არქიმანდრიტი ლაზარეს (აბაშიძე) განმარტებით, ნათლობის დროს ადამიანს არა მარტო "მიეტევება" - არა! აქ აღესრულება უფრო მნიშვნელოვანი საიდუმლოება!
ყოველი ადამიანი, როგორც დაცემული ადამის შთამომავალი - თვით ჩასახვისა და შობისთანავე აღმოჩნდება, ვითარცა მათი მამამთავარი, იმავე წყევის, ღმრთის რისხვის ბეჭდის ქვეშ, ცოდვილი, უარყოფილი, სამუდამო სიკვდილისათვის განწირული. ჩვენი ხორციელი შობა სიკვდილის დასაბამს უფრო ჰგავს, ვიდრე სიცოცხლის დასაწყისს... მაგრამ აი, განხორციელებული ღმერთი - ნათელი ჭეშმარიტი გამოჩნდა ამა სოფლად, რათა გადაერჩინა დაღუპული ადამიანი, მაგრამ "სოფელმა იგი ვერ იცნა. თვისთა თანა მოვიდა და თვისთა იგი არა შეიწყნარეს" (იოან. 1. 10,11)! ამრიგად, უფალმა ვერ ჰპოვა დედამიწაზე თავისთვის ადგილი "სადა თავი მიედრიკა" (მათ. 8.20; ლუკ. 9.58), უარყოფილი, სასაცილოდ აგდებული, შეურაცხყოფილი, შეძრწუნებული, სიკვდილით დასჯილი - გავიდა ამა სოფლიდან ჯვარცმის მიერ. მაგრამ ეს სიკვდილი მან ნებაყოფლობით მიიღო; იყო რა უცოდველი - მთლიანად თავის თავზე აიღო რისხვა, ღმრთის მართლმსაჯულების მთელი სასჯელი, რომლითაც სამუდამოდ უნდა დასჯილიყო დაცემული კაცობრიობა. მიუხედავად ამისა, სიკვდილს არ შეეძლო უფლის დაკავება თავის ბორკილებში, არ ჰქონდა ძალაუფლება ამ წმიდა მართალზე და მისი სიკვდილით თვითონ იქნა იქვე დათრგუნვილი!
და აი, ქრისტეს ჯვარი ჩვენთვის აღებს ერთადერთ კარს, რომელსაც ძალუძს ჩვენი გაყვანა ამ საუკუნო დაღუპვისათვის განწირული სოფლიდან მარადიული ნეტარების სამეფოში. ამასთანავე, ჯვარი ხდება განმსჯელი ნიშანი ქვეყნისათვის, ხოლო სასჯელი მდგომარეობს, რომ "ნათელი მოვიდა, და შეიყვარეს კაცთა ბნელი, ვიდრე ნათელი"(იოან. 3.19). ეს სოფელი, რომელმაც არ შეიცნო "ჟამი მოხედვისა თვისისა" (ლუკ. 19.44), თითქოსდა გადახაზულია ჯვრით, სრული უარყოფისთვის განწირული, "განკითხვის დღეს ცეცხლისათვისაა დამარხული" (2 პეტრ. 3.7). მაგრამ მათ, რომლებმაც იწამეს ქრისტე, აღიარეს მასში თავისი მაცხოვარი - ძალუძთ სრულიად განერნენ იმ წყევას, რომელშიც მოჰყვა მთელი ადამის შთამომავლობა, და იმ მრჩობლ განსჯას, რომელიც დაიმსახურა, ბოროტებაში ბევრად წარმატებულმა ამა სოფელმა. კი მაგრამ რანაირად? ქრისტეს კვალდაკვალ გასვლით! მაგრამ პირველად საჭიროა უკუქცევა ამ სოფლისაგან, მისი დამღუპველობის აღიარება, დარწმუნება იმაში, რომ "ყოველივე სოფელსა შინა ესე არს გულის თქმაი ხორცთაი და გულის თქმაი თვალთაი და სილაღე ამის ცხოვრებისა?" (1 იოან. 2.16), მეტიც: საჭიროა არა მარტო სოფელი მოვიძულოთ, არამედ "სულიცა თვისი" სოფელსა ამას შინა (ლუკ. 14.26). (ე.ი. მოვიძულოთ ჩვენს სულში ყველაფერი ის, რაც გვამონებს ამა სოფელს).
ამიტომაც, ვიდრე მივეახლებით ნათლობის საიდუმლოს, ჩვენ უარვყოფთ და განვაგდებთ სატანას და ყველა მის საქმეს, ე. ი. სოფელსა და ყველა მის ცოდვიან სიამოვნებებს. ამის შემდეგ დავეფლობით უფალთან ერთად ნათლობის საიდუმლოებაში: და როდესაც ადამიანი ასეთი გრძნობებით და ასეთი სარწმუნოებით სამგზის შთაეფლობა ემბაზში წმინდა სამების სახელით, მაშინ ამ საიდუმლო მოქმედების ძალით, რომელიც თვით უფლისაგან აქვს მოცემული ეკლესიას, ადამიანი, თითქოსდა, ქრისტესთან ერთად კვდება ჯვარზე. "ანუ არა უწყითა, - ამბობს მოციქული - რამეთუ რომელთა - ესე ნათელ-ვიღეთ ქრისტე იესუს მიერ, სიკვდილისა მისისა მიმართ ნათელ-ვიღეთ?" მის "თანა დავეფლენით ნათლი-ღებითა მით სიკვდილსა მისსა..." (რომ. 6.3,4). ასე რომ, ქრისტეს მიერ ნათელღებულთა უარვყავით რა სოფელი ესე, მთელი მისი მაცთური სიკეთენი, მომატყუებელი იმედები, მოვიძულეთ რა თვით ჩვენი ცხოვრება ამა სოფელში, თითქოსდა განვედით (გულით და სულით) ამა სოფლის მიერ უარყოფილი, ჩვენი უფლის კვალდაკვალ. თუმცა რა თქმა უნდა: "უკეთუ თანა-ნერგ ვექმნენით მსგავსებასა მას სიკვდილისა მისისასა, ეგრეთცა აღდგომასა მას მისსა ვიყვნეთ", თუ "მის თანა-დავეფლენით ნათლისღებითა მით სიკვდილისასა", მაშინ, ვითარცა "იგი აღსდგა ქრისტე მკვდრეთით დიდებითა მამისაითა, ეგრეთცა ჩვენ განახლებითა ცხოვრებისაითა ვიდიდოთ", "უკუეთუ მოვკვდეთ ქრისტეს თანა, გვრწამს, რამეთუ მის თანაცა ვცხონდეთ" (რომ. 6. 4,5,8,).
მიეახლება რა ნათლობის მსურველი წმინდა ემბაზს, უარყოფს იმ ცოდვილს ("ძველ ადამს"), რომელიც აქამდე ცხოვრობდა მასში, ეხლა იგი ქრისტესთან ერთად "ჯვარს ეცმის სოფლისა", "სოფელი კი მისსა" (გალატ. 6.14), მასში თითქოსდა კვდება უწინდელი ადამიანი, "მკვდარი კი განთავისუფლებულა ცოდვისაგან" (რომ. 6.7). ამგვარად, ნათელღებულს ცოდვები არა მარტო მიეტევება, არამედ ამ დროიდან მას არც კი შეერაცხება, თითქოსდა არავითარი საერთო არა აქვთ ამ, სხვა, ახალ ადამიანთან! რადგანაც ქრისტესთან ამ შეერთებაში მისი სიკვდილის მეშვეობით - სულიწმიდის მადლით ნათელღებულში, თითქოსდა ჩაისახება ყრმა, "ახალი დაბადებული" (2 კორ. 5.17; გალატ. 6.15), სიარულის დამწყები "განახლებულ ცხოვრებაში". ამის შემდეგ ადამიანი აღარ ცხოვრობს მთლიანად ამქვეყანაზე, არამედ მხოლოდ ნაწილობრივ ეხება მას - ელოდება, ემზადება უფლის შეწყნარებისათვის, მისი უხრწნელი მეუფებისათვის. ამგვარად, ნათლობის წმიდა ემბაზი "საფლავიცაა" და "დედა ეკლესიის წიაღიც": აქ კვდება ძველი ადამიანი, იბადება ახალი, იგი უარყოფს განხრწნადს - იღებს უამრავ უხრწნელ სიკეთესთან მიახლების უფლებას! ამიტომაცაა, რომ ეს საიდუმლოება "ცოდვათა მიტევების" საიდუმლოდ კი არ სახელდება, არამედ "ნათლისღების", "მეორედ შობის" საიდუმლოდ, "კვალად შობის საბანელად"!
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი