***
"ალბათ, ათმა წელმა ან მეტმა მაინც განვლო ამ ამბებიდან, მაგრამ წმინდა სპირიდონისადმი მადლიერების ნიშნად მსურს, თქვენც გიამბოთ:დაქორწინების შემდეგ პირველი ოთხი თვე მე და ჩემმა მეუღლემ მამამისთან და ბებიასთან ერთად გავატარეთ სამეგრელოში. იმ დროს ჩემი ქმარი ახალმოქცეული იყო, ტაძარშიც ერთად დავდიოდით და შინაც ერთად ვლოცულობდით. იქაურობით ვტკბებოდით, ცხოველებს, ბოსტანს ვუვლიდით...
სამწუხაროდ, მაშინ არც ერთს არ გვქონდა სამსახური და როცა ფული შემოგვაკლდებოდა, ვცდილობდით, ბოსტანში მოწეული პროდუქტებით გაგვეტანა თავი, პურს კი ვალად ვიღებდით...
ერთხელაც მსგავსი კრიზისი საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა - ფქვილი, ბურღულეული, დანარჩენი პროდუქტებიც შემოგველია, აღარც ბოსტანში დარჩა რამე და დაგროვილი ვალების გადამკიდე პურსაც ვეღარ ვიღებდით ნისიად...
ცოტა ხანში ისე ჩამოვხმი, ჩემი მეუღლე შეშფოთებული და დარცხვენილი შემომხედავდა ხოლმე...
თბილისიდან რომ მოვდიოდით, ჩემმა დედამთილმა სიგარეტის მოზრდილი შეკვრა გამოგვატანა, - შვილებო, თუ გაგიჭირდათ, გაყიდეთ და მოიხმარეთ, თუ არადა მამათქვენს მაინც მოამარაგებთო. მეუღლემ რამდენჯერმე შემახსენა კიდეც, - ეგებ დედაჩემის გამოტანებული სიგარეტი ჩავაბაროთ გასაყიდად, ცოტას ამოვისუნთქებთო. ეს ხომ ცოდვაა, რა სინდისით მოვიხმაროთ მერე ის თანხა-მეთქი?!
როგორც ჩანს, თავად მასაც სინდისი ამხელდა და მყისვე მეთანხმებოდა ხოლმე.
ერთ დღესაც ბუფეტში ორი ნატეხი მჭადის გარდა აღარაფერი აღმოჩნდა. ყველანი ვცდილობდით, მხნე იერი გვქონოდა, თითქოს სულაც არ გვშიოდა... ბებიას ვთხოვე, მჭადი მას ეჭამა, რადგან მოხუცებისთვის შიმშილი დიდი ტვირთია, მას კი ჩვენი საცოდაობით სიმწრის ცრემლი მოსდგომოდა და აქეთ მაძალებდა დარჩენილი ნატეხების ჭამას... ვხედავდი, როგორ ერიდებოდათ ჩემი, ამ მდგომარეობაში რომ მხედავდნენ...
ცოტა ხანში დავინახე, რომ ჩემმა მეუღლემ ჩაიცვა და სადღაც წასვლა დააპირა. პასუხად კი მითხრა, - რა ვქნა, ძალიანაც არ მინდა, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს, სიგარეტი უნდა ჩავაბაროო... ჩავეხუტე და ვთხოვე: ამ ერთხელაც მოვითმინოთ და ღმერთი აუცილებლად შეგვეწევა-მეთქი...
მოულოდნელად ორივეს გაგვახსენდა, რომ შინ თბილისიდან წამობრძანებული წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის პატარა ხატი გვქონდა, რომელსაც მატერიალური სიდუხჭირის ჟამს მიმართავენ ხოლმე. მახსოვს, რა გატაცებით მომითხრობდა ჩემი მეუღლე წმინდა სპირიდონის მიერ ნიკეის საეკლესიო კრებაზე აღსრულებულ სასწაულზე, როდესაც ამ უდიდესმა მამამ ყველას თანდასწრებით გველი ოქროდ აქცია, როგორ შეეწეოდა უპოვარ გლეხებს, რომლებიც არაერთგზის იხსნა შიმშილისაგან და როგორ უცვლიან ყოველ წელიწადს მის უხრწნელ სხეულს გაცვეთილ ფეხსაცმელს, რაც იმას მიანიშნებს, რომ წმინდა სპირიდონი მუდამ შეჭირვებულთა სანუგეშოდ იჩქარის...
ჰოდა, ორივემ მოვიყარეთ მუხლი მის წმინდა ხატთან და ცრემლებით ვთხოვეთ შემწეობა.
იმავე საღამოს ჭიშკართან ვიღაცამ დაიძახა. ჩემი მეუღლე გავიდა და რომ შემობრუნდა, ხელში 28 ლარი ეჭირა - მამამთილის იმდენი ხნით დაგვიანებული პენსია, არავის რომ აღარ ახსოვდა...
ჟრუანტელმა დამიარა და მეუღლეს გადავხედე... მხოლოდ ჩვენ ვიცოდით, ვინ შეგვეწია მაშინ - ეს ფული ხომ გაჭირვებულთა დიდმა მეოხმა, წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელმა გამოგვიგზავნა..."