ამ თბილისელი ბიჭის მოქცევა აღდგომა ღამეს მაცხოვრის უწმინდესი საფლავიდან ჩამობრძანებულ მადლმოსილ ცეცხლს უკავშირდება. ბევრჯერ უთქვამს, - სწორედ ამან გამაქრისტიანაო...
ჯერ კიდევ სულ პატარა მოუნათლავს ერთ მორწმუნე მართლმადიდებელს, მაგრამ მთელი ბავშვობა და სიყმაწვილე ისეთი ცხოვრებით იცხოვრა, ღვთისგან დაცლილი და ამ სიცარიელით გადაღლილი და გამოფიტული კაცი რომ ცხოვრობს.
გავიდა ხანი. მის გულს ქრისტე შეეხო და, როგორც თავადვე თქვა, გარშემო არსებული და ვერაფრით ამოვსებული სიცარიელეც სადღაც გაქრა...
ამ ამბის გმირი ძალიან გულწრფელი კაცია, გულღია და ბავშვივით სუფთა. ცოტა ხნით მაინც თუ გაუჩერდი, მაშინვე მიხვდები, როგორებზე თქვა მაცხოვარმა - ბავშვებისნაირებისაა ცათა სასუფეველიო...
ხშირად უთქვამს, - მთელი ცხოვრება გულში საშინელ სიცარიელეს ვგრძნობდი. მოგვიანებით, როდესაც ქრისტიანობის შესახებ მიამბობდნენ, ისეთი განცდა მქონდა, თითქოს ეს ყველაფერი უკვე ვიცოდიო...
- კარგად მახსოვს, 1995 წლის მაისი იდგა, კვირადღე. ნათესავთან მივდიოდი. მეტროს ვაგონში, სწორედ ჩემს წინ, როგორც მაშინ მომეჩვენა, უცნაური გოგონა იჯდა ხელში ანთებული სანთლით, რომლისთვისაც ლამპის შუშა ჩამოეცვა.
ცნობისწადილმა ამიტანა, თუმცა ვერაფრით გავბედე, მივსულიყავი და მეკითხა, რას ნიშნავდა ეს ყოველივე.
როგორც აღმოჩნდა, ღვთის განგებით, მეც და ისიც ბოლო სადგურში ჩავდიოდით. ესკალატორზე მდგომი ვხედავდი, ამ სანთლიანი გოგონას დანახვისას ადამიანებს გაოცებისგან როგორ უფართოვდებოდათ თვალები...
ამასობაში გასასვლელსაც მივუახლოვდით. ვენტილაციის ძლიერმა ნაკადმა, დიდი მცდელობის მიუხედავად, გოგონას სანთელი მაინც ჩაუქრო.
ახლოს რომ მივედი, დავინახე, რამხელა წუხილი და სინანული ედგა თვალებში... გავოცდი, ამ შემთხვევას ასე რომ განიცდიდა. ძალიან შემებრალა. ისიც კი ვიფიქრე, ახლა მაინც გამოველაპარაკები-მეთქი, მაგრამ ვერც ამჯერად ვბედავდი... მერე ჩემმა მფარველმა ანგელოზმა (ბავშვობაშივე მომნათლეს) მიბიძგა...
როგორც იქნა, მივუახლოვდი და სანთლის შესახებ გამოვკითხე. მან კი მადლმოსილი ცეცხლის ამბავი მიამბო, ყოველი წლის დიდ შაბათს სასწაულებრივად რომ გარდამოდის უფლის საფლავზე.
როგორც აღმოჩნდა, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს ეს ცეცხლი იერუსალიმიდან, მაცხოვრის წმინდა საფლავიდან ჩამოუბრძანებია და ქაშვეთის წმინდა გიორგის ტაძარში ამ ცეცხლით აუნთიათ კანდელები. ნანასაც (ასე ჰქვია იმ გოგონას) სწორედ ეს ცეცხლი მიჰქონდა შინ თავისი კანდელის ასანთებად, ოჯახში მადლი, სიხარული და მშვიდობა რომ შეეტანა.
ეს რომ მიამბო, ამ უცნობმა გოგონამ, რომელსაც ამდენ ხანს გამოლაპარაკებასაც ვერ ვუბედავდი, ჩემდა გასაოცრად, თავადვე შემომთავაზა, - მოდი, ქაშვეთში მივბრუნდეთ და ცეცხლი ხელმეორედ წამოვიღოთო. მეც უარის თქმა უხერხულად მივიჩნიე, არც ნათესავთან მეჩქარებოდა. თანაც ვიფიქრე, - პატარა თავგადასავალი არ მაწყენს-მეთქი.
ქაშვეთს მივბრუნდით, ცეცხლიც წამოვიღეთ, მაგრამ მეტროს გასასვლელს ისევ ვერ გადავურჩით... ნანას მოერიდა, უკან დაბრუნება ისევ ეთხოვა, მაგრამ ამჯერად თავადვე შევთავაზე.
გზაში რელიგიაზე ვსაუბრობდით. მახსოვს, ვთქვი, - ღმერთი არ არსებობს-მეთქი და სხვა მსგავსი სისულელეები...
ტაძარში რომ შევედით, ნანამ თავისი სულიერი ძმა, კახი გამაცნო, რომელსაც რწმენაზე, ღმერთსა და სხვა რამეებზე გავესაუბრე. ისიც ყველაფერზე დიდი სიყვარულით მპასუხობდა...
ამ დროს საოცარი განცდა მქონდა - უფალმა თითქოს გული გამიხსნა, მას თავისი მადლით შეეხო და კახის სიტყვები შიგ კეთილი თესლივით ჩათესა. ასე მეგონა, ეს ყოველივე უკვე ვიცოდი. ყველაფერი ღრუბელივით შევისრუტე. ვგრძნობდი, ეს კაცი რაღაც ახალზე, მაგრამ ძალიან მშობლიურზე მიამბობდა...
განშორებისას კახიმ მითხრა, - ყოველ შაბათ-კვირას წირვა-ლოცვას ვესწრებით, შენც შემოგვიერთდიო.
ქაშვეთიდან ანთებული სანთლით დავბრუნდით. გზად მამა ალექსანდრეს (ჩახვაშვილის) სახლშიც შევიარეთ, რომ ამ ცეცხლით მისი კანდელებიც აგვენთო.
ვარკეთილის სადგურის გასასვლელში ვენტილაციის ნაკადს კი გავუძელით, მაგრამ ნანას კორპუსთან მისულებს სანთელი მაინც ჩაგვიქრა. რაღა თქმა უნდა, გული დაგვწყდა, მაგრამ ნანამ მაინც შესწირა მადლობა უფალს და კვლავ შეხვედრის იმედით გამომეთხოვა.
მომდევნო შაბათს მართლაც მივედი ტაძარში და კახისაც შევხვდი, რომელმაც თანდათან გამარკვია, რომ მოძღვარი, აღსარება და ზიარება მჭირდებოდა. ჰოდა, მეც მოძღვრად მამა ალექსანდრე ავირჩიე და ასე გავხდი მართლმადიდებელი ქრისტიანი.
რამდენიმე წლის წინ მართლმადიდებელი ამერიკელები გვსტუმრობდნენ. დაინტერესდნენ, როგორ გავქრისტიანდი. მეც ავდექი და მადლმოსილი ცეცხლის ისტორია ვუამბე. დასასრულს ისიც ვუთხარი, - სანთელი მაინც ჩაგვიქრა და ამის მიზეზი ვერ გამიგია-მეთქი.
მაშინ ერთმა ამერიკელმა, აი, ეს მითხრა: ეგ ცეცხლი მაშინ იმიტომ ჩაქრა, რომ შენს გულში ანთებულიყოო...
მართალი გითხრათ, მისმა ნათქვამმა გამაოცა, რადგან ძალიან მენიშნა. მერე წმინდა მამათა სიტყვებიც გამახსენდა: უფალი ცეცხლს მორწმუნეთა გულებში ანთებს და დიდი სიფრთხილეა საჭირო, უნებურად არ ჩაგვიქრესო.
დიდება უფალს ყველაფრისთვის!
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი