დეკანოზ სერაფიმე დანელიას მოგონებებიდან:
დამქანცველი მსახურებით დატვირთული ვნების კვირის შემდგომ, აღდგომის დღესასწაული გვიახლოვდებოდა...
დიდ შაბათს საღამოს ცხრა საათისთვის ტაძარში მომსვლელთა რაოდენობამ ნელ-ნელა იმატა...
არ ვიცი, ამ დროს ვინ რას განიცდის და რითია ეს გამოწვეული, მაგრამ მე, ამ ღამეს ყოველთვის უცნაური შფოთი და მოუსვენრობა მიპყრობს....
იმ საღამოსაც ასეთი შფოთით ვემზადებოდი მსახურებისთვის, როცა გარედან ჩოჩქოლის ხმა შემოიჭრა: ,,ვიღაც ხევში გადავარდნილა"... ,,მოხუცებული ქალიაო"... ,,ცოცხალია?"...
სალხინოს დადიანების ეზოში, სანამ ტაძართან მოხვიდოდი, ღელეზე გადებული ხიდი უნდა გაგევლო და ხევის პარალელურად მიმავალ გზას გაყოლოდი. ხევის სიღრმე დაახლოებით ცხრა მეტრი იყო და იქიდან გადავარდნას შეიძლება სერიოზული შედეგები მოყოლოდა...
პირველი ფიქრი, რამაც გონებაში გამიელვა, იყო ის, რომ ღმერთი არ დაუშვებდა ამ საღამოს რაიმე უბედურებას, თუმცა სასწრაფოდ მანქანა გავუშვით ექიმის მოსაყვანად, ხევში გადავარდნილი ვერა ბებო კი ბიჭებმა ხევიდან ციმ-ციმ ამოიყვანეს და ხელში ატატებული ტაძარში ,,შემოაბრძანეს".
ჩემს დანახვაზე შემომღაღადა:
,, - ეს რა გიქენი, მამა სერაფიმე, ჩაგიმწარე აღდგომის სიხარულიო" - ეს ისეთი სიმწრით და ტკივილით იყო ნათქვამი, თითქოს ამის იქით არც არაფერი იყო სატკივარი და საწუხარი...
მაშინ ვერა ბებო 78 წლის იყო. მრევლში იგი ყველაზე ხანდაზმული, მაგრამ ყველაზე მხნე და რომ იტყვიან ,,კლდის ნატეხი" იყო; იშვიათი იუმორის გრძნობით და ადვოკატის სიტყვა-პასუხით...
მთელი ცხოვრება სკოლაში მასწავლებლად ემუშავნა და ქვრივობაში გამოეზარდა ოთხი შვილი.
წაჩხურუს მთავარანგელოზთა ტაძრისკენ მიმავალი აღმართის დასაწყისში ცხოვრობდა. როგორც მისი ნამოწაფრები იხსენებდნენ, მრავალგზის დაუსჯია და დაუცინია მათთვის აღდგომას კვერცხის საღებავით დასვრილი ხელებისა და ეკლესიაში სიარულის გამო.
ერთ დღეს კი, მის ცხოვრებაში ყველაფერი შეცვლილა. ახლობელთან კამათის დროს თვალწინ წარმოდგომია ეკლესია. ტაძარი იქ მდგარა, სადაც არასდროს ყოფილა. ,, - სასწაული... ეკლესიას აქ რა უნდაო"- გაკვირვებით უთქვამს, პირჯვარი გადაუწერია, თავი დაუხრია და სწორედ ამ წამს გადაუქროლია თავს ზემოთ საკმაოდ მოზრდილ ქვას, რომელიც მისთვის უსვრია გააფთრებულ მოდავეს...
მეორე დღესვე ეკლესიაში მოვიდა: ასეთი და ასეთი უვარგისი ქალი ვიყავი აქამდე, არა ვარ ღირსი აქ ვიდგე, მაგრამ ეკლესიამ გადამარჩინა და თუ მიმიღებთ, ყოველთვის ვივლიო...
ასე დაიწყო მისი ახალი ცხოვრება და გაოცებული ხალხის თვალწინ ტაძარში ყოველკვირა სიარული.
,, - ქალო, ასე რამ გადაგრია, ამ სიბერეში რომ დაიწყე ეკლესიაში სიარულიო" - ხშირად აგონებდნენ ახლობლები...
ისიც მიუგებდა:
,, - რაც თავის დროზე ახალგაზრდობაში არ მივლია, ეხლა ვინაზღაურებო"...
იმ აღდგომა ღამეს, ხევში რომ გადავარდა, არაფერი დაშავებია. ეს ნამდვილი საკვირველება იყო: - 78 წლის მოხუცი ცხრა მეტრიან ხევში თავით გადაეშვას და ცოცხალი დარჩეს....
შემდეგ მოგვიყვა, იმ საღამოს ისეთი სიხარულით მოვდიოდი ტაძარში, თავადაც მიკვირდაო. ხიდს რომ მივუახლოვდი, თავი ცუდად ვიგრძენი, მაგრამ უკან არ დავიხიე, ბოროტს არ გავახარებ-თქვა და გზა გავაგრძელეო. როგორც კი ხიდიდან ფეხი გადმოვდგი, გონება დავკარგე და მხოლოდ მაშინ მოვედი გონს, როცა ხევის ფსკერზე აღმოვჩნდიო...
მეორე დღეს მეზობლები, რომ მოსულან სანახავად, უთქვამთ, ახლაც არ მოეშვები ეკლესიაში ტანტალსო?
,, - ეხლა სულაც იქ უნდა დავრჩეო... წადით და ნახეთ საიდან გადავვარდი, თუ შეიძლება, იქიდან გადავარდნილ კაცს არაფერი სჭირდესო... ცოცხალი რომ დამტოვა ღმერთმა, ვივლი კი არა ყოველდღე იქ ვიქნებიო"...
,, - მამაო, მე საზიარებელი არა ვარო"- მეუბნება ერთხელ.
,, - რატომ?" - ვკითხე გაკვირვებულმა.
,, - ხომ თქვი, ქრისტიანობა მტრის სიყვარულით იწყებაო, მე კი ვეცადე, მაგრამ ვერაფრით ვხვდები მტერი როგორ შევიყვარო, აბა როგორი ქრისტიანი მე ვარ ახლა, როგორღა ვეზიაროო?" - მიპასუხა...
ერთხელაც, მოვიდა უჩვეულოდ დაღლილი, დაქანცული, ხელებჩამოყრილი და სევდიანად მეუბნება:
,, - მამაო ეტყობა ჩემი დრო მოვიდა, ვატყობ ვკვდებიო"
,, - მოიცა, მოიცა, მერე არ იცი რომ ნამდვილმა მორწმუნემ ჯერ კურთხევა უნდა აიღოს გარდაცვალებაზე?" - გამეღიმა ,, - ასე რომ, სანამ კურთხევას არ აიღებ, მანამდე არსად გიშვებ-მეთქი"-...
გაკვირვებულმა ამომხედა...
უცებ დაუბრუნდა ძველებური სიხალისე და მას მერე როცა ვხვდები, სულ ამას მახსენებს:
-,,ჯერაც არ მიშვებ?"
- ,,არა" - ვეუბნები მე - ,,სანამ თვითონ არ მთხოვ, არ გაკურთხებ".
ის კი ლამაზად ჩაიცინებს და სხვა თემაზე გადაიტანს საუბარს...
მას აქეთ16 წელი გავიდა, ჩემი ვერა ბებო კი 94 წლისა ხდება...
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი