ღვთის მოწყალება მოწყალების გაცემის გამო
წმინდა გრიგოლ დიოლოგოსი სენატორის შვილი იყო, სახელგანთქმული რაინდი და ფილოსოფოსი. პრეტორის ჩინიც მიეღო.
რომის პაპის პელაგიას გარდაცვალების შემდეგ, მისი ნების წინააღმდეგ, გრიგოლი მღვდელმთავრის ხარისხში აღიყვანეს და რომის ეკლესია ჩააბარეს. იმხანად მავრიკიოსი მეფობდა. ცამეტწელიწად-ნახევარი მართავდა ეკლესიას და მოძალადე ფოკას დროს გარდაიცვალა. დიოლოგოსი კი წმინდა მამას სულის სარგო საუბრების შედგენის გამო ეწოდა. ბევრი რამ შეიძლება ითქვას მისი ღვაწლის შესახებ, მაგრამ ამჯერად მის უდიდეს სათნოებაზე - მოწყალებაზე ვისაუბრებთ. წმინდა გრიგოლი იმდენად მოწყალე იყო, რომ გლახაკთათვის ყოველივეს გასცემდა, უფლის "უმცროსი ძმების" სათნოყოფისთვის არაფერს იშურებდა.
ერთხელ, მაშინ ჯერ კიდევ არ იყო მღვდელმთავარი, იჯდა კელიაში და, ჩვეულებისამებრ, წიგნს კითხულობდა. ამ დროს მივიდა მასთან გლახაკი და სთხოვა: "შემიწყალე, ღვთის მონავ, და შეეწიე ჩემს გაჭირვებას! მე გემის მფლობელი ვიყავი, მაგრამ ჩემი ცოდვების გამო ღმერთმა ინება, რომ მთელი ჩემი ქონება ზღვაში დანთქმულიყო. ცარიელტარიელი დავრჩი, საკმაო ვალიც დამედო..." წმინდა გრიგოლი აატირა მისმა ამბავმა, მოიხმო მორჩილი და გლახაკისთვის ექვსი მონეტის მიცემა უბრძანა. გლახაკმა მადლობის ნიშნად მუხლი მოუდრიკა და წავიდა, მაგრამ ერთი საათის შემდეგ მობრუნდა და ისევ შესჩივლა: "შემიცოდე, უფლის მონავ, შენ მცირედი მიბოძე, მე კი დიდძალი დავკარგეო". წმინდა გრიგოლმა მორჩილს უბრძანა, კიდევ ექვსი ოქროს მონეტა მიეცა მისთვის. საღამოს კვლავ ეწვია გლახაკი და ტირილით უთხრა: "ღვთის კაცო! თავხედობად ნუ ჩამითვლი, ისევ რომ მოგაკითხე... ეჰ! სხვისი ქონებაც დავღუპე და მისი პატრონი ციხით მემუქრება, შემიბრალე მე უბედურიო!" წმინდა გრიგოლმა ამჯერადაც უხმო მორჩილს, მან კი უთხრა, აღარაფერი დაგვრჩაო. "მაშ, ტანისამოსი ან ჭურჭელი უბოძეო", - ბრძანა გრიგოლმა. "არაფერი გვაქვს იმ ვერცხლის თასის გარდა, რომლითაც დედათქვენმა საზრდელი გამოგიგზავნათო". "ჰოდა, სწორედ ეგ თასი მიეცი, საცოდავი დამწუხრებული რომ არ წავიდესო". გახარებული უცნობი წავიდა და აღარც დაბრუნებულა.
გავიდა რამდენიმე წელი. წმინდა გრიგოლი რომის პაპი გახდა.
ერთხელაც, ჩვეულებისამებრ, მნეს თორმეტი მწირისთვის ტრაპეზი გააშლევინა. გლახაკნი სუფრას მიუსხდნენ. გრიგოლმა გადათვალა სტუმრები. ცამეტნი აღმოჩნდნენ. მნეს უჩურჩულა: "კი მაგრამ, მე ხომ თორმეტის ტრაპეზობა გიბრძანე? ვფიცავ წინაშე ღვთისა, მე ორჯერ მეტსაც სიხარულით ვუმასპინძლებდი, მაგრამ შენთვის ცოდვაა უფროსის ნების წინააღმდეგ მოქმედებაო". შეშინებულმა მნემ მიუგო, ტრაპეზს მხოლოდ თორმეტი კაცი უზისო. გაოცდა პაპი. მწირებს თვალს არ აშორებდა. განსაკუთრებით მეცამეტეს აკვირდებოდა, რომელიც მაგიდის ბოლოს იჯდა. შენიშნა, რომ მას სახე ეცვლებოდა - ხან მოხუცს მიაგავდა, ხან კი ახალგაზრდას.
ტრაპეზი რომ დასრულდა, წმინდა გრიგოლმა უცნაურ სტუმარს ხელი მოჰკიდა და თავის კელიაში შეიყვანა. იქ დაკვირვებით შეათვალიერა და ჰკითხა: "ყოვლისმპყრობელი უფლის სახელით გაფიცებ, მითხარი, ვინ ხარ". "მე ის ღარიბი მეზღვაური ვარ, ოდესღაც თორმეტ ოქროს რომ გესესხა და ვერცხლის თასიც მიიღო. იცოდე, სწორედ იმ დღიდან გიწოდა უფალმა თავისი სამწყსოს მღვდელმთავარი და მთავარიერარქი რომის წმინდა ეკლესიისა. მე უფლის ანგელოზი ვარ, შენთან გამოგზავნილი, უნდა შევიტყო, პატივმოყვარეობის გამო ხომ არ გასცემ მოწყალებასო", - აუწყა სტუმარმა. წმინდა გრიგოლი შეძრწუნდა, პირქვე დაემხო და აღმოთქვა: "შემინდე, მსახურო იესუისა! მე ცოდვილი ისე გესაუბრებოდი, ვითარცა ერთ მოკვდავთაგანს..." "ნუ გეშინია, - ანუგეშა ანგელოზმა, - უფალმა მიბრძანა და განუშორებლად შენთან ვარ. შენი ლოცვები შემოქმედთან ამაქვს - რასაც სასოებით შესთხოვ, ყოველივეს გიბოძებსო". თქვა ეს და ზეციური სტუმარი უხილავი შეიქმნა. წმინდა გრიგოლმა ხელნი ზეცად აღაპყრო და ამოიძახა: "ვუწყი, უფალო, რაოდენ დიდია მოწყალეთადმი შენი წყალობა. ასეთი მცირედი მოწყალების გაცემის გამო იმდენად შემიყვარე, რომ მფარველი ანგელოზი დამიდგინე!"
არა ცილი სწამო
ეგვიპტის ერთ უდაბნოში ცხოვრობდა ვინმე ღვთისმოშიში მონაზონი, სახელად დულა. მდაბალი, პატიოსანი, ცილისმწამებელთა მიმტევებელი - ჭეშმარიტი მონა გახლდათ ქრისტესი. ასეთ ღვაწლში გაატარა ამ წმინდა კაცმა ოცი წელიწადი. კაცთა მოდგმის მტერმა, წინააღმდგომმა უფლის მსახურთა, ნახა, რომ ღვთის მადლით დაცულ განდეგილის გულს ვერაფერს დააკლებდა, ამიტომ მას სხვაგვარად შეებრძოლა.
ერთი ბერი, რომელსაც ღვთის შიში დავიწყებოდა, ღამით ეკლესიაში შეიპარა, მოიპარა წმინდა ჭურჭელი და საიდუმლო ადგილას დამალა, თვითონ კი ისევ თავის კელიაში ჩაიკეტა, საიდანაც იშვიათად გამოდიოდა.
ცისკრის ლოცვის ჟამი დადგა. ეკლესიის მსახურმა კანდელები აანთო და შეამჩნია, რომ ტაძარი არეული იყო. მყისვე წინამძღვარს შეატყობინა, მან კი ყოველივე ძმებს ამცნო.
საუბედუროდ, მართალი დულა ავადმყოფობის გამო ცისკრის ლოცვას ვერ ესწრებოდა. ისარგებლეს ამით მისმა მოწინააღმდეგეებმა და ცილი დასწამეს: "სიწმინდეს დულას მეტი ვერავინ მოიპარავდა. ამაში მისი საქციელიც გვარწმუნებს, ის ხომ დღეს, თავისი ჩვეულების წინააღმდეგ, ლოცვაზე არ მოსულაო". ბევრმა დაიჯერა ცილისწამება. შეძრწუნდნენ ბერები და "დამნაშავის" ტაძარში მოყვანა ბრძანეს.
ტკივილისგან გატანჯული ღირსი დულა ძალით მიიყვანეს ეკლესიაში. წინამძღვარმა და ბერებმა მარხვაში დაბერებულ მამას ჰკითხეს: "შენ ხარ სიწმინდის ქურდიო?" "რაღა კითხვა უნდა, ეგ არისო!" - გაიძახოდნენ ბოროტი ადამიანები, - ეგ ჩუმადაც ჭამს, პურს იპარავს და მონასტრის გარეთ ყიდისო". წინამძღვარმა და ძმებმა დაიჯერეს მათი მონაჭორი და ღირს დულას მკაცრად მოსთხოვეს, აღიარე ქურდობა და გვიჩვენე, სად გადამალე საგანძურიო. დულა ჯერ თავს იმართლებდა, უარობდა, მაგრამ როცა დაინახა, არავინ უჯერებდა, დადუმდა და ამასღა იტყოდა: "მაპატიეთ, მამებო, მე ცოდვილსო..." წინამძღვარმა ბერის სამოსი გახადა, ერისკაცისა ჩააცვა და მძიმე ბორკილდადებული ეკონომოსს გადასცა დასაკითხად.
რაღა არ დაითმინა ღირსმა მამამ, მაგრამ ყოველი ტკივილის მიყენებისას მხოლოდ შენდობას ითხოვდა.
ბოლოს გაბრაზებულმა წინამძღვარმა და ძმობამ ღირსი დულა ქალაქისთავს გაუგზავნეს. იქაც ახალი სატანჯველი ელოდა. წამების ყველა ხერხი რომ ამოწურეს, ქალაქისთავმა საპყრობილეში ჩააგდებინა. მეორე დღეს მონასტრის წინამძღვარი და ბერები მოიხმო და განუცხადა, დამნაშავე ვერაფერში გამოვტეხეო. ცილისმწამებლებმა კი ახალი ბრალდებები წამოუყენეს. მაშინ ქალაქისთავმა დულასთვის ხელის მოკვეთა ბრძანა.
დასჯის ადგილას მიიყვანეს ღირსი მამა... და აი, ნამდვილი ქურდის გულში შელანძღული სინდისი ალაპარაკდა: "ვაი მე, ბოროტმოქმედს და სისხლისმსმელს! ჩემი საიდუმლო ამქვეყნად რომც არ გამჟღავნდეს, რა მელის იქ, ქრისტეს საშინელ სამსჯავროზე, რა სიტყვას მივუგებ ყოვლადსამართლიან მსაჯულს?!" მიიჭრა წინამძღვართან და შესძახა: "მამაო, საეკლესიო საგანძური გამოჩნდა, დულა უბრალოაო!"
გაათავისუფლეს ღირსი მამა და მონასტერში დააბრუნეს. როცა მისი უბრალოება შეიტყვეს, ბერები მუხლებში ჩაუცვივდნენ და შენდობა სთხოვეს.
ამიტომაც, გავფრთხილდეთ და ხელაღებით, განუსჯელად ნუ დავიჯერებთ კაცთა მონათხრობს.
თავის გამოცდა
წმინდა ზენონ დიდი (IV ს.) პალესტინაში მოგზაურობდა. დაიღალა და იქვე ვიღაცის ბოსტნის გვერდით ჩამოჯდა წასახემსებლად. უეცრად კიტრის მოწყვეტა მოუნდა. "ამით არაფერი დაშავდებაო", - გაიფიქრა. თუმცა ეს აზრი მსწრაფლ მოიშორა და საკუთარ თავს უთხრა: "ზენონ, ქურდები სასჯელს მოიწევენ. აბა, გამოცადე თავი, თუ შეგიძლია ტანჯვის დათმენაო!" ამის მერე ღირსმა მამამ თაკარა სიცხეში ხუთი დღე გაატარა. რომ ნახა, სიცხისგან ძალა გამოელია, დატუქსა საკუთარი თავი: "ზენონ, რადგან ტანჯვის დათმენა არ შეგიძლია, სხვის ქონებასაც ნუ მოიპარავო!"თავმდაბლობა და თავის ქება
ერთმა ეგვიპტელმა ბერმა ასურეთში მოღვაწე მამა ზენონი მოინახულა. მის წინაშე თავის გულისთქმებს განაქიქებდა. მამა ზენონმა გაკვირვებულმა თქვა: "ეგვიპტელი მალავს თავის სათნოებებს და მუდამჟამ ამხელს ნაკლს, რომელიც არ აქვს. ასურები და ბერძნები კი გამოაჩენენ სათნოებებს, რომლებიც სულაც არ გააჩნიათ, ნაკლს კი მალავენო".