ემბაზი ეწოდება ჭურჭელს, რომელშიც ბავშვს ნათლავენ. იგი ძველი ქართული სიტყვაა და სანათლავს ნიშნავს, ხოლო როგორც სულხან-საბა ორბელიანი თავის ლექსიკონში განმარტავს, საბანელს, განსაწმენდელს აღნიშნავს.
ნათლობა ერთ-ერთი უდიდესი მართლმადიდებლური საიდუმლოა. ამ ღვთისმსახურებითი წესის აღსრულების შემდეგ ადამიანზე გარდამოდის სულიწმინდის მადლი, რომელიც უხილავად ცვლის მას. ეს უხილავი შეცვლა შეეხება ადამიანის მთელ არსებას: სხვადასხვა ფსიქიკურ პროცესებს, განცდებს.
ხშირად ამტკიცებენ, რომ კაცი ზრდასრულობის შემდეგ უნდა მოინათლოს, ანუ თვითონ უნდა აირჩიოს რელიგია. ასეთი ლოგიკა და შეხედულება მხოლოდ ერთი შეხედვითაა გამართლებული, სინამდვილეში კი მცდარია. მართლმადიდებლური გაგებით, ბავშვი ინათლება მშობლების რწმენით. მაგრამ შეიძლება კი მშობელმა უცადოს, როდის მიაღწევს მისი შვილი მოწიფულობის ასაკს და მანამდე დატოვოს მფარველი ანგელოზის გარეშე? ვინც იცის, თუ როგორ ცვლის ნათლობა უხილავად ადამიანის გონებას, მთელ არსებას, შეიძლება ეს დაუკარგოს შვილს? ამასთან დაკავშირებით გთავაზობთ რუსთავისა და მარნეულის ეპისკოპოსის, მეუფე იოანეს (გამრეკელი) ქადაგებას, რომელიც ძალიან დიდი ხნის წინ დაიბეჭდა ერთ-ერთ ჟურნალში:
"ადამიანი ინათლება ღვთის მადლით. მადლი ენიჭება ადამიანს, როდესაც თავისი ნებით ღვთისათვის ხდება სათნო. ამის პირობაა მოწყალება, სიმართლე, სიყვარული, ღვთის რწმენით გამსჭვალული აზრი, სიტყვა, საქმე, გრძნობა.
მადლი სულის საზრდოა და სული ღვთის მადლს განიცდის, მიუხედავად იმისა, გონება აცნობიერებს თუ არა სიტყვას ან აზრს. ამის მაგალითია ჩვილი იოანე ნათლისმცემლის აღძვრა დედის მუცელში, როდესაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ხარების შემდეგ მოვა ელისაბედთან. ამიტომ ეკლესია აკურთხებს ჩვილი ბავშვის ნათლობას იმ პირობით, რომ შემდეგ მისი მშობლები და ნათლიები იზრუნებენ მონათლულის სარწმუნოებრივ აღზრდაზე.
რწმენა რომ გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს ადამიანს, ჩანს მაცხოვრის სიტყვებიდან: "წარვედით ყოველსა სოფელსა, და უქადაგეთ სახარება ესე ყოველსა დაბადებულსა. რომელსა ჰრწმენეს და ნათელ-იღოს, ჰსცხონდეს: ხოლო რომელსა არა ჰრწმენეს, დაისაჯოს".
ეკლესიაში ძველი დროიდან არსებობდა ნათლობისათვის მომზადების წესი, რომელსაც ბერძნულად ეწოდება კატეხიზაცია. ეს წესი ითვალისწინებდა ადამიანის სარწმუნოებრივ განათლებას, ეკლესიის სწავლა-მოძღვრების გაცნობიერებას, ზნეობრივი და სულიერი ცხოვრების საფუძვლებს, სახარების კითხვას, ლოცვების შესწავლას, მარხვების დაცვას, და საერთოდ, ეკლესიური ცხოვრების რიტმში ჩართვას.
ახალმოქცეულთა კატეხიზაციისათვის არსებობდა სახელმძღვანელო. ასეთ წიგნად პირველი საუკუნიდან ცნობილია "დიდაქე" ანუ "თორმეტი მოციქულის სწავლება". შემდეგში საზოგადოებრივი ცხოვრების პირობებისდა მიხედვით ახალი სახელმძღვანელოები იწერებოდა, მაგრამ მთავარი უცვლელი რჩებოდა: ის, რომ არსებობს ორი გზა: გზა სიცოცხლისა და გზა სიკვდილისა, და რომ ღმერთმა ადამიანს ყველა საშუალება მისცა ქრისტეს მიერ სიცოცხლის გზით სვლისათვის და მარადიული ცხოვრებისთვის. ეს გზა და ეს სიცოცხლე კი იწყება ჭეშმარიტი რწმენით, ნათლობით.
ბოლო ათეული წლების მანძილზე გარკვეული მიზეზების გამო ეკლესიაში კატეხიზაცია, ნათლობისათვის მომზადება არ სრულდებოდა. რასაკვირველია, ამას მძიმე შედეგი მოჰყვა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ჩვენს ეკლესიაში უნდა აღდგეს უძველესი წესი ახალმოსულთა სარწმუნოებრივი განათლებისა. პირველი ნაბიჯები ამ მიმართულებით უკვე გადაიდგა. სამწუხაროდ, ჯერჯერობით არის შემთხვევები, როდესაც ნათლობისათვის მომზადებაში გულისხმობენ ნათესავების და მეზობლების სუფრაზე დაპატიჟებას, ხოლო ნათლობის ეკლესიური წესი ფორმალობად, აბსტრაქტულ რიტუალად მიაჩნიათ. იმედია, რომ ორ-სამ წელიწადში, ჩვენი ერის საკეთილდღეოდ, ეს დამოკიდებულება ნათლობისადმი არსებითად შეიცვლება. მშობლებმა და ნათლიებმა უნდა იცოდნენ, რომ თუ მათ არ ექნებათ გაცნობიერებული რწმენა და სარწმუნოებრივად არ იცხოვრებენ, ვერ შეასრულებენ თავის ქრისტიანულ მოვალეობას შვილებისა და ნათლულების წინაშე...
დღეს ჩვენი ერის ცხოვრებაში ყველაზე აქტუალურია რწმენისა და სარწმუნოებრივი ცხოვრების აღდგენა. აქაც ორი გზა არსებობს: შეიძლება ეს ბუნებრივად მოხდეს, სარწმუნოების არსის გაზიარებით და შეიძლება ხელოვნურად, გარეგნული წესების მექანიკური გამეორებით".
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი