ასე ხელშესახებად შემებრძოლა ბოროტი სული ჭეშმარიტების კარიბჭესთან
ბებიასთან ვიზრდებოდი. ის ისე არ დაიძინებდა, არ ელოცა.
თუ რამ შემაწუხებდა, დადგებოდა მაშინვე ლოცვად და, არ ვიცი, დამიჯერებთ თუ არა, მალევე მშველოდა. გამოგიტყდებით, მისი ლოცვა ძალიან მსიამოვნებდა. ქრისტიანული დღესასწაული ხომ არ გამორჩებოდა და ასეთ დღეებში ლოცვასაც აძლიერებდა.
ბებიას ამგვარმა ქცევამ ღვთის შიში და კრძალვა ჩამინერგა. არ მახსოვს, ტაძართან მოვხვედრილიყავი და მის მოულოცავად და სანთლის დაუნთებლად გამევლო, თუმცა რატომ ვაკეთებდი ამას, ბოლომდე არ მესმოდა.
კომუნისტური პარტიის წევრი იმ წლებში მეც გახლდით და მშვენივრად ვხედავდი არსებული წყობის რელიგიისა და ქრისტიანობისადმი დამოკიდებულებას.
ერთ დღეს ჩემი ცხოვრება შეიცვალა: - თანაკურსელი შემხვდა. ნაჩქარევად მომიკითხა და მომიბოდიშა, - საქმეზე გავრბივარო. რატომღაც ჩავეძიე. მან კი "ერთ შეკრებაზე" წასვლა შემომთავაზა. გავყევი.
გზად სხვებიც შემოგვიერთდნენ. ჩემმა კურსელმა მათ უთხრა, - "ძმობის" მომავალი წევრიაო.
მალე მოზრდილ კლუბში მოვხვდით, სადაც ყველანი ერთმანეთს დებად და ძმებად მოიხსენიებდნენ. ხელმძღვანელთან წარმადგინეს და რამდენიმეთვიანი "მოთელვის" შემდეგ მეც მათ ძმად ვიქეცი... თბილად მეპყრობოდნენ, ტანსაცმელსაც გვირიგებდნენ, ფეხსაცმელსაც, საკვებსაც და ბევრ სხვა რამესაც, მაგრამ გულში სულ მღრღნიდა ფიქრი, რომ საქმე სხვანაირად იყო და არც ჩემი ადგილი გახლდათ აქ... ვწუხდი, მაგრამ ვერაფერს ვაკეთებდი. ერთ მშვენიერ დღეს გამოგვიცხადეს - თბილისის ზღვაზე მივდივართ, ქრისტესავით უნდა მოვინათლოთო. მეც, ჩემი ეჭვების და წუხილის მიუხედავად, მათ ნებას დავყევი და "მოვინათლე".
ჩემი "გაორმოცდაათიანელების" წლისთავზე, ერთ კვირა დღეს, ნათესავმა დამირეკა და დამიცაცხანა: - სად დაიკარგე, ნახევარ საათში დიდუბეში შემხვდი. მცხეთაში უფლის კვართის მოსალოცად უნდა წავიდეთო.
ვერაფერი ვთქვი და გავყევი...
სვეტიცხოველში წირვა დაწყებული დაგვხვდა. ტაძრის კართან აუარება ხალხი იდგა. უეცრად თვალთ დამიბნელდა, ფეხი ვერ გავანძრიე, თითქოს მხრებზე რაღაც სიმძიმე მედო... იქვე მდგომ ქალბატონს დავეყრდენი და წყალი ვითხოვე... გარშემო ყველა შეწუხდა და მოსულიერება დამიწყეს, ჩემმა ნათესავმა ბოთლით ნაკურთხი წყალი გამომიტანა, მაპკურა, დამალევინა და გაჭირვებით მომიყვანა გონს... მალე თვალებში სინათლე ჩამიდგა და ტაძარში შესვლაც შევძელი.
ასე ხელშესახებად შემებრძოლა ბოროტი სული ჭეშმარიტების კარიბჭესთან, დედაეკლესიის, სვეტიცხოვლის მადლმა კი ჭეშმარიტი ნათლისღების უდიდესი საიდუმლოს ცრუ რიტუალით შემბღალავი გამომაფხიზლა.
დასრულდა წირვა, ნათესავს ყოველივე ვუამბე და ამით თითქოს საბოლოოდ გავმიჯნე "ორმოცდაათიანელები" და ჭეშმარიტი მართლმადიდებლები. მას შემდეგ სრულიად დავივიწყე მათი კრებები და ის ადამიანები, რომელთა "ძმაც" ვიყავი. დღეს ერთ-ერთი ტაძრის მრევლი გახლავართYდა ეკლესიურად ცხოვრებას ვცდილობ.
ბედნიერი ვარ და ძალიან მინდა, საღვთისმეტყველო ლიტერატურას, წმინდანთა, მოწამეთა და ღვაწლით შემოსილ ადამიანთა ცხოვრებას გავეცნო.
მადლობა უფალს ამ დიდი წყალობისა და ჩემი გამოხსნისთვის.