მადლის განცდა ძალიან ჰგავს ხიბლის განცდას, ამიტომაც ბევრ ადამიანს ეშლება იგი ერთმანეთში.
ჩვენ ხშირად გვგონია, რომ ჩვენი გულის სიხარულისმიერი განხურვება, თუკი იგი რაღაც ფორმით დაკავშირებულია ღმერთთან, სიკეთესთან, მადლიერებასთან, - მადლის გამოხატულებაა... არადა მადლი ასე მექანიკურად არ მოიღვაწება, იგი ისე მოდის და ისე მიდის, ამას მხოლოდ მას მერე ვხვდებით, რაც უკვე მოსახდენი მოხდა...
იმ წელს ეკლესიაში ახალი კანკელის დაყენება გადავწყვიტეთ. აქამდე საკურთხეველი მხოლოდ საფარდე ნაჭრით იყო გამოყოფილი და ზედ ქაღალდის რეპროდუქციების ხატები ეკიდა, ახალი კანკელი კი წაბლის ხისა უნდა ყოფილიყო და სვეტიცხოვლის კანკელის ფორმა უნდა გაემეორებინა.
ეს ყველაფერი დიდ მარხვაში ხდებოდა და რადგან აღდგომა ახლოვდებოდა, ძალიან მინდოდა ამ ყველასთვის სასიხარულო დღეს ახალი კანკელით შევხვედროდით...
ასეც მოხდა. სწორედ აღდგომის წინა დღისთვის მოვასწარით მისი გამზადება. კანკელის დაშლილი ნაწილები ღამისთევის ლოცვამდე ორი საათი ადრე შემოვიტანეთ ტაძარში და დავიწყეთ აწყობა...
ვინც მდგარა ტაძარში ვნების კვირის ყველა მსახურებაზე წარმოდგენა ექნება, თუ როგორი დაღლილები ვიქნებოდით ჩვენ მაშინ, მაგრამ ყოველნაირი დაღლა უცებ სადღაც გაქრა, როცა ჩვენს თვალწინ ახალი კანკელი წამოიმართა. თვალს ვერ ვწყვეტდი მის სილამაზეს და მშვენიერებას... საოცრი სანახაობა იყო სანთლების შუქზე აკიაფებული ჰაეროვანი კანკელი და საკმევლის კვამლში გახვეული კანკელის ხატები...
და აი დაიწყო წინასაზეიმო მსახურება... მოახლოვდა 12 საათიც... დასცეს ზარებს, გაისმა: "აღდგომასა შენსა ქრისტე მაცხოვარ ანგელოსნი უგალობენ ცათა შინა.." "ქრისტე აღსდგა! ქრისტე აღსდგა! ჭეშმარიტად!" მაგრამ, ჰოი საოცრება: - სიხარული აღარსად იყო... გულში სიცარიელე გამეფებულიყო... "ღმერთო რა მჭირს" ვეკითხებოდი თავს და პასუხს ვერ ვპოულობდი. მე ხომ მთელი მარხვა ამ დღის მოლოდინში გავატარე, ამ დღეს შევნატროდი, ამ დღისთვის ვიდრეკდი მუხლებს, ამ დღისთვის ვემზადებოდი...
ღმერთო, რა საშინელი ღამე იყო, ის ღამე. თითქოს მკერდიდან გული ამომაცალესო, მხოლოდ ცარიელი და ჟღარუნა სიტყვები ამომდიოდა პირიდან ...
მაშინ ეტყობა ჩემს უფალს შევებრალე, - არ ინება უფალმა ამ დღეს, ჩემი ასე გაუბედურებული ყოფნა და უეცრად თითქოს თვალებიდან ლიბრი მომცილდაო, თვალწინ გადამეშალა ჩემი უგუნურების თვალუწვდენელი ჰორიზონტი...
- მე ხომ მთელი მარხვის სულიერი ნაშრომი, ხელით ნაკეთი კანკელის სიმშვენიერით გამოწვეული აღფრთოვანებით გავაცამტვერე, მე ხომ ამ შესაწირის გამო გულში კმაყოფილების შეწყნარებით, უფლის მიერ ჩემთვის გაღებული ჯვარცმის შესაწირის სიდიადე უგულებელსვყავ, მე ხომ ამ კანკელის მშვენიერებამ, ჩემი უფლის აღდგომის მშვენიერება გადამავიწყა და რა გასაკვირი იყო, რომ მადლს მივეტოვებინე და საღმრთო სიხარული ჩიტივით გაფრენილიყო ჩემგან?...
მაშინ როგორც მზის სხივი, სინანული შემოიჭრა სულის ბნელ საუფლოში და ცარიელ მკერდში უცებ გული ვიგრძენი...
მადლი პატარა, ჩვილი და თოთო ბავშვივითაა, მუდამ ყურადღება, ზრუნვა და გაფრთხილება სჭირდება...
დეკანოზი სერაფიმე დანელია
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი