ქორწინება ერთ-ერთი დიდი საიდუმლოა. ამ საიდუმლოს აღსრულების დროს მღვდელი წარმოთქვამს სიტყვებს:
"აკურთხე წინდობა მონათა ამათ შენთა (სახელი მამაკაცისა და დედაკაცისა), დაამტკიცე ამათ ზედა აღთქმა სიტყუათა ამათთა და განაძლიერენ ესენი შენ მიერითა წმიდითა შეერთებითა, რამეთუ შენ მიერ შეერთდებიან ქმარ-ცოლნი, შესაწევნელად თვისად და ნათესავთა ზედა კაცთასა".
ცოლქმრული ცხოვრების საიდუმლო თანაცხოვრების პრინციპია. რას გულისხმობს ქორწინებისას დადებული აღთქმა, რა მოვალეობები და პასუხისმგებლობები აკისრიათ მეუღლეებს ერთმანეთის მიმართ, რა საფრთხეს უქმნის ჩვენი დროის ინდივიდუალიზმი მათ ჰარმონიულ თანაცხოვრებას და რა მიზეზებმა შეიძლება დაანგრიოს ოჯახი - ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი მარინე ჩიტაშვილი.
- ზოგჯერ ორ ადამიანს ერთმანეთი ძალიან უყვარს. ფიქრობენ, რომ ჩინებულ ოჯახს შექმნიან. მაგრამ თურმე კარგი ცოლქმრობა განსხვავდება თუნდაც თავდავიწყებით შეყვარებულობისგან. რატომ ხდება ასე?
- ცოლქმრობა, უპირველესად, გულისხმობს ერთმანეთზე ზრუნვას. შეყვარებულობის ინსტიტუტი ცოლქმრობის შემთხვევაში მთავრდება იმის გაფორმებით, რომ ორი ადამიანი იღებს პასუხისმგებლობას ერთმანეთის წინაშე. ანუ აქ შემოდის მოვალეობის კატეგორია, რომელიც უმთავრესი ღირებულება ხდება.
მოვალეობის აღსრულება იოლი არ გახლავთ. იგი მოითხოვს ენერგიას, ძალისხმევას და ა.შ. მეტადრე რთულია ეს ინდივიდუალისტურ საზოგადოებაში, სადაც ადამიანები შეჩვეულნი არიან ეგოცენტრულ არსებობას და უჭირთ მეორის სურვილების გათავისება, რასაც ხშირად მოსდევს კონფლიქტი.
ითვლება, რომ ქალს არ შეიძლება ჰქონდეს ქორწინების გარეთ სასიყვარულო კავშირი; ამავე დროს, ჩვენი კულტურა საკმაოდ ლოიალურია მამაკაცის ქორწინების გარეთ სასიყვარულო კავშირისადმი. რელიგიური თვალსაზრისით, ეს ორივესთვის თანაბრად არის აკრძალული. თუკი გავითვალისწინებთ, რომ ცოლ-ქმარი თანაბრად იღებს პასუხისმგებლობას ერთმანეთზე, ასეთმა დამოკიდებულებამ შეიძლება მათ ურთიერთობაში შემოიტანოს ორმაგი მორალი (ცოლისთვის - სხვა და ქმრისთვის - სხვა) და ბზარი გააჩინოს. ალბათ ბევრი ქალი ემორჩილება ამ ორმაგ სტანდარტს, მაგრამ მე, როგორც ფსიქოლოგმა, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ ეს ორმაგი სტანდარტი ქალს ქმრის მიმართ აგრესიულს ხდის და თუკი არ შეუძლია ამის ქმრის მიმართ გამოხატვა, თავისუფლად გადადის "დაბალ ღობეზე", შვილზე, რადგან ის პატარაა. იქნებ აგრესია მაინცდამაინც ბავშვის გატყეპვაში არ გამოვლინდეს, მაგრამ შეიძლება შვილი მამის წინააღმდეგ მანიპულირების იარაღი გახდეს. ოჯახი რთული სტრუქტურული ერთეულია, რომელიც გულისხმობს სოციალური, ეკონომიკური, ფსიქოლოგიური, ზნეობრივი კეთილდღეობის სივრცეს, სადაც მომავალი თაობა ეჩვევა იმას, თუ: 1) როგორია ამ საზოგადოებაში ცხოვრების წესები; 2) როგორია დამოკიდებულების სტილი როგორც ერთი და იმავე, ასევე განსხვავებული სქესის ადამიანებს შორის; 3) რამდენად შემწყნარებელი უნდა იყოს ერთი ადამიანი მეორის მიმართ და 4) სად გადის ის ზღვარი, როდესაც ადამიანი უკვე ამბობს: "მორჩა, გათავდა, ამის მოთმენა შეუძლებელია!"
- ორი ადამიანის მიზიდულობა ხშირად სულაც არ ითვალისწინებს მათ იდეალებს... მაგრამ მაინც რა მახასიათებლები ამართლებს ხოლმე უმეტესად მყარი ოჯახის შესაქმნელად?
- ეს მახასიათებლები შესწავლილია როგორც ოჯახის სოციოლოგიაში, ასევე ფსიქოლოგიაში. გამოყოფენ ხოლმე სხვადასხვა მახასიათებელს. ასეთი გახლავთ, მაგალითად, ასაკი. ქართული კულტურა და საზოგადოება ნაკლებად ინდივიდუალისტურია, თუმცა ადრე უფრო მეტად პატრიარქალური იყო. ასეთ შემთხვევაში ქალი და მამაკაცი არ იღებენ დამოუკიდებლად გადაწყვეტილებას. მათი ოჯახები სტანდარტული სოციალური დაკვეთის შესაბამისად თვლიან, რომ მამაკაცი, როგორც ოჯახის მარჩენალი, ასაკით ქალზე უფროსი უნდა იყოს. ქართული კულტურისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ეროვნებასაც. პარამეტრები დროთა შესაბამისად იცვლება.
პროზაული მახასიათებლებით, ყველაზე მყარი ოჯახები იქმნება მაშინ, როდესაც ქალსაც და მამაკაცსაც აქვთ თანაბარი განათლების დონე ანუ განათლების დონით მიეკუთვნებიან ერთ ფენას. ასეთ შემთხვევაში მათ აქვთ საერთო ღირებულებებისა და ინტერესების სფერო. ბუნებრივია, დიდად მნიშვნელოვანია აღმსარებლობა ან ერთი კონფესიის კუთვნილება მაინც (ეს შედის ღირებულებების კატეგორიაში). ასაკი, სოციალური წარმომავლობა, კანის ფერი და ა.შ. XX საუკუნის ბოლოსთვის ნაკლებ მნიშვნელოვანი გახდა.
- როგორც ამბობენ, სიყვარული ლოგიკას არ ექვემდებარება. ხშირად ერთი ნახვით უყვარდებათ ადამიანი, რომელსაც კარგად არც იცნობენ. დაქორწინების შემდეგ აღმოჩნდება, რომ ჩვენს რჩეულს ბევრი ნაკლი აქვს და თურმე სულაც არ იმსახურებს პატივისცემას. გრძნობა ქრება, იწყება გაუცხოება. გამოდის, რომ შეყვარება საკმარისი არ არის?
- ერთხელ სოკრატეს ჰკითხეს: არსებობს თუ არა ერთი ნახვით შეყვარების წამალიო. როგორ არა, შეხედეთ მეორეჯერო. ეს გულისხმობს იმას, რომ ნამდვილად შესაძლებელია, ადამიანმა რაღაცით მიგვიზიდოს, მაგრამ იმის გადასაწყვეტად, გვინდა თუ არა მასთან გავატაროთ მთელი ცხოვრება, აუცილებელია შევხედოთ რაციონალურადაც, ანუ შევაფასოთ ის. კარლ გუსტავ იუნგს აქვს ნათქვამი, - სიყვარული ძნელია მხოლოდ იმის გამო, რომ მთელი ცხოვრება უნდა გიყვარდეს მხოლოდ ერთი ადამიანი, თორემ თუკი თვლი, რომ შეგიძლია ყოველ ასაკში სხვადასხვა გიყვარდეს, მაშინ საერთოდ არავინ გყვარებიაო.
პატივისცემა ყოველთვის არ გულისხმობს სიყვარულს. მე შეიძლება პატივს ვცემდე ვიღაცას, მაგრამ არ მიყვარდეს და პირიქითაც, შეიძლება ძალიან მიყვარდეს, მაგრამ სულაც არ იყოს ეს ადამიანი პატივსაცემი. სიყვარული და პატივისცემა ერთდროულად გულისხმობს იმას, რომ მე ამ ადამიანთან ვცხოვრობ და მას ვიღებ ისეთს, როგორიც არის. შეიძლება იგი ახლა უკვე 80 წლის ხელებდაკოჟრილი და წელში მოხრილი ქალბატონია და აღარ არის 19 წლის ცქრიალა გოგონა, მაგრამ კიდევ უფრო მეტად მიყვარს, რადგან მეც აღარა ვარ ასხლეტილი ვაჟკაცი. ამ ქალბატონს და მე გვაერთიანებს მთელი ცხოვრება, რომელიც ერთად გავიარეთ. ოჯახური თანაცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა პასუხისმგებლობა იმაზე, რომ ჩვენ, ორი ადამიანი, ვიზიარებთ სიხარულსაც და ჭირსაც. ჭირი კი სიბერესაც გულისხმობს ("სიბერე მჭირს ჭირთა უფრო ძნელია", - რუსთაველი).
- ტოლსტოის "ანა კარენინა" იწყება სიტყვებით: "ყველა ბედნიერი ოჯახი ერთმანეთს ჰგავს, ხოლო ყველა უბედური ოჯახი თავისებურად უბედურია". რა შემთხვევაში აქვს აზრი ოჯახის შენარჩუნებას და რა შემთხვევაში - არა?
- დღეს, როცა ლაპარაკობენ ოჯახურ ძალადობაზე, ძალადობის მსხვერპლნი უმეტეს შემთხვევაში არიან ქალები და ბავშვები. თუკი ადამიანები იმდენად ვერ იტანენ ერთმანეთს, რომ ფიზიკურ შეურაცხყოფასაც კი არ ერიდებიან, ასეთ შემთხვევაში ამ ადამიანთა თანაცხოვრება ძნელი წარმოსადგენია. სხვა საქმეა, როდესაც ერთ ადამიანს ნაბიჯიც კი არ გადაუდგამს მეორის სურვილების გასაგებად. ჩაკეტილია თავის ნაჭუჭში, მიაჩნია, რომ მეუღლემ მხოლოდ მისი კაპრიზები უნდა შეასრულოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაეყრება მას. აქ საქმე გვაქვს ადამიანის მიერ ადამიანის ჩაგვრასთან, რაც აღარ ექვემდებარება თანაცხოვრების პრინციპს.
ოჯახის დანგრევა არც ერთ კულტურაში არ განიხილება პოზიტიურ მოვლენად. სხვადასხვა ქვეყანაში არსებობს სოციალური დაცვის ინსტიტუტები, რომლებიც დანგრეული ოჯახის წევრებისთვის უზრუნველყოფენ განვითარების ადეკვატურ შესაძლებლობებს. საქართველოში ნაკლებად არსებობს სოციალურად დამცავი მექანიზმები, ამითაც არის განპირობებული ოჯახის დანგრევის შემთხვევაში ძალიან დიდი სტრესი.
იდეალური ვარიანტი იქნებოდა, ყველა ოჯახი ისე იყოს აწყობილი, რომ მას დანგრევა არ დაემუქროს, მაგრამ თუკი არსებობს ასეთი საშიშროება, მაშინ უნდა მოხდეს დიფერენციაცია: ასეთი ოჯახი ქმნის თუ არა წინაპირობას იმისთვის, რომ მომავალი თაობა დაზიანდეს. თუკი საფრთხე არსებობს, ავადმყოფი ოჯახის შენარჩუნებას მისი დანგრევა სჯობს, რადგან ფაქტობრივად ის აღარ არის ოჯახი, ხდება კრიმინალური ელემენტი.
- შეიძლება თუ არა ოჯახი აიგოს ცალმხრივ სიყვარულზე?
- ფსიქოლოგების აზრით, ცალმხრივი სიყვარული არ არსებობს. რა თქმა უნდა, ლიტერატურაში არის ცალმხრივი სიყვარულის ფენომენი, მაგრამ რეალურად სიყვარული ორმხრივი გრძნობაა.
ზოგიერთისგან გაიგონებთ, - მე არ მიყვარდა, იმას ვუყვარდი და ამიტომ გავყევი ანდა შევირთე ცოლადო. ოჯახური ცხოვრება საკმაოდ ძნელია და შეუძლებელია ისეთ ადამიანთან ერთად ცხოვრება, რომლისთვისაც მიუღებელი ხართ და თავს ცუდად გრძნობს თქვენს გვერდით!
- ზოგჯერ მეუღლეები ცდილობენ, თავიანთი იდეალებისა და წარმოდგენების შესაბამისად გარდაქმნან (გადააკეთონ) ერთმანეთი. რას ნიშნავს გიყვარდეს ადამიანი ისეთი, როგორიც არის?
- ეს ნიშნავს, რომ მე ვიღებ ადამიანს ისეთს, როგორიც არის და ეს არ ნიშნავს, რომ არ ვცდილობ, ის გახდეს კიდევ უფრო უკეთესი, კიდევ უფრო მისაღები ჩემთვის.
ერთმანეთს ხვდება ორი განსხვავებული ადამიანი. ისინი მთელ თავის დროსა და ენერგიას ხარჯავენ იმაში, რომ მეორე ადამიანი აბსოლუტურად დაიმსგავსონ. და თუკი ისინი, თავისდა საუბედუროდ, აღწევენ ამ შედეგს, აუცილებლად შორდებიან კიდეც. მაგრამ თუკი ერთ დღესაც ადამიანმა დაკარგა ინდივიდუალობა და გახდა ზუსტად ისეთი, როგორიც მის მეუღლეს უნდოდა, იწყება საშინელი დისკომფორტი.
საბოლოო ჯამში, სიყვარული გულისხმობს იმას, რომ "გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი". სიყვარული გამოიხატება ორი ადამიანის მცდელობაში, ერთმანეთს მოუფრთხილდნენ და არაფერი დაუშავონ.
- მღვდელი ალექსანდრე ელჩანინოვი წერს: "არც მამაკაცს და არც დედაკაცს არ აქვს ქორწინებაში ერთმანეთზე აბსოლუტური ძალაუფლება. ერთის ნების მეორეზე ზეწოლას, თუნდაც სიყვარულის სახელით, მივყავართ სიყვარულის სიკვდილამდე... უბედური ქორწინების უსასრულო რაოდენობა სწორედ იმითაა გამოწვეული, რომ თითოეულ მხარეს თავისი თავი იმის მესაკუთრე ჰგონია, ვინც უყვარს... ქორწინების უდიდესი სიბრძნეა - მისცე თავისუფლება მას, ვინც გიყვარს; ჩვენი მიწიერი ქორწინება - ზეციური ქორწინების მსგავსია, ხოლო იქ სრული თავისუფლებაა". რამდენად მნიშვნელოვანია გვიყვარდეს მეორე ადამიანი ისე, რომ მას თავისუფლება არ წავართვათ?
- სიყვარული არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაცის პატრონი ხდები. ამისი კარგი მაგალითია თუნდაც ის, რომ როდესაც ვიზრდებით, ჩვენი მშობლები უკანა პლანზე გადასწევენ ხოლმე თავიანთ ბუნებრივ შფოთვას და გვაძლევენ საშუალებას, გავიდეთ შინიდან, ანუ თუ დამოუკიდებელ ცხოვრებას არ დავიწყებთ, ვერ ვიქნებით ნორმალური ადამიანები. თუკი მშობელი გადაწყვეტს, რომ კალთაზე გამომიბას და 50 წლისაც ბავშვივით მმწყემსოს, ის ფაქტობრივად მწირავს სოციალური ინდივიდიზაციისთვის. თავად გულს იმშვიდებს, სამაგიეროდ მე მაინვალიდებს!
სიყვარულის შემთხვევაშიც ზუსტად იგივეა. მეორე ადამიანზე ზრუნვა არ გულისხმობს მის დასაკუთრებას. გავიხსენოთ ჯონ გოლზუორთის რომანი "ფორსაიტების საგა". სომსი არის საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ადამიანი გადაიქცეს თავისი საყვარელი არსების მესაკუთრედ. აირინი მისგან მხოლოდ იმის გამო კი არ გარბის, რომ მეუღლე არ უყვარს, არამედ იმიტომაც, რომ პიროვნულ თავისუფლებას კარგავს. რომელიმე ადამიანის პიროვნული თავისუფლების ხელყოფის უფლება კი არავის აქვს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი