დედაბერი ქრისტინე. 1754 წელს ხუნძახის ბატონი ნურსალ-ბეგ ავარელი გადმოვიდა და ძარცვა-რბევით კახეთი გადმოიარა. გადმოლახა არაგვი, ქართლში შემოვიდა და მუხრან-დუშეთის გზაზე მდგარ მჭადიჯვრის ციხეს გარს შემოადგა.
იფიქრა, აქ შეხიზნულ ხალხს დავატყვევებო. მეფე ერეკლე, ჯარის სიმცირის მიუხედავად, შეება მტერს. სასტიკი ომი გაიმართა. როცა საქმე გაჭირდა, ერეკლე ცხენიდან ჩამოვიდა და სხვებსაც ჩამოქვეითება უბრძანა. ეს არის დღე ვაჟკაცობისა და სიყვარული რჯულისაო, - შესძახა ქართველთ. შეიქნა თოფთა სროლა. კვამლისგან კაცი აღარ ჩანდა. ქართლელთა და კახთა დაუშინეს ზამბურაკნი (დიდრონი თოფები) და ზარბაზანნი. გააქციეს ერთი დასი ლეკთა და მეორეს მიდგნენ. აირია მტრის ჯარი. შეუტიეს ხმალდახმალ, მიყვნენ ხოცვით არაგვამდე და აავსეს მათი ცხედრით ტყე-ველი.
ამ ომში უმარჯვია მჭადიჯვრელ მოხუც დედაკაცს. როგორც თეიმურაზ ბატონიშვილი ბრძანებს, ამ დედაკაცმა დაუწვა ლეკებს ციხეზე მიტანილი შვიდი საფარი და მერვის დაწვისას მოუკლავთ ლეკებს. ხალხური გადმოცემით, მჭადიჯვრელ დედაკაცს ქრისტინე რქმევია. ხალხურ ლექსში ხუნძახელი სარდალი ლაპარაკობს ქრისტინეს გმირობაზე:
მჭადიჯვარს რომ მივატანეთ, საქმე მაშინ გაჭირდება.
იქ რომ ბებერმა საქმე ქნა, ის არ უქნია სხვასაო,
ორი ბელადი მოგვიკლა მთელ შეყრილ დაღესტანსაო.
მესამე რომ გამოვიდა, - დახე იმ ჭკუამდგარსაო, -
ესროლა თავის მაჟარი, მოარტყა შუა ძვალსაო.
ბერი თომა. კვლავ შეკრიბა ჯარი ნურსალ-ბეგმა და დაესხა ქიზიყის სოფელ ბოდბეს და რამდენიმე უბანი იავარჰყო. უკანა მხრიდან ეკვეთნენ ლეკებს ქიზიყელნი. გაიმართა საშინელი ბრძოლა. ამ დროს წმინდა ნინოს ტაძარში იმყოფებოდა მრავალი ახალგაზრდა, რომელთაც სამღვდელოდ ზრდიდა მღვდელ-მონაზონი თომა გარსევანიშვილი. მამა თომა გაუძღვა თავის მოწაფეებს, აიყვანა ბოდბის პირდაპირ მაღალ ქედზე. მოწაფეებმა გრძელ ჯოხებზე დაამაგრეს ხელსახოცები და ბაირაღებად აღმართეს. ამის შემხედვარე ლეკებმა იფიქრეს, ქართველებს დიდძალი მაშველი ჯარი მოუვიდათო და შეშინებულნი გაიქცნენ. მიეტივნენ ქიზიყელნი და ათასზე მეტი კაცი მოუკლეს ლეკებს. განსაკუთრებით უვაჟკაცია და მამულისთვის თავი დაუდია ორ ძმა ბაღაშვილს.
ამ ბრძოლაში ერთმა ლეკმა ტყვედ ჩაიგდო ქიზიყელი დედაკაცი და გაუპატიურებაც მოუნდომა. დედაკაცმა წააძრო ლეკს ხანჯალი, მოკლა და ასე განერიდა სირცხვილს.
მეფის რძალი ქეთევანი. ქართლიდან მომავალ მეფე ერეკლეს რძალს, გიორგი ბატონიშვილის მეუღლეს, ქეთევანს, ღართისკართან ხუთასამდე ლეკი დახვდა. მეფის რძალს თან სამასამდე კაცი ახლდა, მორიგე ჯარად წოდებული, თუმცა ბრძოლის უმეცარნი. მაშინ თვითონ გაუძღვა მხედრობას ქეთევანი, განამხნევა. შეებნენ ქართველები მტერს, მოსწყვიტეს მრავალი, დანარჩენი უკუაქციეს. შეიტყო მეფე ერეკლემ ესოდენი სიმხნევე თავისი რძლისა, ფრიად ესიამოვნა და შეიყვანა ტფილისში დიდებითა და ზარბაზნის სროლით. მთელი ღამე გაჩირაღდნებული იყო ქალაქი და ზეიმობდა.
დავით ბატონიშვილი მოგვითხრობს ერთ მებრძოლ დედაკაცზე, რომელმაც დაატყვევა თავისი შემპყრობი ლეკი და ქართველთა მხედრობას მიჰგვარა.
ბაზალეთელი გელა. მისი სახელი მხოლოდ ხალხურ გადმოცემას შემოუნახავს. მეფე ერეკლეს დროს ბაზალეთში ცხოვრობდა ერთი მეფის ერთგული გლეხი გელა ნათელაშვილი. ბევრგან გამოუჩენია სიქველე და მარტოდმარტოს განუდევნია მტერი. ამისთვის მეფესაც ძალიან ჰყვარებია. ერეკლეს დასტურით, გელას მთელი არაგვის ხეობის მთა-ველი სჭერია, რომელიც მისი ღორ-ცხვრით ყოფილა მოფენილი. გელაც დიდად ეწეოდა თურმე მეფეს - ასობით ღორს აძლევდა ხოლმე ჯარს, თანაც სადაც მტერი დაეცემოდა, გელა თავისი მეომრებით იქ გაჩნდებოდა ხოლმე, მტერს განდევნიდა, ტყვეებს დაიხსნიდა.
ერთხელ გელას მეფე ერეკლეს შიკრიკი მოსვლია: ამ მოკლე ხანში ლეკის ჯარი აპირებს ჩვენს ასაოხრებლად გადმოსვლას და აბა, შენ იცი, როგორ დახვდები და როგორ უპატრონებ ქართლსო. გელას შეუკრებია მამულიშვილები და მტრის მოლოდინში მცხეთის ზემოთ, სოფელ ნატახტართან გამაგრებულა. ამ დროს გელას ირემი შეხვედრია არაგვის პირზე და მოუკლავს. დაუნთიათ ცეცხლი, ირემი ხეზე ჩამოუკიდიათ. მეომრებს ჩასძინებიათ. გელას იარაღი აუხსნია და დაუწყია ირმის გატყავება.
შუაღამისას ერთბაშად მტერი შემორტყმია ჩუმად. გელას დაუნახავს მტრის ჯარი, უყვირია მრისხანე ხმით: - ვინა ხართ! აბა, აქ მოდით, ამ ღორის ხორცით უნდა მოგთხუპნოთო! ლეკებმა ეს რომ გაიგონეს, ირემი ღორად მოეჩვენათ და უკან გაბრუნდნენ. ამ სიტყვებით გადარჩა გელა იმ ღამეს.
მეორე დღეს გააღვიძა ამხანაგები და შეიქმნა ფიცხელი ომი. გაიმარჯვეს და გათენებისას ტყვეებითა და ნადავლით მეფისკენ გაეშურნენ. დიღმის მინდორზე ისევ ლეკების ჯარს გადაეყარნენ, რომელთაც ტყვედ დიღმელი მეცხვარეები მიჰყავდათ. აქაც გაჩაღდა ბრძოლა. გელამ დაამარცხა ლეკები და გაათავისუფლა ტყვეები. ერეკლემ დიდად დაუმადლა თავის ერთგულს. გელა ნათელაშვილი და მისი ამხანაგები მეორე დღეს მანგლისისკენ გაბრუნდნენ, რადგან აქაც დიდი შიშიანობა იყო. მანგლისთან დიდი ბრძოლა მოუხდათ. გელა პირველი შეიჭრა მტრის რაზმში და "ისე აკაფა ლეკები, როგორც ტოტები ხისაო". მტერს სასიკვდილოდ დაუჭრია ვაჟკაცი. მანგლისის ტაძარში დაასვენეს მეფისთვის ნაბრძოლი გმირი.
ამბობენ, გელას ვაჟკაცობის ამბავი მთელ სპარს-ლეკებში ყოფილა მოფენილიო.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი