იმ ქრისტიანულ სასწაულთაგან, რომელნიც დღემდე ხილულად აღესრულება, ერთ-ერთია ნაკურთხი წყლის უხრწნელობა. ყოფილა შემთხვევები, რომ ნაკურთხი წყალი წლების მანძილზე ჰქონიათ შენახული, ხოლო როდესაც ჭურჭლისთვის თავი აუხდიათ, წყალს ისეთივე გემო ჰქონია, როგორიც ახალაღებულს.
ნაკურთხი წყლის უხრწნელობას ყველაზე ურწმუნო კომუნისტებიც კი აღიარებდნენ (ამას მეოცე საუკუნის 20-30-იანი წლების პრესაში დაბეჭდილი მასალები მოწმობს), მაგრამ, მათი მტკიცებით, წყალი იმიტომ არ ფუჭდებოდა, რომ მღვდლები მასში ვერცხლის ჯვარს ავლებდნენ. ამ მტკიცების გასაბათილებლად ისიც კმარა, რომ ღვთისმსახურნი წყალში ხშირად ხის ჯვარს ავლებენ, მაგრამ ის ისევე ინარჩუნებს უხრწნელობას, როგორც ვერცხლის ჯვრის გავლებით ნაკურთხი წყალი. ეკლესიური მოძღვრებით, ნაკურთხი წყლის უხრწნელობა ღვთის მადლისა და ძალის შედეგია და არა გარემო პირობებისა.
როგორ დაედო სათავე წყლის კურთხევას? რა განსხვავებაა მცირე და დიდ აიაზმას შორის? რა ძალა და მნიშვნელობა აქვს ნაკურთხი წყლის ხმევას? რატომ უნდა იკურთხოს ნაკურთხი წყლის სხურებით მართლმორწმუნე ქრისტიანის ყველა ნივთი? - ამ და სხვა საკითხებზე საუბარი ზესტაფონის წმინდა გიორგის სახელობის საკათედრო ტაძრის მოძღვარს, მამა დავით აბულაძეს ვთხოვეთ.
- როდის დაედო სათავე წყლის კურთხევას?
- წყლის კურთხევა ერთ-ერთი საეკლესიო საიდუმლოებაა, რომლის აღსრულების უფლება მხოლოდ ღვთისმსახურთ ენიჭებათ. პირველად წყალი თავად უფალმა იესო ქრისტემ აკურთხა და განწმინდა ყოველივე ხრწნილებისგან მდინარე იორდანეში შთასვლით. იორდანეში შთასვლით მაცხოვარმა მთელი დედამიწის წყლები აკურთხა და მათ სულიერი განწმენდის ძალა მიანიჭა. სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ უფალმა იოანე ნათლისმცემლისგან ნათლისღება ინება: "უფალმა ნათლისღება ინება იმისთვისაც, რომ "წყლის ბუნება განენათლებინა", - ბრძანებს წმინდა იოანე დამასკელი, - თორემ, ცხადია, იესო ქრისტეს ნათლისღება, რომელიც ადამიანს ცოდვათაგან განწმენდს და სასუფევლისთვის ამზადებს, არაფრად სჭირდებოდა. იგი მხოლოდ ჩვენთვის - ცოდვილი მონებისთვის მოინათლა, აკურთხა წყალი და მას განწმენდის ძალა მიანიჭა.
- ალბათ, სწორედ უფლის მიერ აღსრულებული წყლის კურთხევის, მისგან "წყლის ბუნების" განათლების, განწმენდის ნიშნად და მოსახსენიებლად აღესრულება ნათლისღების დღესასწაულის წინა საღამოს ყველა მოქმედ მართლმადიდებლურ ტაძარში წყლის კურთხევა - დიდი აიაზმა. არსებობს მოსაზრება, რომ ნათლისღების დღესასწაულზე დედამიწის ყველა წყალი ნაკურთხია და იგივე ძალა და მადლი შესწევს, რაც ღვთისმსახურთა მიერ ნაკურთხ წყალს. რამდენად მართებულია ეს მოსაზრება ეკლესიური თვალსაზრისით?
- ნათლისღების ღამეს ყველა წყალი - ტბებისა, მდინარეებისა, ზღვებისა, ჭებისა - მართლაც იკურთხება უფლისგან და იგივე ძალა და მადლი შესწევს, რაც ღვთისმსახურთა მიერ ნაკურთხ წყალს. ნათლისღების დღესასწაულზე, ზუსტად შუაღამისას, წყალი ყველგან იწყებს ღელვას, ნიშნად იმისა, რომ ამ დროს იორდანეში შებრძანდა მაცხოვარი. უძველეს ქრისტიანთაგან მოდის ჩვეულება ამ დროს წყაროებიდან, ჭებიდან, მდინარეებიდან წყლის აღებისა, რომელიც, როგორც აღვნიშნეთ, უფლისგან არის ნაკურთხი და არ იხრწნება. იოანე ოქროპირი ნათლისღების დღესასწაულზე წარმოთქმულ ერთ-ერთ ქადაგებაში ბრძანებს: ეს არის დღე, როდესაც ნათელ-იღო იესო ქრისტემ და განწმინდა წყლები. ამის გამო შუაღამისას იღებენ წყალს, მიაქვთ შინ, უფრთხილდებიან და მთელი წლის განმავლობაში ინახავენ. ასევე მთელი წლის მანძილზე ინახავენ მორწმუნენი ნათლისღების დღესასწაულზე ღვთისმსახურთა მიერ ნაკურთხ წყალს, თუმცა იგი წელიწადზე მეტხანსაც ინახება უხრწნელად - ხშირად ორი და სამი წლის შემდეგაც ისეთივეა, როგორიც ახალაღებული, არც ფერი ეცვლება, არც გემო და არც სხვა რამ თვისებები.
- ნათლისღების დღესასწაულზე წყლის კურთხევას უძველესი ტრადიცია აქვს. იგი მოხსენიებულია მოციქულთა დადგენილებებში. ამ დღეს იერუსალიმის პატრიარქი მდინარე იორდანეს აკურთხებს და მასში სამგზის შთაფლავს ჯვარს. წყალში ჯვრის სამგზის შთაფვლა ხდება ნათლისღების დღესასწაულზე მართლმადიდებლურ ტაძრებში აღსრულებული წყლის კურთხევის დროსაც. რას განასახიერებს სიმბოლურად ეს ქმედება?
- წყლის კურთხევისას მასში ჯვრის სამგზის შთაფვლა სიმბოლურად მიანიშნებს უფლის სამგზის შთაფვლაზე იორდანეში იოანე ნათლისმცემლისგან ნათლისღების ჟამს.
- დიდი აიაზმის გარდა არსებობს მცირე აიაზმა - მცირე წყლის კურთხევაც. რა განსხვავებაა მათ შორის?
- დიდ აიაზმად იწოდება ნათლისღების დღესასწაულზე ნაკურთხი წყალი, დიდი აიაზმა იკურთხება ვნების შვიდეულშიც. მცირე აიაზმა კი ეწოდება პარაკლისებსა და სხვა საეკლესიო მსახურებათა დროს ნაკურთხ წყალს. მცირე აიაზმის კურთხევა მოძღვარს ნებისმიერ დროს შეუძლია.
- საზოგადოდ, რა ძალა და მნიშვნელობა აქვს ნაკურთხი წყლის ხმევას და აქვს თუ არა რაიმე განსაკუთრებული შეწევნის უნარი ნათლისღების დღესასწაულზე ნაკურთხ წყალს, რაც მის განსაკუთრებულ შემთხვევებში გამოყენებას მოითხოვს?
- ნაკურთხი წყალი უდიდესი სიწმინდეა. მას შესწევს ძალა, განდევნოს ბოროტი და მის ყოველ მზაკვრულ ქმედებას განგვარიდოს. ამიტომაც იკურთხება ნაკურთხი წყლის სხურებით ტაძრები, საცხოვრებელი სახლები, ქრისტიანის ყველა ნივთი. სასურველია მისი სხურება საკვებზეც. ამასთანავე, ნაკურთხი წყალი ადამიანს სულიერ და ფიზიკურ უძლურებათაგან კურნავს. ნათლისღების დღესასწაულზე ნაკურთხ წყალს იგივე ძალა შესწევს, რაც მცირე აიაზმას, თუმცა დიდი აიაზმა მართლაც გამოიყენება განსაკუთრებულ და საგანგებო შემთხვევებში, მაგალითად, ტაძრებისა და სახლის კურთხევის დროს.
- როგორც წმინდა მამები ბრძანებენ, როდესაც ექიმი ავადმყოფს წამალს უნიშნავს, მისი მიღების წესსაც მიუთითებს, მისი დარიგების, მის მიერ გამოწერილი რეცეპტის უგულებელყოფისა თუ უმართებულოდ შესრულების შემთხვევაში წამალს ეფექტი არ ექნება. ასევე არსებობს სულიერი (ეკლესიური) წამლების, მათ შორის - ნაკურთხი წყლის მიღების წესი. ისინი სულის მკურნალის - ღვთისმსახურის რჩევა-მითითებების გათვალისწინებით უნდა მივიღოთ, რათა ზემოქმედების უნარი არ დაკარგონ. მაინც როგორ უნდა მივიღოთ ნაკურთხი წყალი, რომ სულიერ და ფიზიკურ სნეულებათაგან განგვკურნოს?
- ნაკურთხი წყალი, უწინარეს ყოვლისა, რწმენითა და სასოებით უნდა ვიხმიოთ. ეს უმთავრესი და აუცილებელი პირობაა მისგან კურნებისა და შეწევნის მისაღებად. ნაკურთხ წყალს მორწმუნენი იხმევენ უზმოზე, დილის ლოცვების წარმოთქმის შემდეგ, სეფისკვერთან ერთად, რათა მისი ძალითა და მადლით ორგანიზმიდან განიდევნოს ყოველივე უარყოფითი. სულიერი და ფიზიკური უძლურების, მძიმე სნეულებისა თუ სხვა განსაცდელის ჟამს, მოძღვრის კურთხევით, ნაკურთხი წყალი დღის განმავლობაში რამდენიმეჯერაც შეიძლება მივიღოთ.
არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ნაკურთხი წყლის მიღება სიმთვრალეში, რადგან ასეთ შემთხვევაში აიაზმა ზემოქმედების უნარს კარგავს.
- მართალია, ნაკურთხ წყალს ღვთის მადლითა და ძალით უხრწნელობის უნარი აქვს მინიჭებული, მაგრამ თუ უდიერად მოვეპყრობით, შესაძლოა, გაფუჭდეს კიდეც. რა წესების დაცვაა საჭირო, რომ ნაკურთხმა წყალმა უხრწნელობა შეინარჩუნოს?
- ნაკურთხი წყალი სუფთა და თავდახურულ ჭურჭელში უნდა ჩავასხათ. ვეცადოთ, გამოყენების შემდეგ თავღია არ დარჩეს. ასევე არ შეიძლება ტუჩით შევეხოთ იმ ჭურჭელს, რომელშიც ნაკურთხი წყალი ასხია.
- როგორ მოიქცეს ადამიანი, თუკი დაუდევრობის გამო ნაკურთხი წყალი გაუფუჭდა?
- ასეთ შემთხვევაში წყალი შეიძლება მივიტანოთ ტაძარში და ისე მოვიქცეთ, როგორც ღვთისმსახური გვაკურთხებს, ან დავღვაროთ სუფთა ადგილას, მაგალითად, ყვავილების ბაღში ან ვენახში.
- შეიძლება თუ არა ნაკურთხი წყლის ოდენობის გაზრდა ჩვეულებრივი წყლის დამატებით?
- როდესაც გვსურს, ნაკურთხი წყლის ოდენობა ჩვეულებრივის დამატებით გავზარდოთ, ჭურჭელში ჯერ ჩვეულებრივი წყალი უნდა ჩავასხათ, მერე კი ნაკურთხი ჩავამატოთ.
- შესწევს თუ არა არამართლმადიდებელ მღვდელმსახურთა მიერ ნაკურთხ წყალს იგივე ძალა, რაც მართლმადიდებელ ღვთისმსახურთა მიერ ნაკურთხს?
- უხრწნელობას მხოლოდ მართლმადიდებელ ღვთისმსახურთა მიერ ნაკურთხი წყალი ინარჩუნებს, მხოლოდ მას შესწევს ბოროტის განდევნისა და სულიერ თუ ფიზიკურ სნეულებათაგან განკურნების ძალა, რაც მართლმადიდებლობის ჭეშმარიტების ერთ-ერთი ნათელი დასტურია და იმაზე მიუთითებს, რომ უფალი მხოლოდ მართლმადიდებელ ღვთისმსახურთა ლოცვას შეიწირავს, მხოლოდ მათ მიერ აღსრულებული მღვდელმოქმედებისას გარდამოედინება სულიწმინდის მადლი, რადგან სწორედ მართლმადიდებლობაა ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგია, რომლის მოძღვრება სულიწმინდის კარნახით დაწერილ "წმინდა წერილსა" და თავად უფალ იესო ქრისტეს მიერ ნაკურთხ მოციქულთა ქადაგებას ეფუძნება და უცვლელია მოციქულთა დროიდან მოყოლებული დღემდე. არამართლმადიდებელ მღვდელმსახურთა მიერ აღსრულებული ყველა სამღვდელო ქმედება, არასწორი, არაჭეშმარიტი ქადაგებით, სულიწმინდის კარნახით დაწერილი "წმინდა წერილის" არასწორი განმარტებით, თავიანთი მოძღვრების ჩვეულებრივ მოკვდავთა მიერ მოგონილი და შეთხზული სწავლებებით გაჯერებითა თუ სხვა ცდომილებებით, მოკლებულია სულიწმინდის მადლს.
წიგნში "უფლის ძალით განცხადებული მართლმადიდებლობის ჭეშმარიტება" მოთხრობილია ასეთი შემთხვევა: ქალაქ ბელგრადში კათოლიკეებსა და მართლმადიდებლებს შორის მომხდარი უთანხმოების გამო საჭირო გახდა დაემტკიცებინათ, თუ ვისი სარწმუნოება იყო ჭეშმარიტი. მართლმადიდებელი სარწმუნოების მიმდევარ მხედართმთავარ მიხაელს კათოლიკეებმა შესთავაზეს, რომ ორივე მხრიდან გამოეყვანათ სჯულის მცოდნე ღვთისმეტყველნი და საჯარო პაექრობა მოეწყოთ. სიტყვიერი კამათი შესაძლოა დაუსრულებლად გაგრძელდეს და ჩვენ ვერაფერში დავარწმუნოთ ერთმანეთი, ამიტომ დაე ღმერთმა თავად დაგვარწმუნოს! ვაკურთხოთ ჩვენ-ჩვენს ეკლესიებში წყალი, დავბეჭდოთ და ერთ ეკლესიაში შევინახოთ, თან მცველები დავუყენოთ. ორმოცი დღის შემდეგ გავხსნათ და უფალი ცხადად დაგვანახებს, ვისი სარწმუნოებაა ჭეშმარიტიო, - უთხრა მათ მიხაელმა.
მართლაც ასე მოიქცნენ. როდესაც ორმოცი დღის შემდეგ ორივე სარწმუნოების მღვდელმსახურთა მიერ ნაკურთხი წყალი გახსნეს, აღმოჩნდა, რომ მართლმადიდებელთა მიერ ნაკურთხი წყალი ისეთივე სუფთა და გამჭვირვალე იყო, როგორიც ახალაღებული, კათოლიკეების მიერ ნაკურთხს კი ფერიც შეცვლოდა და გემოც. ჭურჭლის გახსნის შემდეგ გახრწნილი წყლისაგან მომდინარე მძაფრი უსიამოვნო სუნი მთელ ეკლესიას მოედო. იმ დღეს ბევრი კათოლიკე, მათ შორის - მღვდელმსახურნიც, მართლმადიდებლურ სარწმუნოებაზე მოექცა, მართლმადიდებლებმა კი სიხარულით განადიდეს ღმერთი.
პ.ს. ბოროტის განდევნის, სნეულებათაგან განკურნებისა თუ სხვა გასაჭირის ჟამს შეწევნის ძალა წმინდანთა ლოცვით აღმოცენებულ წყაროთა წყლებსაც შესწევთ, რადგან ისინიც წმინდაა და უფლისგან არის ნაკურთხი, მთავარია სასწაულმოქმედი წყალი რწმენითა და სასოებით მივიღოთ. რამდენიმე ასეთი წყარო საქართველოშიც მოედინება. მაგალითად, ბოდბის მონასტრის ტერიტორიაზე წმინდა ნინოს ლოცვით აღმოცენებული წყარო, რომელიც ნინოს წყაროს სახელითაც არის ცნობილი; დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსში, კერძოდ, დავითის ლავრის ერთ-ერთ ქვაბულში წვეთ-წვეთად მდინარე წყარო, რომელიც წმინდა დავით გარეჯელმა უფლის მიმართ მრავალდღიანი ლოცვით აღმოაცენა. მას "დავითის ცრემლებს" უწოდებენ და, როგორც ამბობენ, განსაკუთრებით თვალის სნეულებათა განკურნების ძალა შესწევს. სასწაულმოქმედი წყარო მოედინება შიომღვიმის მონასტრის ტერიტორიაზეც, რომელიც წმინდა შიო მღვიმელის ლოცვით თვით უფლის ანგელოზმა ამოკვეთა კვერთხით: იმ არემარეზე, სადაც წმინდა შიო მღვიმელი მკვიდრობდა, წყალი არ მოიპოვებოდა, ამიტომ მასთან მოღვაწე ბერებს შორი მანძილიდან უწევდათ წყლის ზიდვა. ერთხელ ერთ ბერს წყაროდან დაბრუნებისას ფეხი დაუცდა და წყალი დაეღვარა. ბერს ცრემლები წამოსცვივდა. ამ ამბავს შიო მღვიმელიც შეესწრო. მან თვალცრემლიანი ძმა დაამშვიდა და უთხრა, შენი ცრემლების სანაცვლოდ უფალი წყალს აღმოაცენებსო. ლოცვისას კი ცხადად დაინახა უფლის ანგელოზი, რომელიც კვერთხით მიწას ჭრიდა. იმ ადგილას მართლაც აღმოცენდა ანკარა წყარო. მას "ბერის ცრემლები" უწოდეს და დღემდე ამ სახელით არის ცნობილი.
სასწაულმოქმედების ძალა შესწევს ზედაზნის მონასტერში ზედაზნობის დღესასწაულზე ჩრდილოეთის კედლიდან გადმოსულ წყალსაც.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი