პატარა დედოფალი
ვიტრინასთან ბავშვი ჭირვეულობს:- ეს მიყიდე! მიყიდე ეს...
უსმენს დედა, უსმენს და ბოლოს სმენით დაღლილი, უყიდის. მიიტანენ ახალ სათამაშოს შინ, ცოტა ხნით გაერთობა ბავშვი და კუთხეში მიაგდებს. იქ კი უკვე "მიყიდე-მიყიდეს" მთელი მთაა.
მიდიოდა ქუჩაში ბებია შვილიშვილთან, ანასთან ერთად, თუკი რაიმე მოეწონებოდა ბავშვს, ყიდვას ითხოვდა. ბებია კი წყნარად უხსნიდა:
- ახლა ჩვენ საამისოდ ფული არ გვაქვს, მხოლოდ რძისთვის გვყოფნის.
ჭკვიანი გოგონა იყო ანა, გაიფიქრებდა და იტყოდა:
- არა უშავს, მერე იყოს.
შემდგომ ანას თავისი სურვილი ავიწყდებოდა, ხოლო ის, რომ ფული ცოტაა, სულ ახსოვდა. თუკი რაიმე მოუნდებოდა, თავისთვის იტყოდა:
- მერე იყოს, მერე...
სულ პატარა იყო, მაგრამ თავისი სურვილების მართვა შეეძლო.
ერთხელ საქმეებით დაღლილი მეფე ფრიდრიხი სასეირნოდ გამოვიდა და ბნელ ხეივანში ბრმას შეეჯახა.
- რომელი ხარ? - იკითხა ფრიდრიხმა.
- მე მეფე ვარ! - უპასუხა ბრმამ.
- მეფე? - გაიკვირვა მონარქმა, - და რისი მმართველი ხარ?
- საკუთარი თავის! - უპასუხა ბრმამ და გვერდი აუარა.
ფრიდრიხი ჩაფიქრდა. შეიძლება მართლაც უფრო იოლი იყოს მთელი სახელმწიფოს მართვა, ვიდრე საკუთარი თავისა, საკუთარი სურვილებისა.
აი, ანასთვის ეს სრულებითაც არ იყო ძნელი. დაინახავდა ვიტრინაში ლამაზ სათამაშოს თუ შოკოლადს, ჩაიქნევდა ხელს და...
- მერე იყოს, მერე...
განა ის დედოფალი არ იყო?