ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავს – ვინ არ დაუახლოვდება გულღია, კეთილ და მხიარულ კაცს, რომელსაც ხუმრობაც ეხერხება და ნებისმიერ ღრმა და ძალიან სერიოზულ თემებზე ფიქრი და საუბარიც.
ვასილი თან ამერიკელია, თან – იაპონელი, – აღნაგობა, თვალისმომჭრელი "ჰოლივუდური" ღიმილი და ახოვანება ამერიკელი მამისაგან იმემკვიდრევა, წვრილი თვალები და სახის ნაკვთები კი – იაპონელი დედისაგან, ხოლო როდესაც ეკითხებიან, სადაური ხარო, დაუყოვნებლივ პასუხობს: - მართლმადიდებელიო.
ათ წელზე მეტი იქნება, რაც მოიქცა და ეს გადაწყვეტილება არცთუ იოლად მიიღო: - როგორც ყოველ მაძიებელ სულს სჩვევია, მანაც დიდხანს ეძება საკუთარი თავი, მერე ოჯახშიც აიშალა ყველაფერი – დედა ალთას წავიდა, მამა – ბალთას და თვითონ, ამ ოჯახის ერთადერთმა შვილმა, გადაწყვიტა, რომ ყველაფერი უნდა გამოეცადა... მოკლედ, ხან სახლიდან გარბოდა, ხან სასმელს ეძალებოდა, ეწეოდა, ხანაც კაზინოში თამაშობდა... ბოლოს ამ თამაშ-თამაშში ისე ჩავარდა უზარმაზარ ვალებში, გონზე მოსვლაც ვეღარ მოასწრო... შემთხვევითი სამუშაოებით გაჰქონდა თავი და სწორედ ამ დროს გაიცნო ერთი პატარა, გაძვალტყავებული ჩინელი მისთვის ძალიან უცნაური და არაჩინური სახელით "მიხაილა". უილიამის ახალი ნაცნობი მართლმადიდებელი აღმოჩნდა და პირველად მისგან გაიგო ის, რამაც მართლმადიდებლობამდე მიიყვანა. პირველად მიხაილა მიჰყვა კალიფორნიის ბერძნულ მართლმადიდებლურ ტაძარში, შემდეგ თავად გაუჩნდა იქ სიარულის სურვილი – საეკლესიო გალობას უსმენდა, მლოცველებს აკვირდებოდა... მერე, დიდი მარხვისას მოინათლა კიდეც – ერთმა ბერძენმა გოგონამ მონათლა...
ცხოვრება ისე აეწყო, რომ ნათლობიდან ცოტა ხანში იაპონიაში, დედასთან მოუხდა გამგზავრება, სადაც პატარა იაპონური ქალაქის მახლობლად მართლმადიდებლური ტაძარი აღმოაჩინა და იქ დაიწყო სიარული, - მართალია, ტაძრამდე დიდი გზა ჰქონდა, - ჯერ ველოსიპედით უწევდა სიარული, შემდეგ – მატარებლით, მერე კი – ავტობუსით, მაგრამ მაინც დადიოდა, ცოტა ხანში სტიქაროსნადაც გაამწესეს...
იაპონიაში დიდხანს არ დარჩენილა – განათლების მისაღებად ისევ ამერიკაში მოუწია დაბრუნება. იქაურ მართლმადიდებლურ ტაძართა შორის ყველაზე მეტად სან-ფრანცისკო-ნიკოლსკი შეუყვარდა, სადაც მედავითნეობდა, გალობდა და ძველ სლავურსაც დაეუფლა... ვასილს, საერთოდ, ასეთი ბუნება აქვს – ყველაფერს ადვილად და სიღრმისეულად ითვისებს, ჰოდა, ერთ დღესაც ხელში ფერადი ბროშურა - "წმიდა სამების სერგის ლავრა" ჩაუვარდა...
- სული შემეხუთა ტაძრის სილამაზით და ჯერაც გაუაზრებელი სურვილით... რუსეთში მომინდა წასვლა, მაგრამ ამის თქმა ადვილი იყო, გაკეთება კი – ძალიან ძნელი... დედაჩემი კატეგორიულად შემეწინააღმდეგა – თვითონ ადრე პროტესტანტი იყო, მერე – ბუდისტი, მამაჩემი, მართალია, მხარს მიჭერდა, მაგრამ არც ისე აქტიურად...
- როგორ მიხვედი ამ სურვილამდე?
- ერთ საღამოსაც ძალიან დიდხანს ვიხეტიალე, დიდხანს ვიფიქრე, დროა, საბოლოოდ გავერკვე, რა უნდა ვაკეთო-მეთქი, იმ დროს მღვდლობა უკვე მინდოდა, მაგრამ სად უნდა მესწავლა? იაპონიაში კი არსებობს სასულიერო სემინარია, მაგრამ იქ ძალიან ცოტა მართლმადიდებელია, ამერიკაში ბევრი რუსი მართლმადიდებელი ემიგრანტი ცხოვრობს, მაგრამ ისინი პროტესტანტების დიდი ზეწოლის ქვეშ არსებობენ... მოკლედ, როგორმე სასწავლებლად რუსეთში უნდა წავსულიყავი და ასეც მოხდა – სასულიერო აკადემია იქ დავამთავრე... თავიდან ენა საერთოდ არ ვიცოდი, მაგრამ მალე შევისწავლე, იმიტომ, რომ ძალიან ჯიუტი და მიზანდასახული ვარ, იქაური მეგობრებიც დამეხმარნენ, თავი რომ მერჩინა, ხან ექსკურსიამძღოლად ვმუშაობდი, ხან – სასადილოში, თან სულ ვკითხულობდი სასულიერო ლიტერატურას... ძალიან კი გამიჭირდა იქაურ უმზეო და ცივ კლიმატში ცხოვრება... ერთ წელიწადში რუსულს სრულყოფილად დავეუფლე, მერე ბერძნულის სწავლა დავიწყე, ახლა კი, როდესაც თქვენს ულამაზეს მიწაზე მოვხვდი, ქართულის სწავლის დიდი სურვილიც გამიჩნდა, ის კი არა, შეიძლება, სულაც თქვენთან დავრჩე...
- რამდენი ხნით ჩამოხვედი?
- სამწუხაროდ, სულ ორი დღით, მაგრამ თბილისში რამდენიმე ტაძრის ნახვა მაინც მოვასწარი... არ იცით, რომ ძალიან მადლიანი ქვეყანა გაქვთ? უცხოელისათვის, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის, ეს ძალიან თვალშისაცემია – სიძველის, მადლის და დიდი წარსულის სუნს მაშინვე იგრძნობ, საოცარი განცდაა... ისე, ქუჩაში ბევრი მიყურებდა გაოცებით, ალბათ, ვეღარ გაეგოთ, ამერიკელი ვიყავი თუ იაპონელი...
- ისე, შენ როგორ გგონია, რომელი ხარ?
- მართლმადიდებელი, რომელიც, იმედია, უფლისთვის სათნოს ცხოვრებას შეძლებს.
***
თუ რაოდენი ძალა აქვს ლოცვას, მეოცე საუკუნის დასაწყისში მომხდარი ეს საკვირველი ამბავიც ცხადყოფს, რომელიც ხარბინში მოხდა:იმ დროისათვის ქალაქში რუსი ემიგრანტები ცხოვრობდნენ, რომლებმაც თან უამრავი ხატი ჩამოაბრძანეს... რუსებმა სარკინიგზო სადგურზეც კი წმინდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის დიდი ხატი დაკიდეს...
ერთხელ, ადრეულ გაზაფხულზე, ვაგზლის შენობაში თავიდან ფეხებამდე სველი მოხუცი ჩინელი შევარდა და ხსენებული ხატის წინ, იატაკზე დაემხო... ხელებაპყრობილი, აღელვებული მოხუცი რაღაცას ბურტყუნებდა... როგორც შემდეგ გაირკვა, როცა გაყინულ მდინარეზე გადადიოდა, ყინული ჩატყდა და უბედურს დინება უკვე სიღრმისაკენ მიაქანებდა, როდესაც გაახსენდა, რომ რუსები შემწეობას ყოველთვის იმ მოხუცს შესთხოვდნენ, რომლის გამოსახულებაც ვაგზალზე ეკიდა...
"ხუცესო ვაგზლიდან, ხუცესო ვაგზლიდან, გადამარჩინე!" - ამის ამოთქმაღა მოასწრო მოხუცმა, სანამ გონებას დაკარგავდა, მაგრამ გონს რომ მოეგო, უკვე მეორე ნაპირზე იყო... საბრალო თურმე მაშინვე წამოხტა და ვაგზლისკენ გაიქცა, რომ წმინდა ხუცესისათვის მადლობა შეეწირა, ასე სასწაულებრივად რომ გადაარჩინა...
***
თუ რაოდენ სარგოა გარდაცვლილთათვის აღვლენილი ლოცვა, რუსეთში მეცხრამეტე საუკუნის ოთხმოციან წლებში მომხდარი ეს ამბავიც დაგვიმოწმებს:"დედაჩემის გარდაცვალების წლისთავს სტაროდუბსკის ერთ-ერთ ტაძარში შევხვდი და ღვთისმსახურების დასრულების შემდგომ მშობლის მრავალრიცხოვან ნათესავებსა და მეგობრებს, მისი სულის მოსახსენიებლად რომ შეკრებილიყვნენ, მადლობაც გადავუხადე...
- დიახ, მამაო, - მომმართა ერთმა დამსწრეთაგანმა, რომელსაც უმაღლესი საღვთისმეტყველო განათლება ჰქონდა მიღებული და ფრიად საპასუხისმგებლო თანამდებობაც ეკავა, - საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი გარდაცვლილთა სულის საოხად აღვლენილი ახლობელთა ლოცვის ძალა და ღრმად მწამს იმისა, რომ ლოცვა ძალზე სათნოა ღვთისათვის და ძლიერ საამო და სასიხარულო - იმქვეყნად მყოფთათვის...
როდესაც კიევში ვმსახურობდი, მიძინების სახელობის დიდი ლავრის ერთ ბერთან ვახლობლობდი... ერთ საღამოს, როდესაც მსტუმრობდა, ვთხოვე, უახლოესი გარდაცვლილი ნათესავების სახელზე ლოცვა აღევლინა... ბერი სათხოვარის აღსრულებას დამპირდა და მონასტერში დაბრუნდა, მე კი დასაძინებლად დავწექი...
ძილში ვხედავ, რომ ჩემთან გარდაცვლილი მშობლები მოვიდნენ და გახარებულებმა, ქედდადრეკით დიდი მადლობა მომიძღვნეს...
როგორც შემდეგ დავაზუსტე, ხსენებული ხილვა ზუსტად იმ დროს მქონია, რა დროსაც ღვთისმოსავმა ბერმა ჩემი სათხოვარი აღასრულა და წმინდა კვეთისას, სეფისკვერიდან ნაწილების ამიღებისას, ჩემი მშობლების სახელები მოიხსენია..."
***
და აი, კიდევ ერთი ძველი ამბავი:"29 სექტემბერს (მეცხრამეტე საუკუნე, - ავტ.) ღამით ასეთი რამ მესიზმრა, - გვიაბმო გრაფმა მ. ვ. ტოლსტოიმ, - თითქოს ჩემი სასახლის დიდ დარბაზში ვიდექი, სასტუმროდან კი ბავშვთა ჟრიამული ისმოდა, მათ შორის იყო ჩემი გარდაცვლილი ვაჟი ვალოდიაც... სიხარულით გავექანე მისკენ და ჩავეხუტე...
- სად ხარ, ვალოდია?! ნუთუ ეს შენ ხარ?! სად ხარ, მამიკოს სიხარულო, უფალთან ხარ, არა?! - ანგარიშმიუცემლად ვამბობდი ამ სიტყვებს და მონატრებულ შვილს სახეს ვუკოცნიდი...
- არა, მამა, ჯერ უფალთან არ მივსულვარ, მაგრამ მასთან მალე ვიქნები, - მიპასუხა ვალოდიამ.
- ხომ კარგად ხარ, შვილო?
- კარგად, მამა, ბევრად უკეთ, ვიდრე თქვენთან ვიყავი...
- როდის მოიწყენ ხოლმე, შვილო?
- განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შენ და დედა ჩემს გამო ტირით... მე მაშინ ვნუგეშობ, როდესაც ორივენი ლოცულობთ ჩემთვის და ჩემს სახელზე მოწყალებას გასცემთ... სულ ვლოცულობ და ვლოცულობ დედიკოსთვის, თქვენთვის, ჩემი ძმებისათვის, პაშასათვის (დისათვის) და ყველასათვის, ვისაც ვუყვარვარ... დედა მოიკითხეთ და ასე ძლიერ ჩაეხუტეთ ჩემს ნაცვლად... - და ვალოდია კვლავინდებურად ჩამეკონა...
კინაღამ ცრემლმა დამახრჩო, მაგრამ თავი შევიკავე და ვთხოვე:
- სიხარულო ჩემო, ეგებ დედაც გენახულა?!
- უთუოდ ვნახავ, მაგრამ მაშინ, როდესაც აღარ მიტირებს.
მოულოდნელად დერეფნის მხრიდან ჩემი მეუღლის ხმა შემომესმა და უკან მივიხედე... როდესაც ვალოდიასკენ მოვტრიალდი, იქ აღარავინ დამხვდა... ამ დროს გამეღვიძა კიდეც და მღელვარებისაგან გული ისე ძლიერ მიცემდა, მეგონა, გამისკდება-მეთქი... აქ კი თავი ვეღარ შევიკავე და ხმამაღლა ავქვითინდი..."