"კეთილი გიგანტი"
ჩემო პატარა მკითხველო, ალბათ იცი, რომ ცხოველებს შორის სპილო ყველაზე დიდი და ყველაზე მძიმეა. დარწმუნებული ვარ, ისიც გეცოდინება, რომ მას უჩვეულოდ გრძელი კბილები და "ცხვირი" აქვს.
იქნებ გინახავს კიდეც... გამოვიცანი? არა, ტელევიზორში რომ გინახავს, ეგ გასაგებია, მაგრამ აქ, ჩვენთან, თბილისის ზოოპარკშიც გვყავს სპილო თავის პატარა შვილთან ერთად. თუ ჯერ არ გინახავს, სთხოვე დედიკოს და აუცილებლად გაჩვენებს.დიდი წონის მიუხედავად, სპილო ნაზად და გრაციოზულად გადაადგილდება; თუ დასჭირდა, სირბილიც იცის. გაგიკვირდება, ჩემო მეგობარო, და, თურმე, სპილო კარგი მოცურავეცაა და ცურვით მდინარეებისა და ტბების გადაკვეთა შეუძლია. ეს "კეთილი გიგანტები" ძალიან მგრძნობიარენი და ემოციურები არიან.
სპილოები ჯოგებად ცხოვრობენ, მათი მეთაური დედალია. ჩემო პატარავ, წარმოიდგინე, რომ ეს უზარმაზარი არსებები მხოლოდ მცენარეული საკვებით იკვებებიან, ყოველდღიურად შთანთქავენ 300 კგ-მდე ფოთოლს, კვირტებს, ბალახს, ნაყოფს, ხის ქერქს. სპილოები ძირითადად ბინადრობენ ტყეებში და მდინარეთა დაჩრდილულ ნაპირებზე, რადგან ცუდად იტანენ სიცხეს.
სპილოები კარგად ეგუებიან ადამიანს, ადვილად ეჩვევიან შრომას, მოშინაურებული სპილოები არასოდეს გარბიან ჯუნგლებში ჯოგთან, ისინი ადამიანის ერთგულ მსახურებად რჩებიან. სპილო არასდროს მიატოვებს გასაჭირში თავის მეგობარ ადამიანს. ეს "კეთილი გიგანტები" ძალიან მგრძნობიარენი და ემოციურები არიან. განსაკუთრებით თბილად ექცევიან ისინი ბავშვებს.
ჩემო პატარა მეგობარო, სპილოს ეშვის ძვალი ძალიან ძვირად ფასობს, ამიტომაც ამ ცხოველზე ნადირობა არ წყდება, რამაც მათი ბევრი სახეობის გადაშენება გამოიწვია.