არის რაღაც, რაც მუდამ ჩვენთან უნდა იყოს და ყოველწამიერ უნდა გვჭირდებოდეს, რადგან ჩვენ მხოლოდ "ჩვენ" როდი ვართ.
როდესაც მეცხრამეტე საუკუნის მოღვაწის, პეტრე კონჭოშვილის ჯერ ნაშრომს ("მოგზაურობა წმიდა ქალაქ იერუსალემსა და წმიდა ათონის მთაზედ"), შემდეგ კი ცხოვრებას გავეცანი, ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი.
ეს "შეხვედრა" თითქოს შემთხვევით მოხდა, - მაშინ, როდესაც ათონის მთაზე ვაგროვებდი მასალას და ეროვნულ ბიბლიოთეკაში ხსენებული წიგნის ავტორის დროინდელ გამოცემას წავაწყდი თავად მეუფე პეტრეს ზედწარწერითურთ.
დამეთანხმებით, ყოველ ნივთს, ადგილსა და ადამიანს თავისი მუხტი აქვს, ერთგვარი "სულიერი შინაარსი" და ამ წიგნმაც ანდამატივით მიიზიდა ჩემი გონება.
თუმცა ამჯერად იქ ამოკითხულ მხოლოდ ერთ საოცარ ისტორიას გიამბობთ, როგორც ნამდვილ ამბავს უახლესი ისტორიიდან და თან დავურთავ მეუფე პეტრე კონჭოშვილის - ძალზე საინტერესო ადამიანის არანაკლებ საგულისხმო ბიოგრაფიას.
ცხოვრება
მეუფე პეტრე 1836 წელს კახეთს, სოფელ საბუეში, მღვდელ დავით კონჭოშვილის ოჯახში დაბადებულა. მამა ვერც მოსწრებია შვილის დაკაცებას, რადგან ნაადრევად გარდაცვლილა.
დაწყებითი განათლება პეტრესთვის ოჯახს მიუცია, სასულიერო კი - თელავის სასულიერო სასწავლებელსა და თბილისის სემინარიას, რომელთა დასრულებისთანავე მღვდლად უკურთხებიათ და საინგილოში - გათათრებულ ქართულ მიწაზე - გაუმწესებიათ.
თუმცა არსებობს სხვა ვერსიაც: ერთ-ერთი მისი მემატიანის მოწმობით, მას ჯერ ჯავაში, შემდეგ კი საინგილოში უმსახურია. თუმცა ის უფრო მნიშვნელოვანია, რომ მეუფე პეტრეს სწორედ ისეთ რეგიონებში უხდებოდა მოღვაწეობა, სადაც მღვდლობასთან ერთად კაცი მისიონერიც უნდა ყოფილიყო, მასწავლებელიც და განმანათლებელიც, რასაც ჯერაც ჭაბუკმა თურმე მშვენივრად გაართვა თავი.
1868 წლიდან იგი თბილისში ქალთა ინსტიტუტის საღვთო სჯულის პედაგოგად ინიშნება, სადაც 35 წელზე მეტხანს მსახურობს, თუმცა პარალელურად მოღვაწეობს თბილისის სასულიერო სემინარიაშიც პედაგოგადაც და საბჭოს წევრადაც.
იგი არა მხოლოდ უებრო მოძღვარი და პედაგოგი, იმ დროის ყველა საზოგადო და ეროვნული საქმის მონაწილე და ხშირად მოთავეც გახლდათ.
იმდროინდელი ქართული საზოგადოებისთვის ძალზე მტკივნეული იყო ქართული ენის სწავლების საკითხი. მაშინ დეკანოზი, შემდგომ კი ეპისკოპოსი პეტრე სხვა საზოგადო მოღვაწეებთან ერთად მშობლიური ენის უფლებების დასაცავად იღვწოდა. ამის მაგალითად თუნდაც პეტრე კონჭოშვილის ტექსტოლოგიური მუშაობა გამოდგება ბიბლიაზე, რასაც მან მრავალი წელი შეალია - ქართულ ხელნაწერ და ნაბეჭდ ბიბლიებს სლავურიდან თარგმნილს ადარებდა და საგულდაგულოდ ასწორებდა.
იგი სხვა ქართველ სასულიერო პირებთან ერთად აქტიურად მონაწილეობდა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საქმეში.
მეუფე პეტრე ჯერ ალავერდელი ეპისკოპოსი გახლდათ, შემდეგ დროებით - იმერეთისა, მოგვიანებით კი - გორის ეპისკოპოსი და საქართველოს საეგზარქოსოს პირველი ქორეპისკოპოსი.
ძალიან მალე, 1907 წელს, მეუფემ ბიბლიის ქართულ ენაზე გამოცემის კომისიის თავმჯდომარეობას ახალდაარსებული საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების ნამდვილ წევრობას, ჩვენი დედატაძრის - სვეტიცხოვლის განახლების კომიტეტის თავმჯდომარეობასა და ჯვრის მონასტრის აღდგენის კომიტეტის წევრობას უთავსებს და აქტიურად თანამშრომლობს იმდროინდელ ქართულ პრესასთან.
იგი, უამრავ ღირსებასა და ნიჭთან ერთად, ძალზე მოწყალე და ქველმოქმედი კაციც ყოფილა.
1899 წელს, მარტ-აგვისტოში, იმ დროს დეკანოზმა პეტრემ წმინდა მიწასა და ათონის მთაზე იმოგზაურა და საკუთარი შთაბეჭდილებები ჯერ ილიასეულ "ივერიაში" გამოაქვეყნა, შემდეგ კი ცალკე წიგნადაც გამოსცა.
მეუფე პეტრე 1909 წელს მიიცვალა და ანდერძისამებრ, მისთვის სანუკვარ ალავერდის წიაღში განისვენებს.
***
"სტამბოლში მისულიყო საქართველოდგან ერთი ჩვენის ეროვნების ახალგაზრდა თუშთაგანი. გემზედ თურმე ფული მოჰპარეს და უცხო ქვეყანაში ცარიელი დარჩა, თან ადგილობრივ ენათა უმეცარი. ამ გაჭირვებაში მიუმართავს თურმე რუსის მონასტრის მეტოქიისათვის, რომელსაც ხუთსართულიანი სახლი უდგას შიგ სტამბოლში, უთხოვნია შეწყნარება და ღამის გათევა მათ საფარველსა ქვეშე. არ მიიღეს თურმე... ცხადია, იმისათვის, რომ არ იცოდა რუსული ენა, არ ემოსა სერთუკი, ანუ სამორჩილო კაბა და ემოსა ქართული ჩოხა და თავსაც თუშური ქუდი შვენოდა. თუმცა კი თავის მართლმადიდებლობას პირჯვრის გამოსახვით ამოწმებდა.
როდესაც იგი ქალაქგარეთ, მინდვრად ღამის სათევად მიდიოდა, უფალმა, როგორც მფარველი ანგელოსი, სტამბოლს დროებით მყოფი თვისტომი სილოვან ანტონის ძე მოუვლინა. ამ უკანასკნელმა ძმურის სიყვარულით შეიწყნარა თურმე, წაიყვანა თავის სადგომში და ღამეც სიამოვნებით გაატარებინა, ხოლო მეორე დღეს სამგზავრო ფული მისცა, გემზედ აიყვანა და ათონისაკენაც გაამგზავრა.
ვფიქრობ, მისი არმიღება სტამბოლის რუსის სავანეში განუვითარებელ და მდაბალ მორჩილთა უმეცრებით მოხდა, რომელნიც იქ მეკარედა სდგანან.
ეს ჩვენი კარგი თვისტომი აწ ღირსეულად ჰმოღვაწეობს ათონის ქართველთა სავანეში.
დრონი იცვალნენ, სახელოვანი ტომი ქართველთა, თუშნი, ქებულნი თვისის რაინდობითა და სიმამაცით, დასახლებულნი ქართველთა მეფეთაგან კავკასიის მთის მწვერვალზედ, დაღესტნის საზღვარზედ, შიშის ზარსა სცემდნენ ლეკთ, ჩაჩანთ და დიდოთ თვისი ვაჟკაცობით და ლომებრ ბრძოლით შამილის დამორჩილებამდე.
ერთი იმათ შვილთაგანი დღეს იხსნის ლესულსა ხმალსა, - თავის ერთგულს მეგობარსა ყოველსა განსაცდელსა, და ჯანითა და ღონით სავსე ახალგაზრდა, ოცის წლის ჭაბუკი, აღიღებს სულიერს ხრმალსა - სიტყვასა ღვთისასა...
დასდებს ფარსა მტერთა მოსაგერიებელსა და სარწმუნოების ფარს იპყრობს, თავიდან რკინის ჩაფხუტს იხდის და ცხოვნებისას იდგამს, განიძარცვავს ჯაჭვსა რკინისასა და შეიმოსს სიმართლესა, მოიხსნის ვერცხლის სარტყელს და შეირტყამს ჭეშმარიტებას... ჩამოიხსნის ერთგულსა თოფსა, მეხებრ მგრგვინავსა დღესა ბრძოლისასა, დასაშრეტელად განხურვებულთა ისართა ბოროტისათა და ქვეყნიერი უშიშარი მხედარი ხელმწიფისა ზეციერი მეუფის კეთილმორწმუნე მხედრად გარდიქცევა...
თუში მონაზონი, ისიც მეცხრამეტე საუკუნის დასასრულს, მართლაც რომ ეუცხოება ყურსა... ამაში განსაკუთრებული მოწოდებაა ზეცისა!
ვისურვოთ, რათა ღმერთმა მიანიჭოს მას ძალი და მადლი კეთილად საღვაწად ამ ახალ სასულიერო სარბიელზედ, რომ რწმენა მტკიცედ დაიცვას და დასასრულ სასუფევლის აღთქმული გვირგვინის ღირსიც შეიქმნას..."