ძობანა
თოვს ფშავის მთებში.მთის ფერდობზე, თოვლში გაკვერილ სამარხილე გზაზე მთვრალი ფშაველი ჩამოდის ბარბაცით. უკან ძაღლი მოსდევს. ძაღლს ძობანა ჰქვია. კუდის ქნევით მოჰყვება ძობანა პატრონს.
ცივა.
არაყსა და სიცივეს ისედაც მწითური ფშაველი უფრო წამოუწითლებია. მობარბაცებს. ხან სად გადავარდება გზის ძირ, ხან სად.
ძობანა უკანა ფეხებზე ჩამოცუცქდება და ელოდება.
ფშაველი გზაზე ამობობღდება, ტანსაცმელს ჩაიბერტყავს და წავა ბარბაცით. ცოტას რომ გაივლის, კიდევ გადავარდება გზის ქვემოთ.
ძობანა ისევ უკანა ფეხებზე ჩამოცუცქდება და ჩაჰყურებს პატრონს. ძაღლს ჭკვიანი, ერთგულებით სავსე თვალები აქვს.
მერე ფშაველი ისევ გზაზე ამოვა.
ძობანა უკან გაჰყვება კუდის ქნევით.
ფშაველი ერთსაც წაიბარბაცებს და გზიდან გადავარდება.
თოვლი დიდია და ქვები არ ჩანს.
გზისაკენ მიბობღავს ფშაველი. ახლა მას სულ მთლად წითელი სახე აქვს. ძობანა უკანა ფეხებზე ჩამომჯდარა და გადმოჰყურებს. თვალებში ირონია უციმციმებს. ფშაველი თოვლში მიბობღავს.
ძობანას თითქოს ეღიმება, ხან იქით გადაიქნევს თავს, ხან - აქეთ. ფშაველი ძაღლს შეხედავს, უყურებს, უყურებს და შეუმღერებს:
"ნელა იარე, ძობანავ,
ცუდი გზებია ზოგანა".
ძობანა ეტყვის:
"რაღა ჩვენდ არის ცუდ გზები,
სუ ესე დადის ქვეყანა".
ძაღლს უსაზღვროდ კეთილი და ირონიით სავსე თვალები აქვს.
მერე ფშაველი ისევ გზაზე ამოვა და ბარბაცით წავა.
ძობანა უკან მიჰყვება.
ორივენი მთვრალები არიან, ფშაველი - არყით, ძაღლი კი - პატრონის სიყვარულით.
თოვს.
თეთრი ფანტელები მობარბაცებენ ციდან.
თითქოს ისინიც მთვრალები იყვნენ.
თოვს...
გოდერძი ჩოხელი