და როკვა-ვარჯიში.
შთაბეჭდილებამ მოლოდინს გადააჭარბა. რომაელები მოიხიბლნენ ქართველთა ვაჟკაცობით. ანტონიუს პიუსის ბრძანებით, მარსის მინდორზე აღიმართა ცხენზე ამხედრებული ფარსმან ქველის ქანდაკება.
ნელი ჯანგულაშვილი