წმინდა ამბროსი მედიოლანელი 340 წელს დაიბადა იტალიის ქალაქ ტრირში, სადაც ცხოვრობდნენ მისი მშობლები.
მამამისი დიდმოხელე იყო - გალიისა და სხვა დასავლეთ ოლქების მმართველი, მის ხელისუფლებას ემორჩილებოდა თანამედროვე საფრანგეთისა და ბელგიის მიწა-წყალი, ნიდერლანდების ნაწილი, გერმანიის ნაწილი, შვეიცარიის დიდი ნაწილი და ასევე ესპანეთი. ამბროსის მამა წარმართი იყო, დედა და და კი – ქრისტიანები.
ამბროსის სიყრმეშივე სასწაულებრივ გაცხადდა მისი ღვთივრჩეულობა, ის თუ რა სულიერ ნაყოფს შესძენდა იგი ქრისტეს ეკლესიას: ერთხელ ჩვილ ამბროსის სუფთა ჰაერზე ეძინა. უცებ მასთან ფუტკრების გუნდი მოფრინდა, დააჯდა სახეზე და მთლიანად დაუფარა იგი. ფუტკრები პირში უძვრებოდნენ ბავშვს და მის ენაზე, როგორც სკაში, დებდნენ თაფლს.
შეშინებულ ძიძას ფუტკრების გაფანტვა სურდა, მაგრამ ბავშვის მამამ, რომელიც ამ ამბავს აკვირდებოდა, შეაჩერა - სურდა ენახა, რითი დამთავრდებოდა ეს სასწაული. მალე ფუტკრები აფრინდნენ და თვალს მიეფარნენ. გაოცებულმა მამამ თქვა:
- თუ ამ ჩვილს გაზრდა უწერია, იგი დიდი იქნება კაცთა შორის!
ჩვილის მამამ ამ ამბიდან დაასკვნა, რომ მისი ძე დიდი ორატორი იქნებოდა, რაკი ფუტკარმა მის ბაგეებზე თაფლის სიტკბო დატოვა.
ამ ნიშნით უფალი წინასწარ აუწყებდა ადამიანებს, რომ ამბროსი მისი რჩეული იყო და მასზე წმინდა წერილის სიტყვები აღსრულდებოდა - "გოლი თაფლისაჲ - სიტყვანი კეთილნი, ხოლო სიტკბოებაჲ მისი - სმენაჲ და კურნებაჲ სულისაჲ" (იგავნი 16, 24). რამეთუ ფუტკრების გუნდი იმ დამატკბობელ დამოძღვრასა და ნაწერებს გამოსახავდა, რომლებითაც წმინდა ამბროსი მედიოლანელი სულიერ ფიჭას აღაშენებდა მომავალში, კაცთა გულის გამხარებელს, სულის დამატკბობელსა და ქვეყნიდან ზეცად აღმყვანებელს.
შემდეგში, როცა ამბროსი წამოიზარდა და რომში ცხოვრობდა დაქვრივებულ დედასთან ერთად, რომელსაც უქორწინებლობის აღთქმა დაედო და სიცოცხლეს შვილების აღზრდას უთმობდა, პატარა ამბროსიმ ერთხელ ეპისკოპოსი დაინახა, ვისაც მორწმუნენი ხელზე ემთხვეოდნენ და შინ მისულმა თვითონაც გაუწოდა ხელი შინაურებს:
- მემთხვიეთ ხელზე, მეც ეპისკოპოსი ვიქნებიო.
ამ სიტყვებს მისი ბაგით სულიწმიდა წარმოთქვამდა, როგორც მომასწავებელთ ამბროსის ბრწყინვალე მომავლისა, მაგრამ უფროსებს არ ესმოდათ ეს, რადგან არ იცოდნენ ჯერ, რომ ყრმაში საღმრთო მადლი იყო დავანებული და თავიდანვე განამზადებდა მას მღვდელმთავრის მაღალი მსახურებისთვის. ამიტომ მათ დატუქსეს ამბროსი, თითქოს იგი უჯეროდ იქცეოდა და დაუფიქრებლად ლაპარაკობდა.
მამის გარდაცვალების შემდეგ ამბროსის ოჯახი რომში გადასახლდა, სადაც მან, მისმა უფროსმა ძმამ – სატირმა და დამ, მარცელინამ, რომელიც შემდგომში მონაზონი გახდა, ბრწყინვალე იურიდიული განათლება მიიღეს.
დღემდე რომში, კაპიტოლიუმის ბორცვის ახლოს დგას სახლი, სადაც ცხოვრობდა და იზრდებოდა ამბროსი. ეს სახლი შემდეგ ტაძრად გადაკეთდა და იქ მისი სახელობის დედათა მონასტერი დაარსდა.
ამბროსიმ ღრმად შეისწავლა მჭევრმეტყველების ხელოვნება და ცნობილი ორატორი გახდა: იცავდა შეჭირვებულთ, შეეწეოდა უბედურთ, ამხელდა უსამართლობის ჩამდენთ, ყოველმხრივ ცდილობდა სამსჯავროზე სიმართლის გამორკვევას. უკვე 25 წლისამ გაითქვა სახელი, როგორც რომის ყველაზე მჭევრმეტყველმა ვექილმა. გამორჩეული უნარისა და სიბრძნის გამო ქალაქ რომის თავმა პრობუსმა ამბროსი თავისთან მიიწვია სამსახურში მრჩეველად. შემდეგ იგი ლიგურიისა და ემილიის ოლქების გამგებლად დანიშნეს.
გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე
წმინდა ამბროსისთან დაკავშირებით ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ სხვა სტატიები - გადადით ლინკზე
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი