***
ხაშურის რაიონის სოფელ მოხისში მოღვაწეობდა მღვდელი სამსონ მძინარაშვილი. მამა სამსონს ჰყავდა ცხენი, რომლითაც ახლომახლო სოფლებში დადიოდა. ცხენი ძალზე უკარება ყოფილა, მხოლოდ მაშინ შეისვამდა ზურგზე კაცს, თუ პატრონი ყურში რაღაცას ჩასჩურჩულებდა. პატრონისგან კილომეტრითაც რომ ყოფილიყო დაშორებული და მამა სამსონს ჩურჩულით ეხმო, დაოთხილი გამორბოდა თურმე.1938 წლის 3 მაისს მამა სამსონი ბოლშევიკებმა დახვრიტეს. ცხენმა ვერ აიტანა პატრონის დაკარგვა, იშიმშილა და მოკვდა. საბრალოს თურმე განუწყვეტლივ ცრემლი სდიოდა...
არც ცხენი დაინდეს კომუნისტებმა - ხაშურის რაიონის გაზეთში გამოუქვეყნებიათ გაძვალტყავებული პირუტყვის სურათი და მიუწერიათ: "სანამ მღვდელს ვატარებდი, მსუქანი და მოვლილი ვიყავი, ახლა კი, ნახეთ, რას დავემსგავსეო".
***
წმინდა გრიგოლ ხანძთელი და მონასტრის ძმები საქმისთვის შატბერდის მთაზე წასულიყვნენ. ამ დროს ტყიდან ირემი გამოვარდა, რომელსაც მონადირეები მოსდევდნენ, სადაც იყო, დაეწეოდნენ კიდევაც. ირემი მონაზვნებისკენ გაიქცა, ყველას გვერდი აუარა, მივიდა წმინდა გრიგოლთან, თავი ხელზე დაადო და ატირდა. ღირსმა მამამ ნუგეში სცა და უთხრა: "სახელითა ქრისტესაითა, ვერა გავნონ მტერთა ამათ შენთა, ნუ გეშინინ". დაინახეს ეს მონადირეებმა და ადიდეს ღმერთი. წმინდანმა აკურთხა ისინი და განუტევა, მერე კი ირემიც გაუშვა.იყო სხვა შემთხვევაც, როცა მონადირეებს გამოქცეულმა ოთხმა გარეულმა თხამ თავი ხანძთას, წმინდა გრიგოლის სენაკს შეაფარა. წმინდა მამა მიხვდა მიზეზს, სხვაგვარად სცა ნუგეში მონადირეებს, ისტუმრა და განუტევა, მერე კი ნადირიც დააპურა და მშვიდობით გაუშვა.
***
წმინდა ზაქარია ანჩელზე ჰყვებოდნენ: რთვლის ჟამს იჯდა ვენახში, ვაზის ძირში; იქვე შაშვი შემომჯდარიყო და მწიფე ნაყოფს ჭამდა. წმინდა ზაქარიამ ჯვარი გადასახა ჩიტს და ფრინველი მოკვდა. შეებრალა წმინდანს სულდგმული, კვლავ გადასახა ჯვარი, შაშვი გაცოცხლდა და გაფრინდა.ერთხელ იმ მხარეს ურიცხვი კალია შემოესია. წმინდა ზაქარიამ ანჩის საზღვართან მღვდლის ხელით თავისი კვერთხი მიაგება. უფალმა თავისი ერთგულის მადლით მოსრა სიმრავლე კალიათა და კაცნი სიხარულით მადლობდნენ ქრისტეს.
ერთხელ ვენახში ორი საზარელი გველი გამოჩნდა და მევენახენი შეაშინა. მაშინ თვით წმინდა ზაქარია წავიდა ვენახში და ქვეწარმავლები ლოცვით მოაკვდინა.
***
წმინდა სერაპიონ გარეჯელის სენაკის ახლოს ორი მტრედი ბუდობდა. როცა წმინდა მამა ტრაპეზობდა, ისინიც მოფრინდებოდნენ ხოლმე. წმინდანი დაუფხვნიდა პურს და მტრედებიც მისი ტაბლიდან ჭამდნენ.როცა წმინდა სერაპიონი გარაიცვალა, მტრედებიც გაფრინდნენ და მას შემდეგ ისინი მონასტერში აღარავის უნახავს.
***
გარეჯის უდაბნოში მონასტრის მცირე საძმოს ერთხანს წმინდა მარკოზი წინამძღვრობდა. მოახლოვდა ხარების დღესასწაული, მამებს კი სანუგეშოდ თევზი არ ჰქონდათ. წადით, ველზე მხალი მაინც მოკრიფეთო, უთხრა მოძღვარმა ძმებს. გავიდნენ ბერები მინდვრად და მხალის კრეფა დაიწყეს.Aამ დროს თავზე ყორანმა დასჩხავლათ. ძმებმა აიხედეს და დანახეს, რომ ფრინველს კლანჭებით თევზი ეჭირა. ყორანმა კლანჭები გაშალა და ძმების წინ მოზრდილი ცოცხალი თევზი დაეცა. ამ ამბის მოსაგონებლად მონასტრის შესასვლელის ზემოთ ქვაზე ამოკვეთეს ფრინველი, რომელსაც კლანჭებით თევზი უპყრია.***
დედა პარასკევა ჰყვებოდა: მამა გაბრიელის სენაკში თაგვები გამრავლდნენ. ხმამაღლა ვთქვი: "ხვალ საწამლავს ვიყიდი და დავუყრი-მეთქი". მამა გაბრიელმა მითხრა: "იყვნენ, შვილო, რას აშავებენ, აი, წუხელ ჩემს ლოგინშიც გაირბინ-გამოირბინესო". მე ისევ ჩემი გავიმეორე: "ხვალე საწამლავს დავუდებ-მეთქი". მეორე დღეს კი სენაკში თაგვის ჭაჭანება არ იყო. "ნეტავ სად გაქრნენ ეს თაგვები-მეთქი? - ვკითხე მამა გაბრიელს, მან კი გამიღიმა: "წმინდა ნიკოლოზსა ვთხოვე და წაიყვანაო".***
წმინდა იოანე ზედაზნელის მოწაფეს ერთხელ წყაროზე დათვი დახვდა. შეშინებული მოძღვართან გაიქცა და ყოველივე უამბო. წმინდა იოანე ადგა, წყაროსთან ჩავიდა და დათვს მშვიდად მიმართა: "თუ წყალი გწყურია, დალიე და წადი. ამიერიდან აქ დამკვიდრებულ კაცთაგანს ნურავის ავნებო". ესმა დათვს და მორჩილი და შეკდიმებული ღირსი მამისგან, თავდადრეკით და მყუდროებით გაეცალა იქაურობას. მას შემდეგ ვიდრე აქამომდე წმინდა იოანეს მცნებას იცავენ იმ დათვის შთამომავალნი: ვინმე რომ შეეყაროთ გზაზე, პირს იბრუნებენ და სხვა მხარეს წავლენ. ხშირად უნახავთ კიდეც მონასტრის ახლოს მოთამაშე, რომელიც არას ვნებდა კაცთ.***
განმარტოებისას ღირს მამა შიო მღვიმელთან საზრდო მტრედს მიჰქონდა. სწორედ ამ მტრედს მიჰყვა და აღმოაჩინა იგი წმინდა ევაგრემ. უამრავი ხალხი მიდიოდა წმინდა შიოსთან, მაგრამ მათ ჯორებსა და ცხენებს ხშირად ესხმოდნენ თავს გარეული მხეცები. მაშინ წმინდა შიომ ილოცა და იმ არემარეზე მცხოვრები ყველა ნადირი მის წინაშე გამოცხადდა. წმინდა შიომ, ვითარცა კაცთ, ლმობიერად დაუწყო მათ საუბარი, ისინი კი ქედმოდრეკილნი იდგნენ, უსმენდნენ ნეტარს და ელოდნენ მის განჩინებას. უთხრა მათ წმინდა შიომ: "იხილეთ, მხეცნო, სიმდაბლე ჩემი და მისმინეთ, რას გეტყვით. უწყის ქრისტემ, ფრიად მტკივა თქვენს გამო გული, მაგრამ ბუნება თქვენი ველურია, თქვენსა და ჩემს დამბადებელს უბრძანებია, რომ ამიერიდან პირმეტყველ კაცთა მიერ უნდა აივსოს ეს უდაბნო. ამიტომაც წადით, საყვარელნო ჩემნო, და ეძიეთ ადგილი, სადაც განისვენებთ. წასვლისას ნურავის ავნებთ, ერთი თქვენგანი კი აქ დადგეს ვირების სამწყემსად, რათა ძმებს მიუზღოს, რაც აქამდე შეაწუხეთო".მხეცები დაღმართზე დაეშვნენ, გადალახეს მტკვარი და წავიდნენ იქ, სადაც უფალმა უბრძანა, ბერთან კი ერთი მგელი დარჩა, რომელიც, ვითარცა მონა, მოშიშებით წარდგა მის წინაშე.
ეს მგელი განთიადისას ადგებოდა, ყმუილით მოუხმობდა ვირებს და საძოვარზე გაირეკავდა, მწუხრისას ყმუილითვე აუწყებდა ბერებს მოსვლას და ისინიც დააბინავებდნენ ხოლმე ჯოგს, ოთხფეხა მწყემსი კი წავიდოდა და წმინდა შიოს გამოქვაბულის კარებთან მიწვებოდა. ასე განვლო სამმა წელიწადმა. ამ ხნის განმავლობაში მგელს ხორცის ჩიჩქიც არ უგემია, დამბალი პურით საზრდოობდა.
ერთ საღამოს შეამჩნიეს, რომ ჯოგს კონონ ბერის სახედარი აკლდა. განრისხებულმა კონონმა მამა შიოს მიაშურა და უსაყვედურა: "შენი ბრალია, მამა შიო! მგელმა, შენ რომ დაადგინე, ვირი შემიჭამაო". მგელი, რაც შეეძლო, თავს იმართლებდა, წკმუოდა და ტიროდა. მერე კონონის კვერთხს კბილები დაავლო და თავისკენ დაუწყო ქაჩვა. "მიჰყევ მაგ მწყემსს, - უთხრა მამა შიომ კონონს, - და ნახე, შენს ვირს რა დაემართაო". "გინდა, მეც გამფატროსო?!" - ხმამაღლა შეაჩვენებდა კონონი წმინდა შიოს. წმინდანი არ განრისხებულა, ორი სხვა ძმა გააყოლა მგელს. მიჰყვნენ მწყემსს და დაინახეს, რომ ვირი კლდეზე გადაჩეხილიყო. შეწუხდა კონონი, შენდობა სთხოვა წმინდა შიოს. წმინდა მამამ კი იხმო მგელი და უთხრა: "მხეცო, გეყოფა მსახურება, მადლიერი ვარ შენი. თავისუფალი ხარ ამიერიდან, დაუბრუნდი შენიანებს და ნუღარასოდეს ავნებ ჩემი მონასტრის ძმებს, ამათ კი, დაე, თვითონ იპოვონ თავიანთი ვირების მწყემსებიო".
მგელი წავიდა და მას შემდეგ მონასტერში აღარ გამოჩენილა.